მთივლიშვილი შსს განცხადებას "იდიოტურს და აბსურდულს" უწოდებს

2012.05.21 ავტორი:

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა  "ადამიანის უფლებათა ცენტრში"  გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. მან  შსს-ს გუშინდელ   განცხადებას იდიოტური და აბსურდული უწოდა. 

პრესკონფერენციაზე მთივლიშვილმა გუშინდელი ინციდენტი დეტალურად აღწერა. მისი თქმით, პოლიციაში, სადაც ძალის გამოყენებით შეიყვანეს, არაადამინურად ეპყრობოდნენ და  ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

 

მთივლიშვილის განმარტებით აბსურდულია  შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ის ვინაობის დადგენის გამო ჰყავდათ დაკავებული. მისი თქმით, ვინაობის დადგენას არ სჭირდებოდა 1 საათი, ვინაიდან მას  პირადობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი თან ქონდა და მოთხოვნისთანავე წარუდგინა. ჟურნალისტი  მიიჩნევს, რომ მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

 

 

პრესკონფერენციაზე მთივლიშვილმა ინციდენტში მონაწილე 4 პოლიცელი დაასახელა, რომელთაგან ერთ–ერთი, მისი თქმით,  თიანეთის პოლიციის უფროსის მოადგილე, მამუკა შალამბერიძე იყო. ჟურნალისტის თქმით, შეუარცხყოფას მხოლოდ  შალამბერიძე აყენებდა, რომელსაც  პოლიციის ფორმა არ ეცვა.

 

მთივლიშვილმა ასევე განმარტა, რომ პოლიციაში ყოფნისას სასწრაფო სამედიცინო დახმარებას თავად ძალოვნებმა დაურეკეს და  მას არ გამოუძახია. ჟურნალისტი საავადმყოფოში 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. თიანეთის საავადმყოფოს ექიმების მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ საავადმყოფოში მიყვანის დროს მთივლიშვილს თხემის მიდამოების დაჟეჟილობა აღენიშნებოდა. 

 

მთივლიშვილის განცხადებით, მისი საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში ადგილზე მივიდა მამუკა შალამბერიძე, რომელიც ექიმებს აიძულებდა სარეგისტრაციო ჟურნალში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის აღწერილობა არ გაეტარებინათ, რასაც კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები შეესწრნენ და  ექიმებმი იძულებულები გახდნენ, სამედიცინო ისტორიაში ჟურნალისტის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ჩანაწერი გაეკეთებინათ.  მთივლიშვილის თქმით, ექიმები მასთან პირად საუბარში ამბობდნენ, რომ ის არ იყო შალამბერიძის მიერ ნაცემი  პირველი პიროვნება, ვინც საავადმყოფოში მოიყვანეს. 

 

მთივლიშვილი განცხადებით ის მომხდარის გამოძიების მოთხოვნით, მთავარ პროკურატურას მიმართავს.

"იმედი არ მაქვს, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება, მაგრამ ჩემი უფლებების დასაცავად ბოლომდე  ვიბრძოლებ"– განაცხადა მთივლიშვილმა.

 

 

ინციდენტთან დაკავშირებით შსს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოთა უტიაშვილმა მთივლიშვილის დაკავება უარყო. მოგვიანებით სპეციალური განცახდება შსს-მაც გაავრცელა. 

 

 

მთივლიშვილის ფაქტს გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რეგიონული საინფორმაციო ცენტრები და კოალიცია "არჩევნების თავისუფლებისთვის." მათ მომხდარი დაგმეს და სამართალდამცველებს  მომხდარზე რეაგირება და  საქმის გამოძიება მოთხოვეს.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED