შვიდი მედალი - ცოტა თუ ბევრი?!

2012.08.14 ავტორი: ლევან სეფისკვერაძე

2012 წლის ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადა უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ბრიტანეთის დედაქალაქში ქართული ოლიმპიური დელეგაცია 35 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და ქართველმა ოლიმპიელებმა მთლიანობაში სამივე სინჯის შვიდი მედალი მოიპოვეს. 

 

ჩვენს ქვეყანაში ფიქრობენ, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ქართველი სპორტსმენების შედეგებზე უარყოფითად აისახა და ჩვენს სპორტსმენებს მიღწეულზე უფრო მეტიც შეეძლოთ. ქართველი სპორტსმენების შესაძლებლობები ეჭვქვეშ, ალბათ, არავის დაუყენებია, მაგრამ ამ გადასახედიდან მაინც ვერ ვიტყვით იმას, რომ ჩვენმა ოლიმპიელებმა ცუდი შედეგი აჩვენეს და ეს მოპოვებული შვიდი მედლითაც ნათლად გამოჩნდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ წელს მხოლოდ ერთი ოლიმპიური ჩემპიონი - 20 წლის ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი გვყავდა, აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ შვიდი მედალი დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში ქართველ სპორტსმენებს ერთ ოლიმპიადაზე აქამდე არასოდეს მოუპოვებიათ.

 

ქართული ოლიმპიური ეპოპეა სათავეს 1996 წელს, ამერიკის ქალაქ ატლანტაში გამართული ოლიმპიადიდან იღებს. (საბჭოთა კავშირის სახელით გამარჯვებულ ქართველებს ბუნებრივია არ ვთვლით) იმ ოლიმპიადაზე ჩვენმა სპორტსმენებმა მხოლოდ ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს, რაც მაშინ უარყოფით შედეგად არ შეფასებულა. ქვეყანა ახალი ნაომარი იყო, სპორტსმენთა მოსამზადებლად, ფაქტობრივად, არ არსებობდა არანაირი პირობები, ოლიმპიადაზე სპორტსმენების გასამგზავრებელი ფულიც კი, ბოლო მომენტში გამოიყო საქართველოს ბიუჯეტიდან.

 

ამის შემდეგ, სიდნეის 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ჩვენმა ათლეტებმა შედეგი აშკარად გააუმჯობესეს და საქართველოში 6 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ. მაშინ, ერთ-ერთმა ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა მოსწრებულად იხუმრა: ”როგორც ჩანს, საქართველო ბრინჯაოს ხანიდან, ჯერ კიდევ არ გამოსულაო”. თუმცა, უკვე ცხადი იყო, ჩვენი ოლიმპიური გუნდი მომავალში უფრო მეტის შემძლე გახდებოდა.

 

მედლების მოპოვების კუთხით, უდავოდ მნიშვნელოვანი იყო 2004 წლის ათენის ოლიმპიადა. საბერძნეთის დედაქალაქში, ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა და ძალოსანმა გიორგი ასანიძემ პირველად შეძლეს ოქროს მედლების მოპოვება და ჩვენს სპორტში ყბადაღებული ”ბრინჯაოს ხანაც” მაშინ დასრულდა. ამას გარდა, ათენში ორი ვერცხლის მედლის აღებაც შევძელით. 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე კი, მაშინ როდესაც საქართველო რუსეთთან ომს აწარმოებდა, ქართველმა ოლიმპიელებმა ნამდვილი ფურორი მოახდინეს და ერთბაშად, სამო ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხეს.

 

სწორედ ამიტომ იყო, რომ წლევანდელი ოლიმპიადიდან ქართველი სპორტის მოყვარულები მიღწეულზე უფრო მეტს ელოდნენ. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საქართველოს ლონდონში სრულიად ახალი, ახალგაზრდული გუნდი ჰყავდა ჩაყვანილი (წელს, ლონდონში გამოსული ქართველი სპორტსმენებიდან პეკინის ოლიმპიადაზე მხოლოდ სამი მათგანი იყო ნამყოფი) და არც ქართველი და არც უცხოელი სპორტის სპეციალისტები მათგან შვიდი მედლის მოპოვებას ნამდვილად არ ვარაუდობდნენ.

 

ასევე უნდა ვახსენოთ საშინლად დაბალი დონის მსაჯობა ძიუდოსა და ჭიდაობაში (იყო აშკარა მიკერძოების ფაქტებიც) რამაც ქართველ სპორტსმენებს მინიმუმ ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი დააკარგვინა. იყო შემთხვევები, როდესაც ქართველ სპორტსმენებს მათ სახეობაში საუკეთესო ათლეტები გათამაშების პირველივე ეტაპზე შეხვდნენ და ამ წმინდა სპორტულ უიღბლობას ვერავის დავაბრალებთ. ამ მხრივ ძიუდოისტ ადამ ოქრუაშვილისა და მშვილდოსან ქრისტინე ესებუას შემთხვევებია გამოსაყოფი. მათ თავიდანვე ისეთი მეტოქეები შეხვდნენ, რომლებიც მათ სახეობებში უდავო ფავორიტებად ითვლებოდნენ. ეს მაშინ, როდესაც ერთ-ერთ როდესაც რუს მოჭიდავეს მის წონაში საუკეთესო ეგვიპტელი სპორტსმენი ფინალამდე არ შეხვედრია. ფინალში კი, როგორც ცნობილია, ყველაფერია მოსალოდნელი!

 

ამას გარდა, ქართველი ოლიმპიელების გამოსვლას თავისი დაღი დაასვა ქართულმა პოლიტიკამაც. ძიუდოისტმა ბეთქილ შუკანმა საკუთარი მარცხის მიზეზად, საქართველოს სპორტის მინისტრისა და ზოგადად, ხელისუფლების მისდამი არასამართლიანი დამოკიდებულება დაასახელა. იქვე ისიც ითქვა, რომ შუკვანს გამარჯვების შემთხვევაში, ლონდონის ტატამზე პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” დროშის აფრიალება ჰქონდა გადაწყვეტილი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც არავინ იცის, ვის რა სურდა. მაყურებელმა მხოლოდ ის ნახა, შუკვანმა შესაძლებლობებით მასზე დაბლა მდგომ მეტოქესთან როგორ წააგო და ამით როგორ დასწყვიტა გული ძიუდოს ქართველ მოყვარულებსა და გულშემატკივრებს.

 

მომდევნო 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადა ბრაზილიის ქალაქ რიო დე-ჟანეიროშია დაგეგმილი. სპორტის სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ ამ შემადგენლობით ქართულ ოლიმპიურ დელეგაციას ბრაზილიაში ბევრად უფრო კარგი შედეგების ჩვენება შეუძლია, მაგრამ ჯერ არავინ იცის, ოთხი წლის შემდეგ, რას იზამენ და რა გზას დაადგებიან ლონდონში გამოსული ქართველი სპორტსმენები. ზოგს პოლიტიკისკენ უჭირავს თვალი, ზოგი მოგებულ თუ ვერმოგებულ ფულად ჯილდოებს ითვლის და ანგარიშობს. ზოგი კი, საერთოდ კარიერის დასრულებას აპირებს. თუმცა, რიოში აშკარად მეტი რომ გვინდა და შეგვიძლია - ფაქტია!

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED