დამოუკიდებელი მედიის ხარჯზე გაძლიერებული სახელისუფლებო და ოპოზიციური მედია

2012.06.19 ავტორი: ელისო ჯანაშია

ქართულ მედიაბაზარზე გამოჩენილმა ტვ-9-სა და ინფო9-მ, დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს დაახლოებით ისეთივე პრობლემა შეუქმნეს, როგორიც ვარდების ხელისუფლებამ, რომელმაც მოსვლისთანავე გამოცდილი ჟურნალისტები მაღალანაზღაურებად "განაციონალებულ"არხებზე, ან პირდაპირ ხელისუფლებაში გადაიბირა.

შედეგად, ხელისუფლება გაძლიერდა, მაგრამ დასუსტდა მედია, რადგან მან გამოცდილ კადრებთან ერთად, მაკონტროლებლის ფუნქცია დაკარგა. სწორედ აქედან დაიწყო ქვეყანაში არადემოკრატიული პროცესები.ამის შემდეგ, დამოუკიდებელმა მედიამ ფეხზე დადგომა დიდხანს ვერ შეძლო.



 ვითარება ახლაც დაახლოებით ანალოგიურია. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა საუკეთესო პირობებით აღჭურვილმა  მედიასაშუალებებმა, მაღალი ანაზღაურებისა და კომფორტული სამუშაო პირობების შეთავაზებით, რესურსი მოქმედი საინფორმაციო საშუალებებიდან შეივსეს და ამასთანავე, ოპოზიციისგან ინფორმაციის დაუბრკოლებლად მიღების უპირატესობა მიიღეს.



ხელისუფლებისა და ახლა უკვე ოპოზიციის მხრიდან მოხდილი ბოდიშებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის აუცილებელი გარემოს შექმნის დაპირების მიუხედავად, ხელისუფლების მიერ -  საკუთარი არხების, ხოლო ოპოზიციის მიერ - ივანიშვილის მედიაკომპანიებისთვის მინიჭებული უპირატესობები, უკვე ადვილად თვალშისაცემია.



თუკი, მაგალითად, tspress.ge-ს ჟურნალისტს ივანიშვილის გარემოცვა უკვე სატელეფონო კომენტარებზე უარს ეუბნება და ამისათვის ფოთიდან თბილისში ჩამოსვლას ურჩევს, მე-9 არხისა და ინფო 9-ის ჟურნალისტებისთვის ქუთაისის აქციის გაშუქებისას შექმნილი განსაკუთრებული სამუშაო პირობები,მედიის მსჯელობის საგანი ხდება.

 

ამას ემატება ივანიშვილის პრესსამსახურიდან მიუღებელი ინფორმაციები, მისი პრესსამსახურის უფროსისა და თანამშრომლების ერთი და იმავე შინაარსის პასუხები: "არ ვიცი, დავაზუსტებ, დაგირეკავთ, ან ცოტა ხანში დამიკავშირდით" და ამის შემდეგ ხელისუფლების პრესსამსახურების მსგავსად, იგნორირებული სატელეფონო ზარები, ან თათბირზე ყოფნის მომიზეზება.

 

როგორც ცნობილია, ბოლო სამ თვეში, რეგიონულ მედიაზე ზეწოლისა და ძალადობის 20-ზე მეტი ფაქტი განხორციელდა და არც ერთი მათგანი გამოძიებული არ ყოფილა. ხელისუფლების მხრიდან ინფორმაციის დაბლოკვის, დევნისა და ზეწოლის ფონზე მუშაობა რეგიონებში, პრაქტიკულად, გმირობის ტოლფასია. ამიტომაც აღმოჩნდა მოკრძალებული ხელფასისა და დიდი გმირობის ფასად მომუშავე რეგიონის ზოგიერთი ჟურნალისტისთვის ახალი შეთავაზება საკმაოდ მაცდუნებელი.


ზოგს დაბალანაზღაურებადი "გმირობა" მობეზრდა,ზოგმა სერიოზული ფინანსური პრობლემების გადაჭრა განიზრახა, ვიღაც იდეურად მიემხრო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - დამოუკიდებელი მედიის დასუსტების ხარჯზე გაძლიერებული ოპოზიციური მედია. 


მედიაგამოცემებიდან კადრების გადინება, ჩანაცვლების ნაკლები საშუალების გამო, განსაკუთრებით მტკივნეული და დამანგრეველი სწორედ რეგიონული მედიისთვის აღმოჩნდა, რაც ხელისუფლების ინტერესებში შედის. 


არათავისუფალი სარეკლამო ბაზრის პირობებში, როცა დამოუკიდებელი მედიის გადარჩენის ერთადერთი გზა - უცხოური დონორი ორგანიზაციების გრანტებია, ხელისუფლების პროპაგანდისტული არხების გარდა, ივანიშვილის მედიასაშუალებებისთვის კონკურენციის გაწევის საშუალება, არც ერთ დამოუკიდებელ გამოცემას საქართველოში არ აქვს.


ასე რომ, პოლიტიკაში ახალგამოჩენილი ბიძინა ივანიშვილის მიერ, დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებისა და ჟურნალისტებისთვის ღირსების დაბრუნების პირობის დადების მიუხედავად, მივიღეთ დამოუკიდებლი მედიის დასუსტების ხარჯზე შექმნილი მედიაკომპანიები და მათი პრივილეგირებული მდგომარეობის გამო შექმნილი არაჯანსაღი და არაკონკურენტული მედიაგარემო.

 

ხელისუფლებისა და ამჟამად მისი მთავარი ოპონენტის მიერ, თანაბრად მიყენებული დარტყმა, შესაძლოა, კოლაფსური აღმოჩნდეს ზოგიერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალებისთვის, ვინაიდან პროფესიონალიზმის დეფიციტის მქონე ქართულ მედიაში, ახალი კადრების მოძიება ურთულესი პრობლემაა, ხოლო მისი თავიდან გამოზრდა, გარკვეულ დროსა და ფინანსებს უკავშირდება.

 

არათანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას ფასების ხელოვნური ცვალებადობით, რაც იწვევს კონკურენტების გაკოტრებასა და განდევნას, ბიზნესის ენაზე დემპინგი ქვია. ივანიშვილმა თავის დროზე, საკუთარ ბანკში, საკრედიტო განაკვეთის დაწევაზე სწორედ იმ მოსაზრებით თქვა უარი, რომ, მისივე თქმით, ეს ქვეყნის საბანკო სექტორს დაანგრევდა. ამის შესახებ, ერთ-ერთ ინტერვიუში მან თავად განაცხადა. 


თუმცა, მედიის შემთხვევაში, ამის გათვლა რატომღაც არ მომხდარა, ამიტომაც ივანიშვილის მედიასაშუალებები, შესაძლოა,ზოგიერთისთვის დემპინგურიც აღმოჩნდეს, რადგან ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ისედაც მწირი სარეკლამო ბაზრის პარალელურად ჟურნალისტების დევნა-შევიწროებას, მეორე პრობლემა - ოპოზიციის ფავორიტი მედია დაემატა.

 


შუაში კი, ლაბორატორიული ობიექტის პოზიციაში მყოფი დამოუკიდებელი მედია და ის სიმართლე რჩება, რომელიც, დაბალი ტირაჟის გამო, ხშირად იკარგება. გაუძლებს თუ არა კიდევ ერთ დარტყმას დამოუკიდებელი მედია, ეს მის გაძლებაზე და დიდწილად, დონორებზე იქნება დამოკიდებული.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED