ვინ შეინარჩუნებს საზოგადოების ნდობას - TI-ს ხელმძღვანელობა თუ ხატისკაცი?

2012.07.24 ავტორი: ელისო ჯანაშია

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" პროგრამების მენეჯერის, ნინა ხატისკაცის გათავისუფლება, საკმაოდ რეზონანსული გამოდგა. ეს ალბათ ლოგიკურიცაა, რადგან გარდამტეხი არჩევნების წინ, წონიანი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, ასევე წონიანი თანამშრომლის გაშვებას, მყარი არგუმენტები არ მოჰყოლია. 

ამან კი ორგანიზაციის მიერ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების შესახებ ეჭვი გააჩინა, მით უფრო მაშინ, როცა ყოფილი თანამშრომელი, მის გათავისუფლებას უსაფუძვლოს უწოდებს.

 

ეჭვებს კიდევ უფრო აღრმავებს ის ფაქტიც, რომ ხატისკაცი ორგანიზაციაში მუშაობისას, არასოდეს ერიდებოდა კრიტიკას, გამოირჩეოდა პრინციპულობით, კომპეტენტურობითა და მაღალი ნდობით, რაზეც მისი საჯარო გამოსვლები და მისი მონაწილეობით დაწერილი ანგარიშები მიუთითებს, რაც, ბუნებრივია, ხელისუფლებისთვის არასასიამოვნო იყო. ამიტომაც ხატისკაცის გათავისუფლებას, ხელისუფლების ინტერესების გატარებად აღქმა მოყვა.

 

რა მოხდა სინამდვილეში ორგანიზაციაში, რომელიც საქართველოში კლანურ და კორუფციულ მმართვლობასთან ბრძოლის ლამის ეტალონია, ხოლო ხატისკაცი ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ ცნობილი სახე, რომელსაც თითქმის ორგანიზაციისოდენა ნდობა აქვს, არავინ იცის. ამ ეტაპზე, ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ორგანიზაციამ მოულოდნელად (გარედან ასე ჩანს) გადაწყვიტა ის, რაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად აწყობდა ხელისუფლებას - მისთვის არასასურველი კადრის მოცილება. თუმცა, ზოგიერთ საკითხში თანხვედრი პოზიციები, შეთანხმებულად მოქმედებასა და სხვისი გავლენის ქვეშ ყოფნას ცალსაცად არ ნიშნავს. 

 

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური აცხადებს, რომ ამ საკადრო ცვლილებას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს და ეს შიდა მენეჯმენტის საკითხია, რომლის დაკონკრეტებაც მას არ სურს. მისივე განცხადებით, ხატისკაცის წასვლა თავად გადაწყვიტა და აქ მარკ მალენი არაფერ შუაშია.

 

გიგაურის თქმით, მათ შორის დაძაბულობა დიდი ხანია იყო, რაც გარკვეულ ორგანიზაციულ საკითხებზე შეუთანხმებლობით იყო გამოწვეული და ხატისკაცმა ამის შესახებ იცოდა და მას სიტყვიერი გაფრთხილება არა ერთჯერ ჰქონდა მიღებული, რასაც არ ადასტურებს თავად ხატისკაცი.

 

ის თავის მხრივ ამტკიცებს, რომ მას წასვლა ორივე მათგანმა მოთხოვა. ხატისკაცის თქმით, მას ორგანიზაციასთან აკავშირებდა უწყევტი კონტრაქტი, რომლიც ცალმხრივად დაირღვა. ორგანიზაციის გამგეობის წევრის, მარკ მალენის მიერ ხატისკაცის ინფორმირება გათავისუფლების შესახებ, საკმაოდ მწვავე ანგარიშის გამოქვეყნების დღეს დაემთხვა.

 

არავინ იცის, რამდენად კავშირშია აღნიშნული ანგარიში ხატისკაცის გათავისუფლებასთან, არც თავად გათავისუფლებული თანამშრომელი საუბრობს ამაზე, თუმცა, სოციალურ ქსელებსა და საზოგადოების წარმომადგენელთა კომენტარებში გამოითქვა არა ერთი ეჭვი იმის შესახებ, რომ ეს გადაწყვეტილება მარკ მალენმა ხელისუფლების გავლენით მიიღო და ამის დასტურად, მისი ბიზნესინტერესები მოყავთ. თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მალენი ხელისუფლების მიმართ სერიოზული კრიტიკით ხშირად გამოირჩევა.

 

თავად მარკ მალენთან დაკავშირება გუშინ და დღეს ვერ ხერხდება, რადგან ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, თუმცა, წერილობით გაგზავნილ კითხვებზე ხატისკაცის გათავისუფლების მიზეზებთან დაკავშირებით, მან TI-ს მიერ გამოქვეყნებული ზოგადი განმარტებებით უპასუხა და დასძინა, რომ ის ხელისუფლების გავლენით გადაწყვეტილებას არ იღებს. გავრცელებულ ინფორმაციას, მალენის შვილის სამართალდამცავ სტრუქტურებში მაღალჩინოსნობის შესახებ, მისმა მეუღლემ, რუსიკო ამირეჯიბმა უპასუხა და განმარტა, რომ მისი შვილი ამერიკის მოქალაქეა და მსახურობდა ამერიკის "სპეიშლ ოპ"-ში და ერთი პერიოდი შავნაბადას ბატალიონის ამერიკელი ინსტრუქტორი იყო. მას ამ ყველაფერში ხატისკაცის გათავისუფლებასთან კავშირის დანახვა უჭირს. 

 

მორიგი ბრალდება საქართველოში მარკ მალენის ბიზნესინტერესებია. სოციალურ ქსელსა და "მაესტროს" გადაცემა "სუბიექტურ აზრში", ჟურნალსიტ შალვა რამიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამის გამო, მალენი ხელისუფლებასთან კავშირშია. 

"ამ მარკ მალენს აბორიგენები ვგონივართ? აქ ამ ვიდეოში საქართველოს ხელისუფლებას აქებს და თან იმ არასამთავრობოს უფროსია, რომელიც ხელისუფლებას უნდა აკრიტიკებდეს,"- წერს რამიშვილი სოციალურ ქსელ facebook-ში.

 

ზოგიერთი მომხმარებლის შემდგომი ინტერპრეტაციებით, ხატისკაცის გათავისუფლების საკითხი ამერიკელების მიერ საქართველოს საქმეებში ჩარევად გადაკეთდა და თემის წამომწევს იმით უპასუხეს, რომ ისინი რუსოფილები და ამერიკათმოძულეები არიან. დღეს, სოციალურ ქსელში უკვე იმაზე დავობდნენ, რატომ არ მოსწონს რამიშვილს ამერიკელი მარკი და რომ "მაესტროს" დიდი ხანია, ამერიკათმოძულეობის ტენდენცია ეტყობა. ხატისკაცის გათავისუფლების რეალური მიზეზები და ზოგადად, მომხდარის სამართლიანობაზე მსჯელობა, როცა ამ მართლაც გარდამტეხი არჩევნების წინ, ორგანიზაციის რეპუტაცია შესაძლოა შეილახოს, უკანა პლანზე გადავიდა.

 

აღნიშნულ მიკროსაფინანსო კომპანიაში მარკ მალენის წილის შესახებ თავად TI-ს ვებგვერდზეცაა მითითებული. მალენი კომპანია "ჯეოკაპიტალის" ერთ-ერთი მეწილეა. კომპანიის გახსნისას საწარმოში პრეზიდენტი იმყოფებოდა. თუმცა, მალენის ხელისუფლებასთან კავშირებს, ეს ფოტო/ვიდეომასალა, წილის ფლობის შესახებ ინფორმაცია, ან გახსნისას პრეზიდენტის ყოფნა, ცალსაცად ვერ დაადასტურებს, თუმცა, ეჭვებს ამის დაჯერების მოსურნეებს მაინც აღუძრავს, რადგან ისიც ცნობილია, რომ საწარმოს გახსნისას პრეზიდენტის ვიზიტი, მხოლოდ "რჩეულთა" ხვედრია. 

 

თუ ამას მეორე მხრიდან შევხედავთ, დავინახავთ, რომ ხატისკაცის მუშაობის მანძილზე, მალენი არ გამხდარა რაიმე შემაფერხებელი ფაქტორი, რასაც მათი ანგარიშების გამოქვეყნება და ხატისკაცის მიერ გაკეთებული განცხადებებიც მოწმობს. ასევე თავად მალენსაც ხშირად აქვს გარკვეულ საკითხებზე პრინციპული პოზიციები და ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებს კიდეც.

 

თუმცა, ოქტომბრის არჩევნების პრინციპულობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს არჩევნები გარდამტეხადაა მიჩნეული და ამიტომაც, ხელისუფლების ინტერესში, შესაძლოა, ნამდვილად არ შედიოდეს ხატისკაცისნაირი კადრის არსებობა. მაგრამ რატომ და რის გამო შევიდა, ამ ეტაპზე ხატისკაცის გაშვება თავად ორგანიზაციის ინტერესებში, სწორედ ეს ითხოვს საკმაოდ დამაჯერებელ დასაბუთებას გადაწყვეტილების მიმღებთა მხრიდან. ამიტომაც გაჩნდა საზოგადოებაში უფრო დამაჯერებელი არგუმენტებისა და მეტი დასაბუთების მოთხოვნა, რაც, წესით, რეპუტაციის შესანარჩუნენებლად, ორგანიზაციის ინტერესებში უნდა შედიოდეს, რითაც ასევე შესაძლო შიდა განხეთქილების პრევენციაც მოხდება.

 

როგორც ცნობილია, თავად ხატისკაცმა მისი გათავისუფლების პოლიტიკასთან კავშირი არ დაადასტურა, რაც შესაძლოა, ორგანიზაციის რეპუტაციის გაფრთხილებას ისახავდეს მიზნად ან, შესაძლოა, გამგეობის წევრებთან ის ისევ ცდილობს რაიმეს გარკვევას. ის სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს, რაც შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ საქმის ბოლომდე გარკვევამდე დუმილი არჩია. ხატისკაცმა გუშინვე განაცხადა, რომ ის გამგეობის წევრებთან შეხვედრებს და საქმეში გარკვევას გეგმავს.

 

სანამ მსგავსი გაურკვევლობა იქნება ორივე მხრიდან, იარსებებს მუდმივი ეჭვი, ამიტომაც საკუთარი პოზიციების გასამყარებლად, ორივე მხარეს მოუწევს დასაბუთება. თუ არ გამჟღავნდება გათავისუფლების რეალური საფუძველი, კითხვები მუდმივად იარსებებს, რაც, პირველ რიგში, ორგანიზაციის იმიჯზე აისახება უარყოფითად. 

 

და ბოლოს, იმის მკითხაობაზე - მოხვდება თუ არა გარე ფაქტორების (ამ შემთხვევაში, ხელისუფლების) გავლენის ქვეშ მსგავსი ტიპის ორგანიზაცია, უფრო მნიშვნელოვანი, ამჟამად, თავად ორგანიზაციის გამგეობის გადაწყვეტილებაა, რითაც ნებით თუ უნებურად, მაინც ის ისარგებლებს, ვის ინტერესშიც, ამ ორგანიზაციის აქტიურობა არ შედის. გადაწყვეტილების მიმღებთ, წესით, ეს კარგად უნდა სცოდნოდათ და მსგავსი გადაწყვეტილება, მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა განეხილათ. აღმასრულებელ დირექტორთან "საორგანიზაციო საკითხებზე შეუთავსებლობის" გარდაუვალ აუცილებლობად აღქმა კი, ძალიან ძნელია.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED