თიზი - გაუთვლელი თუ ეკონომიკურ კრიზისს შეწირული პროექტი

2012.06.20 ავტორი: ნინო თუნთია

ერთი პროექტის  ჩავარდნის აღიარების კვალდაკვალ, პრეზიდენტი ფოთელებთან მორიგ დაპირებებს დებს. თუმცა, ქალაქმა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ამოქმედებისა და ფოთის 100%-იანი დასაქმების ქალაქად ქცევის დაპირებების ფონზე, ასეულობით უმუშევარი და ქალაქის კიდევ უფრო მოშლილი ინფრასტრუქტურა მიიღო.

რატომ ვერ გახდა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა "ეკონომიკური სასწაული"? 

რამდენიმე დღის წინ, ფოთელებმა პრეზიდენტისგან კიდევ რამდენიმე დაპირება მიიღეს - ნავთობპროდუქტების ქიმიური გადამუშავების საწარმო „სოკარისაგან“, კერამიკული ქარხანა, ქალაქის ტერიტორიაზე „მანქანების ამწყობი საწარმოს კონცეფციის“ შემუშავების იდეა, ყველა დევნილისთვის ბინის დაპირება და დასაქმება.

 

ფოთელებს მსგავსი დაპირებები წინა წლებშიც ახსოვთ. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ფოთთან დაკავშირებული ყველაზე მასშტაბური ინიციატივა „შავიზღვისპირეთში ყველაზე დიდი“, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ (თიზი) იყო, რომლის იდეა  პრეზიდენტმა 2007 წელს გაახმოვანა და ის წელი „ფოთის წლად“ გამოაცხადა.

 

მომდევნო წელს, არაბული კომპანია, „რას ალ ხაიმა ინვესტმენ აუტორიტი ჯორჯიას“(რაკიინ ინვესტმენტი) ფოთის საზღვაო ნავსადგურის  51%, 90 მლნ. აშშ დოლარად სახელმწიფომ ერთ პირთან მოლაპარაკებით მიყიდა. ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ტენდერი არ გამართულა.

 

მომდევნო წელს კი, დარჩენილი წილი  65 მლნ. დოლარად ისევ აღნიშნულმა კომპანიამ შეიძინა.

ხელისუფლების მაშინდელი დაპირებით, კოპანიას აქ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა უნდა აემოქმედებინა და უამრავი ადამიანი დაესაქმებინა. თუმცა, კომპანიის ვალდებულებები, საზოგადოებისთვის ისევე გაუმჭვირვალე იყო, როგორც თავად გასხვისების პროცესი. ხელისუფლებასა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება და ამის მიხედვით კომპანიის ვალდებულებებისა ან მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში დაკისრებული  პასუხისმგებლობების შესახებ ინფორმაცია, დღემდე მკაცრად გასაიდუმლოებულია. (tspress.ge არა ერთხელ ამაოდ შეეცადა ამ ხელშეკრულების მოპოვებას. ამჟამად, ეკონომიკის სამინისტროს პასუხი ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ, გამოცემამ სასამართლოში გაასაჩივრა) 

 

–„50 თვის განმავლობაში, მოზიდული იქნება სულ მცირე 200 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია, დასაქმდება ათობით ათასი ადამიანი და


შეიქმნება 400-ზე მეტი საწარმო," –ასეთი იყო დაპირება 2008 წლის 15 აპრილს, ფოთის საზღვაო ნავსადგურში, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. მიხეილ სააკაშვილმა მაშინ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას „ახალი ეკონომიკური სასწაული“ უწოდა.

 

პრეზიდენტის განცხადებების პარალელურად, არაბულმა კომპანიამ ფოთის პორტი მისთვის არამომგებიან საწარმოდ გამოაცხადა და 80%–იანი წილი დანიური „A.P. Moller-Maersk Group“–ის შვილობილს, APM Terminals– ს მიყიდა. კომპანია ნავსადგურის ამჟამინდელი მფლობელია. თუმცა, როგორც ჩანს, ახალი მფლობელისათვის პორტის განვითარება სულაც არ უკავშირდებოდა პრეზიდენტის ამბიციას - ფოთელების 100–%–იან დასაქმებაზე. მიმდინარე წლის იანვარში, მან 700–მდე თანამშრომელი დაითხოვა.

 

 თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პომპეზური გახსნიდან ოთხი წლის შემდეგ, ზონის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი, ყაზახურ-უკრაინული კომპანია „გრეინ ტრეიდის“ 1 მილიონიანი ინვესტიციით გახსნილი ბრინჯის დამფასოებელი საწარმო მუშაობს, სადაც 20-მდე ადამიანია დასაქმებული.

 

თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ რომ ვერ გაამართლა, მიმდინარე წლის, 17 ივნისის გამოსვლაში, თავად პრეზიდენტმაც დაადასტურა.

 

-„ზონამ, როგორც ჩვენ მოველოდით, ისე არ გაამართლა. საწარმოების გახსნა ნელ-ნელა მიდის, თითქმის არ მიდის, პატარ-პატარა რაღაცები გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი",-აღნიშნა პრეზიდენტმა ფოთელებთან შეხვედრისას.

 

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მუშაობით უკმაყოფილებას მთავრობა  2011 წელსაც გამოთქვამდა. პრემიერ–მინისტრი  ნიკა გილაური ამ თემას პარლამენტში გამოსვლისას შეეხო, სადაც უკმაყოფილობის მიუხედავად, აღნიშნა, რომ ქვეყანაში მოქმედი ზონებიდან ყველაზე უკეთ მაინც ფოთის თიზ-ი მუშაობდა.

 

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თიზის წარუმატებლობას 2008 წლის აგვისტოს ომით ხსნიან. ფოთის მერი, ვახტანგ ლემონჯავა აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში შემოსვლითა და  ტანკების ზონის ტერიტორიაზე განთავსებით, სერიოზული დარტყმა მიაყენეს ზონის განვითარებას და ინვესტორებიც  მათ დააფრთხეს.

 

ფოთის ქუჩები წვიმის დროს

ფოთის ქუჩები წვიმის დროს

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების გაუმართლებლობის მთავარ მიზეზად ამავე მიზეზს ასახელებს ექსპერტი გია ჯანდიერიც, რომლის თქმითაც  მსოფლიო კრიზისის შედეგად, რომელიც დღემდე გრძელდება  ინვესტიციების მოზიდვა ყველასთვის რთულია.

 

–„კრიზისის პროგნოზირება შესაძლებელი იყო, თუ მთელ ამერიკულ აკადემიებს დავიქირავებდით. რეალურად კი, მსოფლიოში შეიქმნა კრიზისი და ეს ჩვენთვისაც ძნელი აღმოჩნდა, არაბული კომპანიისთვისაც და ბევრისთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციის ჩადებით იყო დაინტერესებული. შორს მიზეზების ძიება არ ღირს.

 

ვფიქრობ, რომ  ომისა  და კრიზისის გარეშე, ეს ზონები გაამართლებდა.

 

დღეს კი, უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ როცა მსოფლიოში ხდება პროცესები, რომელსაც ჩვენ ვერ ვმართავთ, მათ უნდა დავემორჩილოთ“–აცხადებს ის tspress.ge-სთან საუბარში.

 

განსხვავებული მოსაზრება აქვს ექსპერტ დემურ გიორხელიძეს, რომელიც ზონის იდეას გახმოვანებისთანავე სკეპტიკურად უყურებდა. გიორხელიძე  ამბობს, რომ თავს უფრო კომფორტულად იგრძნობდა, თავად რომ აღმოჩენილიყო მტყუანი და პრეზიდენტის მოსაზრებები გამართლებულიყო.

 

მისი თქმით, ბიზნესი არ კეთდება ემოციურ გადაწყვეტილებებზე, ეკონომიკური სასწაულების შექმნისა და შემდეგ მათი იმპორტირების იდეებზე.

 

–„გავაკეთოთ შეფასება: ფოთის პორტში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ამ წლების განმავლობაში, მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. საქმიანი ჯგუფი პორტს, როგორც არამომგებიანს არ გაყიდდა, მოგება რომ ენახა, ზონას აამოქმედებდა. გამოდის, რომ ამ ობიექტების მათთვის მიყიდვა არასწორი გადაწყვეტილება იყო, ან ეს სულაც არაა ის არაბული კომპანია და მის უკან ჩვეულებრივი ქართული კომპანია დგას,“–ამბობს იგი.

 

გიორხელიძის თქმით, თავისუფალი ზონების იდეა არ იყო სწორი და ეს დრომ აჩვენა. ექსპერტი ამის ძირითად მიზეზად ქვეყანაში, ინსტიტუციონალური მოწყობისა და სამართლიანი სასამართლოს პრობლემებს, ასევე ბიზნესისთვის ხელშემწყობი გარემოს არარსებობას ასახელებს.

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED