გელა მთივლიშვილი – პოლიციამ სასაფლაოზე ცხედრები შემოვლითი გზით მიიტანა

2012.09.03 ავტორი: TS

"ლოპოტას ხეობაში დაღუპულთა ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან არ ურთიერთობენ, თუ მათი ნების წინააღმდეგ ჩართე კამერა, აგრესიას ავლენენ,"– აცხადებს TSpress-თან საუბრისას კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში პანკისის ხეობაში იმყოფებოდა

მთივლიშვილის განცხადებით, სპეცოპერაციისას დაღუპულთა ცხედრები დუისის სასაფლაოზე წინასწარ გაჭრილ საფლავებზე ფარულად გამთენიისას დაკრძალეს.

 

–"ცხედრები გამთენიისას სავარაუდოდ შემოვლითი გზით გადმოასვენეს, მთელი ღამის განმავლობაში იქ ვიყავით, ცენტრალური გზით არ შემოსულან, გამთენიისას, დაახლოებით 5 საათისთვის დაკრძალეს"– ამბობს მთივლიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველო – დაღესტნის საზღვართან, ლოპოტას ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაცია, 28 აგვისტოს დაიწყო, რაც  ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა.

 

შსს -ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო – რუსეთის საზღვართან, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი შეიარაღებული ჯგუფის წინააღმდეგ ქართული მხარე დევნის ოპერაციას ახორციელებდა.

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრიი(ick.ge) საზღვრის მიმართულებით პოლიციის დამატებითი ჯგუფებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების შეყვანის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას.

 

სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტას ხეობაში, შეიარაღებული ჯგუფის დევნის ოპერაციას  შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა. 

 

ოპერაციიდან მეორე დღეს შსს ავრცელებდა ინფორმაციას, რომ დაიღუპული იყო  შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაჭრილი იყო 5 ქართველი სპეცრაზმელი, ლიკვიდირებული იყო – 11 დივერსანტი, 6 კი - ალყაში ყავდათ.

 

თავდაპირველად, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ ლიკვიდირებული 11 ადამიანიდან საქართველოს მოქალაქე არცერთი არ არის. შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელის სალომე მახარაძე კი, განმარტავდა, რომ ლიკვიდირებულები პანკისის ხეობის მაცხოვრებლები არ იყვნენ, თუმცა დღეს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაღუპულთაგან  2 საქართველოს მოქალაქეა.

 

ick.ge ინფორმაციით, ცხედრების გადაცემას გუშინ  მთელი ღამის განმავლობაში ელოდებოდნენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები. გამოცემის ცნობით,  პანკისის ხეობიდან, ვიდრე ჟურნალისტები ხეობას არ დატოვებენ, ხელისუფლება ცხედრების გადაცემას არ აპირებდა. ხეობის მაცხოვრებლები ჟურნალისტებს ტერიტორიის დატოვებას თხოვდნენ.

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით,  საღამოს ქისტებმა გადაწყვიტეს, თუ ხელისუფლება მათ ღამით ცხედრებს არ გადასცემდა, დილიდან ხეობაში საპროტესტო აქციები დაიწყებოდა. აქციების გამართვა აღარ დასჭირდათ. ორი გარდაცვლილი ღამით დაკრძალეს.

 

დაკრძალვის დასრულებიდან რამდენიმე საათში დუისის სასაფლაოზე ხუთი ცარიელი საფლავი ადგილობრივებმა მიწით ამოავსეს. „თქვენი ბრალია მიწით რომ ვავსებთ, თქვენ რომ არ მოსულიყავით, ექვსივე ცხედარს გვაძლევდნენ“, – გვითხრეს დუისში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ჟურნალისტებს– წერს ick.ge

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED