შესაძლოა „ქართული ოცნება“ პროვოკაციებს გეგმავს

2012.05.08 ავტორი:

რა ცვლილებებია მოსალოდნელი სამომავლოდ ქართულ პოლიტიკაში, როგორია ხელისუფლებისა და ოპოზიციის ტაქტიკა და განიხილავს თუ არა მმართველი გუნდი ვანო მერაბიშვილის კანდიდატურას მომავალ ლიდერად - ამ საკითხებზე tspress.ge-ს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ესაუბრა.  

საუბრის თემა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები იყო. არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური პროცესების მასშტაბები ნელ-ნელა იზრდება. თუკი წინა წლებში წამყვანი პოლიტიკური ფიგურები რეგიონებში რამდენიმე  ვიზიტით შემოიფარგლებოდნენ, ახლა უკვე ადგილზე მუშაობენ.  რეგიონების პოლიტიკურად გააქტიურებას პარლამენტის დედაქალაქიდან გადატანაც გამოიწვევს. 


-ბოლო დროს პოლიტიკური პროცესების მასშტაბები გაიზარდა - პოლიტიკოსები რეგიონებშიც გააქტიურდნენ. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვლება ქართულ პოლიტიკაში ამით?

 

-ჩემი აზრით, თვითონ ის ფაქტი, რომ ქუთაისში გადადის პარლამენტი, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია ქუთაისი ახალ ფუნქციას შეიძენს, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს იმერეთის რეგიონის განვითარებას. აქედან გამომდინარე, ქუთაისი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფუნქციებს შეიძენს. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურულ პროექტებს რაც შეეხება რეგიონებში, ამას უფრო მეტი ყურადღება ექცევა, რაც კარგია. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი იდეალურად არის, მაგრამ გარკვეული თანხები გამოიყო და ეს პროცესები მიმდინარეობს.


-რაც შეეხება უშაულოდ პოლიტიკურ პროცესებს? თუნდაც, ირაკლი ალასანიას ზუგდიდში გადასვლა რომ განვიხილოთ. როგორ შეაფასებდით ამ ნაბიჯს?

 

 

-მე ასე მგონია, რომ ალასანიას ზუგდიდში გადასვლის ძირითადი მიზეზი ალბათ არის ის, რომ სამეგრელოში მმართველ პარტიას აქვს დიდი უპირატესობა, ჰყავს მეტი მხარდამჭერი. „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს, სამეგრელოში, ქვემო ქართლში, სამცხე ჯავახეთსა და შიდა ქართლში და აქედან გამომდინარეობს ალბათ ის ფაქტი, რომ ალასანია გადადის ზუგდიდში, რათა იქ შესაბამისად ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია. მუშაობა მიმდინარეობს იმაზე, რომ უფრო მეტი მხარდამჭერი მოიპოვოს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ.“ თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ მისმა გააქტიურებამ ნეგატიური იმპულსი შესძინოს პოლიტიკურ პროცესებს. ალასანიამ რამდენიმე უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა, ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ მომავალშიც უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთოს და შეიძლება მისი ზუგდიდში გადასვლა სიტუაციის არევისთვისაც იყოს გამიზნული.

 

-თქვენ ფიქრობთ, რომ „ქართული ოცნება“ პროვოკაციებს გეგმავს? 


-შესაძლებელია, მას შემდეგ რაც გამოაშკარავდა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი არ არის მაღალი. „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) გამოკვლევებმა და სოციოლოგიურმა გამოკითხვებმა ეს დაადასტურა. მგონია, რომ „ქართული ოცნება“ შეიძლება რეიტინგის ასაწევად რადიკალურ ზომებზე გადავიდეს.
თუ გახსოვთ, ივანიშვილი აცხადებდა იმის შესახებ, რომ ქუჩის აქციების წინააღმდეგი იყო და მხოლოდ არჩევნების გზით შეეცდებოდა ძალაუფლების მოპოვებას, მაგრამ ფაქტი სახეზეა:  26-27 მაისს „ქართული ოცნება“ ქუჩის აქციას ჩაატარებს.


იმის გამო, რომ მათი რეიტინგი არის დაბალი, ამ შემთხვევაში ისინი ყველა ღონეს იხმარენ, რომ პოლიტიკური ტემპერატურა აწიონ. არ არის გამორიცხული ისიც, რომ რეგიონებიც ამ პროცესებში ჩართონ. ალასანიას ზუგდიდში გამგზავრება შეიძლება ამასაც ემსახურებოდეს. თუმცა მისი განცხადებები, ჩემი აზრით, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. იგივე ის, რომ ასეფეთქებელი მოწყობილობა იყო იმისთვის, რომ ალასანია დაეშინებინათ. ამით მას იმის წარმოჩენა სურს, რომ თითქოს ის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ფიგურაა და თითქოს ხელისუფლება ამზადებდა აფეთქებას მის წინააღმდეგ. ხელისუფლებას რომ ასე სდომოდა, ის ბომბი იქ დარჩებოდა ნაგვის ყუთში და არ აღმოაჩენდნენ მას. ვიღაცას სჯერა ეს ყველაფერი. აქცენტი არის გაკეთებული მასაზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც უცნობს ტაშს უკრავდნენ სტადიონზე.


-ისევ პარლამენტის გადატანის საკითხს რომ დავუბრუნდეთ: არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ხელისუფლება პარლამენტის გადატანით ოპოზიციის შესუსტებას ცდილობს. მსგავსი მაგალითები მსოფლიო პოლიტიკაშიც არსებობს. თქვენ თუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას და რამდენად გაამართლებს ეს ხერხი ქართულ რეალობაში?


-აქ არ არის ლაპარაკი ოპოზიციის დასუსტებაზე. თუ ოპოზიციას რეალურად სურს იყოს ძლიერი, ამ შემთხვევაში შესაბამისი პოლიტიკა უნდა გაატაროს. მოსახლეობას შესთავაზოს ახალი, ალტერნატიული პროგრამა და არ უნდა გაკეთდეს უპასუხიმსგებლო განცხადებები ოპოზიციის მხრიდან. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს პარლამენტი ქუთაისში იმ მიზეზით გადადის, რომ მერე აქციები თბილისში არ მოეწყოს, მანამდე ეწყობოდა აქციები პარლამენტის წინ... მანამდე რომ ეწყობოდა აქციები რა - ხელისუფლება შეიცვალა? ვერც ხელისუფლება შეცვალეს და ვერაფერი. აქედან გამომდინარე,  მიზანი არის ის, რომ ქუთაისმა შეიძინოს ახალი ფუნქცია.


-მაგრამ იყო წინა წლებში რამდენიმე მასშტაბური აქცია, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ უსიამოვნო გახდა ხელისუფლებისათვის. . . ვერ ვიტყვით, რომ ოპოზიციის აქციებს არ შეუქმნია ხელისუფლებისათვის პრობლემა. მით უმეტეს უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ახლა არჩევნები მოდის და წინა წლებთან შედარებით შეიცვალა პოლიტიკური რეალობა.


-ხო, მაგრამ, პირველ რიგში, უსიამოვნო გახდა ოპოზიციისთვის. გახსოვთ ალბათ, რომ დაბეჯითებით ამტკიცებდნენ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება წავა და მოლაპარაკებას ხელისუფლებასთან ვაწარმოებთ მარტო იმ საკითხზე, რომ სააკაშვილმა დატოვოს სკამი, თუმცა, საბოლოოდ მათ მოუწიათ საკნების ალაგება.


-თქვენ ახსენეთ, რომ ოპოზიციამ უნდა შეცვალოს საარჩევნო პროგრამა. რას ურჩევდით მას. როგორც პოლიტოლოგი რას მიიჩნევთ ოპოზიციის ყველაზე სუსტ მხარედ?


-პირველ რიგში, ვიცი, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არის თემატური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც კონკრეტული განხრით მუშაობენ, ჯერ რეალური პროდუქტი არ დაუდიათ, მაგრამ, მგონია, რომ შესაბამისი პროგრამა უნდა შემუშავდეს, რომელიც უნდა იყოს მოსახლეობისთვის მისაღები. „ქართული ოცნება“ რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის გაგრძელება, რომელსაც არავითარი პროგრამა არ ჰქონდა. ერთადერთი აცხადებდნენ იმას, რომ სისხლისმსმელი და კორუმპირებული მთავრობა გვყავს და უნდა შეიცვალოს, მაგრამ ალტერნატიულ პროგრამას არ დებდნენ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ სამუშაო ჯგუფებმა პირველ რიგში უნდა იფიქრონ იმაზე, რომ რეალური პროგრამა დადონ. ასე მგონია, ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ ივანიშვილისგან რაც შეიძლება მეტი ფული მიიღონ და რეალურად ჯერ პროდუქტი არ ჩანს.

 

კოალიციამ  გზა უნდა შეცვალოს და პროდუქტი დადოს. ამდენი ხანია „ქართული ოცნება“ პოლიტიკაში გამოჩნდა, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. პირველ რიგში, მათ უნდა აღიარონ ის მიღწევები, რაც ამ ხელისუფლებას აქვს და ნაკლოვანებებზე გაამახვილონ ყურადღება. მაგალითად, სასამართლოს ნაკლოვანება, სოფლის მეურნეობის საკითხები, დასაქმების პრობლემა. ამ მიმართულებით უნდა იმუშაონ.  ისინი აცხადებენ, რომ გზა გაკეთდა, ელექტროენერგიის წარმოება გაიზარდა, მაგრამ მერე რა. არ აღიარებენ იმას, რაც რეალურად გაკეთდა. მოსახლეობას ეჭვი ეპარება ამ ადამიანების გულწრფელობაში. როდესაც ივანიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილს დედამისიც არ მისცემს ხმას, არასერიოზული განცხადებაა. ხალხი ნათლად ხედავს, რომ ხელისუფლებას ჰყავს თავისი ამომრჩევლები და რეიტინგი აქვს. აქედან გამომდინარე, ხალხი ხედავს, რომ ეს ყველაფერი ტყუილია და უპასუხისმგებლო და რადიკალური განცხადებებით ის მხარდამჭერებს კარგავს.


-და ბოლოს, ხელისუფლების მხირდან, ბოლოს დროს ვანო მერაბიშვილის ფიგურაზე და მის მიღწევებზე აქცენტის გაკეთება, ხომ არ არის იმის წინაპირობა, რომ მერაბიშვილს მმართველი გუნდი მომავალ ლიდერად განიხილავს?


-გამორიცხული არაფერია. ვანო მერაბიშვილმა, როგორც კარგმა მენეჯერმა ისე წარმოაჩინა საკუთარი თავი. მისი რეიტინგი არის მაღალი პოლიციაში გატარებული რეფორმების გამო.


-თუმცა, მერაბიშვილის სახელს არაერთი სკანდალიც უკავშირდება. თუნდაც, გირგვლიანის საქმე...

 

-რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული შეკითხვები, გირგვლიანის საქმეზე, 7 ნოემბერს ძალის გადამეტებაზე და ასე შემდეგ, მაგრამ საერთო ჯამში, პოლიციაში ჩატარდა კარდინალური რეფორმები, მე ასე მგონია და ამ მხრივ, მერაბიშვილის რეიტინგი არის მაღალი. თუმცა, მე ვერ გეტყვით ზუსტად განიხილავენ თუ არა მის კანდიდატურას. ამ შემთხვევაში, ძალიან საინტერესოა, ჩემთვისაც, თქვენთვისაც და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვისაც რას აპირებს ხელისუფლება. არ არის გამორიცხული, რომ მერაბიშვილის კანდიდატურა იყოს წინ წამოწეული საპრეზიდენტო არჩევნებისას. ასევე ძლიერ კანდიდატებად ხელისუფლებიდან განვიხილავ გიგა ბოკერიას თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ნაწილობრივ, დავით ბაქრაძეს, მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან რთულია ამის თქმა. მერაბიშვილის დაჯილდოება 6 მაისს, არ იყო მიმართული იქითკენ, რომ მისი რეიტინგი ამაღლებულიყო, უბრალოდ, პოლიციის დღე იყო და ამიტომაც მერაბიშვილი დააჯილდოვეს და არა რომელიმე სხვა მინისტრი.

 

ესაუბრა -  თათია კობიძე 


სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

როგორ აფასებთ ფოთის მერის გადადგომას?

Voted: 0

NED