სააკაშვილის ახირებას შეწირულნი

2012.06.08 ავტორი:

ქუთაისური მორიგი ტრაგედიის გაგების მერე ერთი კითხვა მაწვალებს: ღირდა თუ არა ქუთაისში პარლამენტის გადატანის შესახებ პრეზიდენტის ეს უაზრო ახირება 3 ადამიანის სიცოცხლედ და ჩვენი ჯიბეებიდან გადახდილ 80 მილიონამდე ლარად?!

Georgian President Mikhail Saakashvili is seen before a conference of the strategic forum in Bled August 25, 2007. REUTERS/Srdjan Zivulovic (SLOVENIA)

REUTERS/Srdjan Zivulovic (SLOVENIA)

რაში მდგომარეობდა პარლამენტის შენობის გადატანის პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური თუ სოციალური მიზანშეწონილობა, არავინ იცის.

 

რა ეკონომიკური ეფექტის მომტანი იყო აღნიშნული პროექტი ქვეყნისთვის? ვის მოუგვარებდა ის სოციალურ პრობლემებს? რამდენად მოაგვარებდა ის დასაქმების პრობლემას ქვეყანაში და საერთოდ, რა აუცილებლობით იყო განპირობებული ეს გადაწყვეტილება? იყო თუ არა ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის ამ დამატებითი ხარჯის გაწევა მიზანშეწონილი? სჭირდებოდა თუ არა ქუთაისელებს ჩაბურულმინებიანჯიპიანი, გაქსუებული კანონმდებლების ახლოდან დანახვა, როცა მათთან შეხვედრა და დაკავშირება, პრაქტიკულად შეუძლებელია? რა სისიტემურ პრობლემას აგვარებდა შენობის ადგილმონაცვლეობა?

 

არც ერთ მათგაზე პასუხი ხელისუფლებისგან არ არსებობს და ერთპიროვნული გადაწყვეტილების სავალალო შედეგები სახეზეა.

 

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

 

ქუთაისის მაჟორიტარმა აკაკი ბობოხიძემ, სამი წლის წინ, მოულოდნელად პარლამენტის ქუთაისში გადატანის შესახებ ინიციატივა გაახმოვანა. ორი დღის მერე სააკაშვილი ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად ქცევის იდეას მიესალმა: -"შემდეგი მოწვევის პარლამენტი, პლენარულ სესიებზე იკრიბებოდეს უკვე მხოლოდ ქუთაისში”. (2009 წლის 20 ივლისი)

 

არგუმენტი კი იყო ასეთი:

 

"პარლამენტის გადასვლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წყალტუბოსთვის, ბაღდადისთვის, ვანისთვის, ხონისთვის, უშუალოდ ქუთაისის გარშემო რეგიონებისთვის, ბუნებრივია, მთელი იმერეთისთვის, მთლიანად დასავლეთ საქართველოსთვის და, რა თქმა უნდა, მთლიანად საქართველოსთვის“(მიხეილ სააკაშვილი 22 ნოემბერი, 2011წ). თუმცა, "მნიშვნელობის" მნიშვნელობა მას არ დაუკონკრეტებია.

 

ბობოხიძის მიერ გახმოვანებული პრეზიდენტის ახირება, რამდენიმე ხანში, საკონსტიტუციო ცვლილებით გამყარდა. არც ამ შემთხვევაში უკითხავთ მოსახლეობისთვის, უნდოდა მას 80 მილიონამდე (საიას ინფორმაციით, მშენებლობისთვის სახელმწიფო და ქ. ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 73 775 300 მილიონი ლარი დაიხარჯა -ავტ) ლარის ამ მიმართულებით დახარჯვა, თუ ამ თანხით რამდენიმე ათეული ან ასეული უწამლოდ და მკურნალობის გარეშე დარჩენილისთვის დახმარება ერჩივნა. არავინ იცის ზუსტი სტატისტიკა, მკურნალობისათვის აუცილებელი თანხების არქონის გამო, რამდენი ადამიანი კვდება დღეს საქართველოში და რამდენი მკურნალობაში გადახდილი კოლოსალური თანხების გამო კოტრდება.

 

ერთპიროვნული გადაწყვეტილება კვლავ ასე ჟღერდა: "ჩვენ უკეთ ვიცით, რა გინდათ!" - ისევე, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში - ფოთის პორტის(და მის მსგავსად ბევრი სხვა ობიექტის) ერთ პირთან მოლაპარაკებით, როგორც ექსპერტების განმარტავენ, ეკონომიკური გათვლების გარეშე გაყიდვის, ანაკლიაში ბიუჯეტიდან სასტუმროების მშენებლობებისა და ლაზიკის ამჟამინდელი მორიგი ახირებით დასრულებული.

 

„მე მინდა ყველა იმ მოღვაწეს, პოლიტიკოსს თუ არა პოლიტიკოსს ვუთხრა ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე – მათ ვისაც არ ესმის ქუთაისის ისტორიული და პოლიტიკური მნიშვნელობა მათ საერთოდ არ ესმით საქართველო. მათ ვისაც არ ესმის რატომ გადმოგვაქვს პარლამენტი ქუთაისში, ის საერთოდ ვერ ხვდება საქართველოს მომავლის ლოგიკას და მას რა თქმა უნდა არ აქვს გააზრებული ჩვენი ისტორია და ქუთაისის მნიშვნელობა ერთიანი საქართველოსთვის”, – ბობოქრობდა პრეზიდენტი გასული წლის ნოემბერში.

 

ქუთაისს პარლამენტის შენობის აშენებამდეც ჰქონდა ის მნიშვნელობები, რის მინიჭებასაც პრეზიდენტი აღნიშნული შენობით ცდილობდა მისთვის, რაც ისეთივე ახირებად ჟღერდა, როგორც მანამდე, პარლამენტისთვის ადგილის შერჩევა და ამ ადგილას, მერაბ ბერძენიშვილის ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალის ნგრევის შესახებ ასევე ერთპიროვნული გადაწყვეტილება.

 

დემონტაჟის განმხორციელებლმა კომპანიამ მაშინ ერთკვირიანი ვადა მოითხოვა, თუმცა პრეზიდენტის სიტყვიერი ბრძანებით, 46 მეტრი სიმაღლის მონუმენტის ნგრევა დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო, რათა ოპოზიციას დიდხანს არ "ეყიყინა".

 

ბრძანების სწრაფად აღსრულების მოთხოვნამ, განაპირობა ის, რომ დემონტაჟის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის გაფრთხილება, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვა  და პროცესის გაკონტროლება სათანადოდ ვერ მოხერხდა. სისწრაფესა და წინდაუხედაობას, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები დედა-შვილის - 42 წლის ეკა ცუცხვაშვილისა და 11 წლის ნინო ჯინჭარაძის სიცოცხლე შეეწირა.

 

ეს ამბავი მაშინ მშენებლობის სტანდარტის დაუცველობას დაბრალდა და პასუხისგებაში რამდენიმე პირი მიეცა. პრეზიდენტის გაუაზრებელ გადაწყვეტილების გამო პროტესტი ერთი-ორი ცალკეული აღშფოთებით დასრულდა.

 

რაში მდგომარეობდა მაინც და მაინც იმ ადგილის განსაკუთრებულობა და საკრალურობა, ძნელად თუ მოუძებნის ვინმე ახსნას. ვიცით, უბრალოდ, რომ პრეზიდენტმა ასე ბრძანა...

 

-"პრეზიდენტი რა შუაშია, ვიღაცამ თუ დაუდევრობა გამოიჩინა?!" - ასეთი იყო ხელისუფლების მხარდამჭერთა არგუმენტი იმ დროსაც და ახლაც.

 

თუმცა, ეს "ვიღაცა" კი არა, პრეზიდენტის მიერ დამკვიდრებული სტანდარტი -  სიმბოლური თარიღების დამთხვევისა და მხოლოდ პიარის მიზნით სწრაფად ჩატარებული სამუშაოების გამო დაკარგული ხარისხია.

 

ერთპიროვნული გადაწყვეტილება რომ არ ვარგა და ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ, საკუთარ მოსახლეობასთან  კონსესუსის მიღწევა რომაა საჭირო, ამას მხოლოდ დემოკრატი მმართველები აცნობიერებენ და ამისათვისაა მოგონილი მართვის ეს სისტემაც, რადგან ის, ერთი მხრივ, ერთპიროვნული გადაწყვეტილებების არასასურველი შედეგის სიმძიმისა და პასუხისმგებლობისგან დამცავია და, მეორე მხრივ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა პასუხიმგებლობით ჩართვის სტიმულატორია. თუმცა, არც ერთი მათგანის ნიშანწყალი ჩვენთან არ შეინიშნება, რაც დემოკრატიაზე ნამდვილად არ მიუთითებს.

 

ერთპიროვნული გადაწყვეტილებებითა და პიარაქციებით ცნობილ სააკაშვილს, მართვის სტილისთვის არც ამ შემთხვევაში უღალატია:

 

„ქუთაისში პარლამენტი რომ არ დაამთავრონ, მერე შეიძლება რამაზ ნიკოლაიშვილს ან ინფარქტი დაემართოს, ან რომელიმე და ბევრმა ადამიანმა თანამდებობით აგოს პასუხი“, - ეს განცხადება სააკაშვილმა პარლამენტის შენობის გახსნამდე 22 დღით ადრე გააკეთა.

 

შენობის გახსნის დღეს -26 მაისს, ის "ამ მცირე ხანში მშენებლების მიერ მოხდენილ სასწაულზე" საუბრობდა. მან შენობა დემოკრატიის სიმბოლოდ გამოაცხადა. "დემოკრატიის სიმბოლო" კი, სიმბოლურად არამყარი აღმოჩნდა.

 

7 ივნისს, პარლამენტის ერთ-ერთი ნაგებობის ჩამონგრევისას ერთი ადამიანის დაღუპვის ფაქტის შემდეგ, პრეზიდენტმა მხოლოდ ერთი დასკვნა გააკეთა, რომ "ჩვენ ბევრად უფრო კარგად უნდა გადავამზადოთ ჩვენი სპეციალისტები“.(ეს განცხადება სააკაშვილმა, ტრაგედიიდან რამდენიმე ხანში, სამძიმართან ერთად გააკეთა)

 

მაქვს მოლოდინი, უახლოეს მომავალში, პრეზიდენტი "სპეციალისტების გადამზადების" რაიმე ახალი პროგრამის იდეას წარმოგვიდგენს,  რომელიც სხვა წამოწყებების (დასაქმების, ჯანდაცვის, დაზღვევისა და ა.შ პროგრამები), გაუთვლელობისა და მიზანშეწონილობის შეუსწავლელობის გამო, ჩავარდება.

 

ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მომავალი მსხვერპლიც "პრარაბის" ან დამლაგებლის დაუდევრობას დაბრალდება."პრეზიდენტის ალიბს"  სამივე არხი ერთხმად განამტკიცებს და ისევ მსგავს გაუაზრებელი და ფატალური შედეგებით დასრულებულ ახალ-ახალ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. თუმცა, იმედი მაქვს, ისეთივე გაუაზრებელსა და უმძიმესს აღარ, როგორიც 2008 წლის აგვისტოს ომში, მოსალოდნელი შედეგების გაუთვალისწინებლად ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება იყო.

 

ელისო ჯანაშია

 

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED