TI - ჩვენ გვაღელვებს ის განცხადებები, რომლებმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნან ორგანიზაციის იმიჯს

2012.07.23 ავტორი: Eliso Janashia

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ", ორგანიზაციიდან პროგრამების მენეჯერის, ნინა ხატისკაცის გათავისუფლებასთან დაკავშირებით,  facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, რამდენიმე წუთის წინ, განცხადება გაავრცელა. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ეხმიანება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ორგანიზაციაში მომხდარ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილება დაკავშირებული იყო შიდა ორგანიზაციულ უთანხმოებასთან. ჩვენ მადლობას ვუხდით ქალბატონ ნინა ხატისკაცს გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მას მომავალ პროფესიულ საქმიანობაში. 



გვინდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პოზიცია ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის წარმოადგენდა ორგანიზაციის და არა რომელიმე პიროვნების პოზიციას.

 

ჩვენი განცხადებები და ანგარიშები ყოველთვის ემყარებოდა კომპლექსურ კვლევას, რომელსაც ორგანიზაციის მრავალი მკვლევარი და ექსპერტი ახორციელებდა. ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა ის მიღწევები და საზოგადოების ნდობა რომელიც ორგანიზაციამ მოიპოვა.

 

ამავე დროს, ჩვენ გვაღელვებს ის განცხადებები რომლებმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნან ორგანიზაციის იმიჯს და საქმიან რეპუტაციას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, გამოვხმაურებოდით დღეს გაკეთებულ განცხადებებს და საჯაროდ გამოგვეხატა ჩვენი პოზიცია ორგანიზაციაში მიმდინარე შიდა პროცესებთან დაკავშირებით."

 

თავად ხატისკაცი მომხდარში გარკვევას ცდილობს და ამ მიზნით, გამგეობასთან შეხვედრას გეგმავს.



_"გათავისუფლება რასთანაა დაკავშირებელია, არ ვიცი. აღმასრულებელმა დირექტორმა ჩათვალა, რომ რაღაც საკითხებში მასთან თანხმობაში არ მოვდიოდი. მე ამის შესახებ მეცნობა მარკ მალენისგან(TI-გამგეობის წევრი -ავტ) პარასკევს, ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ. გათავისუფლების მიზეზები მეც მაინტერესებს და შევეცდები გავარკვიო. მე ჩემი მუშაობის სტილი არ შემიცვლია, ვმუშაობი ისევე, როგორც ადრე. აქამდე შენიშვნა, გაფრთხილება ან საყვედული არ მქონია და უკმაყოფილება არ გამოუხატავთ. მათ შეხვედრაზე ასე გადაწყვიტეს. დანარჩენ დეტალებზე მიმართეთ გამჭვირვალობას,"-განაცხადა ნინა ხატისკაცმა tspress.ge-სთან საუბრისას.



ხატისკაცს მიაჩნია, რომ მისი გათავისუფლება საფუძვლიანი არაა.



_"უწყვეტი კონტრაქტით ვმუშაობდი და უცებ შემიწყვიტეს, ამიტომაც მაინტერესებს დეტალები, რადგან საფუძველს ვერ ვხედავ,"- აცხადებს ხატისკაცი.

 

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხატისკაცის გათავისუფლება მის მიერ არჩევნების გაყალბების დაწყებასთან დაკავშირებით გაკეთებულ მწვავე განცახდებებსა და ბოლოდროინდელ ანგარიშს უკავშირდება, ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა უარყო.



-"პოზიცია, რასაც ნინა ხატისკაცი ახმოვანებდა ყოველთვის იყო ორგანიზაციასთან და ჩემთან შეთანხმებული. ორგანიზცია ინარჩუნებს იმ დამოკიდებულებებს, რაც გვქონდა სხვადასხვა საკითხებზე. ეს არის შიდა მენეჯმენტის საკითხი, ამიტომ ამაზე საუბარი ღიად არ მსურს. მოლოდინი, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო" პოზიციას შეიცვლის, არ გამართლდება,"– განაცხადა tspress–თან საუბრისას გიგაურმა.

 

 

ხატისკაცი TI-ში 2004 წლიდან მუშაობს. ის საპარლამენტო პროექტების დირექტორად, მერე იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელად, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების (JILEP)-ის პროგრამის დირექტორად მუშაობდა. ამჟამად, ის არჩევნების პროექტის დირექტორი იყო.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED