საქართველოში ბიზნესსესხის აღება და ბიზნესის გაფართოება მხოლოდ მონოპოლისტ კომპანიებს შეუძლიათ

2012.07.17 ავტორი: ნინო დვალი

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველო კრედიტების სიძვირით მსოფლიოს პირველ ათეულშია. მას მხოლოდ შვიდი დაბალგანვითარებული ქვეყანა უსწრებს. მართალია, ქვეყანაში ბიზნესსესხების საპროცენტო განაკვეთი ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილ საპროცენტო განაკვეთს ჩამორჩება, მაგრამ, ექსპერტთა შეფასებით, საქართველოში საბანკო კრედიტით ბიზნესის (მცირე იქნება წვრილი, საშუალო თუ მსხვილი) დაწყება შეუძლებელია, ბიზნესის გაფართოებისთვის საბანკო კრედიტის აღების საშუალება, მხოლოდ მსხვილ ბიზნესებს აქვს.

საქართველოში კი, თითქმის ყველა მსხვილი ბიზნესი მონოპოლიზებულია, შესაბამისად, ბიზნესსესხის აღებაც მხოლოდ მონოპოლისტების პრეროგატივაა.

 

ქართული ბანკები ბიზნესსესხებს, ძირითადად, სამი მიმართულებით გასცემენ: ვაჭრობა, მრეწველობა და მშენებლობა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, ყველაზე მეტი სესხის ვაჭრობის სფეროზეა გაცემული – 9 მილიარდი ლარი (მთლიანი მოცულობის 46,8%).

 

მხოლოდ 885,5 მილიონი ლარია გაცემული მრეწველობაზე, რაც იურიდიული პირების ჯამურ პორტფელში, მხოლოდ 20,4%-ს შეადგენს. მშენებლობაზე სესხების 10% მოდის 433,9 მილიონი ლარით.

 

ეს სტატისტიკაც მოწმობს, რომ საბანკო კრედიტები ვერ ან არ უწყობს ხელს ეკონომიკის ზრდას, რადგან, ძირითადად, ორიენტირებული არიან არა რეალურ სექტორზე, არამედ ვაჭრობის სფეროზე.

 

საქართველოს ბანკების საიტებიდანვეა ნათელი, რომ საბანკო კრედიტს ბიზნესის დასაწყებად ვერ აიღებ. მაგალითად, „თი ბი სი ბანკის“ საიტზე მითითებულია, რომ ბანკი გასცემს მოკლევადიან ბიზნესსესხებს, რომლებიც გამოიყენება, როდესაც დასაკრედიტებელი პროექტის ხანგრძლივობა არ აღემატება ერთ საოპერაციო ციკლს (ნედლეულის ან მარაგების შეძენიდან პროდუქციის რეალიზაციამდე);

 

საშუალოვადიან სესხებს – ეს არის ერთ საოპერაციო ციკლზე მეტი ვადის მქონე კრედიტები, რომლის მიზნობრიობა შეიძლება იყოს ბიზნესის გაფართოება, კომპანიის ლიკვიდურობის გაუმჯობესება, ფიქსირებული აქტივების შეძენის დაფინანსება ან სხვა ვალდებულებების გასტუმრება;

 

ასევე, მიკროსესხებს: კომპანიის საბრუნავი საშუალებების დაფინანსებისთვის, ფიქსირებული აქტივების შეძენისა და სხვადასხვა ხარჯების დაფინანსებისთვის.

 

საპროცენტო განაკვეთი დაზუსტებული არ არის. მინიშნებულია, რომ ის დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა: სესხის თანხა, კომპანიის კაპიტალი, საკრედიტო ისტორია, გარანტიები და სხვა.

 

სესხის მაქსიმალური ვადაა 5 წელი, მაქსიმალური თანხა კი – 8 მლნ. აშშ დოლარი.

 

„საქართველოს ბანკის“ შემოთავაზებაა:

სტანდარტული ბიზნესსესხი, „საუკეთესო გადაწყვეტილება ბიზნესის განვითარებისთვის, შორსმიმავალი ბიზნესგეგმის განხორციელებისთვის ან ინოვაციური პროდუქტის დანერგვისთვის.“ სესხის მაქსიმალური თანხა 500 000 აშშ დოლარია, მაქსიმალური ვადა – 7 წელი, საპროცენტო განაკვეთი კი 14-დან იწყება.

 

„საქართველოს ბანკის“ ექსპრესსესხის აღება ერთ დღეშია შესაძლებელი (მაქსიმალური თანხა 17 000 ლარია, მაქსიმალური ვადა – 2 წელი), ოღონდ საპროცენტო განაკვეთი 22%-დან იწყება.

 

"აფბას" პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძეც ადასტურებს, რომ ბიზნესის დასაწყებად არც ერთი ქართული ბანკი არ გასცემს სესხს.  ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულია კი მიიჩნევს, რომ  მცდარია შეხედულება, რომ ბიზნესი მხოლოდ კრედიტით შეიძლება დაიწყო. „ამისათვის მარტოოდენ ბიზნესიდეის შემუშავება არ არის საკმარისი. უნდა გქონდეს რაღაც დანაზოგიც, რომელიც თანადაფინანსების სახით გაადვილებს კრედიტის აღებას, დაარწმუნებს რა ბანკს თქვენი საქმისადმი მიდგომის სერიოზულობაში“, – აღნიშნავს ექსპერტი, ოღონდ დასძენს, რომ არც ეს არის საკმარისი, რადგან არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოში ბანკი არ გასწევს მეტნაკლებად რეალურ რისკს გირაოს ან თავდებობის გარეშე.

 

ცნობილია, რომ ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველოს მსოფლიოს პირველ ოცეულშია. ეს რეიტინგი რამდენიმე პუნქტისგან შედგება, ერთ-ერთია ფინანსების ხელმისაწვდომობა. ამ მაჩვენებლით საქართველო 186 ქვეყანას შორის 90-ს ნიშნულს ქვემოთაა. ფინანსების ხელმისაწვდომობის სიმცირეს აფბას პრეზიდენტი ბიზნესისთვის შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევს.

მეორე ხელისშემშელელი ფაქტორი ბიზნესსესხების მაღალი საპროცენტო განაკვეთებია.

 

-„გარდა ხარჯებისა და საგადასახადო ტვირთის მომსახურებისა, ბიზნესს უწევს ძალიან ძვირი საბანკო კრედიტების მომსახურებაც. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ჩვენთან ბიზნესსესხების საპროცენტო განაკვეთიი 15-16-პროცენტია,“  – ამბობს ნოდარ ჭიჭინაძე.

 

როგორც ექსპერტები ამბობენ, დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში, სესხების საპროცენტო განაკვეთი 2-7 %-ის ფარგლებშია, ხოლო საქართველოში, ბიზენსსეხების საპროცენტო განაკვეთი 18-20%-ია.

 

მერაბ კაკულიას აზრით, ქართულ ბანკებში ბიზნესსესხებზე არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიუხედავადაც, ბიზნესის დაწყება შესაძლებელია, ოღონდ, თუ ბიზნესის დაგეგმილი მომგებიანობა ორჯერ მაინც აღემატება ბიზნესსესხის საპროცენტო განაკვეთს. მისი თქმით, ჩვენს სინამდვილეში ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც მომგებიანობის დაგეგმილი დონე ვერ მიიღწევა, რის შედეგადაც ბიზნესის დამწყები, როგორც წესი, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.

 

ნოდარ ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ საკმაოდ რთულია, მოიფიქრო ისეთი ბიზნესიდეა, რომელიც ხარჯებსაც გაისტუმრებს, მოგებასაც დატოვებს და ძვირ საბანკო კრედიტსაც დაფარავს. მით უფრო, რომ შედარებით იაფიანი ბიზნესსესხი მხოლოდ რამდენიმე კომპანიისთვისაა ხელმისაწვდომი. აფბას პრეზიდენტი მსოფლიო ბანკის მონაცემებს იშველიებს, რის მიხედვითაც, საქართველოში, კომპანიების 40-პროცენტისთვის საბანკო კრედიტი ძვირია. „ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია და მიუთითებს, რომ ბევრ კომპანიას არ აქვს საბანკო კრედიტის აღების შესაძლებლობა თავისი ბიზნესის გასაფართოებლად.“

 

ვინ და რა ფულით აკეთებს ბიზნესს საქართველოში? ნოდარ ჭიჭინაძე ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ქვეყანაში არსებული კომპანიების სტრუქტურას იშველიებს მათი ზომის მიხედით. „საქართველოში მსხვილი ბიზნესი 85 %-ია, მაშინ, როდესაც ამერიკულ რეალობაში წვრილი, საშუალო და მცირე ბიზნესის წილი ძალიან მაღალია.“

 

თითქმის ყველა თანხმდება, რომ საქართველოში ყველა მომგებიანი ბაზარი მონოპოლიზებულია. მათ აქვთ დიდი კაპიტალი და კრედიტის აღების საშუალებაც. სწორედ მონოპოლისტი კომპანიები იღებენ ყველაზე დაბალ პროცენტად საბანკო სესხებს, არც ბანკი რისკავს და არც სესხის ამღები მსხვილი კომპანია, რადგან შემოსავლები ბაზარზე დომინირებული მდგომარეობისა და რეალური კონკურენციის არარსებობის პირობებში, გარანტირებული აქვს.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED