ფოთელი „ღიმილის ბიჭები“

2012.08.08 ავტორი:

ფოთელი რეზერვისტები, 20 წლის ოთარ (ოთიკო) კიკალეიშვილი და 19 წლის შალვა გაბუნია მეგობრები იყვნენ. ისინი 8 აგვისტოს სენაკის სამხედრო ბაზის დაბომბვისას დაიღუპნენ.

ოთო კიკალიშვილი და შალვა გაბუნია

ოთიკო 1988 წლის, ხუთ მაისს დაიბადა. 2005 წელს, მეორე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის, ფოთის ფილიალის იურუდიულ ფაკულტეტზე განაგრძო. სწავლის პარალელურად ოთიკო, ტერმინალ  „სოვტრანსავტო ჯორჯია“-ში მუშაობდა.

 

ფატიმა კიკალეიშვილი, ოთიკო კიკალეიშვილის დედა: _ `სკოლის დამთავრების შემდეგ, ოთო სწავლის პარალელურად მუშაობდა. როდესაც   რეზერვისტად გამოიძახეს, არც კი დაფიქრებულა ისე წავიდა, მითხრა: რომ არ წავიდე, დეზერტირად და სამშობლოს მოღალატედ გამომაცხადებენ, ამას კი სიკვდილი მირჩევნიაო. იმ დღეს სახლიდან მამამისმა წაიყვანა, მანქანიდან უწყება გადაუფრიალდა, სწრაფად გადავიდა და აიღო, ცუდად მენიშნა, როდესაც ამის შესახებ ვუთხარი, გამიცინა და მითხრა: დედა, ნუ გეშინია, ეს ცრუ რწმენააო. რელიგიური იყო და ასეთი რაღაცეების არ სჯეროდა. როდესაც სენაკში  გავაცილეთ, სულ ვტიროდი, თითქოს გული რაღაცას მიგრძნობდა.

 

იქ  ორჯერ დავურეკე, აქეთ მამშვიდებდა და მთხოვდა: ნუ ტირი, არაფერი მომივაო. სენაკის   სამხედრო ბაზის დაბომბვამდე, თურმე ოთიკო და მისი მეგობარი, ოთო ძნელაძე მიკროავტობუსში ჩასაჯდომად მიდიოდნენ, ამ დროს ბაზის დაბომბვა დაუწყიათ, ოთოს ხელი უჰკრავს მეგობარისთვის, სწრაფად დაწექი, თავს უშველეო, მან კი დაწოლა ვერ მოასწრო და სასიკვდილოდ დაიჭრა. მიწაზე გაწოლა, რომ მოესწრო, იქნებ არ დაიღუპულიყო. იმ საღამოს ვერ მოვისვენე, მამამისისთვის დაურეკავთ და უთქვამთ, ოთო დაჭრილიაო, დაუმალეს, რომ უკვე გარდაცვლილი იყო, გიჟივით გავარდა სენაკის საავადმყოფოში და დაჭრილებში ეძებდა, მაგრამ მაშინ ჩემი შვილი უკვე გარდაცვლილი ყოფილა…   ჭკვიანი, მეგობრული და მზრუნველი შვილი მყავდა და მიკვირს მის გარეშე როგორ ვძლებ, ვერავინ და ვერაფერი შემიცვლის მის თავს. განსაკუთრებული თვისებები ქონდა, როდესაც რამეს მაწყენინებდა, აცრემლებული თვალებით შემომხედავდა, ამით მაგრძნობინებდა, რომ  ნანობდა. ბოლოს განსაკუთრებულად ლაღი გახდა, შეყვარებული იყო, სიცოცხლე უხაროდა, მეგობრების, თანაკლასელების მიმართ ყურადღებით გამოირჩეოდა, სულ ეუბნებოდა, თუ რამე დაგჭირდეთ, მითხარით, თქვენს გვერდით მიგულეთო. ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდა და მეც მთხოვდა ტაძარში იარეო. ამას, იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი შვილია. იგი კარგი მეგობარი, თანამშრომელი და პატრიოტი ადამიანი იყო. ამ უაზრო ომს კი ჩემი შვილის მსგავსად, კარგი ვაჟკაცები, პატრიოტები, სამშობლოს მოყვარული ახალგაზრდები შეეწირნენ.“

 

შალვა გაბუნიას ბევრი ოცნება  აუხდენელი დარჩა, არადა, დიდი გეგმები ჰქონდა. შალვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზესწავლობდა. სწავლაში წარმატებულ სტუდენტს, უნივერსიტეტი სექტემბერში,არაბული ენის შემსწავლელ კურსებზე ქუვეითში გზავნიდა. აგვისტოს დასაწყისში არაბეთის ელჩს უნდა შეხვედროდა, ავიაბილეთი უნდა დაეჯავშნათ. ფაკულტეტის დეკანმა ქალაქიდან გაუსვლელობა თხოვა. თუმცა, 7აგვისტოს, როცა ქვეყანაში საყოველთაო მობილიზება  გამოცხადდა და რეზერვისტთა გაწვევა დაიწყო, შალვამ სენაკის ბატალიონის მეთაურს თავად დაურეკა (იგი ომამდე ორჯერ იმყოფებოდა რეზერვისტად) და ჩასვლის გადაწყვეტილებაც მიიღო.

 

მაია ჩაჩიბაია, შალვა გაბუნიას დედა:  „ ჯერ კიდევ არ ვიცოდი შალვას სენაკში წასვლის გადაწყვეტილება, რომ ჰქონდა მიღებული. საშინელი წინათგრძნობა არ მასვენებდა. როცა ვეკითხებოდი, თავიდან მიმალავდა, შემდგომ მულისშვილისგან შევიტყვე.  იგი უკვე გზაში იყო. სამსახურიდან დავურეკე, მინდოდა დაუკითხავად მიღებული გადაწყვეტილების გამო მესაყვედურა, მაგრამ რაღაც ძალამ მაიძულა სრულიად საპირისპირო რამ მეთქვა, შვილო, რა ვაჟკაცი მყოლიხარ, ეს რა გადაწყვეტილება მიგიღია-მეთქი. თავმდაბალი იყო, ალბათ, ეუხერხულა და მხოლოდ ის მითხრა, არ გინდა დედა, ასეთი საუბარი, შენი ლოცვა  გამაყოლეო.“

 

სენაკის ბაზაზე ჩასვლა დედისთვის ტელეფონით უცნობებია, შემდგომ დაკავშირებას შალვასთან ახლობლები ვერ ახერხებდნენ. როგორც ბაზაზე შალვასთან ერთად მყოფები ამბობენ, მანქანაზე ტყვიაწამალს დატვირთვის დასრულების შემდეგ, მეგობრებისკენ გაეშურა. სწორედ ამ დროს გაისმა ძლიერი აფეთქების ხმა და პირველი დარტყმაც განხორციელდა. შალვა უვნებელი იყო, მას დაჭრილები გამოჰყავდა, ორჯერ შებრუნებულა დაჭრილთა გამოსაყვანად, მესამე აფეთქებისას, არტერიაში დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

„როცა რეზერვისტები უკან გამოაბრუნეს, ახლობელმა დამირეკა და შალვას ამბავი მკითხა, ჩამოვიდა, როგორ არისო? ვიღაც კიკალეიშვილის ბავშვი გარდაცვლილაო. გავოგნდი, არაფერი ვიცოდი, ოთიკო კიკალეიშვილი და შალვა ძმებივით იყვნენ, ერთმანეთისგან ვერ განვარჩევდი. ცუდად გავხდი, ოთიკოს ვტირივარ, ვდარდობ. შალვა ჯერ კიდევ ცოცხალი  მგონია და მასზე არც ვფიქრობ. მოგვიანებით, ახლობლებს, ვინც სენაკის ბაზაზე მიდიოდნენ ვთხოვე, წავეყვანე, რადგან ოთიკოზე ვდარდობდი.  როცა იქ ჩავედი, შალვაც მოვიკითხე.   დავდიოდი და იმ ქაოსში ყველას სათითაოდ ვეკითხებოდი შალვა ხომ არ გინახავთ-მეთქი. მერე საავადმყოფოში მივედი და სრულიად შემთხვევით, დერეფანში ვიღაც კაცის სიტყვები გავიგონე, დაჭრილების ნათქვამს ყვებოდა, ამ გაბუნიას ბიჭს რამდენი ადამიანის სიცოცხლე უხსნია, თვითონ კი,როგორ შეეწირაო. არ ვიცი, იმ დროს რა დემემართა, ამის სიტყვებით გადმოცემა რთულია. მოგვიანებით გავიგე, რომ ეს კაცი ქირურგი იყო, მისთვის ბევრი კითხვის დასმა მინდოდა, მაგრამ… მხოლოდ ის მახსოვს, რომ ჩავიკეცე.“

 

დედის ნუგეში, დღეს, შვილის თავგანწირვა და გმირობაა. მიუხედავად უდიდესი ტრაგედიისა, როგორც თავად ამბობს, ქუჩაში მაინც თავაწეული დადის, რადგან ყველა იცნობს, გმირი შალვა გაბუნიას დედას. ნამდვილ გმირობად მიაჩნია ყველას, 19 წლის სტუდენტის გადაწყვეტილება, რეზერვში  საკუთარი სურვილით წასვლა და სენაკის ბაზაზე მიკროავტობუსით ჩასვლა. გმირობაა, აბა სხვა რა უნდა იყოს, ბომბების ზუზუნში თავშესაფრის დატოვება და საკუთარი სიცოცხლის ფასად დაჭრილი მეგობრების გადარჩენა.

 

დედასაც უკვირს შვილის ასეთი საქციელი, „როგორ არ დაიბნა, ამ ტყვიების ზუზუნში? ისეთებმა დატოვეს პოსტები და გაიქცნენ, რადგან სული მწარეა… ჩემი შვილისთვის არ ყოფილა სული მწარე.“

 

 

გაზეთი „თავისუფალი სიტყვა“

8 -15 აგვისტო, 2009 წელი

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED