ფოთის მერის მიერ მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერი

2012.04.27 ავტორი: ელისო ჯანაშია

ფოთის მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში უარყო საკუთარი  განცხადება, სადაც ის, ფოთში, სპორტის სასახლის მშენებლობის შეჩერების მიზეზად, პრეზიდენტის მიერ დანაპირების შეუსრულებლობას ასახელებს. 

Tspress.ge-ზე გუშინ გამოქვეყნებულ მასალას -„ფოთის მერმა შეუსრულებელი სამუშაო პრეზიდენტს დააბრალა“ მან „ჟურნალისტების მონაჩმახი“უწოდა.

 

-„Tspress-ის ჟურნალისტების მონაჩმახზე კომენტარის გაკეთება როგორ შეიძლება...ჩანაწერი აუცილებლად ექნებათ და შეგიძლიათ მოსთხოვოთ. მე ვთქვი, რომ  პრიორიტეტები გამოიკვეთა ქალაქის ცენტრში ტაძრის რეაბილიტაციასთან და თეატრის მშენებლობასთან დაკავშირებით.

 

მათთან სასამართლო პროცესებისთვის, რა თქმა უნდა, არ მცალია. სპორტის სასახლე (იგულისხმება ფოთში მშენებარე-ავტ), ჯერჯერობით, პრიორიტეტად არ არის ამ ეტაპზე გამოკვეთილი, მაგრამ აუცილებლად განხორციელდება შემდგომ პერსპექტივებში–მეთქი, ზუსტად ასე ვთქვი სიტყვა–სიტყვით“,- განაცხადა მან "მაესტროსთვის" მიცემულ კომენტარში.

 


Tspress.ge ფოთის მერის განცხადების სრულ ვიდეოჩანაწერს და ტექსტურ მასალას, სადაც ის სამუშაოს შეუსრულებლობის მიზეზად პრეზიდენტის მიერ დანაპირები თანხის გადმოურიცხაობას ასახელებს, უცვლელად გთავაზობთ.


ვახტანგ ლემონჯავა:

 

-„დამერწმუნება საკრებულოს ზოგიერთი წევრი, დამსწრე საზოგადოება, რამდენად მწვავედ ვაყენებთ ჩვენ ამ საკითხებს ფედერალურ ხელისუფლებასთან, პარლამენტის წევრებთან, პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ...

პრეზიდენტის ერთ–ერთი ვიზიტის დროს ითქვა, რომ ფოთისთვის უნდა გამოყოფილიყო 6 მლნ ლარი სხვადასხვა სამუშაოებისთვის, აქედან 1,8 მლნ ლარი უნდა წასულიყო სპორტის სასახლის მეტალის კარკასის შესაძენად, მაგრამ სამწუხაროდ, ეს დაფინანსება ვერ მოხდა ფოთში ჯერჯერობით, მაგრამ 1,2 მლნ ლარი გამოეყო თეატრს. თეატრი უფრო პრიორიტეტული გახდა და გარწმუნებთ, რომ პრიორიტეტების პირველ რიგში სპორტის სასახლე არის და რაღაც პერიოდში, ჩვენ შეგვეძლება გითხრათ, ეს თემა მკვდარი წერტილიდან დაძრულია და უახლოეს მომავალში, რაღაც რეალურ ფორმებს მიიღებს.“


 

შეგახსენებთ, რომ ფოთის მერმა აღნიშნული განცხადება გუშინ, საკრებულოს სხდომაზე გასული წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა. მან სპორტის სასახლის შეჩერების შესახებ საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, გოჩა დოლბაიას კითხვას უპასუხა.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED