"ამათი შიში მაინც რომ არა გვაქ, იმას გაუმარჯოს!“

2012.08.13 ავტორი: ლევან სეფისკვერაძე

"ხორცის გზა" თიანეთიდან თბილისამდე - სპეციალური რეპორტაჟი   

„მიდი კაცო, ცოტა ჩქარა ჩამოვატყაოთ ეს მოზვერი, თორემ მოვიდა შუადღე და ქალაქამდის რა ხორცი გასძლებს“, –ეუბნება ძია მევლუდი თავის უფროს ვაჟს და თან გამალებით ლესავს უზარმაზარ დანას. თიანეთის ერთ-ერთ სოფელში ვარ. დილაა და მევლუდი და მისი ბიჭი ზაზა, თბილისში, გლდანში შეგულებულ კლიენტებთან ხორცის ჩატანას ჩქარობენ. 

თბილისის ბაზრებში ხორცი 2010 წლიდან მას შემდეგ გაძვირდა, რაც სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა გადაწყვიტა, რომ საქონლის ხორცის თბილისის ბაზარზე მოსახვედრად, მეპატრონეს საქონელი სპეციალურ სასაკლაოზე უნდა დაეკლა. ქართულ ბაზარზე მაშინვე გამოჩნდა კომპანია იბერ მით ჯორჯია“, საკუთარი მაღაზიების ქსელით, რომელმაც სპეციალური სასაკლაო ნატახტარში გახსნა.

 

გლეხმა საქონლის ხორცის გაყიდვა რომ მოინდომოს, საქონელი ნატახტრის სასაკლაოზე უნდა მიიყვანოს და დააკვლევინოს, რაშიც დამატებით 1,2 ლარი უნდა გადაიხადოს კილოგრამ ხორცში. თბილისში ხორცის გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს ფასნამატი გახდა.

 

კომპანია „იბერ მით ჯორჯია“ თანდათან ხორცის ბიზნესის მონოპოლისტად ჩამოყალიბდა. რეგიონებში არსებული სასაკლაოები ამ კომპანიის გამოჩენისთანავე საეჭვოდ დაიხურა. სასაკლაოებში განაცხადეს, რომ საქონლის სასაკლაოზე დაკვლის ვალდებულება თბილისისთვის იმიტომ ამოქმედდა, რომ „იბერ მითის“ კუთვნილი ნატახტარის სასაკლაოსთვის მონოპოლიური გარემო შექმნილიყო. ხორცის ბიზნესის მონოპოლისტი კომპანიისა და ნატახტრის სასაკლაოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულს ცეზარ ჩოჩელს ასახელებენ. თიანეთელმა გლეხებმაც ასე იციან...

 

თიანეთში

 

თიანეთელი მამა-შვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პირველები სულაც არ არიან, რომლებმაც ნატახტარში ორი წლის წინ გახსნილ სასაკლაოზე ხორცის ჩაბარებაზე უარი თქვეს და მათი თქმით, „ცეზარ ჩოჩელს მათ ხარჯზე ფულს არ აკეთებინებენ“.

 

უკვე ბევრი მწყემსი და ხორცით მოვაჭრე ადგას მათ გზას. ეს მათი მხრიდან ერთგვარი პროტესტია.

 

მევლუდსა და ზაზას თბილისში საქონლის ხორცი საკუთარი მანქანით ჩამოაქვთ და ბაზრის ფასზე საკმაოდ იაფად, 10 ლარად ყიდიან. მათი კლიენტები რიგითი თბილისელები არიან, რომლებიც თიანეთელ მეხორცეებს წინასწარ ურეკავენ და ახალი ხორცის ჩამოტანას სთხოვენ.

 

„მესამემიკროელ ლევანასთან 4 კილო უნდა ჩავიტანოთ, მუხიანშიც 4 კილო, ალბათ, მეგრელებიც აიღებენ 3 კილომდე. დანარჩენის ფული უკვე აღებული გვაქვს“, - ამბობს ზაზა მოზვერის დაკვლისა და ხორცის დამუშავების შემდეგ, თან მამას ეხმარება ხელის დაბანაში.

 

გზა

 

 

უკვე თბილისისკენ მოვდივართ. საჭესთან მევლუდი ზის. ავტომანქანის უკანა სავარძელზე მჯდომი ზაზა კი სიგარეტს აბოლებს:

 

„ბოლოს და ბოლოს, პრინციპის ამბავია, კაცო! რატომ უნდა ჩავიყვანოთ ნატახტარში დასაკლავად ცოცხალი საქონელი, როცა იქ კილოში ზედმეტ ერთ ლარს გვართმევენ და თან წესიერად არც ამოწმებენ?! 300-კილოიან საკუთარ ძროხაში ვიღაცისთვის 300 ლარი როგორი მისაცემია... თან რაში უნდა გადაუხადო?! ხომ დაინახე, შენს წინ დავკალით თამაზას მოზვერი. როგორი ხორცი იყო? ქალაქში განა ადვილად იშოვნი მაგნაირ ხორცს?! ხალხიც გვენდობა. ერთხელ მოეწონათ, ორჯერ... ახლა უკვე აქეთ გვირეკევნ და „გვიზაკაზებენ“. ჩემსა და კლიენტებს შორის ცეზარ ჩოჩელი - გუბერნატორი რატომ უნდა ჩავაყენო? ბატონყმობა დაბრუნდა თუ რა უბედურებაა?!“

 

შვილის დაწყებულ საუბარს მევლუდი აგრძელებს: „რაღაც კაპიკებს მისცემენ-ხოლმე და თან მადლობელიც უნდა იყო. იყოს კაცო შემოწმება, განა წინააღმდეგები ვართ?! მაგისი არ გვეშინია. მაგრამ ამხელა გადასახადი ერთ კილო ხორცზე რა უბედურებაა?! ევროპა გვინდა და ფასებიც ევროპასავით დიდი უნდა იყოსო. ფასების გაზრდა კარგად იციან. უმუშევარი რომაა მთელი ქვეყანა, ეგ სულ არ ანაღვლებთ. არა, მაინც ჩვენი ბრალია ყველაფერი. რატო ხელი არ მამტყდა, თავის დროზე ხუთი ნომერი რო შემოვხაზე“.

 

შესანდობარი

 

გზად წყაროსთან ვჩერდებით. მთის ცივ წყალს ვსვამთ და სახეზეც ვისხამთ. თბილისში, ალბათ, უკვე პაპანაქებაა. სწორედ ამიტომაც ჩქარობს მამა-შვილი ცხვარიჭამიის გზით გლდანამდე ჩასვლას. გზაზე პოლიციის „პიკაპი“ გამოჩნდა. აღმართი აიარა და მამა-შვილმაც მალულად ააყოლეს მანქანას თვალი.

 

-„ახლა, ხორცი რომ გინახონ, დაგაჯარიმებენ?“ – ვეკითხებით მევლუდს.

 

-„მე ჯერ ეგეთი რამე არ მომსვლია, მაგრამ ჩვენს გვერდით სოფლელი ბიჭები დაიჭირეს -  უკანონოდ ხორცით რატომ ვაჭრობთო. კარგა ბლომად ჯარიმაც გადაახდევინეს. არადა, თავიანთი ძროხები დაკლეს. გაუჭირდათ და ფული დასჭირდათ. საკუთარი ძროხის დაკვლაზე რომ დაგაჯარიმებენ, ქვეყანა ქვია ამას?”

 

საბადურის ტყის გავლის შემდეგ, დაღმართები დაიწყო. მამა-შვილმა ზამთრის პერიოდებში ხევებში გადაჩეხილი ნაცნობები და ახლობლები გაიხსენეს. ავტომანქანების ხევში გადავარდნის ადგილზე აღმართულ ერთ-ერთ ჯვართან გავჩერდით კიდეც. ზაზამ არყის ნაკლული ბოთლი ამოიღო – შესანდობარი ვუთხრათო. მისი ბავშვობის მეგობარი ქვიშით დატვირთული „ზილით“ გადავარდნილა რამდენიმე წლის წინ.

 

-„კიევში სწავლობდა იურიდიულზე. ყველაზე ნიჭიერი ჩემს ძმაკაცებში ეგ იყოო. მერე გაჭირდა ცხოვრება და რა ექნა? „ზილზე“ დაიწყო მუშაობა. თიანეთში ქვიშა აჰქონდა. მოუცურდა მოსახვევში მანქანა და ასე, უშვილძიროდ წავიდა საწყალი. გაანათლოს!“

 

ჩუმად ვუსმენდით ზაზას მონოლოგს. ცოტა არაყიც მოვწრუპეთ. მევლუდმა არ დალია – პატრულის თავი სადა მაქვსო. შემდეგ, დარჩენილი არაყი ჯვრის უკან გაკეთებულ ნიშში დავტოვეთ და გუნებაწამხდრებმა ჩავაღწიეთ გლდანამდე.

 

გლდანი-მუხიანი-თემქა-გლდანი

 

პირველად გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, ერთ-ერთ ქალბატონს მივუტანეთ ხორცი. ზაზამ მობილური ტელეფონით დაურეკა. ქალი 3-4 წლის ბავშვთან ერთად ჩამოვიდა კორპუსიდან და წინასწარ აწონილი ხორცი წაიღო. მევლუდმა სიამაყით ჩაილაპარაკა: „ხომ ხედავ, როგორ მენდობიან. აწონვა და წონის გადამოწმება არც კი მოუთხოვია“. შემდეგ გლდანის მესამე მიკრორაიონში მივედით და 6 კილომდე ხორცი იქ დავტოვეთ. 2-2 კილო ხორცი სამ მეზობელს შეამხანაგებით ეყიდათ და წინასწარ გამზადებული სამოცი ლარიც იქვე ჩაუთვალეს ზაზას.

 

მერე მუხიანში ავედით, იქიდან თემქაზე, „არაშენდასთან“. ამასობაში ერთმა კლიენტმა კვლავ გლდანიდან დარეკა. იქ ერთ-ერთ ავტოფარეხში, პაპანაქება სიცხეში, ორი კაცი სამწვადე მაყალზე ცეცხლის დანთებას ცდილობდა და აწონილ-დამუშავებული ხორცი ცელოფნის პარკით იქვე მივეცით.

 

-„მევლუდ, ეგ ბიჭებიც მოიყვანე. მოდი, ახლა ეს ხორცი შევწვათ და ერთად „შევუბეროთ“. ცოლ-შვილი სოფლებში გავუშვით და ეს პერიოდი ჩვენებურად გამოვიყენოთ“, – ხელების ფშვნეტით უთხრა მევლუდს ერთ-ერთმა. ჩვენ ვიუარეთ, რადგან არც პაპანაქება სიცხეში ჯდომა გვეხალისებოდა და მერე როგორც ზაზამ თქვა: „არაა მთლად კარგი საქციელი, კაცს ხორცი მიჰყიდო და მერე შენვე შეუჭამო“.

 

ძია მევლუდის სადღეგრძელო

 

შუადღის სამი საათისათვის ყველაფერს მოვრჩით. მევლუდმა და ზაზამ 90 კილოგრამზე მეტი ხორცი მთლიანად გაყიდეს. შემდეგ სიცხის დასაძლევად ლუდხანაშიც შევიარეთ. ყველაზე დაღლილი და სიცხისგან გაწამებული მაინც მევლუდი იყო. „ასაკი თავისას შვრება, ბალღებო“, – გვეუბნებოდა მალი-მალ.

 

ლუდხანაში მევლუდმა ლუდის კათხა მოიმარჯვა და სანამ დალევდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციისამებრ ერთი კარგი სადღეგრძელოც გვითხრა:

 

„განა გაჭირვებისა მეშინია. გაჭირვება ჩვენს ხალხს ადრეც ბევრი უნახავს და მთავრობა ამით ვერავის გაგვაკვირვებს. იმაზე მტკივა გული, რომ ეს მთავრობა ხალხს გასაპარსი ცხვრებივით გვიყურებს – ვის მეტ მატყლს გავაცლი და საიდან რა ხეირს ვნახავო. მთელს ჩემს სოფელში ერთ კაცს ვერ ნახავ, მიშას რომ უჭერდეს მხარს. დავიღალენით ჩვენც ამ ტყუილებით. ესენი კიდევ მაინც ამბობენ, ისევ ჩვენ უნდა ვიყოთ მთავრობაშიო... მაგრამ ვერაფერსაც ვერ გვიზამენ. ამათ ჯიბრზე მშივრები მაინც არ მოვკვდებით. ჰოდა, არც ჯეელებსა და არც ბებრებს, ამათი შიში მაინც რომ არა გვაქ, იმას გაუმარჯოს!“

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED