რეპორტაჟი ყვითელი ავტობუსიდან

2012.09.10 ავტორი: ლევან სეფისკვერაძე

”ახლაც არ წახვალთ აქციაზე, ხალხო? ახლაც ვერ მიხვდით, რა დღეში ჩაგვყარა ამ მთავრობამ?" – ხმამაღლა ყვიროდა ტყავისქუდიანი ხანში შესული მამაკაცი, რომელსაც ზოგი შეეკამათა, მგზავრების ერთი ნაწილი კი, ავტობუსის სხვადასხვა მხრიდან – ”აბა შენ ეგა თქვიო".

ორჩანთააკიდებული შუა ხნის ქალბატონი მგზავრების საერთო გნიასში არ ჩარეულა და ახლომახლო მდგომ მგზავრებს გვიზიარებდა თავის აზრს: ”ოპოზიციის დიდად არ მჯერა, მაგრამ ჩვენს მთავრობას უკვე ზედმეტები რომ მოსდის, ყველანი ვხედავთ. ეს ტრანსპორტის გაძვირება და ძველ უბნებში დიდი გადასახადების დაწესება მართლა უნამუსობაა. ჩემი ქმარი თვეში დაახლოებით 300 ლარს შოულობს. იაფი ტრანსპორტი ცოტა გვშველოდა და ახლა თუ გაორმაგდა, მთელი ხელფასი გზაში უნდა დავხარჯოთ. სოლოლაკში ვცხოვრობთ ერთ პატარა ბინაში და რადგან გარეუბანში არა ვართ, ამის გამო რატომ უნდა მოგვთხოვონ გადასახადი? ზოგს გარეუბანში სასახლე აქვს აშენებული, ზოგი კი ცენტრში სოროში ცხოვრობს. ასე უსამართლოდ უბნების მიხედვით გადასახადის დაწესება როგორ შეიძლება?"


 
სუპერმარკეტის თანამშრომელი ზაზა, ერთ-ერთი იმათთაგანია, რომელიც არც ერთი პარტიის აქტივისტი და მხარდამჭერი არაა, მაგრამ ამბობს, რომ ბოიკოტის გზით შესაძლებელია ხალხმა მთავრობას საკუთარი უკმაყოფილება გააგებინოს.


”მე ყველაზე მეტად იმაზე მტკივა გული, რომ მთავრობა უტიფრად გვეუბნება შავზე თეთრიაო. ჩვენს ხელისუფლებას თავისი შეცდომების აღიარება არ შეუძლია და რომ ჰკითხოთ, ყველაფერში მართლებია არიან. ნეტავ, რა დააშავა მსოფლიო ომის ვეტერანმა, საწყალმა ბაბუაჩემმა, რომ ვეტერანის პენსიას არ აძლევენ? ეგეც რუსეთის აგენტი და საქართველოს მტერი ხომ არაა? კაცს სულ რამდენიმე წლის სიცოცხლე დარჩენია და მანამდე, რომ რაღაც შეღავათები ჰქონდეს, არაა ამის ღირსი? არჩევნებზე საერთოდ არ დავდივარ და არავისი მხარდამჭერი არ ვარ, მაგრამ როცა მთავრობა ყველა ზღვარს გადადის, რაიმენაირად ხომ უნდა გავაგებინოთ, რომ არა ვართ კმაყოფილები?"


 
სტუდენტი დათო კი, ხელისუფლების პოლიტიკას ამართლებდა და მოკამათე ხალხს არწმუნებდა, რომ ფასების ზრდა და შეღავათების გაუქმება კაპიტალიზმის გარდაუვალი პროცესია.


 
”მეც არ მომწონს ყველაფერი რომ ძვირდება, მაგრამ თუკი ევროპისაკენ მივდივართ, ეს ბუნებრივად მაინც მოხდება. ცხოვრების დონის გათანაბრება ფასების გათანაბრებასაც ნიშნავს. ადრე ყველაფერი იაფი იყო და ხალხს ფული არ ჰქონდა. ახლა სიძვირეა, მაგრამ მოსახლეობას მეტ-ნაკლებად გაუჩნდა შემოსავალი. მარტო გზების კეთებაზე და მშენებლობებზე რამდენი ადამიანი დასაქმდა. გარდა ამისა, სტუდენტებსაც გაუჩნდათ პატარ-პატარა სამსახურები დასუფთავების სამსახურში. ყველაფრის გაკრიტიკება არ შეიძლება კარგიც უნდა დავინახოთ ხოლმე"


 
”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქრისტიან დემოკრატების” წინასაარჩევნო ბილბორდებს თუ არ ჩავთვლით, რუსთაველის გამზირს ჯერ წინასაარჩევნო მოლოდინის არანაირი კვალი არ ეტყობა. უცნაური მხოლოდ ის იყო, რომ გამზირზე მოსიარულეთა აბსოლუტური უმრავლესობა ახალგაზრდა იყო. ხანშიშესული მოქალაქეები ძირითადად, გაზეთის გამყიდველებთან იდგნენ და თანამედროვე ქართული პოლიტიკის ავან-ჩავანს არკვევდნენ. მათ მარაქაში ავტოსადგომის თანამშრომელი ემზარი არ გარეულა.


 
”რა არჩევნები, რის არჩევნები, თუ კაცი ხარ... მთელი ოჯახი მე შემომყურებს და სახლში ფული თუ ვერ მოვიტანე, მშივრები დავწყდებით. ამ ხალხს მოსცლიათ და უხარიათ.. აქციებით რომ რამე გამოდიოდეს, ახლა საქართველოზე კარგად ქვეყანა არ იცხოვრებდა. ოპოზიცია ამდენს იმიტომ გაჰყვირის, რომ მთავრობაში უნდათ მოსვლა. მე ერთი რაღაც ვიცი კარგად. ჩემი ოჯახი მყავს სარჩენი და ვერც სააკაშვილი მიშველის და ვერც ვერავინ. კომუნისტების დროსაც ვმუშაობდი და შევარდნაძის დროსაც. ახლაც ვმუშაობ და ჩემთვის არაფერი არ შეცვლილა. აქციები და ბოიკოტები მოცლილი ხალხის საქმეა და რაც უნდათ ის ქნან. მე კი ჩემს საქმეს მივხედავ"


 
ემზარისგან სრულიად განსხვავებული აზრი აქვს ყოფილ მშენებლ ლევანს, რომელიც ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს კრიტიკულად უყურებს:


 
”ახლა ჯიბეში 1 ლარი მაქვს და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სახლამდეც მივაღწევ და თან ერთ პურსაც გავიყოლებ. ჩვენი მთავრობის გადამკიდე ხვალ უკვე ორი ლარი დამჭირდება, ზეგ სამი და ბოლოს ალბათ მეც ”კათარზისს" მივაკითხავ მშიერი, რომ არ მოვკვდე. ეს მთავრობა ან ვერ ხვდება, ან ხვდება და უკვე საერთოდ აღარ აინტერესებს, რომ მხარდამჭერებს თანდათან კარგავენ და თუ ასე გააგრძელეს, შევარდნაძესავით პოლიციელების მეტი აღარავინ მისცემთ ხმას."

 

ავტობუსის მსგავსად, მეტროში ხალხი პოლიტიკაზე საუბრობდა და ხელისუფლება-ოპოზიციის ”მტყუან-მართლობას” არკვევდა. მეტროში სამათხოვროდ ჩამოვლილ ათიოდე წლის გოგონას ერთმა შავოსანმა ქალბატონმა 10 თეთრი მისცა და თან დაარიგა: ”შვილო მალე მეტრო 80 თეთრი გახდება და თუ აღარ შემოგიშვებენ, ”დიდუბის" სადგურიდან შემოიპარეო".
 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED