ძალადობისა და ზეწოლის ფაქტები რეგიონულ მედიაზე

2012.05.29 ავტორი:

მუქარის, ძალადობის, ცემის, აპარატურის წართმევისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები, ბოლო პერიოდში თითქმის ყველა ალტერნატიული ინფორმაციის გამავრცელებელ მედიასაშუალებებს შეექმნათ. სახალხო დამცველმა, რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა მოითხოვა.

-„შემაშფოთებელია, რომ ბოლო პერიოდში  იმატა ჟურნალისტების მიმართ  პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და შეურაცხყოფის ფაქტებმა. სამწუხაროა ის გარემოებაც, რომ სამართალდამცავი ორგანების მხრიდან არც ერთ მსგავს ფაქტს, ჯერჯერობით სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ  მიმართავს ყველა შესაბამის უწყებას, გაატარონ სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები მედიის წარმომადგენელთა ფიზიკური უსაფრთხოებისა და მათი პროფესიული საქმიანობისათვის სათანადო გარემოს შექმნის მიზნით,“ - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ხელისუფლებიდან პრობლემას არავინ გამოხმაურებია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა მედიაზე ზეწოლის ფაქტებზე კომენტირებისას ზოგიერთი მათგანს გადაჭარბებული უწოდა. მან განცხადება 25 მაისს, იუსტიციის სამინისტროს შენობიდან გამოსულმა,   საპროტესტო აქციაზე მისულ ჟურნალისტებთან გააკეთა. იმ დღეს, ჩინოვნიკთა მხრიდან ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლისა და ძალადობის გამოუძიებელი 20-ზე მეტი ფაქტი, დედაქალაქსა და რეგიონებში ერთდროულად გააპროტესტეს.

tspress.ge ბოლო პერიოდში ჟურნალისტებისთვის აღნიშნული ხელშეშლის ფაქტების მოძიებას შეეცადა.

 

გარდა უშუალო მუქარისა და შეურაცხყოფისა, ჟურნალისტების ხელშეშლა კომენტარებსა და ინტერვიუებზე უარის თქმაშიც გამოიხატება. ამ მხრივ, რეგიონებში მდგომარეობა თითქმის იდენტურია: ადგილობრივი მაღალჩინოსნები დამოუკიდებელ მედიასთან კომენტარს, მერის მითითებებით ან მისგან წახალისებულები, არ აკეთებენ.  როგორც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ჟურნალისტებთან პირად საუბარში აცხადებენ, ისინი მკაცრად არიან გაფრთხილებულნი, რომ მერის ნებართვის გარეშე, მერიიდან არანაირი ინფორმაცია არ გავიდეს.

 

ადგილობრივი ხელისუფლება ბოიკოტს უცხადებს იმერეთში "ახალ გაზეთს", გურიაში -"გურიანიუსს", სამეგრელოში - Tspress.ge-ს, ქართლში-qartli.ge-ს, მცხეთა-მთიანეთში - icmm.ge-ს და ა.შ. ინტერვიუს ჩაწერა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ფოთის მერთან, ვახტანგ ლემონჯავასთან, ქუთაისის მერთან გიორგი თევდორაძესთან და სხვა მაღალჩინოსნებთან. ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ აღნიშნულ გამოცემებთან არ ითანამშრომლებენ. "თუ ქალაქის მერმა უნდა გადაწყვიტოს, რა თქვას ამა თუ იმ სამსახურის უფროსმა, მაშინ რა საჭიროა მერიაში სხვადასხვა სამსახური?" - ინტერესდებიან ჟურნალისტები, რომლებსაც მუშაობაში ხელი ეშლებათ.

 

რამდენიმე დღის წინ, "გურია ნიუსის" ჟურნალისტებმა: ნატო გოგელიამ და ჟანა მეგრელიშვილმა, მსგავსი ხელშეშლის  გამო, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ოზურგეთისა და ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეების ბრძანებები გასაჩივრეს. ბრძანებების თანახმად, მათ ადმინისტრაციულ შენობებში გადაადგილება ისე  შეეზღუდათ, რომ შეზღუდვის საფუძველი მათთვის არ განუმარტავთ.

 

მიმდინარე წლის 6 აპრილს, გაზეთი „აჭარა P.S.“-ის ინფორმაციით, საბანკო კრედიტების გადაუხდელობის გამო, საცხოვრებლებიდან ოჯახების გამოსახლების პროცესის გადაღებისას, ქობულეთში, პოლიციის თანამშრომლები, ქობულეთის პოლიციის უფროსის დავით ბეჟანიძის თანდასწრებით, „აჭარა P.S.“-ის ჟურნალისტს სულხან მესხიძეს ფიზიკურად შეეხნენ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და მისთვის ვიდეოკამერის წაგლეჯას ცდილობდნენ. რედაქციის განცხადებით, გადაღებულ ვიდეომასალაზე ეს ფაქტი გარკვევით ჩანს. „აჭარა „P.S.“-მა შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და მთავარ პროკურატურას საჩივრით მიმართა.

 

გაზეთ „რუსთავის ამბების“ ინფორმაციით, 17 აპრილს, ქვეყნის რამდენიმე მინისტრი რუსთავში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სკოლისა და საბავშვო ბაღების პედაგოგებთანთ ერთ-ერთ შენობაში გასაიდუმლოებულ შეხვედრას აწყობდნენ. მერიის პრესსამსახურის წარმომადგენლებმა „რუსთავის ამბები“ შეკრებაზე იმ მიზეზით არ შეუშვა, რომ შეხვედრა პარტიული იყო და პრესისთვის დახურულად გამოცხადდა. გაზეთის რედაქტორს, თამარ ბატიაშვილს პრესსამსახურის უფროსმა, ნინო კორძაიამ შენობის დატოვებაც კი მოსთხოვა. მას შემდეგ, რაც კორძაიამ რედაქტორისგან უარი მიიღო, საქმეში საკრებულოს თავმჯდომარე, კახა გურგენიძე და ვიცე-მერი, შორენა გარდაფხაძე ჩაერივნენ - თეატრის არქივარიუსი მმართველის კაბინეტში დაიბარეს და არასასურველი სტუმრის შენობიდან დათხოვნა უბრძანეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, „პრობლემების შექმნით“ დაემუქრნენ.

                                                                         

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 20 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს წინანდალში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის გადაღების უფლება არ მისცეს.

-„კონცერტის ორგანიზატორი „სილქ როუდ გრუპია.“ მათ თვითონ შეადგინეს სტუმრების სია. პრეზიდენტი დაესწრება სასტუმრო „რედისონის“ მშენებლობის დაწყებას, რომელსაც ჩვენი ჯგუფი გადაიღებს და პირდაპირ ეთერში გადაიცემა. შეგიძლიათ იქიდან ისარგებლოთ,“ - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ირმა ნადირაშვილმა.

 

შიდა ქართლში გამომავალი ,,ხალხის გაზეთის” ფოტოკორესპონდენტს რეზო ნადირაძეს უცნობი პირები მას შემდეგ დაემუქრნენ, რაც ის ვიდეო მასალა გავრცელდა, სადაც კარალეთის ჩასახლებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს შორის ინციდენტია ასახული. აღნიშნულ ვიდეომასალაში კარალეთის დევნილთა ჩასახლების მამასახლისი, სხვა პირებთან ერთად, ჟურნალისტებს ტერიტორიის დატოვებას აიძულებს. ჟურნალისტების თქმით, მათი შეურაცხმყოფელი პირები საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, პარლამენტარების _ ზურაბ მელიქიშვილისა და ბადრი ბასიშვილის გვერდით ხშირად ჩნდებიან.

,,როგორც კი ეს ვიდეომასალა გავრცელდა, ჩემს სახლში რეკავს უცხო პიროვნება და თავს ასაღებს გიორგი ყიფშიძედ. დაიმუქრა, სადაც ვნახავ, ყელს გამოვჭრიო. განცხადებით უკვე მივმართეთ პროკურატურას. ასევე, ის ნომერიც ამოვწერეთ, საიდანაც ზარი განხორციელდა” - ამბობს რეზო ნადირაძე.

 

2 მაისს, ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის გასაშუქებლად მისული ჟურნალისტები შენობაში არ შეუშვეს, ხოლო გაზეთ „P.S.“-ის ჟურნალისტს, ირაკლი ვაჩიბერაძეს პრეზიდენტის დაცვის წევრებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.'"

-„დავინახე, რომ ქალთან, რომელიც ჩემს წინ იჯდა, ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ლიდერები მივიდნენ და უთხრეს, შენ ნაციონალი არ ხარო და დარბაზის დატოვება მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ პოლიციამ ქალზე ძალადობა დაიწყო. ამოვიღე ფოტოაპარატი და დავიწყე გადაღება. ამ დროს პრეზიდენტის დაცვის წევრები მომვარდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს,“ – აცხადებს ვაჩიბერაძე. ჟურნალისტი აიძულეს, ფოტოაპარატიდან წაეშალა ყველა ფოტო, მათ შორის, არქივის ფოტოები, რის შემდეგაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და შენობიდან გამოაძევეს.

 

2 მაისს, პრეზიდენტის დაცვის წევრებმა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს “ახალი გაზეთის” ჟურნალისტს ქრისტინე ქარჩხაძესა და “მეგა TV”-ს ჟურნალისტ ალეკო გვეტაძეს. სავალდებულო აკრედიტაციის გარდა, ჟურნალისტებს, რომლებიც ღონისძიებაზე არ დაუშვეს, პრეზიდენტის პრეს-სამსახურის უფროსის, ნათია ბანძელაძის სიტყვიერი თანხმობაც ჰქონდათ იმის თაობაზე, რომ ისინი ქუთაისში დაგეგმილ ნებისმიერ ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებდნენ. საბოლოოდ, ღონისძიება მხოლოდ ნაციონალურმა მაუწყებლებმა გააშუქეს.

 

ასევე 2 მაისს, თორნიკე ხურციძე, რადიო „ძველი ქალაქი“, გაზეთი „ვერსია“: „პრეზიდენტს, სხვა ჟურნალისტებთან ერთად, ცენტრალურ მოედანზე ველოდებოდით. როდესაც გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილი და მოედანზე შეკრებილი ხალხისაკენ გაემართა, მივყვებოდით ჟურნალისტები. დაცვა იყო საოცრად აგრესიული, რამდენჯერმე მომიქნიეს ხელი და მუცელში კარგა გვარიანად მომხვდა... შემდეგ იგი გაემართა თეატრში და, როცა შევიდა შენობაში, ცენტრალური არხის რამდენიმე ჟურნალისტი შეჰყვა; სხვა ჟურნალისტებს კი საშუალება არ მოგვეცა თეატრში შესვლის. გარეთ დავრჩით ადგილობრივი მედიის ჟურნალისტები, დაცვამ არ შეგვიშვა და როდესაც ვეკითხებოდით, რატომ არ გვიშვებდნენ, გვიპასუხეს: კარგით, რა, მე მეკითხებით, რატომ არ გიშვებთ? თვითონაც ხომ იცითო. მერე მოგვთხოვეს, რომ თეატრის კარს მოვცილებოდით და კიბის ქვემოთ ჩამოვსულიყავით...“

 

ნოდარ ჯოჯუა, გაზეთი „P.S.“, საინფორმაციო სააგენტო „პირველი“: „...როდესაც ველოდებოდით პრეზიდენტს თეატრთან, დაცვის თანამშრომელთან მომივიდა შეკამათება იმის თაობაზე, რომ უნდა შევსულიყავი მესხიშვილის თეატრში, მაგრამ მითხრეს, რომ თქვენ უფლება არ გაქვთ, გააშუქოთ თეატრში მიმდინარე მოვლენებიო. ჩემთან იყო, ასევე, ადგილობრივი ტელევიზიის - „მეგას“ გადამღები ჯგუფი. მოგვთხოვეს, ის ადგილი დაგვეტოვებინა. ჩვენს კითხვაზე, თუ ვინ იყო, პიროვნებამ გვიპასუხა, რომ იგი იყო სპეცსამსახურის თანამშრომელი და ჰქონდა უფლება, გაეძევებინა ჟურნალისტები იმ ადგილიდან. ამასობაში მოვიდა ირმა ნადირაშვილი, რომელმაც ასევე გვითხრა, რომ არ შეგვეძლო, დავსწრებოდით ღონისძიებას. შემდეგ გამაჩერა „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტმა და მითხრა, რომ ჩვენ ვერ გავაშუქებდით ამ ღონისძიებას, მხოლოდ „რუსთავი-2“ და „იმედი“ გააშუქებდნენ."

 

“P.S.”-ის ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა 3 მაისსაც მიაყენეს, როდესაც ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” დახურული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვაჩიბერაძის განცხადებით, შეხვედრაზე იიმს იტომ შეუშვეს, რომ თავი “ნაციონალად” გაასაღა.

-"შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიცნო და წყნარად მითხრეს, გარეთ გამოდიო. როგორც კი გავედი გარეთ, კარი მიხურეს, მერაბიშვილის დაცვის თანამშრომლებმა წიხლქვეშ გამიგდეს, სულ თავში მირტყამდნენ წიხლებს, შემდეგ კედელზე მიმახეთქეს და მხოლოდ ის მოვიფიქრე, რომ მეთქვა, ასთმა მაქვს-თქო, რაზეც გინება მოაყოლეს და საბოლოოდ, კარგად ნაცემს, თავი დამანებეს”, – განაცხადა ვაჩიბერაძემ, რომელმაც მომხდართან დაკავშირებით  ქუთაისის რაიონულ პროკურატურაში სარჩელი უკვე შეიტანა.

 

3 მაისს, ფოთში პრეზიდენტის დაცვის ექვსმა წევრმა tspress.ge-ს ჟურნალისტ იზა სალაყაიას ვიდეოგადამღები და ჩანთა წაართვა და შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. დაცვამ მოგვიანებთ ჟურნალისტის კამერა და პირადი ნივთები ეზოში დაუყარა. დაკარგულია კამერის მეხსიერების ბარათი.

 -"ფოთში, პრეზიდენტის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე tspress.ge– მ პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსთან, ნათია ბანძელაძესთან შეხვედრის დეტალები, შეშვებისა და გადაღების პირობები დააზუსტა. როცა პრეზიდენტის ვეტმფრენი დაეშვა, ტელევიზიის  ოპერატორებთან ერთად მეც იქ ვიყავი  ვიღებდი კადრებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელმა ირმა ნადირაშვილმა მკითხა, რომელ მედიაორგანიზაცაის წარმოვადგენდი.  განვუმარტე, რომ tspress.ge - ის ჟურნალისტი ვიყავი და ნათია ბანძელაძესგან დასწრების უფლება გვქონდა. მომთხოვეს პრეს-ბარათი და წარვუდგინე. ნადირაშვილმა დაცვის წარმომადგენელს განუცხადა:  „მე ამ გოგონას არ ვიცნობ, არ ვიცი ვინაა და მიხედეთო.“  ბარათი წაიღო დაცვის ერთმა წევრმა და წავიდა. ამის შეემდეგ სავარაუდოდ დაცვის წარმომადგენელი ხელში მწვდა და ცდილობდა კამერა გაეთიშა, კამერა ქვევით დავწიე, ეს ადამიანი კი ხელს არ მიშვებდა, კამერას ექაჩაებოდა,  ნადირაშვილი კი მოუწოდებდა: არ გინდათ ახლა აქ პანიკა, ასე ნუ ექცევითო, შებრუნდა და შეხვედრაზე შევიდა. დაცვის ორმა წევრმა ხელი მომკიდა ორივე მხრიდან და შენობიდან გამომიყვანა. ხალხი იქ იდგა და დაცვას ეუბნებოდა: ნუ ერჩით, ჟურნალისტიაო. იქ იდგნენ და ხედავდნენ ამ ყველაფერს. მე-2 სკოლის დირექტორი მზია ბახტაძე, პედაგოგები: იზო კვარაცხელია და ქეთინო შავგულიძე.

უკან ისევ მოვბრუნდი და თითოეულ მათგანს, ვინც ხელი შემიშალა ფოტოები გადავუღე. ამან ისინი საშინლად გააღიზიანა.პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის,  დასრულების შემდეგ რამოდენიმე ადამიანი ირგვლივ შემომეხვია და კადრების წაშლა მომთხოვეს.  ვუთხარი, რომ მე ვიღებდი საჯარო სივრცეში,  საჯრო გამოსვლას. მოკლედ, ჩემგან უარი მიღების შემდეგ,  მკლავში მწვდნენ და საავადმყოფოს კიბეების  გვერდით გამიყვანეს. წამართვეს ჩანთა და კამერა. ცოტა ხანში კი, ჩემი ნივთები საავადმყოფოს კიბეებთან დაყარეს და მითხრეს, აიღეო. თავდაპირველად, რადგან არ ვიცოდი რა მდგომარეობაში იყო კამერა  უარი განვაცხადე და ვუთხარი, რომ  რედაქციაში თავად მოეტანა, თუმცა ნივთები ეზოში დატოვეს. როცა კამერა შევამოწმე,  არ იდო მეხსიერების ბაართი, ე.წ. "ჩიპი" და გადაღებული მასალებიც, შესაბამისად, აღარ მაქვს"-აცხადებს იზა სალაყაია.

tspress.ge-მ პოლიციასა და პროკურატურას მეორე დღესვე მიმართა.

 

4 მაისს, ქუთაისში, რესტორან „იმპერიალში“ მიმდინარე პარტიული შეხვედრიდან (რომელსაც შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი უძღვებოდა) გამოსულმა "ნაციონალებმა" „Newpress.ge“-ს ჟურნალისტს, თეკლა მორგოშიას ფოტოგადაღება და გარე პერიმეტრზე მოძრაობაც კი აუკრძალეს. მორგოშიას თქმით, „შეხვედრიდან გამოვიდა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი დავით გოგისვანიძე და მითხრა: ქუთაისის მერს გია თევდორაძეს აქვს პარტიული, დახურული შეხვედრა მოსახლეობასთან. ამიტომ არ გვინდა, უცხო პირი პერიმეტზე მოგვიახლოვდეს, გარდა ჩვენი გუნდის წევრისა. ძალიან გთხოვთ, პრობლემებს ნუ შეგვიქმნით. ფოტოებს ნუ გადაიღებთ.“ გოგისვანიძის მიერ გაფრთხილების შემდეგ, ჟურნალისტთან უცხო პირები მივიდნენ და მისთვის ფოტოაპარატის ჩამორთმევა სცადეს. „სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები მოვიდნენ და მითხრეს, მაჩვენე რა გადაიღეო. აკონტოლებდნენ ჩემს ყოველ ნაბიჯს," – განაცხადა ჟურნალისტმა.

 

4 მაისს, ზუგდიდში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა „ლაივპრესის“ და „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტებს, თამარ ზანთარაიას და ოთო დალაქიშვილს, რომლებიც ზუგდიდის პროკურატურასთან ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდნენ, პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. შემთხვევის ადგილზე მისულ „ლაივპრესის“ ჟურნალისტს ვიდეოკამერა წაართვეს, მოგვიანებით, მეხსიერების ბარათის გარეშე დაუბრუნეს. „ლაივპრესს“ მოგვიანებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს უფროსმა, რუსლან შამახიამ სხვა მეხსიერების ბარათი მიუტანა. „ეს ჩიპი ჩემი არ არის. ამიტომ არ ავიღე. მე ვითხოვ, დამიბრუნონ ჩემი მეხსიერების ბარათი“, - აცხადებს გამოცემის რედაქტორი, გერონტი ყალიჩავა.

 

ვიდეოკამერა წაართვეს და გადაღებული კადრები წაუშალეს „ნეტგაზეთის“ რეპორტიორს, ოთო დალაქიშვილსაც. „ჩემთან მოვიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი. მან ვინაობა არ გამიმხილა, თუმცა, მითხრა, რომ კადრებში მხოლოდ ფორმიანი ადამიანები უნდა მოხვედრილიყვნენ. ნახა გადაღებული კადრები და რაც მიზანშეუწონლად ჩათვალა, წაშალა,“- ამბობს  დალაქიშვილი. მისივე თქმით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა განუცხადა, რომ ეს მასალა რუსულ სპეცსამსახურებს ხელში არ უნდა ჩავარდნოდათ. ჟურნალისტი ამბობს, რომ მან ამის შემდეგ კვლავ გააგრძელა გადაღება. მასთან ამჯერად სხვა პიროვნება მივიდა, შეუმოწმა გადაღებული კადრები და რაც მიზანშეუწონლად მიიჩნია, ამოუშალა. ამასთან ჩაიწერეს რეპორტიორის ტელეფონის ნომერი და უთხრეს, რომ მასალა ინტერნეტში არ უნდა გავრცელებულიყო.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 6 მაისს, პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ოფისში შეიჭრნენ და ჟურნალისტებს პოლიციის აღლუმის გადაღების შეწყვეტა მოთხოვეს. დაცვის წევრები ამტკიცებდნენ, რომ რედაქციის აივნიდან აღლუმის გადაღებას პოლიციის პრესსამსახურის ნებართვა სჭირდებოდა. მანამდე, დაცვის თანამშრომლებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები და ოფისი უპრობლემოდ შეამოწმეს. დაახლოებით 14:15 სთ-ზე, პრეზიდენტის დაცვის სახელით, უცხო პიროვნებებმა ჟურნალისტებს აივნიდან ვიდეოგადაღება აუკრძალეს.

 

11 მაისს, დუშეთის რაიონის გამგეობის დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა სტუდია „ჯი-ენ-ესის“ ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის განხორცილებაში ხელი შეუშალეს. ოპერატორი ზურაბ პატარიძე და ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე დუშეთის რაიონის გამგეობის შენობასთან  გამგებელთან გასაუბრების მიზნით მივიდნენ. ოპერატორმა ჟურნალისტის თხოვნით, 20-30 მეტრის რადიუსიდან გამგეობის შენობის კადრების გადაღება სცადა, რასაც დაცვის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან აგრესია მოჰყვა. კერძოდ, მათ ზურაბ პატარიძეს გადაღება აუკრძალეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკური შეურაცხყოფით დაემუქრნენ. აღნიშნულს ადასტურებს ვიდეომასალა, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ უშლიან დუშეთის გამგეობის დაცვის პოლიციის თანამშრომლები ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელს.

 

20 მაისს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, გელა მთივლიშვილი თიანეთის პოლიციის შენობის ფოტოგადაღებისას პოლიციამ დააკავა, წაართვა აპარატურა, ძალის გამოყენებით შეათრია პოლიციის შენობაში და სცემა. მთივლიშვილი პოლიციიდან საავადმყოფოში აღმოჩნდა, მას მიყენებული ტრავმისგან  თავის ტვინის შერყევა განუვითარდა. მთივლიშვილმა მთავარ პროკურატურას უკვე მიმართა.

 

25 მაისს, კონტროლის პალატაში საჩივრის განხილვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, "გურია ნიუსი" თავის წარმომადგენელთან, მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან, ნათია კაპანაძესთან ერთად გამოცხადდა. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, კონტროლის პალატის დაცვის თანამშრომლებისა და შიდაგანაწესის სამსახურმა ისინი უპრეცედენტოდ გაჩხრიკეს. ადვოკატის ჩანთა რამდენჯერმე გაატარეს დეტექტორზე და პორტატული კომპიუტერი დაცვასთან დაატოვებინეს. კუთვნილი დიქტოფონის დატოვება მოთხოვეს ჟურნალისტსაც ისე, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ განუმარტავთ."კონტროლის პალატაში ყოველთვის ასეთი წესი იყო,"-არგუმენტით.

 

კონტროლის პალატის პრესსამსახურის უფროსმა ფატი მამიაშვილმა ჟურნალისტებისგან დიქტოფონის გამორთვა კატეგორიულად მოითხოვა. მოულოდნელად, შიდაგანაწესის სამსახურის უფროსი რედაქციის კუთვნილ დიქტოფონს წვდა და წართმევა დააპირა, რასაც ჟურნალისტების მხრიდან პროტესტი მოყვა, რის გამოც მათ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს. "გურიანისუსმა" აღნიშნული  აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც მკაფიოდ ისმის დიქტოფონის ჩამორთმევის მცდელობა.

 

თითქმის ყველა ფაქტი გასაჩივრებულია, თუმცა არც ერთ მათგანზე რეაგირება, ჯერჯერობით, არაა.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED