„А я сожаю алюминевые огурцы “ ანუ მე და ჩემი გამბიელი მეგობარი

2012.06.11 ავტორი:

როკერას ბლოგი

დღეს არაბები დაქორწინდნენ. ახლა ქვევით ხმაურობენ - ერთობიან, როგორც შეიძლება გაერთო ამ პირობებში. მთელი ბანაკია შერკებილი. ალბათ, ჩემს გარდა. 23.00 საათამდე ასე იქნება. მერე ჩაჩუმდება აქაურობა. ანუ, 55 წუთში.

ყველას უკვირს, რატომ არ ვურთიერთობ მათთან. მე ერთ გამბიელთან ვმეგობრობ. დღეს ჩვენი ჩვეული რიტმი დაირღვა - ანუ, არ გაგვისეირნია ქალაქში, არ მოგვინახულებია ცხოველები, მდინარესთან არ გადაგვიღია ფოტოები, არ გაგვიგრძელებია „ალქიმიკოსის“ კითხვა და ინტერნეტის ოთახში არ წავსულვართ, რომ ნიგერიული ფილმები და სენეგალელი მუსიკოსების კლიპები გადმოგვეწერა, მეგობრებს არ დავლაპარაკებივარ...

 

გუშინ ცუდ ხასიათზე ვიყავი და დღეს სადილზე და ვახშამზე რომ არ გამოვჩნდი, შეშფოთებულმა ბევრჯერ მომაკითხა. მე მხოლოდ ერთხელ ვუპასუხე და ვუთხარი, რომ მარტო მინდოდა ყოფნა - Katerina, what’s problem, tell me. მითხრა კარებიდან. არ ვუპასუხე. ყველაზე მეტად რაც არ მინდა ახლა, ჩემზე ზრუნვაა - ასეთ დროს უფრო უსუსური ვხდები.

 

ხვალ ვეტყვი, რომ მინდა ჩემს სამშობლოში, ჩემს ოჯახთან, ჩემს მეგობრებთან და დავამატებ, რომ ეს არ შემიძლია, იმიტომ, რომ მეშინია იქ!...

 

აუცილებლად დავამატებ, რომ ჩემი ქვეყანა ყველაზე ლამაზია და ძალიან მიყვარს, რომ არასდროს მიფიქრია იქიდან გაქცევაზე. იმას არ ვეტყვი, რომ ის, როგორც სახელმწიფო ვერ შედგება ვერასდროს, მხოლოდ იმის გამო არა, რომ ხელისუფლებას კიდია თავისი ხალხი, იმიტომ, რომ ხალხსაც არ გააჩნია მოქალაქეობრივი ვალდებულებები საკუთარ თავთან, სხვებთან და სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომ იქ, სადაც მინდა ვცხოვრობდე და ჩემს საქმეს ვაკეთებდე, ამოვარდნილ მაჯისცემასავით ვართ მე და ცოტა ჩემნაირი.

 

ბევრი გაიქცა, იმიტომ, რომ თავით კარების მტვრევას აზრი არა აქვს - კარი აუცილებლად გაგიტახავს თავს. არ ვეტყვი იმიტომ, რომ ვერ გაიგებს... მის ქვეყანაში განგსტერები ცხოვრობენ, უკიდურესი სოციალური ფონია და, ალბთ, ხალხს საკუთარი აზრის გამოთქმისთვის არც სცალია ან არ იციან, რას ნიშნავს გაგაჩნდეს საკუთარი აზრი. პოლიცია იქაც ისეთია, როგორც ჩემს სამშობლოში - შეუძლიათ ესროლონ მოქალაქეს და მოკლან დღისით, მზისით. საბაბების, მიზეზებისა და საფუძვლის გარეშე.

 

დავადგინე, რომ ადამიანები, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, ერთ ენაზე ლაპარაკობენ. ბოლო დღეები ამაზე ვფიქრობ - ეს როგორ მოხდა, რომ  ჩვენ და სადღაც, აფრიკის ხალხს ერთი გონებრივი წარსული და გამოცდილება გვაქვს, რატომ ვამბობთ, რომ სიზმარში თუკი ტირიხარ - ეს კარგია, რომ კბილის ამოღება - ცუდია, რომ ყვავი თუ დაგჩხავლებს - ცუდ ამბავს გაიგებ, რომ თუკი მარჯვენა ხელისგული გექავება - ფულს მიიღებ.

 

ჩემს გამბიელ მეგობარს მოჰამედ კამარა ქვია. თავის ქვეყანაში ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო ფეხბურთში. მამა განგსტერებმა მოუკლეს. ამ ამბიდან სამი თვის მერე იმ განგსტერს მიუვარდა იარაღით და წუხს რომ ვერ მოკლა და მხოლოდ დაჭრა. შემდეგ პოლიციას გამოექცა. ახლა აქ არის. მერე შვედეთში აპირებს გადასვლას. შვედეთის მერე პოლონეთში. საქართველოში თუ დაბრუნდები, მეც გამოგყვებიო, მეუბნება. მე მეღიმება ამაზე. შენ წადი და ჩემი მეგობრები ზუსტად ისე მოგექცევიან, როგორც მე-მეთქი. უკვირს - შენ არ იქნები და შენს მეგობრებთან შეიძლებაო მისვლა?! მე ვუდასტურებ, მაგრამ ვხედავ, არ სჯერა.

მოჰამედი

 

აქ მოსვლიდან ათ დღის მერე დავილაპარაკე პირველად - ერთ ქალს გამოველაპარაკე. ჩეჩენი აღმოჩნდა. აქ მუშაობს. ქართველი მეგობარი ყოლია. იქნებ იციო, ვერ ვპოულობს - მზია ქვიაო, გვარი არ იცის. მზია და მისი ქმარი ჩეჩნეთის ომის დროს ინგუშეთში დადიოდნენ თურმე. ქმარი ლტოლვილებისთვის სახლებს აშენებდა, მზია მათ საჭმელს უმზადებდა. მიხარია, რომ ქართველზე მონატრებით მიყვებიან...და ჩეჩენი ზულია ჩემიანი ხდება. ის აქ უკვე დიდი ხანია დასთან ერთად  ცხოვრობს. ომის დროს მამაჩემი ჩემს თვალწინ დაასაჭურისესო რუსებმა, მერე სახლში მოუშარდავთ და ყვიროდნენ თურმე: ესენი ველურები არიან და ვითომ ტყეში ვართო. ზულიას ერთისთვის უსვრია, მაგრამ აუცილებია. ამისათვის მასაც ესროლეს და ფეხში დაჭრეს -  მეთაურმა არ დაანებაო ჩემი მოკვლა. მერე ინგუშეთში გადაიხვეწნენ. მამა დარდისგან დაიღუპაო და თვითონ კი, დატოვეს სამშობლო. მე არ მეკითხება, რატომ ვარ აქ. მისი ფრაზაა: „მთავარია არ გვცემონ“.  ყოველდღე არ მორიგეობს - მიხარია, როცა ვხედავ.

 

სამასამდე ადამიანია ამ ბანაკში. აქედან საახლოებით ათნი ვართ თეთრკანიანი. ოთხი ყაზახეთიდანაა. დანარჩენები ბელორუსიდან. თუკი მსოფლიომ აღიარა რომ ლუკაშენკო დიქტატორია, რატომ არ აძლევენო ბელორუსებს  თავშესაფარს - კითხა ახალგაზრდა ბელორუსმა შეხვედრისას ერთ-ერთ არასამთავრობოს წარმომადგენელს. მან კი უბრალოდ სტატისტიკა მოახსენა, რომ ბოლო ოთხი წელია ამ ქვეყანას არ მიუცია ბელორუსებისთვის თავშესაფარი. ჰოლანდიაში  მითხრეს, თუკი ნარკომანი არ ხარ C ჰეპატიტის პროგრამაში ვერ მიგიღებთო და იქნებ ლოგიკა ამიხსნათო. ისევ ეკითხება ახალგაზრდა ბელორუსი. ამაზე პასუხი ასეთია: ყველა ქვეყანა თვითონ ირჩევს პრიორიტეტებს - რა კატეგორიას მისცესო თავშესაფარი და როგორ. გასაგებიაო, ახალგაზრდა ბელორუსმა. მე ვერ გავიგე.

 

დანარჩენები  აფრიკიდან არიან: სომალი, ერიტრია, ნიგერია, ეტიოპია, სენეგალი.... მოჰამედის მეგობარი ნიგერიელია - ერთად ცხოვრობენ ოთახში. მოჰამედი ამბობს, რომ ნიგერიელების და სენეგალელების მეტი არავინ მოსწონს. შენო? - მეკითხება. მე არ ვიცი. მე არავისთან მქონია ურთიერთობა და ჩემთვის ყველა აფრიკელია. აფრიკა კი იმ მუსიკის ქვეყანაა, რომელმაც შემდეგ ევროპულ მუსიკასთან სინთეზით ჯაზი და ბლუზი შექმნა. ის არ უსმენს ჯაზს და ბლუზს. და ვცვლით მუსიკებს თანმიმდევრობით - ერთი ჯაზი ჩემი, ერთი რეგეი მისი. ერთი ბლუზი ჩემი, ერთი არ ენდ ბი მისი. ერთი მეტალი ჩემი, ერთი ჰიპ-ჰოპი მისი...

 

ნიგერიაზე ჩემს ისტორიას ვუყვები. რომ ამერიკელი გენერლის სახელით დამიკავშირდა ერთი ტიპი, მერე მისი 15 წლის შვილი ალექსი, რომელიც მეუბნებოდა, რომ მას დედა არ ყავს და უნდა, რომ მე ვიყო მისი დედა. რომ მამა მალე მორჩება ავღანეთში მსახურს და ერთად ჩამოვლენ და ერთად ვიცხოვრებთ. მერე  გენერალმა მამამ გამაცნო თავისი გეგმები, როგორი სახლი უნდა ქონდეს, როგორი ცოლი გონია რომ ვიქნები, როგორ მოვუვლით ერთად მის ალექსს. მოვუყევი, როგორ განვიცდიდი, როცა ეს ტიპი მიყვებოდა თალიბებთან შეტაკების ისტორიებს, სადაც სასწაულებრივად გადარჩა და ა. შ. როგორ ვეძებდი ალექსის დაბადების დღისთვის საჩუქარს - კატას ლონდონის (სადაც ცხოვრობდა ბავშვი) ვებ გვერდებზე. შემდეგ, მოვუყევი, როგორ დავეჭვდი ერთხელ ამ კაცის არსებობაში, გამოვიძიე ყველაფერი და აღმოვაჩინე, რომ არანაირი ალექსი არ არსებობს, რომ ამერიკელი ჯარისკაცის მაგივრად, თურმე ნიგერიული მაფიის ერთ-ერთი თაღლითი მელაპარაკებოდა, რომელსაც ბოლოს მხოლოდ ის, მოვწერე, რომ სამი ასოსკენ წასულიყო. გასაგებად მოგიყევი? ვეკითხები. ცოტა გავიგეო და ეცინება - მასაც ქონია მსგავსი ისტორია.

 

გარეთ ვისხედით (ტელევიზორის ოთახის უკან). 12 წლის იბრაჰიმი (რომელიც ველოსიპედით სეირნობს) ეძახის მოჰამედს,  ჩვენ გავხედეთ და ის ამოყირავდა. ვიცინეთ. მერე ერთი აფრიკელი მოვიდა და ჩვენთან დაჯდა. საიდან ხარო, მეკითხება. როცა ვინმე რამეს მეკითხება, ვგრძნობ, როგორ იძაბება მოჰამედი. არ ვიცი რატომ. ვპასუხობ, საქართველოდან-მეთქი. მე რუკა დათვალიერებული მაქვს და ასეთი არ შემხვედრიაო - მეუბნება. თავდაჯერებულია და ერთი ნაცნობი მუსიკოსის მანერები აქვს: შეიძლება არ არსებობს მეთქი. გამომცდელად მიყურებს. მე ვუღიმი. ის დარწმუნებულია საკუთარ ცოდნაში. მე მას ვეთანხმები.

 

მოჰამედს თემა სხვაზე გადააქვს - ოსლოში გვინდაო წასვლა. ახალმოსულ აფრიკელს ვაკვირდები - როგორ შეიძლება ადამიანები ასე გავდნენ ერთმანეთს: სახის წყობა, თვალების ფერი, თავდაჯერებულობა, ლაპარაკის მანერა. ამაზე ისევ საქართველო მომდის - ჩემი წამოსვლა. ბევრი მუსიკოსის რეაქცია ჩემს ისტორიაზე. ბევრი ლიტერატორის რეაქცია ჩემს ისტორიაზე. და კიდევ ერთხელ ვფიქრობ იმას, რომ ხელოვნება არ არის თვითშექმნის გარანტი. რომ ისინიც, ისევე როგორც სხვა დანარჩენი, მატარებელი არიან იმ წარსულის, რომელმაც ქრონიკული შიში დათესა და საიდანაც, ისევე, როგორც დანარჩენი საზოგადოება, ვერ გამოვიდნენ. ამიტომ ვერ შედგნენ და საბოლოო ჯამში, მხოლოდდამხოლოდ ბანალური კომფორმისტები არიან, მეტი არაფერი. ამიტომ მოკვდა როკ ენ როლი საქართველოში. ამიტომ არ იწერება საინტერესო ლიტერატურა. როგორც ლადომ (ბურდულმა) იცის თქმა, ამ ადამიანებს თავგადასავლების ეშინია, ამიტომ არიან უინტერესოები. მანქანა ვიშოვე და ხომ წავიდეთო ხვალ ოსლოში, მეკითხება მოჰამედი. კი-მეთქი, მაგრამ დღეს ყველაფერი ამერია.

 

ბანაკი

აქ ძირითადად, სოციალურ გაჭირვებას გამოქცეული ხალხია, რომელსაც ცხადია, განათლებაც არა აქვს მიღებული. ამ ადამიანების ხარჯზე ნორვეგიის მოსახლეობა 2,5 %-ით იზრდება ყოველ წელს. ნორვეგია ჩემთვის ის ქვეყანაა, რომელიც ვერ გავიგე მთელი თავისი ისტორიით (განსაკუთრებით ბოლო 6 საუკუნის). ხალხი ძალიან ყურადღებიანია - ისეთი, რომ თავიდან მეგონა, უბრალოდ, ტონი ქონდათ ასეთი. მერე მივხვდი, რომ პრობლემა ჩემში იყო - მე მსგავსი სახელმწიფო და სამოქალაქო გამოცდილება არა მაქვს და ამიტომ გამიკვირდა თანაგრძნობა, გამიკვირდა გაფრთხილება, რომელსაც  სამთავრობო და არასამთავრო სექტორიდან ერთნაირად გრძნობ. ხალხი კეთილგანწყობილი და კონტაქტურია -  თვალი თვალში თუ მოგიხვდა, გესალმებიან და გეკითხებიან, როგორ ხარო. ქუჩაში რომ დადიხარ, გგონია, ის ვარსკვალვი ხარ, გუშინ ცენტრალურმა ტელევიზიამ რომ აღმოაჩინა და გააცნო ქვეყანას.

 

არ ვიცი რატომ, აქ ადამიანები მხოლოდ იმას ეკითხებიან ერთმანეთს, როდის აქვთ ტრანსფერი. ისტორიები ტაბუდადებულია. მე ისედაც უცხოპლანეტელივით ვარ - ადამიანებთან არ ვურთიერთობ ნიშნავს, მოვლენების ეპიცენტრს აცდენილი ვარ.

 

გუშინ ტყეში გავისეირნეთ მე და ჩემმა გამბიელმა მეგობარმა - ჩვენგან დაახლოებით 200 მეტრშია, მდინარის გადაღმა. მაიმუნებს საჭმელი დავუყარეთ და მდინარის პატარა ხიდებზე ვისხედით. სამი კვირის წინ აქაურობა  „ჯადოსნურ მთას“ მაგონებდა - როცა თოვლი იდო. შენ იცი ვინ არის Cocoa Tea - მეკითხება მოჰამედი. მე ვეუბნები, რომ პირველად მესმის ეს სახელი. სამაგიეროდ შენ ნინა სიმონე არ იცოდი ვინ იყო - ორი დღეა Cocoa Tea-ს და ნინა სიმონეს ამბავს ვახსენებთ ერთმანეთს. მოუსმინე რეგეის - ყველაფერი მარტივი გახდებაო შენს ირგვლივ. მუსიკას დიდი ძალა აქვს, მსუბუქი გახდებიო უფრო. და მარიხუანაზე მეპატიჟება. უკვირს, რომ არ ვეწევი.

 

ახლა ცოის ვუსმენ... თუთიის კიტრებზე მღერის. ამაზე ისევ ჩემი ქვეყანა მახსენდება. იქაც  თუთიის კიტრებს თესავენ. სიმღერისგან განსხავებით, ყველას აჯერებენ შემდეგ, რომ მოსავალსაც იღებენ და ჩვეულებრივ კიტრს - ფასით, ეკონომიურობით, ნაკლები შრომით სჯობს და ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა.

 

მე მიყვარს ჩემი ქვეყანა - კაფკას კარგი მასალა ექნებოდა ახალი რომანისთვის.

 

დღეს ოსლოში უნდა წავსულიყავი, მაგრამ მთელი დღე ოთახში ვზივარ...

 

 

 

 

 ამავე თემაზე:

როკერა: „მე ვცხოვრობ ქვეყანაში, რომელსაც მორალი არ გააჩნია“

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED