თავდასხმა tspress.ge-ს ჟურნალისტზე

2012.07.20 ავტორი: TS

წუხელ, გვიან ღამით, ფოთში, აკაკის ქუჩაზე, tspress.ge-ს ჟურნალისტ იზა სალაყაიაზე, მოქალაქე შორენა მირცხულავამ განახორციელა თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშსწორება.

იზა სალაყაია

"ტროტუარზე ფეხით ვმოძრაობდი. უცებ გაჩერდა ავტომანქანა, სანომრე ნიშნებით: CBC-727, საიდანაც გადმოვიდა შორენა მირცხულავა. ის პირდაპირ მომვარდა და მითხრა: თუ ობიექტურ ჟურნალისტობას იჩემებ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო და სახეში მთელი ძალით დამარტყა, შემდეგ თმებში მწვდა. ცდილობდა ეკბინა, მაგრამ წინააღმდეგობას ვუწევდი. ბოლოს მაინც მოახერხა და თითებზე მიკბინა. უშვერი სტყვებით მლანძღავდა, მაგინებდა და მემუქრებოდა. მითხრა, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყო მომავალში."

 

ის ორ თანმხლებ პირთან ერთად იმყოფებოდა. ერთ-ერთი პიროვნებაა მაია მაკალათია, რომელიც, ჟურნალისტის თქმით, ასევე აგრესიულობით გამოირჩეოდა. მან ჟურნალისტს უთხრა, ასეთები რომ არ ეწერა, ასეთი რამე არ შეემთხვეოდა. მანქანის მძღოლი კი იყო, მისი ძმა, რომელსაც ინციდენტისას სახეზე ქუდი ჰქონდა ჩამოფხატული და საჭესთან იჯდა.

 

ინციდენტის დეტალს იზა სალაყაიას თანმხლები სოფიკო მაკალათია ასე იხსენებს: "ისე გავეშებული მივარდა და ისეთი ძალით დაეძგერა, რომ ვერ მოვახერხე ხელი გამეშვებინებინა. ის განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. ყელზე ხელი წაუჭირა და ბოლოს უკბინა კიდეც. პატრულს გამოვიძახებ-მეთქი რომ გაიგო, მხოლოდ მაშინ შეეშვა,"-აცხადებს ის.

 

პატრულის წარმომადგენლები ინციდენტის ადგილას 15 წუთში გამოცხადდნენ. ადგილზე იმყოფებოდა კრიმინალური პოლიციაც, რომელმაც ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო.

 

შორენა მირცხულავა "ქართული ოცნების" მხარდამჭერია. პარტიის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელის, ფრიდონ კვარაცხელიას განმარტებით, ის პარტიის წევრი ოფიციალურად არაა.

 

შორენა მირცხულავა

მირცხულავა სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებაში მუშაობდა. ბოლოს, ის ინფო-9-ის კორესპონდენტი იყო ფოთში. როგორც აღნიშნული სააგენტოს წარმომადგენელმა, მანანა ელიაშვილმა განაცხადა, მირცხულავა მათთან 1-თვიანი გამოსაცდელი ვადით მუშაობდა. მისი განცხადებით, ის არ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, არ აწვდიდა სააგენტოს მასალებს და თვითნებობდა, რის შემდეგაც, ორივე მხარის გადაწყვეტილებით,  ის საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. 

 

აღნიშნულ ინციდენტს კი, წინ უძღოდა მირცხულავას მიერ, tspress.ge-ს ერთ-ერთი მასალის კომენტარებში  ჟურნალისტ იზა სალაყაიას პირადი მიმოწერის გამოქვეყნებ. მირცხულავამ ინფორმაციის მოპოვების გზები და წყარო არ დაასახელა, თუმცა, განაცხადა, რომ მზადაა პასუხი აგოს კანონის წინაშე. ამის შემდეგ, მისივე მტკიცებით, ჟურნალისტის მიერ ამავე გვერდზე გაკეთებულმა პასუხმა გააღიზიანა, რომელშიც ნახსენებია კონოფილმის სათაური - "მეძავთა ლოცვა." 

 

-"თავს არ დავესხი, შემთხვევით შემხვდა, ვკითხე რატომ დაწერა სიტყვა"მეძავთა ლოცვა", როგორც მოგეხსენება მეძავი არის პირადი შეურაცხყოფა, მაგრამ როდესაც ეს სიტყვა ლოცვასთან ახსენა, ეს უკვე არის ჩემთვის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაც. მან დამიდასტურა, რომ ასე ფიქრობს ჩემზე და აქეთ დამესხა თავს, მე მხოლოდ თავს ვიცავდი,"-წერს მირცხულავა სოციალურ ქსელ ფეისბუქში.

 


კბენის კვალი სალაყაიას ნეკა თითზე

tspress.ge-უკვე მიმართა ადვოკატს, რომელიც ამზადებს საჩივარს, პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებისა და  გავრცელების, და ასევე, წუხელ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებასა და მუქარის ფაქტზე.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ნათია კაპანაძე tspress.ge-ს  მიერ მიწოდებული ფაქტების საფუძველზე განმარტავს, რომ პირადი მიმოწერა დაცულ სფეროს წარმოადგენს, თუმცა პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ყველა ინფორმაციას, რომელსაც ჟურნალისტი იღებს ამა თუ იმ წყაროდან.

 

"მიმოწერის ავტორის ნებართვის გარეშე გამოქვეყნებით უკანონოდ დაარღვია ტექნიკური საშუალებით მიღებული და გადაცემული პირადი მიმოწერის - შეტყობინების საიდუმლოება, რაც ატარებს საქართველოს სისხლის სამართლის 159-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.


რაც შეეხება წუხელ მომხდარ ფაქტებს- თავდასხმა, შეურაცხყოფა, სხეულის დაზიანება - აღნიშნული ქმედებები ასევე ეწინააღმდეგება კანონს. მსგავსი ფაქტები მოიცავს დანაშაულის ნიშნებს და გამოძიების დაწყების საფუძველია,"-აცხადებს იურისტი და დასძენს, რომ მომხდარი სრულად გამოძიებისას გამოიკვეთება.

 

ორივე შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რაც კანონით დასჯადი ქმედებებია.

 

მუხლი 159. პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა


1. პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ანდა ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინების საიდუმლოების უკანონოდ დარღვევა,
-ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამოციდან ას ოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. იგივე ქმედება:
ა) ანგარებით;
ბ) არაერთგზის;
გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, -ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 


მუხლი 239. ხულიგნობა


ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით,
-ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ;
გ) ხულიგნობისათვის მსჯავრდებულის მიერ,-
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

იზა სალაყაიამ უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე სამედიცინო დაწესებულებას, სადაც მას შესაბამისი აცრები ჩაუტარდება.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED