ზაალ ანჯაფარიძე - რა კრიტერიუმებით შეაფასებს დასავლეთი არჩევნების სამართლიანობას?

2012.06.18 ავტორი: იზა სალაყაია

ბოლო პერიოდში, საქართველოს  მაღალი რანგის პოლიტიკოსები სტუმრობდნენ. აშშ –ს სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონისა და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის საქართველოში ვიზიტებს, ერთი მხრივ, ხელისუფლებისთვის გამოცხადებულ მხარდაჭერად აფასებენ, მეორე მხრივ კი, დიპლომატიური ტონით გაკეთებულ გამაფრთხილებელ განცხადებად აღიქვამენ.  

რა გზავნილები მივიღეთ დასავლეთისგან, რა იყო დახურულ კარს მიღმა განსახილველი საკითხები, რა არის ამერიკის სტრატეგიული ინტერესები, როგორია ნატოს დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში, რა როლს ასრულებს საქართველო რეგიონული უსაფრთხოების კუთხით და არსებობს თუ არა ყარაბაღის კონფლიქტში ჩაბმის საშიშროება?  



ამ საკითხებზე tspress.ge-ს ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, ზაალ ანჯაფარიძე ესაუბრა:





–როგორ ფიქრობთ, რას უკავშირდება დასავლეთის ასეთი აქტიურობა და რა მთავარი გზავნილები დატოვეს სტუმრებმა?

–დიპლომატიური ენა, ტრადიციულად, განსხვავებული ინტერპრეტაციის მესიჯებს გულისხმობს. დიპლომატები არასდროს ღიად და ცალსახად არ საუბრობენ. დავიწყოთ კლინტონის განცხადებებით. მან ხელისუფლებას გამჭვირვალე, დამოუკიდებელი  და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისკენ პირდაპირ მოუწოდა, თუმცა, ამავე დროს ის, თავის სფეროში  არსებული წარმატებებისთვის შეაქო და ეს იყო დიპლომატიური ჟესტი.  
ამ ვიზიტების გზავნილებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ აშშ, ნატო და, ზოგადად, დასავლური სამყარო, თავისუფალ დემოკრატიულ არჩევნებს ელოდება ჩვენგან.
წინა არჩევნები, რომელმაც საზოგადოებაში არასამართლიანობისა და არადემოკრატიულობის განცდა დატოვა, იქნა აღიარებული.
ამიტომ, მთავარი საკითხია - ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რა კრიტერიუმებით შეაფასებს დასავლეთი სამართლიანობასა და დემოკრატიას? უფრო მკაცრი კრიტერიუმებით მოეკიდება და შეაფასებს მას ისე, როგორც საკუთარ ქვეყანაში აფასებს, თუ წინა არჩევნების მსგავსად, საქართველოსთან მიმართებაში, სხვა კრიტერუმებს გამოიყენებს.




–რა შემთხვევებში შეიძლება არჩევნების შეფასებისას მკაცრი კრიტერიუმები არ გამოიყენოს დასავლეთმა და შესაძლებელია თუ არა, კონკრეტულ დარღვევებზე თვალი დახუჭოს?


– ერთ მხარეს, აშშ სტრატეგიული ინტერესებია და მათთვის არ არის სულერთი, თუ რა ტიპის ღირებულებების მთავრობა იქნება საქართველოს ხელისუფლებაში და, მეორე მხრივ, საყოველთაოდ აღიარებული ფასეულობებია, რომ ქვეყანაში უნდა იყოს რეალური დემოკრატია. თუ გავითვალისწინებთ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნებს, საქართველო ჯერ კიდევ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად ითვლება. ამიტომ ნებისმიერს შეუძლია გააკეთოს დასკვნა, თუ რა ტიპის მხარდაჭერასა და დამოკიდებულებაზე შეიძლება იყოს საუბარი.
ვფიქრობ, რომ აშშ ერთგვარი ოქროს შუალედის გამოძებნას შეეცდება მის სტრატეგიულ ინტერესებსა და დემოკრატიის იდეალების ერთგულებას შორის. როგორი იქნება ეს ბალანსი, ამას ვნახავთ ოქტომბერში.


კლინტონის ერთ–ერთი მესიჯი, რომელიც მან დაუტოვა ოპოზიცას - აშშ-ს სურს მომავალი პარალამენტი მრავალპარტიული იხილოს, ხომ არ გულისხმობს იმას, რომ მათ პარლამენტში სურთ იხილონ კოალიცია „ქართული ოცნება,“ ასევე სხვა პარტიის წარმომადგენლები და „ნაციონალური მოძაობა“ .
დაუჭერენ თუ არა ისინი მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ ისევ უმრავლესობით მოსვლას პარლამენტში, დამოკიდებულია სტრატეგიულ კონიუნქტურაზე.
თუ  სააკაშვილი და მისი გუნდი, დღეს არსებული კურსის გამო, დასავლეთისთვის შეუცვლელი  აღმოჩნდება, მაშინ ვვარაუდობ, რომ, რაღაც სახის დარღვევებზე თვალის დახუჭვა მოუწევთ.




-ჩიკაგოს სამიტამდე ბევრს საუბრობდნენ ნატოსა და რუსეთის ურთიერთობებზე. შეიცვალა თუ არა რუსეთთან ურთიერთობა.  როგორია საქართველოს მიმართ ალიანსის პოზიცია?

–აპატურაის ვიზიტი, რომელიც კვალდაკვალ მოყვა კლინტონის ვიზიტს, ნატოსა და აშშ-ს მკაფიო მესიჯი იყო ამიერკავკასიის რეგიონში საკუთარი ინტერესების შესახებ, რომ ეს არ არის მარტო რუსეთის გავლენის სფერო.
ამ ვიზიტების ერთ–ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ასევე მოსალოდნელი გართულებები ირანთან. მართალია, ამის თაობაზე არაფერი თქმულა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს თემები აუცილებლად იქნებოდა დახურულ კარს მიღმა განხილული.

რაც შეეხება ნატოსა და რუსეთის ურთიერთობებს, მოგეხსენებათ, რომ ულიანოვსკში გაიხსნა ნატოს ტრანზიტული სამხედრო ბაზა, რომლითაც ტვირთების ავღანეთში გადატანა მოხდება. ეს არის ფაქტობრივად, გარღვევა, ნატოსა და რუსეთის ურთიერთობაში სერიოზული წინსვლა, რაც, რამდენიმე წლის წინ, წარმოუდგენელი იყო.
რუსეთი წინააღმდეგია ნატოს გაფართოების, - ეს რიტორიკაა, მაგრამ ეს არ უშლის ხელს მათ პარტნიორობას.
საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი საკმაო ხნით არის გადადებული. აპატურაიმ პირადად დაადასტურა, რომ საქართველოში კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მათ შორის, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარება, გასაუმჯობესებელია არსებული, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ფონი და ა.შ.
დღეს, ნატოში საქართველოს მიღებით, ისინი უფრო მეტ პრობლემებს შეიქმინიან, ვიდრე სარგებელს.

-აპატურაი შეხვდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, გაეცნო სასამართლო გადაწყვეტილებებს. რა გავლენას იქონიებს ეს პროცესებზე?

–აპატურაი არ არის იმ დონის ფიგურა, რომ რამე საკვანძო გადაწყვეტილების მიღება შეეძლოს, მაგრამ მისი ძირითადი ფუნქცია არის ინფორმაციის შეგროვება და ალიანსამდე მიტანა. მან პირდაპირ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში იკვეთება პოლიტიკური ზეწოლის  ნიშნები და ამით გაკვირვებული დარჩა. ეს, სავარაუდოდ, ხელისუფლებაზე სასიკეთო გავლენას არ მოახდენს, რადგან ბრიუსელში კიდევ ერთხელ ნახავენ, რომ დემოკრატიისა და სასამართლო დამოუკიდებლობის კუთხით, სერიოზული პრობლემები გვაქვს.
სასამართლოს დამოუკიდებლობასა და სხვა დემოკრატიულ ღირებულებებზე, ჩიკაგოს სამიტის დეკლარაციაში საგანგებოდ ჩაიწერა. საქართველოს გარდა, არც ერთი ასპირანტი ქვეყნის მიმართ ეს არ თქმულა. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ჩიკაგოს სამიტის დეკლარაცია–რეკომენდაცია ყურად არ იღო.

–აპატურაიმ  საგარეო საქმეთა მინისტრთან რეგიონულ უსაფრთხოებაზეც ისაუბრა. რა მდგომარეობაშია ამ კუთხით საქართველო და რა როლს ასრულებს ის რეგიონში?

–აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს, როგორც რეგიონული ლიდერის როლი, საკმაოდ დაკნინდა. საკუთარი გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო გარკვეულ როლს ასრულებს, მაგრამ როგორც ლიდერმა  სახელმწიფომ, მან ამჟამად ფუნქცია დაკარგა. უფრო სწორად, აგვისტოს მოვლენების დროს, რუსეთმა ეს გავლენა შეუზღუდა.

–ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, თუ არსებობს საქართველოს კონფლიქტში ჩაბმის საფრთხეები?

- ამ კონფლიქტში საქართველოს რაღაც ფორმით ჩათრევის პოტენციური საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა, რა ფორმით მოხდება ეს, ამის თქმა ძნელია, რადგან მას აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა  და სომხეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა აკავშირებს.

თუ კონფლიქტის ესკალაცია მოხდა, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნიდან, საქართველოს ტერიტორიას შეიძლება ლტოლვილების ნაკადი მოაწყდეს.
ვფიქრობ, რომ საქართველოს ამ კონფლიქტში ჩათრევით, რუსეთი შეიძლება იყოს დაინტერესებული. შესაძლოა, აქ მოხდეს შიდა არეულობები.
კონფლიქტთან დაკავშირებით, დიდი  სიფრთხილე მართებს ხელისუფლებას, ამიტომაც ის მისგან უნდა დისტანცირდეს და ნეიტრალური პოზიცია დაიჭიროს. ამავდრულად შესთავაზოს გარკვეული ჰუმანიტარული დერეფანი, მაგრამ თუ კონფლიქტმა ესკალაცია განიცადა, არა მგონია, ეს გამოუვიდეს. ამიტომაც დაზუსტებით ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, ამ ეტაპზე, ძნელია.

ესაუბრა იზა სალაყაია

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED