"ნაციონალური მოძრაობის" ბიუჯეტიდან დაფინანსებული აქტივობები ფოთში [Video]

2012.07.05 ავტორი: იზა სალაყაია

"ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივობები ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პარტიის ლოგო/ბანერი ჩნდება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელებულ და დაფინანსებულ სხვადასხვა ღონისძიებებზე. არ ხდება პარტიისა და თვითმმართველობის საქმიანობის გამიჯვნა და ღონისძიებები „ნაცმოძრაობის“ ეგიდით  ტარდება. 

ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წარმომამდგენელი, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე, მიშა ფირცხალავა ამ ყველაფერს თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ხსნის. მისი განცხადებით, მერია მათ იდეებსა და პროექტებს უფინანსებს.

მიმდინარე წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ახალგაზრდული ორგანიზაცია სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარებით, წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად აქტიურობს.

–„ვართ პოლიტიკური პარტია და ხელგვეწიფება, რომ პოლიტიკური პროცესები გავააქტიუროთ, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი და შესაბამისად, წინასაარჩევნოდ ვაქტიურდებით,“– განმარტავს ფირცხალავა, თუმცა აღნიშნავს, რომ არასაარჩევნო პერიოდშიც საკმაოდ აქტიურად მოღვაწეობენ.

ფირცხალავას განცხადებით, ამ ეტაპზე ორგანიზაციას 500-მდე ახალგაზრდა მხარდამჭერი ჰყავს. მისი თქმით, ახალგაზრდების შერჩევის რაიმე განსაზღვრული კრიტერიუმი არა აქვთ. ის აცხადებს, რომ „ნაციონლური მოძრაობა“ მათ კონკრეტული ინიციატივების განხორციელებაში ეხმარება და ამის შემდეგ ახალგაზრდები მათ მხარდამჭერთა რიგებში ირიცხებიან.  

„ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბოლო პერიოდში განხორცილებულ რამდენიმე ღონისძიებას იხსენებს, ყველაზე წარმატებულად კი, სკოლებს შორის გამართულ  მხიარულთა საზრიანთა კლუბის (მსკ) თამაშებს ასახელებს. ღონისძიების ჩატრების იდეა საინიციატივო ჯგუფს ეკუთვნოდა, მსკ მერიის სამსახურის ორგანიზებითა და ბიუჯეტის დაფინანსებით ჩატარდა, თუმცა კონცერტზე სცენაზე
„ნაციონალური მოძრაობის“ ბანერი იყო განთავსებული.

 

ფირცხალავას განმარტებით, ღონისძიების ჩატარებისთვის მერიასთან პარტიამ უშუამდგომლა და ბიუჯეტიდან 5 ათასი ლარის ოდენობით თანხა გამოიყო.

–„პრინციპში, შეგვიძლია მსკ ჩვენი წარმატებული ღონისძიებების რიცხვს მივათვალოთ, თუმცა, ვფიქრობთ, რომ დიდი წვლილი საინიციატივო ჯგუფსა და მერიის კონკრეტულ სამსახურებს ეკუთვნის,“– აცხადებს ფირცხალავა.

კიდევ ერთი აქტივობა, რაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და რაზეც ფირცხალავაც საუბრობს გარემოს დაცვის ღონისძიებებია. ფირცხალავას თქმით, ახალგაზრდებთან ერთად ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია ჩატარდა, მათი თხოვნით კი, მერიამ სამუშაო იარაღების სპეცტექნიკისა და ნაგვის გატანისთვის თანხები გამოყო.

ორგანიზაციის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ხშირად ახალგაზრდებს დასაქმებასა და ცოდნის გაღრმავებაში ეხმარებიან, თუმცა, განმარტავს, რომ ეს არ ხდება პარტიული ნიშნით.


–„რამდენიმე წუთის წინ ხელი შევუწყვე ორი ადამიანის დასაქმებას საქართველოს ფოსტაში, ასევე ჩვენი შუამდგომლობით ორი ახლაგაზრდა ფოთის საზღვაო ნავსადგურში სტაჟირებას გადის,“– აღნიშნა ფირცხალავამ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივობებში შედის, ნიჭიერ ახალგაზრდა და სპორტსმენთა დაჯილდოვების, სპორტული შეჯიბრობები,  სხვადსხვა სახის გასართობი ღონისძიებების ჩატარება, გამარჯვებულებს პრიზი ქალაქის ბიუეჯტის დაფინანსებით, პარტიის სახელით გადაეცემათ და სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ სიგელებსაც იღებენ.  

ფირცხალავას განცხადებით, ყველა ღონისძიებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია და მონაწილეებს პარტიული ნიშნით არ არჩევენ.

 

ვერიკო ახალაია (ორგანიზაციის თამჯდომარის მოადგილისა და საკრებულოს თანამშრომლის, თეონა ახალაიას და) პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებულ ე.წ. კარაოკე ივენთზე გამარჯვებულად დასახელდა. მისი თქმით, მან ფულადი ჯილდოს სახით 150 ლარი მიიღო.

 

კარაოკე ივენთის ბოლოს კი, ახალგაზრდებისთვის საზეიმო ვახშამი გაიმართა. ახალაის თქმით, ღონისძიება თვითმმართველობამ დააფინანსა, თუმცა, ორგანიზება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუკეთა.

 

ფოთში ახალგაზრდულ საქმიანობაში აქტიური მონაწილებისთვის სპეციალურ სიგელებს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ფოთის მერი, ვახტანგ ლემონჯავა გადასცემს. მსგავსი სიგელით მან აქტივისტი, გიგა გვასალია დააჯილდოვა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის თათული თოდუას განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობის” ფოთის ორგანიზაციის ატივობების დაფინანსებითა და პარტიის ბენერების განთავსებით  ირღვევა საჯარო სამსახურის შესახებ კანონი და წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კანონმდებლობასთან.

თოდუას განმარტებით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ერთმანეთისგან მიჯნავს საჯარო სამსახურის სტატუსით გაწეულ და პარტიულ საქმიანობას.

“რადგან მსკ ღონისძიება დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ის იყო მერიის სამსახურების და საინიციატივო ჯგუფის ერთობლივი ღონისძიება. აქ საჯარო სამსახურის თანამშრომელები კანონით დაკისრებულ უფლებამოვალეობას ახორციელბდნენ, თუმცა, წარმოადგენილ ფოტომასალაში ჩანს, რომ სცენაზე განთავსებული იყო “ნაციონალური მოძრაობის” ბანერი. ბანერი არის სააგიტაციო მასალა. ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ჩატრებულ ღონისძიებაზე ხდება საჯარო სამსახურისა და პარტიის საქმიანობის აღრევა,”– განამრტავს თოდუა და აღნიშნავს, რომ ბანერით მმართველი პარტიის აგიტაცია–პროპაგანდა ხდებოდა. მისი თქმით, მოკვლევით უნდა დადგინდეს, თუ საჯარო სამსახურის რომელი თანამშრომლის დისციპლინური პასუხსიმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

იურისტის განმარტებით, რადგან საარჩევნო კანონმდებლობა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას მხოლოდ წინასაარჩევნოდ კრძალავს, ოფიცილურად კი არჩევნების ჩატარების დრო ჯერ არ დასახელებულა პარტიის სხვა აქტივობების ამ კუთხით შეფასება რთულია, თუმცა, ფირცხალავს კომენტარებზე დაყრდნობით ამბობს, რომ შესაძლოა, ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებასა და ამომრჩევლის მოსყიდვას ჰქონდეს ადგილი.


“კანონმდებლობით, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში დაწესებული აკრძალვები არის ამ კანონის უმთავრესი ხარვეზი. ფირცხალავს კომენტარებში დასუფთავების და სხვა სახის აქციაზე საუბრისას, მსგავსი ნიშნები იკვეთება, ისევე როგორც ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის შემთხვევასთან გვქონდეს საქმე, როცა მისი შუამდგომლობით ადამიანების დასაქმება ხდება,"– განმარტავს თოდუა.

 

 





სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED