"ქართული ოცნების" ფოთის ოფისისთვის ბესელიას კანდიდატურა მიუღებელია

2012.07.17 ავტორი: TS

"ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატ ეკა ბესელიას, ფოთის ორგანიზაციაში შიდა დაპირისპირებების ფონზე მოუწევს კამპანიის დაწყება. მისმა დანიშვნამ კოალიციის მაჟორიტარ კანდიდატად, ფოთში, ადგილობრივი ორგანიზაციის ზოგიერთი წევრის უკმაყოფილება გამოიწვია. 

 

ქართული ოცნების  ფოთის ოფისი

ქართული ოცნების ფოთის ოფისი

მათი პრეტენზია ძირითადად კანდიდატის არაფოთელობის ნიშნით შერჩევას შეეხება. ისინი tspress-სთან ამ თემაზე ღიად საუბარს არ თანხმდებიან, თუმცა, სოციალურ ქსელებში გარიგებებზე, კლანის გამოჩენასა და მსგავს ბრალდებებზე წერენ. 

 

წყაროს ინფორმაციით, ფოთის საპარლამენტო კანდიდატის დასახელება ადგილობრივი წარმომადგენლების რიგებიდან "ქართულ ოცნებას" სწორედ შიდა ინტრიგების გამო გაუჭირდა. საუბარი იყო გურამ ფირცხალავასა და სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურებზეც, თუმცა, ფირცხალავამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი თქვა, ზურაბიშვილმა კი განმარტა, რომ ფოთის მაჟორიტარად კენჭისყრას არ აპირებს. 

 

ქალაქში ხელმძღვანელ თანამდებობებზე არაფოთელების დანიშვნა, ადგილობრივთა განაწყენების თემა მუდმივად იყო. მმართველი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ფოთელების განაწყენებას სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოყვანილი კადრების დანიშვნა იწვევდა. 

 

ამ განწყობას ეხმიანება ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის ლელა ებრალიძის განცხადებაც, რომელიც მან სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გააკეთა:



"...გელოდებით, როდის დაგვილაგებს თბილისი ფოთს. ჩვენ ხომ არ გვენდობიან ჩვენს ქალაქს".

 

როგორც ცნობილია, მან პარტიას საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა, რის შემდეგაც "ქართული ოცნების" საბჭომ ის განიხილა. თუმცა, როგორც ეკა ბესელიას კანდიდატურის დასახელებით გაირკვა, მისი კანდიდატურა საბჭომ არ დაამტკიცა. ებრალიძემ, სამწუხაროდ, Tspress.ge-ს მიერ დასმულ კითხვებს არ უპასუხა. ის სატელეფონო კომენტარზე მიმართვისას, მუდმივად აგრესიულად პასუხობს და აცხადებს, რომ გამოცემასთან არ თანამშრომლობს.

 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მისი სხვა განცხადებებიც მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილის მიერ დღეს დასახელებული კანდიდატი მისთვის მიუღებელია:

 


-"მოვა დრო და აუცილებლად გამოვფენ, რა გარიგებას ქონდა ადგილი ამ მართლა გულითადი კაცის ბრწყინვალე სიტყვის ფონზე ამავე ტრიბუნის უკან ფოთის და ფოთელების, ზოგადად კოალიცია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ,"– ეს განცახდება კოალიციის ერთ–ერთმა წევრმა ლელა ებრალიძემ გორში გამართულ აქციის შემდეგ facebook- ის ერთ–ერთ ღია ჯგუფში გააკეთა.

 


ის ასევე კლანური გარიგებების შესახებ წერს: -"როდის ფოთს ახალ კლანს რომ გადაუნაწილებენ? კლანი-კლანია....მერკანტილთა და კუდელების მოზღვავება და დაუსჯელი პარპაში ოცნებაში ძალიან მიკვირს", - თუმცა ვისი მისამართით წერდა ებრალიძე სხვა შემთხვევების მსგავსად, არ დაუკონკრეტებია. 

 

–"ბიძინასადმი ჩვენს დამოკიდებულებას, ვინ როგორ იყენებს ოცნებაში - სხვა საკითხია, ან როგორ ექცევიან ადამიანებს, რომლებმაც სრულიად გულწრფელად და უანგაროდ იმუშავეს 8 თვის განმავლობაში,"– პრეტენზიებს ებრალიძე ამ მისამართითაც გამოთქვამს. 

 

ეკა ბესელიას მაჟორიტარობა, მისი არაფოთელობის გამო ებრალიძის მსგავსად, მიუღებელია, ადგილობრივი ორგანიზაციის სხვა წევრებისთვისაც, რომელებიც, ძირითადად, ებრალიძის ნათესავ-მეგობრების წრეს წარმოადგენენ.

 

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი გახოკიძემ, გუშინ, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილითაც კი მიმართა და კანდიდატად ფოთელის, თანაც ქალის დასახელების სურვილი გამოთქვა. კანდიდატის ოფიციალურად დასახლების შემდეგ კი, ის სოციალურ ქსელში წერს: 

 

-"ფოთი არაფოთელებს!!! რა სჭირს ქალაქს ან ქალაქელებს და რატომ დღემდე სდუმან?.... თანაქალაქელებო მე დღეს ვხედავ თქვენში გამოღვიძებას და სურვილს იმისა, რომ ადგილობრივი კადრით ჩანაცვლდეს ყველა, მაგრამ ასევე ვხედავ რიგი ფოთელების არაკეთილსურვილს, რომელიც დაჟინებით იბრძვის კვლავ არაფოთელი გაიყვანოს ფონს. მე ვუერთდები ფოთელთა უმეტეს ნაწილს, უმრავლესობას, რომელიც ითხოვს ადგილობრივ კადრს და მივესალმები მათ გადაწყვეტილებას, ხოლო რაც შეეხება უმცირესობას, თითზე ჩამოსათვლელ ფოთელებს ვუთხრათ: იქნებ გონს მოეგონ და გააკეთონ სამართლიანი არჩევანი და დადგნენ ჩვენს გვერდით! ქართული ოცნება გაიმარჯვებს ფოთში ფოთელებთან ერთად!"-ეს განცხადება მან გუშინ გაავრცელა.

 

გახოკიძეს ეთანხმება კოალიციის ერთ-ერთი მხარდამჭერი, ლელა ებრალიძის დეიდაშვილი, ზურა დონდოლაძე:

 

-"ჩემი ინფორმაციით სწორედ ამ კატეგორიის "ფოთელების" თავშეყრა ყოფილა გორში სცენის უკანა მხარეს და მითუმეტეს მათთვის სასურველი, ანუ სავარაუდო მაჟორიტარობის კანდიდატთან "ჩახუტებ"-ის დემონსტრაცია. ახალაიას "კლანი" ქართული ოცნების სახელით... სამწუხაროდ, ისევ ფოთელების და იმავდროულად მათთვის მომგებიანი ბიძოს სახელით და მისი, ანუ ივანიშვილის "წარმომადგენლის" სახით, რომელიც ივანიშვილის სახელს ამოფარებული ისევ ნაძირლებს უხსნის გზას და ლაფში სვრის ბიძინა ივანიშვილის სახელს ფოთში,"– წერს დონდოლაძე. 

 

ქართული ოცნების ზოგიერთი ადგილობრივი აქტივისტი, მაჟორიტარობის კანდიდატის ოფიციალურ დასახელებამდე, "კლანურობაში" თავად ლელა ებრალიძეს ადანაშულებდა. ისინი, tspress.ge-სთან კონფიდენციალობის დაცვის გარანტიით საუბრობდნენ იმაზე, რომ კოალიციის ადგილობრივ ოფისში, მას მხოლოდ მისი ნათესავებ–მეგობრები ყავს შემოკრებილი და ოფისის დე-ფაქტო ხელმძღვანელიც თავადაა.   მათი თქმით, ზოგიერთმა ამის გამო "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობაზე უარიც კი განაცხადა.

 

"კონსერვატიული პარტიის" ფოთის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე, თამაზ სოსელია კოალიციიის წევრს, ლელა ებრალიძეს ცილისწამებაშიც კი ადანაშაულებს. მისი თქმით, ებრალიძე ყოველგვარი საფუძვლისა და არგუმენტის გარეშე, მას ხან "ნაციონალების" და ხან შსს-ს მიერ შეგზავნილ აგენტი უწოდეს, რის გამოც ის პარტიას ჩამოცილდა.

 

-"ებრალიძეს ან არ აწყობს რეალურად ოპოზიციონერი და მსგავსი ცილისწამებლური მეთოდებით ცდილობს მათ ჩამოშორებას, ან კონკურენციის ეშინია. მსგავსი ბრალდებები მათ ბევრს წაუყენეს, რის გამოც ოფისში ძირითადად თვითონ არიან. ნახეთ მხოლოდ მისი ნათესავები, მეგობრები და ერთი–ორი რიგითი მოქალაქე ჰყავთ, ამიტომ მიჩნდება ეჭვი, თავად ხომ არ თამაშობს ეს ადამიანი "ნაციონალებისა" და ხელისუფლების თამაშს?!"– აცხადებს სოსელია.

 

"ოცნებაში" შეგზავნილ "ნაცმოძრაობის" ე.წ. აგენტებზე ებრალიძე სოციალურ ქსელში ხშირად საუბრობს. კოალიციის კიდევ ერთი მხადამჭერი, "მემარჯვენეების" ფოთის ორგანიზაციის ყოფილ ლიდერი, ზვიად შუბითიძეც მისთვის და მისი ნათესავებისთვის მიუღებელთა სიაში აღმოჩნდა.

 

აღნიშნულ დაპირისპირებებზე tspress-თან საუბარი შუბითიძემ არ ისურვა, თუმცა, სოციალურ ქსელში ისინი, ამ თემაზე, ერთიმეორეს საკმაოდ აქტიურად ეპაექრებიან.

 

კოალიციის ერთ-ერთი წევრი, ფოთის საკრებულოს წევრი, მოგელი ტყებუჩავა ბესელიას კანდიდატურას მიესალმება და აცხადებს, რომ ის პროფესიონალიზმისა და სამართლიანობის ნიშნით შეირჩა. მისი თქმით, ბესელიას ჩამოსვლის შემდეგ, ადგილობრივ ოფისში ბევრი რამ შეიცვლება.


თავად მაჟორიტარობის კანდიდატი, ეკა ბესელია, ბრალდებებს არაფოთელობასა და ახალაიას კლანის წარმომადგენლობაზე არასერიოზულს უწოდებს და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია რა გარიგებებსა და კლანებზე საუბრობენ ებრალიძე და მისი მხარდამჭერები.


ბესელია არ გამორიცხავს, რომ თუ მაჟორიტარობაზე ებრალიძის კანდიდატურა განიხილებოდა, შესაძლოა, ეს მხოლოდ განაწყენებული პოზიცია იყოს. მისი განმარტებით, არაფოთელობა მისთვის ხელიშემშლელი ფაქტორი არ იქნება და დასძენს, რომ ფოთთან ნათესაობა აკავშირებს და ქალაქის პრობლემებსაც კარგად იცნობს. 


კოალიციის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის, ფრიდონ კვარაცხელიას განმარტებით, ამ დროისთვის ადგილობრივ ორგანიზაციაში 300 ფოთელია გაწევრიანებული. მისი თქმით, ამ ადამიანებმა საკუთარი სურვილითა და ინიციატივით მიმართეს ოფისს. კვარაცხელიას განმარტებით, ისინი მაჟორიტარი კანდიდატის დასახელების შემდგომ დღეებში გააქტიურდებიან. 

 

მას მიაჩნია, რომ მაჟორიტარობის კანდიდატად ფოთელებისთვის, ამ ქალაქში მცხოვრები პიროვნება უფრო მისაღები იქნებოდა, თუმცა, ამბობს, რომ"ქართული ოცნების" სახელით მონაწილეობისას, გამარჯვება არც ერთ კანდიდატს არ გაუჭირდება. 

 

"ქართული ოცნების" ფოთის ორგანიზაცია, აპრილის თვეში გაიხსნა. 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED