მესაკუთრეები ფოთის მერსა და პოლიციას შანტაჟში ადანაშაულებენ [Video]

2012.05.02 ავტორი: იზა სალაყაია

საკუთრების უფლების საკითხზე მოქალაქეებსა და საკრებულოს წევრებს შორის შემდგარ შეხვედრაზე ყველაზე მეტი პრეტენზია მერისა და პოლიციის მისამართით გაისმა. შეხვედრაზე მოსახლეობამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ  კერძო საკუთრებაში არსებული ავტოფარეხები მათ ზეწოლისა და მუქარის გზით დაუნგრია. მოქალაქეების ნაწილს კი დემონტაჟს სხვადსხვა გზით ამ დრომდე აიძულებენ. დასახელებული კონკრეტული ფაქტების მიუხედავად, ხელისულებამ პრობლემა არ აღიარა და ზეწოლის ფაქტები უარყო. 

მოწვევის მიუხედავად შეხვედრას არ ესწრებოდა ქალაქის მერი, ვახტანგ ლემონჯავა. მოსახლეობასთან სასაუბროდ მხოლოდ საკრებულოს ოთხი წევრი: დარეჯან ცხვიტარია, კახა გუგუჩია, გოჩა დოლბაია და ლაშა ბერაია მივიდა.

 

მუქარისა და ზეწოლის შემთხვევბზე, საკუთრების იძულებით დემონტაჟის შესახებ კონკრეტული ფაქტების დასახელებას შეხვედრაზე ხმაური მოჰყვა.

გურიის ქუჩაზე მცხოვრები ჟანა აფშილავას თქმით,  მას მერიის წარმომადგენლებმა საკუთრების დემონტაჟი მხოლოდ სიტყვიერი ბრძანების   საფუძველზე მოთხოვა, თუმცა უარის მიუხედავად  ნგრევა მაინც განახორციელა. საკუთრების დასაცავად მოქალაქემ პოლიციას მიმართა, რომელმაც მის შვილს მუქარის  გზით ნგრევის ამსახველი ვიდეო წააშლევინა.

პოლიციისა და მერის მხრიდან მესაკუთრეების დაშინების ფაქტებზე, სხვა მოქალაქეებმაც ისაუბრეს. 

 

რომან ჩხეიძემ საკუთრების ხელყოფაში  საკრებულოს წევრი, კახა გუგუჩია პირადად დაადანაშაულა.

 

–„პირადად თქვენ იყავით, ჯერ ნგრევას მაიძულებდით, შემდეგ კი თავად უზრუნველყავით“– აღნიშნა მან.

 

აბესალომ ხვიჩიას განცხადებით,  ხელისუფლების ბრძანებით,  მის კერძო საკუთრებას ტრაქტორმა გადაუარა.

 

–„სახლში დაბრუნებულს ჩემი ავტოფარეხი უკვე დანგრეული დამხვდა“– განაცხადა ნიკა ლიპარიშვილმა

 

შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზეწოლისა და მუქარის გზით საკუთრების დემონტაჟის ფაქტები უარყვეს. მათი თქმით, დემონტაჟი ყველა შემთხვევაში მესაკუთრეების თანხმობითა და მათი  კეთილი ნებით განხორციელდა. მიზეზად კი, ეზოების კეთილმოწყობა დაასახელეს.

 

საკრებულოს  წევრმა, დარეჯან ცხვიტარიამ აღნიშნა, რომ თავის დროზე საკუთრებების დიდი ნაწილი  უკანონოდ დარეგისტრირდა და წინა წლებში არსებული განუკითხაობა უნდა დამთავრდეს.

 

კომპენსაციის მიღების შემთხვევში, მოსახლეობა ავტოფარეხების დემონტაჟის წინააღმდეგი არაა. 

 

საკრებულოს წევრის, კახა გუგუჩიას განცხადებით, დემონტაჟის შესახებ საკრებულოს დადგენილება ან სხვა ნორმატიული აქტი არ გამოუცია. მისი თქმით, ბიუჯეტში საკომპენსაციო თანხა გათვალისწინებული არაა.

 

შეხვედრის დასასრულს  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა,  გიორგი ხიმშიაშვილმა  განმარტა, რომ ადგილი აქვს კონსტიტუციის დარღვევას. 

 

შეგახსენებთ, რომ ფოთის მერიამ გასულ წელს, ეზოების კეთლმოწყობის მიზნით,  ფოთში 3 ათასამდე ავტოფარეხი დაანგრია, რომელთაგან უმრავლესობა რეგისტრირებული საკუთრება იყო. მერიას ექსპროპრიაციის წესი არ დაუცვია და კანონით განსაზღვრული კომპენსაცია არც ერთ შემთხვევაში არ გაუცია.

 

 

 

 

ამავე თემაზე:

კეთილმოწყობა კერძო საკუთრების ხელყოფის ხარჯზე


ფოთის მერი კერძო საკუთრებებს კვლავ უკანონოდ ხელყოფს


ფოთის მერია ისევ ანგრევს


ჯარიმა დასაშინებლად


დაჯარიმებული მესაკუთრე სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს


ფოთის მერის სამმაგი კომბინაციური სვლა


ფოთის მერმა კიდევ ერთი საკუთრება უკანონოდ დაანგრევინა [video]


tspress.ge მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული საკუთრების უფლების აღდგენაში დაეხმარება

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED