გალში ადამიანებს გამოსასყიდის მიზნით დღესაც იტაცებენ

2012.08.23 ავტორი: ნინო დვალი

გალის რაიონში, სადაც, ძირითადად, თვითნებურად დაბრუნებულები  ცხოვრობენ, ამბობენ, რომ პირდაპირი გაგებით “ჩაკეტილ სივრცეში” იმყოფებიან. გავლებული მავთულხლართები  ნიშნავს, რომ მათ სასტიკად ეკრძალებათ “საზღვრის” გადალახვა. ენგურს აქეთ მხოლოდ ის გადმოდის, ვისაც საბუთი აქვს და ისიც, მხოლოდ ენგურის ცენტრალური ხიდის გავლით. გალის დატოვება მათ გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარების აუცილებლობის შემთხვევაშიც აკრძალული აქვთ.

მოსახლეობა შეშინებულია. მათ ეშინიათ ოკუპანტების, აფხაზი და ქართველი კრიმინალების ახლა უკვე საქართველოს ხელისუფლებისაც. ამბობენ, რომ  საკუთარი პოზიციის გამოხატვას ვერ ახერხებენ, რადგან ზუგდიდის რაიონში გადმოსვლის შემთხვევაში, პრობლემების შექმნის ეშინიათ.

 

მათი შიშის საფუძველი რაიონში გააქტიურებული კრიმინალებიც არიან. აქ გამოსასყიდის მიზნით ადამიანებს დღესაც იტაცებენ. 

 

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მოახლოება გალშიც  იგრძნობა.გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი თინათინ გადელია (ყველა რესპონდენტის სახელი და გვარი მათივე თხოვნისა და მათივე უსაფრთხოების გამო შეცვლილია) ამბობს, რომ უცნობი პირები გამოკითხვებს ხშირად ატარებენ, თუმცა, მისი შედეგები გალის მოსახლეობის განწყობას არ ასახავს.

 

“დადიან და ატარებენ გამოკითხვას, გვეკითხებიან, ვაპირებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, რომელ პოლიტიკურ  პარტიას მივცემთ ხმას. გამოკითხვის ფურცლებზე არის ასეთი გრაფა  - “ჯერ არ გადამიწყვეტია”. შიშის გამო, უმრავლესობა სწორედ ამ გრაფას ხაზავს,” - ამბობს გადელია.

 

გალის კიდევ ერთი მკვიდრი ნათელა ჯღარკავაც იმავეს ამბობს. შიშის გამო, გამოკითხვისას ზუსტ პასუხს ისიც არასდროს იძლევა.

 

“არ ვიცით ვინ არიან: “ქართული ოცნების” თუ  “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, ამიტომ პასუხს ყოველთვის თავს  ვარიდებთ,"-ამბობს ის.

 

მისი თქმით, ხელისუფლების მხარდამჭერები, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას არ ერიდებიან და ვინც არ უნდა მოვიდეს გამოკითხვაზე, პასუხსაც დაუფიქრებლად აძლევენ.

 

“გვინდა ასევე, რომ არჩევნებზე ხმა მივცეთ,  მაგრამ არ ვიცით, ამას როგორ შევძლებთ. თუ მანამდე გზები არ გაიხსნა, ენგურს იქით გადასვლას ბევრი ადამიანი ვერ შეძლებს”,  - ამბობს ნათელა ჯღარკავა.

 

გალის რაიონის სოფლებში ხალხი თავს, ძირითადად, წვრილი ვაჭრობით და სოფლის მეურნეობით ირჩენს. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ  ნებისმიერი ასეთი საქმიანობიდან სარგებელი “პურის ფულს” ვერ გასცდა და წილში მინიმუმ 3 ადამიანი მაინც "უზით". გალელების  თქმით, რაიონი “რეკეტმა” წალეკა.

 

“ადრეც იყო, მაგრამ რაც ახლა ხდება, გაუგონარია. "რეკეტიორებს “მუქთა ფულის” შოვნის მადა იმდენად გაეხსნათ, რომ უკვე არაფერს და არავის ერიდებიან. საწავავის, სიგარეტის, თხილის, სიმინდის თუ სხვა პროდუქტების ბიზნესებიდან ფული მიაქვთ. “რეკეტიორობს” ყველა, ვისაც მარიფათი აქვს და ხალხის გაყვლეფა არ ეზარება. საშინელ მდგომარეობაში ვართ. ადრე ერთი  კლანი ბოგინობდა, ახლა ეს პატარა რაიონი კლანებმა დაიყვეს და კაცმა არ იცის, ვინ ვისი მოყვანილია და ვინ არის - ქურდი, მილიცილი თუ ჩინოვნიკი”, - ამბობს გალელი ჯემალ გოგოხია.

 

ნათელა არდაშელიაც საკუთარ ოჯახს პატარა მაღაზიით არჩენს, მაგრამ ამბობს, რომ ეშინია. მართალია, დღემდე არავის  დაუყაჩაღებია, მაგრამ ბოლო პერიოდში მომხდარი ფაქტის გამო, როდესაც ასაკოვანი ადამიანი გამოსასყიდის გამო გაიტაცეს, ისიც მსგავსი რამის მოლოდინშია.

 

“ძალიან მძიმე სიტუაციაში გვიწევს ცხოვრება. გვეშინია რუსის, აფხაზის და ახლა უკვე კრიმინალების. ერთი პატარა მაღაზია მაქვს, რომლითაც მხოლოდ პურის ფულს ვშოულობ და არ ვიცი, როდის რას მომთხოვენ ეს ბანდიტები. ამას წინათ, სოფელ ბარღებიდან 70 წლის მოხუცი გაიტაცეს და ოჯახს 50 ათასი დოლარი მოსთხოვეს. მერე გავიგეთ, რომ ოჯახმა მხოლოდ 15 ათასის გადახდა მოახერხა. შვილი მუშაობს რუსეთში და მან, ნათესავებთან ერთად შეძლო მამის გამოსყიდვა. ახლა იმ ოჯახებსაც დაემუქრნენ, ვინც თავს ვაჭრობით ირჩენს"- ამბობს ის.

 

გალელების თქმით, კრიმინალობენ ქართველები დ ააფხაზი დაჯგუფებები.

 

“ასეთი ჯგუფები ქართველი და აფხაზი კრიმინალებისგან არის  დაკომპლექტებული. მათ გალში ვინ როგორ ცხოვრობს, ყველაფერი  იციან. რუსმა შეიძლება დაგაჯარიმოს, მაგრამ არ დაგაყაჩაღებს”, - ამბობს ნათელა არდაშელია.

 

გალელებს გული სწყდებათ იმაზე, რომ მათ რაიონს ქართული ტელევიზიები მხოლოდ მაშინ აშუქებენ, როცა "ცუდი რუსის" ჩვენება უნდათ, რაც მათივე თქმით, ისედაც კარგად იციან. მათი ყოფით და იქ გამეფებული კრიმინალური სიტუაციით კი, არავინ ინტერესდება. გალელებს საქართველოს ხელისუფლების იმედი არ აქვთ, რადგან მათი თქმით, ის მათ ვერ იცავს. პირიქით, ამ ყველაფერთან ერთად, მათ საქართველოს ხელისუფლების მიერ, განსხვავებული აზრის გამო გატარებული სადამსჯელო ღონისძიებისაც ეშინიათ:

 

"ძალიანაც გვინდა, საქართველოში ხელისუფლება რომ შეიცვალოს, მაგრამ ამას ხმამაღლა ვერავინ იტყვის. ენგურს იქით ხშირად გვიწევს გადასვლა და  არჩევნებამდე, რომ ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ, ალბათ, საქართველოს ხელისუფლება პრობლემებს შეგვიქმნის,"- ამბობს არდაშელია, რომელიც ცვლილების მოლოდინშია. მას იმედი აქვს, რომ "რაღაც მაინც შეიცვლება და მთლად ასე აღარ იქნება".

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED