გაყვლეფა ქართულად

2012.08.01 ავტორი:

საქართველოში იპოთეკური კრედიტებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთი 12-დან 24%-მდე  მერყეობს, თუმცა, რეალური მაჩვენებელი სულ სხვაა. სპეციალისტების გათვლებით, მსესხებელს, საბოლოო ჯამში, საშუალოდ 40-42%-ის გადახდა უწევს.

მაღალი პროცენტები, ხშირად ბიზნესის წარუმატებლობისა და გაკოტრების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.

 

ამასთან, საბანკო კრედიტების გადაუხდელობის გამო, ათასობით ოჯახი, ბინის გარეშე დარჩა. თუმცა, ოფიციალურად მევალეებისთვის ჩამორთმეული უძრავი ქონების  ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია. ეროვნული ბანკი და აღსრულების ეროვნული ბიურო აღნიშნულ ინფორმაციას არ გასცემს.

 

მიუხედავად ეროვნული ბანკის განცხადებისა, მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კომერციული ბანკების შესახებ კვარტალურ  მონაცემებში ასეთი გრაფა არსებობს - „დასაკუთრებული უძრავი და  მოძრავი ქონება“, სადაც ამა თუ იმ ბანკის მიერ თითო კვარტლის განმავლობაში დასაკუთრებული ქონებაა მოცემული. აღნიშნული მონაცემები მხოლოდ 7 ბანკს  აქვს გასაჯაროვებული, დანარჩენი 11 ბანკი ამ  ინფორმაციას არ ახმაურებს.

 

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 7 ბანკს 60 მილიონ 156 ათასი ლარზე მეტის უძრავ-მოძრავი ქონება აქვს დასაკუთრებული, აქედან „ვითიბი ბანკმა“ - 10,996,252 ლარის, „ქართუ ბანკმა“ - 11,509,973 ლარის, „საქართველოს ბანკმა“ - 32,267,024 ლარის, „ბითიელი ბანკმა“ - 5,061,748 ლარის, „პროკრედიტ ბანკმა“ - 20,716 ლარი, „ტაოპრივატბანკმა“ - 300,364 ლარის. თურქეთის სს `“ირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალია, რომლის

 

   გაყვლეფილი მევალეები

 

„სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი“, რომელიც მიმდინარე წლის მარტში, კომერციული ბანკებისა თუ სხვა საფინანსო ორგანიზაციებში დაგროვილი ვალების გამო უბინაოდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარების მიზნით შეიქმნა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის სოფია ბეროშვილის თქმით, დღემდე 2 500-დან 3 000-მდე დაზარალებულმა მიმართა. მათ ნახევარს სახლი უკვე დაკარგული აქვს, ნახევარი კი გამოსახლებას დღე-დღეზე ელოდება. ყველას კონკრეტული ისტორიები აქვს.

 

ნინო მ-მ „საქართველოს ბანკისგან“ ბინის შესაძენად 6 წლიანი ვადის 70 ათას დოლარიანი სესხი 14%-ად აიღო, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკაში შეძენილი ბინა და ბათუმში მდებარე სახლი ჩააგირავა. რეალურად მისმა გადასახდელმა პროცენტმა 54,2% შეადგინა. 6 წლის განმავლობაში მსესხებელს ბანკში ყოველ თვეში 1 500 დოლარი უნდა გადაეხადა, რაც ჯამში 108 000 დოლარია და აღებულ სესხსა და მთლიან თანხას შორის სხვაობა 38 000 დოლარია.

 

„1 500 დოლარს ორი თვის განმავლობაში ვიხდიდით, შემდეგ ჩემს მეუღლეს სერიოზული პრობლემები შეექმნა და რომ ვერ გახავიხადე თანხა, ორჯერ გავაკეთე რესტრუქტურიზაცია. ბანკში მეუბნებოდნენ, რომ ჯარიმები და პროცენტის დარიცხვა შემიჩერს, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა, რადგან რაღაც რამდენიმე კვირის წინ გავარკვიე, რომ გადასახდელი არა 67 ათასი, (3 ათასი გადახდილი მქონდა) არამედ 85 ათასი დოლარი მაქვს. თუ ახლო მომავალში ეს თანხა არ გადავიხადე, მაშინ ბანკი თბილისისა და ბათუმის ბინას აუქციონზე გაიტანს“, - გვითხრა ნინო მ.მ.

 

თამარ კ-მ 32 000 დოლარის იპოთეკური კრედიტი 17%-ად „საქართველოს ბანკისგან“ აიღო. ხელშეკრულების თანახმად 16 000 დოლარი მას 6 თვეში ყოველგვარი პროცენტის გარეშე უნდა დაეფარა, რაც მან კეთლსინდისიერად დაფარაა, დარჩენილი თანხა კი 10 წლის განმავლობაში უნდა დაეფარა, რაზეც მხოლოდ 17% დაერიცხებოდა.

 

„32 000 დოლარი კი დამიმტკიცდა, მაგრამ ბანკიდან მხოლოდ 30 000 დოლარი გამოვიტანე. 120 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 280 დოლარი უნდა მეხადა, საერთო ჯამში გამოდიოდა, რომ 16 000 დოლარზე უნდა გადამეხადა ზედმეტად 33 600 დოლარი, თითქმის 110%-ით მეტი, რადგან ნახევარი, 16 000 გადახდილი მქონდა. 2 წლის განმავლობაში სულ 6 720 დოლარი გადავიხადეთ, მერე პრობლემების გამო თანხის გადახდა ვეღარ შევძელით. ბანკმა რესტრუქტურიზაცია გამიკეთა. რამდენიმე თვის შემდეგ როცა მივედით ბანკში, აღმოჩნდა, რომ 17 800 დოლარი გვქონდა გადასახდელი და თუ ამ თანხას არ გადავიხდიდით, ბინიდან გამოგვასახლებდნენ. ასეც მოხდა და დღეს ქირით ვცხოვრობთ“, - ამბობს კრედიტორი.

 

ნათელა გ-მ 20 000 დოლარის იპოთეკური კრედიტი „რიკო კრედიტში“ წლიურ 36%-ა დაიღო. თვეში 600 დოლარს იხდიდა და ისიც მხოლოდ პროცენტს, მასში ძირი თანხის დაფარვა არ შედიოდა. პროცენტი 5 წლის განმავლობაში უნდა ეხადა, ანუ 20 000 დოლარში ზედმეტად 36 000 დოლარი უნდა გადაეხადა, ანუ 80%-ით მეტი.

 

„მოვასწარით და სახლი გავყიდეთ, ვალი გავისტუმრეთ, მაგრამ ახლა ბიძის გარეშე ვართ და ქირით ვცხოვრობთ“, - ამბობს ნათელა გ.

 

მევალეთა პრეტენზიებს არც „საქართველოს ბანკსა“ და არც „რიკო კრედიტში“ არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ ისინი გრაფიკს კლიენტის ინტერესებს არგებენ და დამატებითი პროცენტების დარიცხვა არ ხდება.

 

„მომხმარებლისთვის დამტკიცებული სესხის თანხას, სტანდარტულად აკლდება დამტკიცებული სესხის 0.4%, რაც წარმოადგენს სესხის გაცემის (მომსახურების) საკომისიოს. თუ მომხმარებელი ანაღდებს დამტკიცებულ თანხას, ასეთ შეთხვევაში განაღდებული თანხის 0.6%-ს.

 

„ამასთან, საქართველოს ბანკში, იპოთეკური სესხი წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება 12%-იდან. მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე შეადგენს 15%. თუ რა საპროცენტო განაკვეთით დაუმტკიცდება სესხი ამა თუ იმ მომხმარებელს, დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის: სესხის მიზნობრიობა და ოდენობა, შემოსავლის მოცულობა, საკრედიტო ისტორია და ა.შ.“, - ასე პასუხობს „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა კაკაბიძე კრედიტორების პრეტენზიებს.

 

 „18 წლის განმავლობაში 18 ბინაც კი არ გვაქვს პრობლემური სესხების გამო გაყიდული. ამიტომ ამ ადამიანის პრეტენზია არის უსაფუძვლო. ჩვენ ყველა კლიენტთან სესხის გადახდის ინდივიდუალურ ხელშეკრულებას ვდებთ, ისეთს, რომლის გადახდის გრაფიკი მის ინტერესებსაა მორგებული, კლიენტიც კმაყოფილი რჩება და ჩვენც შესაბამის სარგებელს ვიღებთ“, - აცხადებენ „რიკო კრედიტში“.

 

12% თუ 42% ?

 

საქართველოში მოქმედი 19 ბანკიდან იპოთეკურ სესხს 9 ბანკი გასცემს, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 12%-დან 24%-მდე  მერყეობს. რეალურად კრედიტორი, დაახლოებით 40-42%-ს იხდის, რისი მიზეზიც, ექსპერტთა თქმით, იპოთეკური ბაზრის  განუვითარებლობაა.

 

სპეციალისტების თქმით, იპოთეკური სესხის აღებას და მის მომსახურებას თან ახლავს დიდი ოდენობის ხარჯი, რომელიც ზრდის მის რეალურ საპროცენტო განაკვეთს. ეს ხარჯებია: კრედიტის ძირითადი თანხა; კრედიტზე დარიცხული პროცენტები; კრედიტის გაცემის  საკომისიო; მსესხებლის ანგარიშის გახსნის, მომსახურების საკომისიო და სხვა. ამასთან, ბანკს შეუძლია დააწესოს დამატებითი საკომისიოები, როგორიცაა: კრედიტის ვადამდე ნაწილობრივი ან სრული დაფარვის საკომისიო; ნაღდი ფულით ან ბანკომატის მეშვეობით კრედიტის მიღების ან დაფარვის საკასო მომსახურების საკომისიო და კიდევ სხვა მრავალი სახის საკომისიო. ზემოხსენებული ყველა შესაძლო ხარჯის დაჯამების შედეგად, შეიძლება გამოთვლილ იქნას ე.წ. ეფექტურ საპროცენტო განაკვეთი, ანუ კრედიტის რეალური ღირებულება.

 

არსებობს სესხის გადახდის ორი ძირითადი მეთოდი:

 

დიფერენცირებული -  წარმოადგენს ყოველთვიური გადახდის სახეს, რომლის მოცულობაც მცირდება იპოთეკის ვადის ამოწურვამდე და შედგება ძირითადი თანხის მუდმივი წილისა და გადაუხდელ თანხაზე დარიცხული პროცენტისაგან.

 

ანუიტეტური - მოიცავს იპოთეკურ სესხზე დარიცხულ პროცენტებისა და ვალის ძირითადი თანხის პროპორციული სახით განაწილებას სესხის მთელი ვადისათვის. ამ მეთოდს ხშირად იყენებენ საქართველოში.

 

მაგალითად, იპოთეკური სესხის თანხა შეადგენს 50 000 აშშ დოლარს, იგი გაცემულია ბანკის მიერ 5 წლის ვადით წლიური 14%  განაკვეთით.  თავდაპირველი შენატანი შეადგენს 10 000 აშშ  დოლარს, ხელშეკრულების გაფორმების საკომისიო - 3%, ყოველთვიური  საკომისიო - 1%.

 

აქედან დიფერენცირებული გადახდის შემთხვევაში, ყოველთვიურად ბანკში შესატანი თანხა შეადგენს 1 533 აშშ დოლარს, რომელიც ვადის ამოწურვისას მცირდება 1 074 დოლარამდე. ზედმეტად გადახდილი თანხაა - 14 233  დოლარი, სულ ზედმეტად გადახდილი საკომისიოების გათვალისწინებით - 40 233 დოლარი, შედეგად მივიღეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 42.4%.

 

ანუიტეტური გადახდის შემთხვევაში კი ყოველთვიური გადახდის თანხა შეადგენს 1 331 დოლარს. ზედმეტად გადახდილი თანხაა - 15  844 დოლარი, სულ ზედმეტად გადახდილი საკომისიოების გათვალისწინებით - 41 844 დოლარი, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი გამოდის 40.2%.

 

ეს გაანაგრიშებები მოიცავს იმ მინიმალურ გადასახდელებს, რომლებიც ზრდიან ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს. ხოლო თუ გავითვალისწინებთ სრულად ყველა სახის გადასახდელს, ისეთს, მაგალითად, როგორიცაა, ნოტარიუსის, დაზღვევის, ქონების შეფასების და ბანკის მიერ დარიცხულ საკომისიოებს, ეფექტური საპროცენტო განაკვეთმა შეიძლება 45-50%-ს გადააჭარბოს.

 

„იპოთეკური სესხი საქართველოში მართლაც რომ მტაცებლურია და მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი და სოციალურად დაუცველი ფენისათვის პრაქტიკულად ხელმიუწვდომელია. კომერციული ბანკები კი მაშინ დაწევენ იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს, თუ საქართველოს ეროვნულ ბანკი და საქართველოს მთავრობა ამისათვის შექმნიან შესაბამისი პირობებს სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაითვალისწინებით“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის ყოფილმა თანამშრომელმა  ლია ელიავამ.

 

მაღალ საპროცენტო განაკვეთებზე საუბრობს საქართველოს სტრატეგიული და კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში მერაბ კაკულია. მისი თქმით, სებ-ის მონაცემებით 2011 წლის ბოლოს კორპორაციული სესხებზე საშუალო შეწონილი განაკვეთები 14%-ის, მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემულ სესხებზე - 16%-ის, ხოლო ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე - 22%-ს ფარგლებში იყო, საოპერაციო ხარჯების, რისკის პრემიისა და მოგების საერთო წილი აღნიშნული ტიპის სესხების განაკვეთებში შესაბამისად 7%, 9% და 15% იყო.

 

„საოპერაციო ხარჯების მოკრძალებულ წილის პირობებში, მოგების და რისკის პრემიის წილი საპროცენტო განაკვეთების სტრუქტურაში, მართლაც ერთობ მაღალია“, - განაცხადა კაკულიამ და დასძინა, რომ სასესხო განაკვეთების შემცირება ამ ორი კომპონენტის, პირველ რიგში, მოგების კლების ხარჯზე უნდა მოხდეს, რაც საბანკო სექტორში კონკურენციის სიმძაფრეზეა დამოკიდებული. მისი თქმით, კონკურენცია კი ძალიან სუსტია და ფრაგმენტული, კორპორაციული სექტორი ძირითადად სისტემის ლიდერთა ხელშია. შედარებით მომცრო ბანკებს (ბაზრის ოპერატორების უმრავლესობა) არ შესწევთ ძალა დააინტერესონ კორპორაციული კლიენტურა.

 

განსხვავებული პოზიცია აქვს ეკონომიკის კიდევ ერთ ექსპერტს  გია ჯანდიერს. მისი თქმით, იპოთეკურ და არა მარტო იპოთეკურ  კრედიტებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთები იმის  შესაბამისია, რასაც ბაზარი ითხოვს.

 

„იპოთეკური კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთის დაწესება  დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მაღალია ქვეყანაში და ქვეყნის  გარშემო რისკები. მეორეს მხრივ, საქართველოს ბაზარი არ არის განვითარებული, მცირეა ბრუნვის მოცულობაც, ჩვენს მოსახლეობას არ აქვს ბანკებში დიდი რაოდენობით განთავსებული დეპოზიტები.

 

შესაბამისად, ბანკებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ამ რეალობაში უფრო დაბალი პროცენტები დააწესონ. რაც შეეხება ზოგადად რისკებს, ის მრავალმხრივია, დაწყებული ტერიტორიული  პრობლემებისა, დამთავრებული მთავრობის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკისა“, - განაცხადა ჯანდიერმა.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED