მარკ მალენი tspress.ge-ს კითხვებს პასუხობს

2012.08.02 ავტორი: Eliso Janashia

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს"( TI) გამგეობის თავმჯდომარე მარკ მალენი Tspress.ge-ს კითხვებს პასუხობს. ის ამჟამად ამერიკაში იმყოფება.

მარკ მალენი

მარკ მალენი

TI-ს ყოფილმა თანამშრომელმა ნინა ხატისკაცმა, გუშინ, მარკ მალენსა და ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორ ეკა გიგაურთან, გათავისუფლებამდე შემდგარი დიალოგის ფარული აუდიოჩანაწერის ნაწილი გამოაქვეყნა.

გთავაზობთ, მარკ მალენის პასუხებს ამასთან დაკავშირებით:

 

-ბ-ნო მარკ, როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ტ/კ "მე-9 არხზე" გასულ სიუჟეტში გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ თანამშრომელს წასვლის სანაცვლოდ, დუმილს სთავაზობდით. რატომ?

 

- როგორც მე მითხრეს, ეს ჩანაწერიდან ჩანს. კარგი იქნება, თუ სრულ ჩანაწერს განასაჯაროებთ, ან გამომიგზავნით. მე ვუთხარი, რომ მას დავტოვებდით სამსახურში მხოლოდ იმ მიზნით, რომ დაესრულებინა ანგარიშები და მას ეს შეეძლო გაეკეთებინა შვებულების დროს. თუმცა, თუ ის მედიასთან გაახმაურებდა წასვლას, დონორები შეიტყობდნენ, რომ ის ჩვენი თანამშრომელი აღარ არის და შესაბამისად, მას ვეღარ გადავუხდიდით კომპენსაციას, რადგან ჩვენ მხოლოდ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული თანხები გვაქვს. როდესაც მან თქვა, რომ ეს შანტაჟია, მე ვუთხარი, რომ მას შეუძლია, ის გააკეთოს, რაც სურს.

 

-თქვენ თავდაპირველად აღნიშნავდით, რომ ხატისკაცის გათავისუფლებასთან კავშირი არ გქონდათ. ჩანაწერში ჩანს, რომ თქვენ პირადად თხოვთ მას წასვლას. რა კომენტარს გააკეთებთ ამაზე?

 

-გადაწყვეტილება ეკა გიგაურმა მიიღო, ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა და მე სრულად დავუჭირე მხარი მის გათავისუფლებას. თუმცა, თავიდან მე ვიყავი მისი დამსაქმებელი, მე ავიყვანე სამსახურში და მრავალი წლის მანძილზე ვიცნობდი. ამავე დროს, ეკა თვეების მანძილზე არაერთხელ ელაპარაკა ნინას, თუმცა, ის საპირისპიროს უმტკიცებდა, ასე რომ, მე და ეკამ გადავწყვიტეთ, რომ უკეთესი იქნებოდა, მე მეთქვა ეს ნინასათვის.

 

-თქვენი მეუღლე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერდა, რომ ნინას საქმიან რეპუტაციას გაუფრთხილდნენ და ორგანიზაციის მხრიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი ამიტომ არ დასახელდა. თუკი გათავისუფლების სხვა მიზეზები არსებობს, იქნებ ახლა დაასახელოთ.

 

- ბევრი მიზეზია. ის არ ასრულებდა იმ სამუშაოს, რასაც ავალებდნენ, აგვიანებდა სამუშაოს შესრულებას, ოფისის წესებს არღვევდა და არ დაამყარა კარგი სამუშაო ურთიერთობები აღმასრულებელ დირექტორთან.

 

- რით შეგიძლიათ იმის დამტკიცება, რომ ხატისკაცის გათავისუფლება გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა და გადაწყვეტილება სამართლიანი იყო?

 

- ნინას დიდი ხნის მანძილზე ჰქონდა პრობლემები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ და მას ჰქონდა სერიოზული კონფლიქტი ყოფილ აღმასრულებელ დირექტორთან.

 

ყოფილი ხელმძღვანელის პოზიციას არ იზიარებს ნინა ხატისკაცი. 

 

-"ეს იყო ერთგავარი შანტაჟი და ზეწოლა იმასთან დაკავშირებით, რომ მე მათ დასახულ, მოგონილ გეგმას არ დავექვემდებარებოდი, მე შესაძლებელია შემქმნოდა პრობლემები,"– აცხადებს "მეცხრე არხთან" მიცემულ ინტერვიუში ხატისკაცი.

 

ხატისკაცის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში მარკ მალენი საუბრობს იმაზე, რომ მას არ სურს ხატისკაცის გათავისუფლების სამართლებრივ მიზეზებე საუბარი, ამიტომ ის ხატისკაცს "ჩუმად" წასვლას და მომხდარის არგახმაურებას" ურჩევს.

 

–"თუ შენ გადაწყვიტე, რომ შენთვის მნიშვნელოვანია მსოფლიოს უთხრა, რომ უსამართლოდ მოგექცნენ, მაშინ მსოფლიო მოვა ჩვენთან და გვეტყვის, რომ ნინას მოვექეცით უსამართლოდ. ჩვენ მოგვიწევს ამაზე პასუხის გაცემა. მე არ მინდა ამ პასუხის გაცემა, ჩვენ გავცემთ ამ პასუხს, მაგრამ მე არ მინდა, მე მირჩევნია ამაზე არ ვილაპარაკო. მე მირჩევნია ვთქვა, რაიმე მსგავსი: იცით რა, ნინა დიდი ხანია მუშაობდა ჩვენთან და ძალიან კარგი რამ გააკეთა, მას ჰყავს პატარა ბავშვი, მას უნდოდა წასვლა და ჩვენ მას მხარი დავუჭირეთ და ის არაჩვეულებრივი ადამიანია,"– ამბობს ჩანაწერში მალენი.

 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" (TI) პროგრამის მენეჯერი ნინა ხატისკაცი, დაკავებული თანამდებობიდან, 23 ივლისს გაათავისუფლეს. მიზეზად, აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა შიდა საორგანიზაციო საკითხები დაასახელა და არა პოზიციის შეუთავსებლობა. მოგვიანებით, ხატისკაცის გათავისუფლებაზე ორგანიზაციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც იგივე მიზეზი გაიმეორა და განმარტა, რომ TI– ს აღელვებს ის განცხადებები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შუქმნან ორგანიზაციის იმიჯს. 

 

ხატისკაცი გათავისუფლებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ორგანიზაციის გამგეობის სხდომა გუშინ უნდა გამართულიყო, მაგრამ მარკ მალენის ამერიკაში უეცრად გამგზავრების გამო ჩაიშალა.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED