ზაალ ანჯაფარიძე - ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს მოკვლევა, როგორ მოხდა ეს ჯგუფი საქართველოს ტერიტორიაზე

2012.08.30 ავტორი: იზა სალაყაია

საქართველო–დაღესტნის საზღვარზე არსებულ დაძაბულობას, საქართველოს ტერიტორიაზე დივერსანტებისა თუ შეიარაღებული დაჯგუფების გადმოსვლას ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, ზაალ ანჯაფარიძე ერთგვარ გამოწვევად აფასებს, თუ რამდენად კარგად არის დაცული სახელმწიფო საზღვარის და მისი პერიმეტრის უსაფრთხოება.

ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ქართულ და რუსულ ოფიციალური წყაროებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს მოკვლევა, თუ როგორ მოხდა ეს ჯგუფი საქართველოს ტერიტორიაზე.

 

მისი განმარტებით, გასარკვევია, ვინ იყვნენ რეალურად ეს ჯგუფები, დივერსანტები თუ ჩვეულებრივი ბანდიტური შეიარაღებული დაჯგუფებები? როგორ აღმოჩნდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, რატომ ვერ შეამჩნიეს ის თავდაპირველად რუს მესაზღვრეებმა და შემდეგ როგორ მოხდა, რომ ისინი გამოეპარნენ ქართველ სასაზღვრო საგუშაგოებს.

 

ანჯაფარიძეს თქმით, დასადგენია რა იყო შეიარაღებული ჯგუფის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლის მიზანი. ის ხელისუფლების მიერ დასახელებულ ვერსიას ეჭვქვეშ აყანებს. 

 

–"საკმაოდ წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება მათ შემოსვლის განზრახვაზე, არ ვიცით რეალურად თუ რა უნდოდათ, ოფიციალური ინფორმაცია  არის, რომ მათ აიყვანეს მძევლები, მაგრამ მძევლების აყვანის მიზანი, ბოლომდე გაურკვევლი დარჩა. მეორეს მხრივ, თუკი მათ მძევლები აიყვანეს, რატომ არ წაუყენეს ხელისუფლებას გარკვეული პირობები, მაგალითად, რატომ არ მოსთხოვეს გამოსასყიდი, ან უსაფრთხოების დერეფნის შექმნა. ასევე თუ მათ მძევლები რეალურად ჰყავდათ ხელში და ჩვენმა სამართალდამცავებმა დაიწყეს ოპერაცია, მათ შეეძლოთ ამ მძევლების დახოცვა. მძევლების ასე იოლად გათავისუფლების ისტორია ბურუსით არის მოცული,"– აცხადებს ანჯაფარიძე.

 

–"როგორ მოხდა, რომ რუსეთიდან დევნილი ბანდფორმირება ასე შემოვიდა საქართველოში, რამდენი ხანი დაჰყო აქ, როგორ აიყვანეს მძევლები,  როდის მოხდა მათი ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩენა და რატომ ვერ მოხერხდა მყისიერად შემჩნევა? ამ კითხვებს უნად გაეცეს პასუხი"– აცხადებს ანჯაფარიძე.

 

მისი განმარტებით, მათი შემოჭრის მიზნებთან ერთად უნდა დადასტურდეს ან უარყოფილ იქნეს, რუსული ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეს იყო დაღესტნის ერთ–ერთი ბანდფორმირება, რომელიც გამოექცა ადგილობრივ ძალოვნებს და შემდეგ საქართველოს ტერიტორიას შეაფარა თავი.


შესაძლებელია თუ არა ინციდენტი  ფართომასშტაბიან დაპრისპირებაში გადაიზარდოს და რა საფრთხეები არსებობს რეალურად?

 

ანჯაფარიძის განმარტებით, თუ იმ ვერსიას განვიხილავთ, რომ ინციდენტი რუსების მიერ ინსპირირებული ყოფილიყო მაშინ მისი თქმით, შესაძლოა მათ ეს ბანდფორმირება სპეციალურად "გადმოდევნეს" საქართველოს საზღვარზე, რადგან შეემოწმებინათ რამდენად ეფექტურად მუშაობს ჩვენი სასაზღვრო დაცვა და რამდენადაა შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიაზე მათ შემოაგზავნონ ასეთი მცირე შეიარაღებული ფორმირებები და აქ მოაწყონ დესტაბილიზაციის კერები, ისე, რომ ამაში არ იყვნენ ჩარეული ოფიციალური რუსული ძალოვანი სტრუქტურები.

 

–"რუსებს საქართველოს ტერიტორიაზე დესტაბილიზცია აწყობს  და უნდათ საქართველო იყოს არასტაბილური მაღალი რისკების მატარებელი იმიჯის მქონე ქვეყანა, რომ არ იყოს მიმზიდველი უცხოელი ინვესტორებისა და პარტნიორებისთვის, ეს არის ერთ–ერთი ვარაუდი, მაგრამ უნდა მოხდეს რეალური მოკვლევა, რომ მივიღოთ სრული ინფორმაცია - რეალურად რა მოხდა,"– განმარტავს ანჯაფარიძე.

 

მისი თქმით, ასევე განხილვის საგნად შეიძლება იქცეს, რატომ შეეწირა 3 სამხედრო მოსამსახურე შედარებით ლოკალურ სპეცოპერაციას, რომელშიც მობილიზებული იყო ჩვენი სოლიდური ძალები და შესაძლებელი იყო თუ არა ამ ყველაფრის თავიდან აცილება.

 

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ინციდენტმა წინასაარჩევნოდ ქვეყანაში სიტუაცია დაძაბოს.

 

-"შესაძლოა, მოხდეს ამ ინციდენტზე საზოგადოების ყურადღების გადატანა, რაც შესაძლებელია ვიღაცის ინტერესებში შედიოდეს"– აღნიშნავს ექსპერტი. 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED