"შაშკინის სიკეთე" - სიყვარულსა და ქორწინებაში გამართლებულებს

2012.06.06 ავტორი:

განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინის ინიციატივის - მრავალშვილიანი ოჯახებისთვის უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების დარიგება, პირველ ქორწინებასა და სიყვარულში გამართლების პროპორციულია. სანამ ამ ჰიპოთეზას განვმარტავდე, მანამდე თანმიმდევრობით მოგიყვებით, რა გადამხდა სამშვილიან დედას, კუთვნილი "შაშკინის სიკეთის" მოთხოვნისას. 

შაშკინის აღნიშნული ინიციატივა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რამდენიმე დღის წინ გაახმოვანა.

 

დახმარება გათვალისწინებულია იმ ოჯახებისათვის, რომელთა სამი ან მეტი შვილი სწავლობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და ოჯახი ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიას არ მიეკუთვნება.

 

რა თქმა უნდა, ინიციატივა თავისთავად კარგია და დროული, რადგან სამშვილიან ოჯახს მხოლოდ სასკოლო  წიგნები დაახლოებით 500 ლარი უჯდება, ოთხშვილიანს უფრო მეტი და აშ. აქედან გამომდინარე, მინისტრის ამ გადაწყვეტილებას მეც, სამშვილიანი დედა, სიხარულით უნდა შევხვედროდი, რომ არა ის პრეისტორია, რაც ამ ამბის ოფიციალურ განცხადებამდე გადამხდა.

 

საქმე იმაშია, რომ  2 კვირით ადრე სამ და მეტშვილიანი მშობლები სკოლებში დაგვიბარეს, სკოლის დირექტორის სახელზე და უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების მოთხოვნაზე განცხადება დაგვეწერა.

ჩემი განცხადება სკოლის ადმინისტრაციამ  არ ჩაიბარა ერთი მიზეზის გამო, მესამე შვილს ჰქონდა წინა ორისაგან განსხვავებული გვარი, რითაც გამჟღავნდა "რომ ის, სავარააუდოდ, სხვა მამის შვილი უნდა ყოფილიყო". სკოლაში გაიზიარეს ჩემი აღშფოთებაც, წუხილიც და გაოცებაც და მირჩიეს რესურცენტრისათვის მიმემართა.

 

მართლაც, იმავე დღეს, ძველი თბილისის რესურსცენტრს მივმართე, სადაც დამიდასტურეს , რომ სკოლამ მომაწოდა აბსოლუტურად სწორი ინფორმაცია და გასარკვევი არაფერი იყო. განვაცხადე, რომ ეს იყო დისკრიმინაცია, რაზედაც ჩემზე კიდევ უფრო აღშფოთებულმა და შეურაცხყოფილმა რესურსცენტრს თანამშრომელმა მიპასუხა”რა დისკრიმინაციაზე საუბრობთ, როდესაც მინისტრს თქვენისთანა  მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება სურთ და თუ თქვენს შვილებს არ ჰყავთ ერთი და იგივე მამა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვებსაც არ ეყოლებათ  და წიგნებს ისინიც ვერ მიიღებენ.”

 

ამის შემდეგ განცხადებით მივმართე განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინს,მოვითხოვე  დაესაბუთებინა უარის მიზეზი და მიეთითებინა  ბრძანება, რომლითაც ეს უცნაური ინიციატივა დააკანონა.

 

განცხადების ჩაბარებიდან 2 კვირის შემდეგ განათლების სამინისტროს ტელეფონით დავუკავშირდი. დაინტერსედნენ, რაში მდგომარეობდა ჩემი პრობლემა, თუ ნამდვილად მყავდა სამი შვილი, სამივე სკოლის მოსწავლე.

 

-ბავშვები ხომ ერთ სკოლაში სწავლობენ?

-სწავლობენ

-ხომ არ ხართ ქონების გადასახადის გადამხდელი?

-არა

-აბა, რატომ შეიქმნა პრობლემა?

-მესამე შვილს სხვა მამა ჰყავს.

-ააა... სამწუხაროა.

 

იმ იმედით, რომ რამე შეიცვლებოდა მეორედ მივედი სკოლაში, სადაც მიპასუხეს, რომ ამ მხრივ  არაფერი შეცვლილა და ”ბედნიერ მარავალშვილიან მშობელთა”რიგებში კვლავ ვერ მოვხვდი.

 

2 ივნისს, როგორც ირკვევა, სამინისტრომ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან და ოფიციალურ ვებგვერდზე მიუთითა, რომ  ბავშვები აღარ არიან შეზღუდული ერთი და იმავე სკოლით, რაც შეეხება საერთო მშობლებს, ეს დათქმა ბიბლიურ  მცნებასავით ურყევია და მისი გადახედვა არც იგეგმება.

 

ოფიცალურად, განათლების სამინისტრო არაფერს ამბობს იმ დათქმაზეც, რომელიც მშობლების შემოსავალს ეხება. სკოლაში აგვიხსნეს და გვიჩვენეს ა-4 ის ფორმატზე ამობეჭდილი ნუსხა,  სადაც ერთ-ერთ პუნქტად მითითებულია, რომ მშობლების წლიური შემოსავალი(ცალ-ცალკე)არ უნდა აღემატებოდეს 40 ათას ლარს. ანუ თუ მშობლებს თვეში დაახლეობით 4 ათასი ლარი აქვთ ცალ-ცალკე, ორივეს კი 8 ათასი, სრული უფლება აქვთ უფასო წიგნები "იჩუქონ".

 

ხოლო ოჯახები, რომლებსაც ათჯერ და ოცჯერ ნაკლები შემოსავალი აქვთ, და ამავე დროს, პირველ ან მეორე ქორწინებასა ან სიყვარულში არ გაუმართლათ, "შაშკინის სიკეთით" ვერ ისარგებლებენ

 

 ეკა ალფაიძე

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED