ლოთი ქობალია - „ბერძენიშვილებს ყველანაირად დავუპირისპირდები“ [Video]

2012.03.31 ავტორი: ელისო ჯანაშია

ხელისუფლების მიერ შექმნილ ნებაყოფლობით რეზერვს, რასაც ოპოზიცია შეიარაღებულ ბანფორმირებას უწოდებს, საქართველოს ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი ვახტანგ (ლოთი) ქობალია, უკონტროლო დაჯგუფებად არ მიიჩნევს. მისი აზრით, დღეს არც ერთი ფორმირება საქართველოში უკონტროლო არაა და ყველა მათგანი ხელისუფლებას ექვემდებარება. მისივე თქმით, შესაბამისად, მომხდარზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. 

ქობალიას განცხადებით, იმ შემთხვევაში დაუპირისპირდება ივანიშვილს, თუ ის შევარდნაძის კლანის აღორძინებას შეეცდება და იმ ძალასთან დადგება, რომელმაც „პირველსავე დღეს ესროლა გამსახურდიას კანონიერ ხელისუფლებას“. ქობალია დაპირისპირების ყველანაირ გზაზე საუბრობს.

 

ლოთი ქობალია:

 

-„სახალხო ლაშქარი“ 1992 წელს შეიქმნა, როდესაც წინააღმდეგობებით სავსე იყო ჩვენი კუთხე. მაშინ უკონტროლობა იყო. ახლა ყველა ფორმირებას აკონტროლებს ხელისუფლება და რაში გამოიყენებს, ეს სხვა საკითხია. მე ძალისმიერი სტრუქტურის ყოფილი წარმომადგენელი ვარ და ვერ ვიტყვი ამ ქვეყნის სიძლიერეზე უარს. მე ყოველთვის მინდა ჩემი ქვეყანა ძლიერი იყოს და ყველა ქართველი იყოს ამისათვის მზად.

 

-ამ ადამიანებს თავდაცვის სამინისტროსთან არც კონტრაქტი აქვთ, არც  რაიმე ოფიციალური ვალდებულება. არის მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება. თქვენთან რომ მოვიდენენ და გითხრან, უნდა ჩაუდგეთ შეიარაღებულ დაჯგუფებას სათავეში და არ დაგიდონ კონტრაქტი, იქნება თუ არა ეს ლეგიტიმური?


-რასაც თქვენ ამბობთ, ასეთი ყავდა ჯაბას (იგულისხმება „მხედრიონის“ ლიდერი ჯაბა იოსელიანი. ავტ.). არსად არ ეწერებდნენ, არც რეგისტრაციას გადიოდნენ და ყავდა. ვინც ამას აკონტროლებს, რა აქვს ამაში ჩადებული, ეს მათი საკითხავია. ამას თუ გამოიყენებენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, მაშინ მეც მივესალმები ამას.

 

-როგორ ფიქრობთ, შეძლებს თუ არა ეს ძალა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას?


-ზვიადისტების გარკვეული ნაწილი მე მდებდა ბრალს იმაში, რომ ვერ დავამარცხე რუსეთის იმპერია. გახსოვთ ალბათ, რომ შევარდნაძე წამოვიდა ამავე დროს რუსების შეიარაღებული ძალები შემოიყვანეს ჩვენს წინააღმდეგ ე.ი. კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ და ეს ხალხი შევანდნაძის მემკვიდრეები არიან. ეს კონტროლირებადი ხალხია, რა კატეგორიის ხალხია ისიც არ ვიცი, მაგრამ ანზორ ჩხეიძე და ვახტანგ ზარანდია ბანდიტი ან ყაჩაღი არ არიან. ზუგდიდელმა ზუგდიდელს რომ ესროლოს, „ვარიანტი“ არ არსებობს. თუმცა, ყველა შემთხვევაში, პასუხი უნდა მოეთხოვოს ხელისუფლებას. ყველა სტრუქტურა უნდა იყოს მიმართული ქვეყნის კეთილდღეობისათვის, ე.ი. ქვეყნის დასაცავად. მაგრამ, თუ ქმნი რაღაც უკონტროლოს, რომ კონტროლიდან გავიდეს ან იარაღი ან რაღაც, ეს არის კატასტროფა. ზარანდიას და ჩხეიძეს არ მგონია ტვინში რაღაც შეუბრუნდნეს და ხალხს ესროლონ, ეს გამორიცხულია. მაგათ იციან რა მოხდება საპირირისპიროდ. ხალხი არავის პატიობს, გამორიცხულია, მაგრამ თუ ეცდებიან ეს ხალხი საარჩევნოდ გამოიყენონ, დავუშვათ კონტროლის ქვეშ რომ იყოს ამდენი რეზერვისტი, ვალდებულად რომ ჩაათვლევინონ თავი ხელისუფლების წინაშე, შეიძლება ამისათვის უნდოდეთ...

 

მე ვიცი, რომ ანზორ ჩხეიძე დადის კარდაკარ და აგიტაციას უწევს, რომ წავიდნენ რეზერვში. მე პირადად, არ მიკითხავს რატომ დადის ის კარდაკარ, აქვს თუ არა მაგის სათანადო რწმუნება ან რა წესდების გარშემო მუშაობს. რისთვის წახვედით-მეთქი ვკითხე და ბათინკებისა და საწვიმარი „კურტკისთვისო.“ ერთი მეც მაჩუქეს.  ჩვენი ყოფილი ჯარისკაცი წავიდა და ჩამოგიტანეო „კურტკა“. ხალხის საწინააღმდეგო, თუ ასეთ რაღაცას ქმნის ხელისუფლება, ის არ უნდა იყოს ხალხის სახელით მოსაუბრე. ყველა შემთხვევაში ხელისუფლება აგებს პასუხს ყველანაირ დანაშაულზე, ყველანაირ მოქმედებაზე.

-ივანიშვილის პარტიას მიიჩნევთ რუსულ ძალად?


-რა აგიტაციასაც აკეთებს, მე ვერ ვუყურებ სხვა არხებს და ხელისუფლება რასაც აკეთებს სხვაარხებით, პრორუსულია.

 

-თუ ხელისუფლებამ თქვა, რომ ეს არის რუსული ძალა,  არის თუ არა შესაძლებელი, რომ ეს ხალხი გამოიყენოს მან ამ ე.წ. რუსული ძალის წინააღმდეგ?


-ივანიშვილზე პირადად, ვარ კარგი განწყობით, იმდენი სიკეთე გაუკეთებია ხალხისთვის, როგორც მსმენია, ამ კაცს, რომ იმაზე ცუდს ვერ ვიტყვი ვერავითარ შემთხვევაში, მაგრამ მის გვერდითაა ის ხალხი, ვინც დამოუკიდებელ საქართველოს პირველსავე დღეს ესროლა, თავისი ამბიციებიდან გამომდინარე და ხელი შეუწყო შევარდნაძის კლანის აღდგენას და ისევ რუსეთის მფარველობის ქვეს თავის დახრას, ის ხალხი თუ ვნახე, რასაკვირველია, ძალიან უკურეაქციას მიიღებს ისინი.

-ანუ დაუპირისპირდებით?


-რასაკვირველია დავუპირისპირდები, ბერძენიშვილები ჩვენ ტყვიას გვესროდა და აბა, რას ვიზამ?!

 

-და რა სახით დაუპირისპირდებით?


-ყველანაირად.   

                                                                         

-ხომ შეიძლება, რომ იგივე განწყობა ჰქონდეს, იმ ფორმირებებს, რომლებიც ახლა ყალიბდებიან?


-რასაკვირველია, ასეთი განწყობა ექნებათ, აბა, რა ექნებათ. კი ბატონო, ეს ჩემთვის მისაღებია აბსოლუტურად.

 

-რა არის მისაღები? ამ შემთხვევაში მივდივართ დაპირისპირებამდე...


-დაპირისპირებამდე მივდივართ, მაგრამ დაპირისპირება კი არა, ტყვია გვესროლეს და თუ იმ შევარდნაძის კლანის აღორძინებას ფიქრობს, არ გამოუვა. ივანიშვილი მარტო, რომ მოსულიყო, არანაირ წინააღმდეგობას არ წააწყდებოდა და პირდაპირ გავიდოდა გრიალ-გრიალით.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED