როზა წყაბელია - სამი დღეა არაფერი გვიჭამია [Video]

2012.07.26 ავტორი: იზა სალაყაია

66 წლის როზა წყაბელია, ზუგდიდის სოფელ ცაიშში, უმძიმეს სოციალურ–ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს. მისი 6-სულიანი ოჯახი, პრაქტიკულად შიმშილობს. tspress.ge- სტუმრობისას მან განაცხადა, რომ სამი დღეა არაფერი უჭამიათ. 

ორი დღის წინ, ცაიშში პრეზიდენტის ვიზიტის დროს, როზა წყაბელია ჟურნალისტებთან საკუთარ სოციალურ პრობლემებზე საუბრობდა, რა დროსაც მას ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ზეწოლა და ძალადობა ინციდეტის შემდგომაც გაგრძელდა. ის ჯერ გაიტაცეს და სარდაფში ჩაკეტეს, შემდეგ კი აიძულებდნენ ეცრუა - თითქოს "ქართული ოცნების" დავალებითა და მის მიერ გადახდილი ფულის გამო "ატეხა ხმაური". 



სამი დღე საკვების გარეშე ...


როზა წყაბელიას სოციალურად დაუცველი ოჯახი ზუგდიდის სოფელ ცაიშში ცხოვრობს. სახლში მხოლოდ ორი ოთახი, ამდენივე საწოლი, სკამი და ერთი მაგიდაა. ერთადერთი შემოსავლის წყარო სახელმწიფოსგან მიღებული სოციალური დახმარება და პენსიაა, რომელსაც ავადმყოფობის გამო, ოჯახის ყველა წევრი იღებს, თუმცა, მისი ნაწილით ბანკის სესხს ფარავენ. სესხიც, თავის დროზე, სამკურნალოდ დასჭირდა.

 

"სამი შვილიშვილი ავადაა. თითოეულ მათგანს ძვირადღირებული წამლები სჭირდება ამიტომ სხვა ვერაფრის გაკეთებას ვერ ვახერხებთ,"– ამბობს tspress- თან საუბრისას წყაბელია და საწოლს გვაჩვენებს, სადაც ლეიბის ნაცვლად ბავშვებს ძველმანები უგიათ. ერთ პატარა ლოგინზე ორი სული წევს, ამბობენ, რომ ზამთარში უფრო უჭირთ, რადგან საბნებიც არა აქვთ. 

 

მისი თქმით, შეშის ღუმელი და ჭურჭელი, რომელიც ოთახის ერთ კუთხეში, პირდაპირ იატაკზე აწყვია, მეზობლებმა აჩუქეს. მძიმე საცხოვრებელ პირობებთან ერთად, მთავარი პრობლემა ბავშვების გამოკვებაა. საჭმლის შესაძენად ხან მეზობლები ეხმარება, ხანდახან კი, როგორც ამბობს მათხოვრობაც უწევს.

 

"რაც არ უნდა იყოს, მე ამათ ისე მაინც არ დავტოვებ... რამდენჯერ ყოფილა 10 თეთრი მიმათხოვრია და მაინც მომიტანია რაღაცა. ეხლა ტომრით თხილი უნდა გამეყიდა, მაგრამ ვერ მოვახერხე. ამიტომ სამი დღეა არაფერი გვიჭამია,"– ამბობს და თხილით ნახევრადსავსე ტომარა გამოაქვს, რომლის გაყიდვის იმედი შემდგომ დღეებში აქვს.

 

 

როზა წყაბელიას 87 წლის დედა

 

როზა წყაბელიას თქმით, შვილიშვილების გაზრდაში დედამისიც ეხმარება. 87 წლის მოხუცი უკვე 60 წელია, ცაიშში მთაზე, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, პატარა ქოხის ორ ოთახში მარტოდმარტო ცხოვრობს და თავს პენსიით ირჩენს და იმასაც შვილს და შვილთაშვილებს უყოფს. მისი თქმით, თუ შვილმა არ ამოაკითხა კვირა ისე გადის, რომ მშიერია.

 

მაგიდაზე შაქრის ცარიელი ჭურჭელი და ჭიქები უწყვია. მისი თქმით, ბოლოს მხოლოდ ჩაი დალია. რა უნდა ჭამოს საღამოს ან შემდეგ დღეებში, ჯერ არ იცის. ამბობს, რომ  შვილთაშვილებს დაელოდება, თუ რამეს მოუტანენ. 

 

–"ადრე ასე არ მიჭირდა, ახლა არც ძროხა მყავს და არაფერი. ჩემს შვილსაც რა აქვს, ამდენ ავადმყოფს უვლის,"– ამბობს მოხუცი. 

 

მისთვის ცნობილია, რომ მისმა შვილმა დახმარებისთვის პრეზიდენტს მიმართა და ისიც, პრეზიდენტი მათ გუშინ პირადად რომ შეხვდა და დახმარებას დაპირდა. პრეზიდენტის დახმარების იმედი თავადაც აქვს.

<

 

წყაბელიას ოპოზიციიდან ფულის აღების შესახებ ტყუილის თქმას აიძულებდნენ

 

 

ცაიშში პრეზიდენტის ვიზიტამდე რამდენიმე წუთით ადრე, საკუთარ პრობლემებზე წყაბელია ჟურნალისტებთან საუბრობდა. ის თავისი პირობების გასაცნობად და დახმარების სათხოვნელად სააკაშვილთან მისვლას გეგმავდა. თუმცა, მისივე თქმით, თანასოფლელებმა საპატრულო პოლიციის უფროსის,ლევან ქირიასა და გამგეობის თანამშრომლების მითითებით, ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. 

 

მისი თქმით, ის ამის შემდეგ გაკოჭეს და სოფელში, ქარხნის ერთ–ერთ სარდაფში ჩაკეტეს. მისი თქმით, მას აბარლებდნენ, რომ "ქართული ოცნებისგან" ფული ქონდა აღებული. 

 

როგორც წყაბელია ამბობს, მიტოვებულ ოთახში გამოკეტილი, ნერვიულობის ნიადაგზე თავში ქვას ირტყამდა. 

 

"მერე ისევ ზაზა ჯანჯღავას (საკრებულოს თანამშრომელი-ავტ) შევეცოდე. თქვა ავადმყოფია მოკვდებაო აქ. ასე მაწამეს და ბოლოს სახლში მომიყვანეს. ძალა გამოიყენეს ჩემს შვილიშვილებზეც,"– აღნიშნავს წყაბელია.

 

 

მისი თქმით, ინციდენტის შემდეგ მას თხოვდნენ ეცრუა, რომ თითქოს ჟურნალისტებთან პრობლემაზე საუბრისთვის და ხმაურის ასატეხად მას "ქართულმა ოცნებამ" ფული გადაუხადა, რასაც მისი, თქმით, არ დათანხმდა. მას სწყინს, რომ პრეზიდენტის შესახვედრად შეკრებილთაგან ზოგიერთი მათგანი ამაზე მაინც საუბრობდა. 

 

tspress- თან საუბრისას, ცაიშის ერთ–ერთი მკვიდრი აღნიშნავდა, რომ ქალბატონი არასახელსიუფლებო არხის ჟურნალისტებმა წინასწარ მიიყვანეს და პრობლემაზე ხმამაღლა, კამერების წინაშე საუბრისთვის ფული გადაუხადეს.

 

–"ის პრეზიდენთან მისვლას კი არ ითხოვდა, მანამდე მიიყვანეს, აყვირეს, ფული გადაუხადეს. მისმა ოპოზიციონერმა მეზობელმა. ჩვენ არ გვინდა არავის ფული ძალიან კარგად ვცხოვრობთ, მშვიდად საჭმელი გვაქვს და ყველაფერი იქნება,"– აღნიშნავს ცაიშელი მამაკაცი, რომელიც არ მალავს,რომ თვითონ უთხრა მეზობლებს გაეყვანათ წყაბელია, თუმცა ვინაობას არ ასახელებს.   

 


ოჯახი პრეზიდენტის სტუმრობის შემდეგ

 

ინციდენტის მეორე დღეს, წყაბელიების ოჯახი პრეზიდენტმა თავად მოინახულა. მომხდარზე ბოდიში მოუხადა და დახმარებას დაპირდა. როზა წყაბელიას საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, სამედიცინო და მატერიალური დახმარების იმედი გაუჩნდა, ხოლო მის 16 წლის შვილიშვილს კი, პრეზიდენტის დაპირებისამებრ, სწავლის გაგრძელებაში ხელშეწყობისა და კომპიუტერის მიღების.

 

მათთვის რეალურად არც პრეზიდენტის ვიზიტამდე და არც შემდგომ, არაფერი შეცვლილა. ერთადერთი რაც შეიცვალა ისაა, რომ როზა წყაბელია მთელმა საქართველომ გაიცნო და უთანაგრძნო. თუმცა, ოჯახი დღესაც მშიერია და პრეზიდენტის დაპირების აღსრულებას ელოდება.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED