დაპირისპირება "პოლიტიკური კურთხევის" გამო [Video, Audio]

2012.09.02 ავტორი: ელისო ჯანაშია

ფოთისა და ხობის ეპარქიის წინამძღოლი მეუფე გრიგოლი"ქართული ოცნების"მაჟორიტარობის ფოთელ კანდიდატ ეკა ბესელიასა და ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღოლ მამა კონსტანტინეს დაუპირისპირდა. დაპირისპირება ეკა ბესელიას ფოთის ოფისის კურთხევას მოყვა. TSpress.ge-მ დაპირისპირების დამადასტურებელი ექსკლუზიური აუდიოჩანაწერი მოიპოვა.

 


ეკა ბესელია ოფისის კურთხევის ფაქტს ადასტურებს, თუმცა, შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ მორწმუნე ადამიანია და სამღვდელოების წარმომადგენელთან დაპირისპირებაში ვერ შევა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ამ ინციდენტის შემდეგ, პატრიარქთანაც იმყოფებოდა.

 

მისი თქმით, ოფისის კურთხევაზე თავდაპირველად ოთხმა მღვდელმა უარი განუცხადა, რის შემდეგაც მამა კონსტანტინეს მიმართეს, რაზეც მას უარი არ უთქვამს. კურთხევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელ facebook-ში, ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბის მთავარ გვერდზე გავრცელდა, თუმცა, მოგვიანებით, კადრები გაქრა.

 

TSpress.ge-ს ინფორმაციით, ამ კადრების ინტერნეტით ტირაჟირებას მეუფე გრიგოლის აღშფოთება მოჰყვა, რის გამოც მამა კონსტანტინეს თხოვნით, "ქართული ოცნების" ადგილობრივი ოფისის კურთხევის კადრები სოციალური ქსელიდან აიღეს. რედაქცია აღნიშნულ ვიდეომასალასაც აქვეყნებს.

 

ამის შემდეგ, მეუფე გრიგოლმა განაწყენება ვერც მარიამობის დღესასწაულზე ერთ-ერთ ტაძარში ქადაგებისას დამალა, რომელსაც ეკა ბესელიაც ესწრებოდა. თვითმხილველთა თქმით, მეუფის ქადაგებისას ბესელიამ ტაძარი დატოვა, რაზეც ეპისკოპოსი ასევე აღშფოთდა.

 

"ნუ ტოვებთ ტაძარს. იქონიეთ მოთმინება სიმართლეს რომ ბოლომდე მოუსმინოთო, უთხრა მან გასვლისას ბესელიას"- იხსენებს ერთ-ერთი ქალბატონი, თუმცა, მისივე თქმით, ბესელია ტაძარში არ მიბრუნებულა და არც მეუფეს შეპასუხებია.

 

ტაძარში მყოფი მრევლის ერთ-ერთი წევრი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, აცხადებს, რომ მეუფემ აუგად მოიხსენია კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. მისი თქმით, ეკა ბესელიამ პროტესტი ტაძრის დატოვებით გამოხატა.

 

"რა ქველმოქმედებაზეაო საუბარი?! თავის დროზე ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ფოთის მშენებარე ტაძრისათვის თანხის გამოყოფაზე უარი თქვაო, რის შემდეგაც ტაძრისთვის ფული ხელისუფლებამ და, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილმა გამოგვიყოო, განაცხადა მეუფემ,"- იხსენებს ის.

 

TSpress.ge-მ მეუფის ქადაგების ნაწილის მოპოვება შეძლო. ჩანაწერი ეკა ბესელიას მიერ ტაძრის დატოვებას ადასტურებს, რაზეც მეუფეს მყისიერი რეაქცია აქვს და მას მობრუნებასაც თხოვს. ის ასევე ადასტურებს, მამა კონსტანტინესთან მწვავე დაპირისპირების ფაქტს ოფისის კურთხევის გამო და მას "პოლიტიკურ კურთხევას" უწოდებს. მეუფე მრევლს  მოუწოდებს, ნუ შევლენ შეცდომაში.

 

 მეუფე გრიგოლის ქადაგება (28.08.2012) by TS PRESS


ქადაგების ტექსტური ვერსია:

 

"მე მივმართავ ხალხს, რომ დაიცვან თავიანთი ეთიკის ნორმები და ბატონებო, თქვენი დაცვა არ სჭირდება ეკლესიას ყველამ მიხედოს მის თავს!

 

კი ბატონო, აკურთხეთ ეს პარტია, მაგრამ რას ნიშნავს, ინტერნეტში ამის დადება?! ეს ნიშნავს იმას, რომ მამა კონსტანტინე და მთელი სამღვდელოება თქვენს მხარესაა! არ შეიძლება ამის გაკეთება და ნუ ტოვებთ ბატონებო ტაძარს! იქონიეთ და იკმარეთ ძალა იმისა, რომ ბოლომდე მოუსმინოთ სიმართლეს, რომლის თქმასაც არ ელოდებით, მაგრამ ხმამაღლა ვიტყვი, რომ ტაძრის ასეთ გამოსვლას, არ დავუშვებ!

 

მე მამა კონსტანტინესთან მქონდა ძალიან მკაცრი საუბარი და ვუთხარი რომ, არავითარ შემთხვევაში, სამღვდელოებას არ აქვს უფლება აკურთხოს რომელიმე პარტია და ისიც ვუთხარი, რომ, რაც მან გააკეთა ეს იყო პოლიტიკური კურთხევა!

მამა კონსტანტინე ოფისის კურთხევისას



ჩვენ მამაოებს უფლებას ვაძლევთ, რომ აკურთხონ სახლები, ბინები, სასაფლაოები ასევე თავიანთი სურვილით მოდიან ეკლესიაში და მიცვალებულს პარაკლის უხდიან, ასევე მოდიან ჯვრის დასაწერად და ჩვენც კურთხევას ვაძლევთ და თქვენ მამა კონსტანტინე დგება და აკურთხებს ქალბატონი ეკა ბესელიას ოფისს! ეს არ შეიძლება ხალხო, რადგან ეს მას ჩაეთვალა, როგორც პოლიტიკური კურთხევა!

 

რისთვის აკურთხეთ თქვენი ოფისი ან რაზე ვლოცულობთ პარტიულ ოფისში რომ მივდივართ, ბარაქაზე? გამრავლებაზე თუ პოლიტიკური წარმატებისთვის? კი ბატონო, ქრისტიანები ხართ, ილოცეთ, მაგრამ, ნუ ეცდებით საჯარო იქცეს ეს ამბავი. მე მწვავედ დავუპირისპირდები ამას!

 

მე არ მომეწონა, რომ ქალბატონმა ეკამ დატოვა ჩვენი ტაძარი. როცა მან წინა კვირას ჩემთან ითხოვა შეხვედრა. მე ორი წუთით გავედი გარეთ და ველოდებოდი მას, მაგრამ ის არ მოვიდა. თურმე, რაღაც უფრო მნიშვნელოვანი საქმე გამოუჩნდა. ვიღასთვის ითხოვ შეხვედრას, თუ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გაქვს?! მიხედეთ თქვენ საარჩევნო პროპაგანდას, მიხედეთ თქვენ პარტიულ საქმიანობას. მოსვლა გინდათ? ნებისმიერ ტაძარში რომ მიხვიდეთ, პატივისცემით მიგიღებენ, დაგლოცავენ, გაკუთხებენ, ნაკურთხ წყალს გაშხურებენ, გზას დაგილოცავენ, რა გინდათ მეტი?! არავინ არ მოექცეთ ეიფორიაში. მე ამას გთხოვთ, ფხიზლად ვიაზროვნოთ!

 

მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეცდომაში იქნა შეყვანილი. მე იმათი აზრიც მოვისმინე, ვინც ნიკოლაძის ძეგლის წინ აქციაზე იყვნენ მისულები. ითქვა, რომ მათ არ იცოდნენ, რისთვის მიდიოდნენ. აბა, რისთვის მიდიოდით ხალხო? თქვენ წარმოდგენა არა გაქვთ, სექტემბრის ბოლოს რა მოვლენები განვითარდება აქ! დაანებეთ ეკლესიას თავი და ნუ ცდილობთ კათოლიკოს-პატრიარქის სახელით და სამღვდელოების სახელით სპეკულაციას.

 

გაფრთხილებთ, დაანებეთ ეკლესიას თავი! მოძღვარი იმისთვის არის, რომ აკურთხონ სახლები, სასაფლაოები, ჩაიბაროს აღსარებები და ა.შ. მაგრამ, როცა აკურთხებენ პარტიას, და ამას ინტერნეტში აქვეყნებთ, ვის ჭირდება ეს, ვის?! არ შეიძლება ხალხო ეს, არა!

 

მე ვუთხარი მამა კონსტანტინეს, რომ ჩემი ლოცვა-კურთხევის გარეშე არ უნდა ეკურთხა ქალბატონ ეკა ბესელიას ოფისი. ამის შემდეგ გავეცი კურთხევა, რომ ყველა სამღვდელოებს მამა კონსტანტინეს ხელმძღვანელობით ჩამოიაროს და ყველა პარტია აკურთხოს და დალოცოს ის. ეს იქნება ყველაზე სამართლიანი, რომ არ დარჩეს რომელიმე პარტია ისეთი განწყობით, რომ მთელი სამღვდელოება ერთ-ერთი პარტიის მომხრეა. ჩემო ხალხო, გეუბნებით, რომ თქვენ მოძღვრებს თქვენ თვითონ უნდა მოხედოთ. აი, ასეთ ინტრიგებში ნუ აღმოაჩენთ, ასეთ უხერხულ მდგომარეობაში.

 

90-იანი წლების დასაწყიდიდან ჩვენ გვაქვს ცოცხალი მაგალითი, რომ ყველა პოლიტიკური დამოკიდებულება ცდილობდა მისკენ გადაექაჩა ეკლესიის ავტორიტეტები, პატრიარქის განწყობა და წარმოეჩინა, რომ ყველა ეკლესია მათ მხარესაა და მხარში უდგას ტყუილს.

 

ბატონებო, თქვენ გამოიყენეთ თქვენი პირადი ავტორიტეტი და თქვენი უფლებები. ასევე არის კიდევ ერთი ფაქტი, რომ ერთ-ერთი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ეკლესიებს გაათავისუფლებს. ვისგან გაათავისუფლებს?! ბერებისგან, მღვდლებისგან თუ ვისგან?(ივანიშვილმა სახელმწიფოს ჩარევისაგან ეკლესიის გათავისუფლებაზე ბათუმის აქციაზე ისაუბრა- ავტ.) დაანებეთ ეკლესიას თავი. არ ჭირდება მას თქვენი დახმარება და მორჩით ტყუილებს!"   

 

ერთ-ერთი თვითმხილველი კი, რომელიც თავის დროზე ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი იყო, იხსენებს, თუ როგორ შეადარა მეუფემ ივანიშვილი გამსახურდიას:"გაიხსენეთ, ზვიად გამსახურდიამაც ასე დაიწყო და როგორც დაამთავრა, ყველამ კარგად ვიცით,- ბრძანა მეუფემ".

 

მას ასევე ენიშნა მეუფის ერთი ფრაზა, რომელიც მისი თქმით, მუქარასაც შეიცავდა: "თუ გამოიწვევთ ეკლესიას, თქვენ ნახავთ, როგორი ბრძოლა შეგვიძლია, კონტექსტი დააახლოებით ასეთი იყო,"- ამბობს ის. მისივე მტკიცებით, მრევლის ნაწილი აღნიშნულმა ქადაგებამ ძალიან გააღიზიანა.

 

"ეკა ბესელიასთან ერთად ბევრმა დატოვა ტაძარი და ბევრმა უთანაგრძნო მამა კონსტანტინეს, რომელიც მართლა ღვთისნიერი მამაოა და ბევრს სჯერა მისი. ასე ამბობდნენ, ერთადერთი მართალი სიტყვა ეკლესიაში ისმოდა და ახლა აქაც აღარ ისმისო",- აცხადებს თვითმხილველი. 

     

TSpress.ge-მ 2 დღის მანძილზე ვერ შეძლო მეუფე გრიგოლთან დაკავშირება. ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ეპარქიის წარმომადგენელმა, დედა თეკლემ კი, TSpress.ge-სთან განაცხადა, რომ მეუფემ განმარტება ტელევიზიასთან უკვე გააკეთა და მის პოზიცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით უკვე ცნობილია. მისი თქმით, გადატვირთული გრაფიკის გამო, ის სხვა მედიასაშუალებასთან კომენტარს ვეღარ გააკეთებს. რედაქციამ ამ დროისათვის, ვერც მამა კონსტანტინესთან დაკავშირება მოახერხა, მას ტელეფონი გათიშული აქვს. 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED