ბატონო ბიძინა, თქვენ ვალდებული ხართ, დამარწმუნოთ!..

2012.06.04 ავტორი: ელისო ჯანაშია

27 მაისის აქციაზე გამოსულთათვის რომ გეკითხათ, რატომ იყვნენ იქ, აბსოლუტური უმრავლესობა იტყოდა, რომ ხელისუფლება არ მოსწონს. თუმცა, ძალიან გაუჭირდებოდა კითხვაზე პასუხი: რა მოსწონთ მათში, ვისაც მხარს უჭერენ ამჟამად?

ბოლო პერიოდში, ბევრი ჩემს ირგვლი მყოფი ადამიანის მოსაზრებების მოსმენისას მიჩნდება განცდა, რომ მათ არასწორად ესმით ივანიშვილის მესიჯები, ან ეს უკანასკნელი "ამესიჯებს" არასწორად, ან მე არ მესმის არც ერთის.

 

მათი მოლოდინები დაახლოებით ამგვარია: გახსნის ფაბრიკა-ქარხნებს და დაასაქმებს ხალხს; გახსნის რუსეთის საზღვარს და გვექნება მეზობელ ქვეყანასთან ვაჭრობა და კომუნისტების დროს იხსენებენ; სოფლის მეურნეობაში ჩადებს 1 მილიარდს და აყვავდება; ბანკის სესხებს ჩამოგვაწერს, დაწევს საკრედიტო განაკვეთს; აფხაზეთს და ოსეთს დაიბრუნებს; ჯანდაცვა უფასო გვექნება; უსამართლოდ დასჯილებს გაათავისუფლებს; არ მოიპარავს, ისედაც იმდენი აქვს. მოკლედ, არის სამოთხის მოლოდინი, რომელსაც საბჭოთა კავშირი 70 წელი ელოდა, მაგრამ მოგვიანებით ის უტოპია აღმოჩნდა.

 

მოსახლეობის ეს ნაწილი წმინდაწყლის ემოციის გავლენით მსჯელობს და არავითარი ცივი გონებით განსჯა არ ახასიათებს. ეს ხალხი 2003 წელსაც ბრმადმინდობილნი იყვნენ ამჟამინდელ პრეზიდენტის გულის ამაჩუყებელ გამოსვლებს.

 

არსებობს ინდიფერენტული ნაწილიც. ისინი თითქმის არც არიან და გულგრილობითა და ინერტულობით, მუდამ ხელისუფლების საქმეს აკეთებენ.

 

არსებობენ ასევე ადამიანები დიდი გამოცდილებით, რომლებსაც, მართალია არ მოსწონთ ხელისუფლება, მაგრამ ავტომატურად მის მოწინააღმდეგეს არ აფანატებენ. ასეთები არჩევანში ძალიან ფრთხილი და საკმაოდ დაკვირვებულები არიან. ისინი წარსულის გათვალისწინებით, აწმყოს ზომავენ და წონიან და მომავალის პროგნოზს, ამის საფუძველზე აკეთებენ.

ხელისუფლების ზიზღის გამო უპირობო მხარდაჭერის მოწინააღმდეგეების მიმხრობა კი, პოლიტიკოსებმა ძალიან უნდა მოინდომონ.

 

პოლარიზებული ქართული პოლიტიკური სივრცე ამ ტიპის ამომრჩეველს საერთოდ არ ითვალისწინებს. ერთი მხარე აცხადებს, რომ ვინც მისიანი არაა, მისი მტერია, მეორეც ამავე ლოგიკით, მათ მტრად და მოღალატედ აცხადებს.

თუმცა, ოპოზიციისგან განსხვავებით, ხელისუფლებას მაინც აქვს მანიპულირების ბერკეტები, რათა მსგავსი კატეგორიის ამომრჩეველზე ირიბი ზეწოლა განახორციელოს - ბიზნესს შეუქმნას პრობლემა, საჯარო სამსახურში დასაქმებულს გათავისუფლებით დაემუქროს და მათი ნაწილი, თუნდაც მსგავსი იძულების წესით "მიიმხროს".

 

ოპოზიციას კი, მსგავსი კატეგორიის ამომრჩევლის დასარწმუნებლად და გულის მოსაგებად, ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება. მართალია, არავის დაუთვლია, მაგრამ ამგვარი სკეპტიკოსი ამომრჩეველი საკმაოდაა.

 

"სკეპტიკოს ამომრჩეველსაც კი სურს, რომ ვინმესი სჯეროდეს", - ეს თავის დროზე, ციცერონს არჩევნების გამარჯვების ფორმულაში ძმამ დაუწერა.

ამომრჩეველს სკეპტიკოსად, ძირითადად, გამოცდილება, ინფორმირებულობა და ანალიზის უნარი აყალიბებს. შესაძლოა, ამიტომ არ ცდილობს არც ერთი ხელისუფალი, ჰყავდეს ინფორმირებული და განათლებული  ამომრჩეველი.

 

ბოლო პერიოდის ოპოზიციის ქმედებები და განცხადებები სულაც არ ადასტურებს იმას, რომ ის მსგავსი კატეგორიის ამომრჩევლის მიმხრობაზე ზრუნავს.

 

- "მართალია, ქუჩები კეთდება, მაგრამ ჩვენ ის ერი არა ვართ, საკუთარ ქვეყანაში სხვა ერის წარმომადგენლებს მოსამსახურეებად დავუდგეთ. ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულ სამსახურს,"– განაცხადა მანანა კობახიძემ ბათუმის ოფისის გახსნისას. ამ განცხადებას, თუკი ის პარტიის პოზიციას არ გამოხატავს, მინიმუმ განმარტება უნდა მოყვეს პარტიის მხრიდან, სხვა შემთხვევაში, ის პარტიის პოზიციად ჩაითვლება და უფრო მეტიც, ხელისუფლების მსგავსად, ეს ძალაც თანაგუნდელობისა და ერთგულების ნიშნით ყველაფრის მპატიებლის პოზიციის მხარდამჭერად წარმოჩნდება.

 

არც თავად ივანიშვილის მიერ 27 მაისს წარმოთქმული სიტყვა აჩენს მისი უპირობო მხარდაჭერის სურვილს. ის პარტიის სახელწოდების ადექვატური იყო და კონკრეტულ გეგმებს არ შეიცავდა. ეს იყო სურვილებსა და ოცნებებზე დაფუძნებული, ამომრჩევლის ემოციაზე გათვლილი სიტყვა, რომლის მსგავსი არსებული ხელისუფლებისგან თითქმის ყოველდღე გვესმის.

 

-"ჩემი ოცნება ყოველთვის იყო ძლიერი, განვითარებული, ბედნიერი საქართველო. ჩემი ოცნება იყო ქართული სახელმწიფო, როგორც თავისუფალი ადამიანების საზოგადოება, სახელმწიფო, სადაც მისი ყოველი მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე, სადაც პატივს სცემენ ადამიანის ღირსებას და ყველას აქვს საშუალება, საკუთარი ნიჭითა და შრომით მიაღწიოს წარმატებას.

ასეთი იყო ჩემი ოცნება და ასეთად რჩება დღესაც. მთელი ჩემი ცხოვრება, შეძლებისდაგვარად, ვცდილობდი, ვყოფილიყავი არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ქვეყნის სამსახურში".....

 

ეს, ზოგადად, ყველას ოცნებაა....

 

-"ვერანაირი პირადი მატერიალური კეთილდღეობა ვერ მოგანიჭებს ბედნიერებას, როდესაც შენი ხალხი უბედურია, როდესაც მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, როდესაც მოსახლეობის დიდ ნაწილს ბანკის ვალი ახრჩობს, როდესაც გისოსებს მიღმა უდანაშაულო ადამიანები იტანჯებიან, როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია. ეს უნდა დასრულდეს!"-აცხადებს ივანიშვილი.

 

აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება ალბათ იმაზე, რომ ეს უნდა დასრულდეს! მაგრამ როგორ? განხორციელების გზები ისეთივე ბუნდოვანი და გაურკვეველია ამ შემთხვევაშიც, როგორც პრეზიდენტის მონოლოგებში აღწერილი მიზნების განხორციელების გზები.

 

ყველა პარტიის მიზანი დიადი და ნათელია, მაგრამ პასუხები კითხვებზე: როგორ აპირებს ეს ძალა, მაგალითად, ოკუპირებული ტერიტორიების "დასრულებას", რისთვისაც 2 გზა არსებობს: ომი ან მისი აღიარება.(ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ნებისმიერი მოლაპარაკება და ამ გზით მისი დაბრუნება, გამოირიცხება). თუკი, სხვა გზა არსებობს, იქნებ ესეც გაგვიმხილონ და მერე გადაწყვეტს ჩემნაირი სკეპტიკოსი, უნდა ისევ ომი თუ აღიარებაზეა თანახმა. სხვა შემთხვევაში, ეს ყველაფერი მხოლოდ ოცნებაა...სრულყოფილი ინფორმაციის მიღების შემდეგ, ჩემნაირი ამორჩეველი გადაწყვეტს, დაუჭიროს თუ არა მხარი ოცნებას?!

 

მოსახლეობის დიდი ნაწილი, მართლაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და ბევრი მათგანი მართლაც იხდის ბანკის ვალს. როგორ გეგმავს ხელისუფლებაში მოსული ივანიშვილი მათ "გამდიდრებას"ან ბანკის ვალებისგან "დახსნას?" როგორ დაასაქმებს ადამიანებს - სახელმწიფო ქარხნები გაიხსნება და კაპიტალიზმსა და ლიბერალურ ეკონომიკაზე იტყვის უარს, თუ გადასახადების ლიბერალიზაციითა და ბიზნესში ჩაურევლობით თვითდასაქმების ხელშეწყობას გეგმავს? კონკრეტულად, როგორ? როგორ დააზღვევევს ყველას, ამისათვის რა თანხა დაიხარჯება ბიუჯეტიდან? და კიდევ ბევრი რამ.

 

-"ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა, როგორ უნდა დავძლიოთ და გადავჭრათ ეს პრობლემები," -აცხადებს ივანიშვილი. სწორედ ამ გეგმას ვგულისხმობ და თუკი არსებობს ის, თუ ღმერთი გწამთ, გვაჩვენეთ!

 

ვინც ხელისუფლების ზიზღით მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერს, ის ისედაც მისი უპირობო მხადამჭერი და ამომრჩეველია, ხელისუფლების ამომრჩეველი - ბოლომდე ხელისუფლებისაა და მორჩა. ასეთ ფონზე კი, ივანიშვილს სწორედ ჩემნაირების დარწმუნება მოუწევს. ოღონდ არა ხელისუფლების მსგავსად, კრიტიკოსებისა და სკეპტიკოსების მტრად გამოცხადებით,  საკუთარი მომხრეებით(რომელთაგან ჯერ არავინ იცის, ვინ იდეური  მხარდამჭერია და და ვინ სხვა ფაქტორების გამო) პლუტოკრატიისკენ გეზის აღებით და ცარიელი დაპირებებით, არამედ მკაფიო გეგმით.

 

მე პირადად, და ასევე, ბევრ ადამიანს, გადაწყვეტილების მისაღებად, მესაჭიროება, ყველა დაპირების უკან, მისი რეალური შესრულების კონკრეტული სქემა განრიგითა და ხარჯებითურთ. თქვენ ვალდებული ხართ, დამარწმუნოთ!

 

ელისო ჯანაშია

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED