"როკერა": „მე ვცხოვრობ ქვეყანაში, რომელსაც მორალი არ გააჩნია“

2012.02.25 ავტორი: იზა სალაყაია

-“ეს ქვეყანა კიდევ დიდი ხანი ვერ შედგება სახელმწიფოდ, ეს არის არა მხოლოდ ხელისუფლების ბრალი... ადამიანები არ არიან მზად სახელმწიფოში საცხოვრებლად, ამიტომ ქმნიან იმ სინამდვილეს, რომელშიც ახლა ვართ,“– აცხადებს თბილისში ერთადერთი როკ–კლუბის მეპატრონე, ეკატერინე ლემონჯავა.

მან კლუბის დახურვის შესახებ ინფორმაცი სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა:

-„ბოლო დროს ჩემს მიმართ განვითარებული მოვლენების შემდეგ მივხვდი, რომ შიში, რომელიც ამ ყველაფრის შემდეგ მაქვს (როკ კლუბში პროვოკაციის მოწყობის, შემთხვევითი გაურკვევლობების, როკ კლუბში მოსული ახალგაზდების უსაფრთხოების, და ა. შ ) ვერ გადავლახე - მე ვცხოვრობ იმ ქვეყანაში, რომელსაც მორალი არ გააჩნია. მე კლუბს ვხურავ იმიტომ, რომ სხვანაირად თქვენ ვერ დაგიცავთ.“

 

კლუბის მფლობელმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, რამდენიმე ხნის წინ, კუდ-ის მიერ მისი გადაბირების მცდელობის ფაქტი გაახმაურა. მისი განცხადებით, 25 იანვარს, საღამოს, მას ორი უცნობი მამაკაცი დახვდა, რომლებმაც ის ძალის გამოყენებით რუსთაველის #26-ში მდებარე პოლიციის შენობაში წაიყვანეს.

 

-"მათ მეტალოდეტექტორზე შემამოწმეს, შემდეგ შეურაცხყოფა, მუქარა და გინება დამიწყეს და მათთან თანამშრომლობას მთხოვდნენ. ჩემს მიმართ ფსიქოლოგიური ტერორი იქამდე გაგრძელდა, რომ მე მათ მოთხოვნას დავემორჩილე და დავწერე, რომ მათთან კონსპირაციულ რეჟიმში თანამშრომლობაზე თანახმა ვიყავი. მათ მეტსახელად "როკერა" დამარქვეს და მხოლოდ ამის შემდეგ გამათავსუფლეს. ამის შემდეგ მე სოზარ სუბარსა და ჟურნალისტ შალვა რამიშვილს დავუკავშირდი. შალვა რამიშვილთან ერთად მივედი იმ შენობაში, სადაც უცნობმა ადამიანებმა მიმიყვანეს. იქ ამოვიცანი ერთ-ერთი სამართალდამცველი, რომელიც ჩემს გადაბირებას ცდილობდა," - განაცხადა ლემონჯავამ.  

 

ლემონჯავამ, 19 თებერვალს, როკ-კლუბში ღონისძიება "როკი ძალადობის წინააღმდეგ" გამართა, თუმცა როგორც ის Tspress.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ბოლო ერთი თვის მანძილზე, კონცერტების რაოდენობა შეამცირა. კლუბის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა:

–„მე ქუჩაში მარტოც ვერ დავდიოდი და დღემდე დაცვით დავდივარ. მათ შეუძლიათ სხვა რამ მოიმოქმედონ, რომელიც ამ სახელმწოფოსთვის მხოლოდ მორიგი სამწუხარო სტატისტიკა იქნება, ჩემთვის კი, დიდი ტრაგედია,“– განაცხადა ლემონჯავამ.

 

მას მიაჩნია, რომ თანამშრომლობის იძულება კუდი-ს კონკრეტული პიროვნებების ინიციატივა იყო და არა უწყების და შიშობს, რომ მათ ასევე პირადი ინიციატივით, სხვა პროვოკაციების მოწყობაც შუძლიათ. 

 

მისი განცხადებით, ამ ინციდენტის შემდეგ, ძალოვანი უწყების ან ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის ან დაშინების ღია ფაქტები არ ყოფილა, თუმცა, ადგილი ჰქონდა უცხო პირთა მიერ  გარკვეული გაფრთხილებებს.

–„სამეგრელოში ვიყავი წასული. სახლში მხოლოდ ჩემი მეგობარი იყო, როცა გვიან ღამით უცნობი პირები ჩემი სახლის კარის გატეხვას შეეცადნენ,  ასევე იყო შემთხვევა, როცა კონცერტის შემდეგ, აფთიაქში შევდიოდი ჩემი ძმა და ბიძაშვილი კი გარეთ მელოდებოდნენ და ვიღაც ქალმა მითხრა, დროა გაჩერდე, თორემ უარესს ელოდეო,“– აღნიშნავს ის.

 

მისი თქმით, ბოლო პერიოდში, მასთან ურთიერთობას ახლობლები თავს არიდებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ის მათთვის „საშიშროებას წარმოადგენდა“.

ეკატერინე ლემონჯავა

 

ეკატერინე ლემონჯავას თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, გახმაურებული არ იყო. ის მისმა მეგობრებმაც კი არ იცოდნენ. ამიტომ ის მომხდარს, მის პოლიტიკურ შეხედულებებს არ უკავშირებს.

 

ამჟამად, ლემონჯავა ვარშავაში იმყოფება. ის საქართველოში დაბრუნებას რამდენიმე დღეში გეგმავს. ჩამოსვლის შემდეგ სად გააგრძელებს საქმიანობას, ამაზე არ საუბრობს:

–„მე არ ვარ ადამიანი, რომელსაც უნდა პარტიაში იყოს, მაგრამ მე ვარ ჩემი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც თავის მოქალაქეობრივ პოზიციას ყოველთვის დაიცავს.“- აცხადებს ის.

 

 

 

ამავე თემაზე :



"ქართული ოცნების" მხარდამჭერს უშიშროებასთან თანამშრომლობას აიძულებდნენ

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED