პრეზიდენტის დაცვის წევრებმა tspress.ge-ს ჟურნალისტს კამერა და ჩანთა წაართვეს

2012.05.03 ავტორი: Eliso Janashia

პრეზიდენტის დაცვის 6-მა წევრმა tspress.ge-ს ჟურნალისტ იზა სალაყაიას ვიდეოგადამღები და ჩანთა წაართვა და შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. დაცვამ მოგვიანებთ ჟურნალისტის კამერა და პირადი ნივთები ეზოში დაუყარა. დაკარგულია კამერის მეხსიერების ბარათი.

-

იზა სალაყაია

"შეხვედრაზე მისულმა, როგორც კი წარვუდგინე თავი, მომთხოვეს პრესბარათი და წარვუდგინე. ბარათი წაიღო დაცვის ერთმა წევრმა და გაქრა. ირმა ნადირაშვილმა თქვა, მე არვიცნობ ამ ჟურნალისტსო და დაცვაც აფორიაქდა. ნადირაშვილი ამშვიდებდა: არ გინდათ ახლა აქ პანიკა დ ასე ნუ ექცევითო, შებრუნდა და შეხვედრაზე შევიდა. ამის შემდეგ დაცვის 2-მა წევრმა ხელი მომკიდა ორივე მხრიდან და შენობიდან ძალის გამოყენებით გამომიყვანა. ხალხი იქ იდგა და დაცვას ეუბნებოდა: ნუ ერჩით, ჟურნალისტიაო. მე-2 სკოლის დირექტორი მზია ბახტაძე, პედაგოგები: იზო კვარაცხელია და ქეთინო შავგულიძე იქ იდგა და ხედავდა ამ ყველაფერს.

მერე ისევ მოვბრუნდი და ვინც შენობიდან გამათრია იმათ ფოტოები გადავუღე. ამან ისინი საშინლად გააღიზიანა. პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების მერე, გადაღებული მასალის წაშლა მომთხოვეს. მე შევეწინააღმდეგე, ვუთხარი, რომ პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი და ხელს მიშლიდნენ. მათ უხეშად მიპასუხეს: "გოგო, ამდენი დრო სად გვაქვსო, ჩქარა წაშალეო". არ დავანებე. იქვე იდგა ფოთის პოლიციის უფროსი. შეხვედრის მერე წამართვეს ჩანთა და კამერა. ცოტა ხანში, ჩემი ნივთები მიმიყარეს ეზოში და მითხრეს აიღეო. მე ვუთხარი, რომ არ ავიღებდი , სანამ არ დავრწმუნდებოდი ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ აი, დარდიო, მიპასუხეს და წავიდნენ. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ კამერაში არ იდო "ჩიპი" და გადაღებული მასალები, შესაბამისად, აღარ მაქვს",-აცხადებს იზა სალაყაია.

 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი დღეს ფოთში იმყოფებოდა. მან ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო გახსნა.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED