კეთილმოწყობა კერძო საკუთრების ხელყოფის ხარჯზე

2012.02.20 ავტორი: ნინო თუნთია

ფოთში, საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში, 3 000 ავტოფარეხიდან ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2 230 უკვე აიღო, ამის შესახებ, ქალაქის მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ განაცხადა. მათ შორის დაკანონებული ავტოფარეხებიცაა.

ეს კამპანია, გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. ათობით კორპუსის მობინადრეს, ეზოში ჯერ რკინის ავტოფარეხების და სხვა კონსტრუქციების აღება, შემდეგ კი კაპიტალური ნაგებობების დანგრევა საკუთარი სურვილის წინააღმდეგ მაინც მოუხდა.

ხელფასზე გაცვლილი საკუთრების უფლება


„სახლში, მხოლოდ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები და გარაჟის გასაღები დამრჩა, იმ ხარჯის სახსოვრად, რაც აშენებაზე გავწიე. სხვა რა გზა მქონდა?"- ამბობს კოსტავას #6-ში მცხოვრები, ახალგაზრდა მამაკაცი.
დანგრეული ავტოფარეხების მეპატრონეების უმეტესობა, პირად საუბარში არ მალავს, რომ ეს ნაბიჯი იძულებით გადადგეს: სამსახურის შენარჩუნების, ან ახლობლებისთვის სხვადასახვა პრობლემების აცილების მიზნით. მაგრამ, იგივეს გამეორება ღიად არ სურთ. „ჯართის გროვას სამსახურს ვერ გადავაყოლებდი. შვილების გამო ყველაფერზე წავალ"- ასეთია ქალბატონის არგუმენტები, რომელმაც ეზოდან რკინის კონსტრუქციაც აიღო და საბინაო ამხანაგობის ნებართვით აგებული, რეესტრში გატარებული კაპიტალური ავტოფარეხიც.

 

ფოთის მერი, ვახტანგ ლემონჯავას თქმით, ინფორმაცია მოსახლეობაზე განხორციელებულ ზეწოლის შესახებ, გადაჭარბებულია. „კერძო საკუთრების ხელყოფის არც ერთი ფაქტი, ამ ადამიანებთან შეთანხმების გარეშე არ გაგვიკეთებია. ეს არ იყო კრიმინალური პროცესი"- განაცხადა ფოთის მერმა ჟურნალისტებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე.

 

ზეწოლა მეზობლების სახელით


ფოთის მერის თქმით, ეზოების კეთილმოწყობის პროექტს ზოგიერთი ადამიანი მხოლოდ იმიტომ ეწინააღმდეგება, რომ მოქალაქეობრივი პოზიცია არა აქვს და არც მეზობლებს უწევს ანგარიშს. „რუსთაველის რკალის #14 ნომერში მცხოვრებ ვანო ნარმანიას, თავისი სამარცხვინო ნაგებობა ქალაქის ცენტრში ექნება, სანამ მეზობლებს არ შეაწუხებს"- ამბობს ლემონჯავა. ვანო ნარმანია, რომელიც არ აპირებს დაკანონებული ავტოფარეხი კომპენსაციის მიღების გარეშე დაანგრიოს, აცხადებს, რომ უარის თქმის შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობა მასზე ზეწოლას მეზობლების საშუალებით ცდილობს.
ნაბადის უბანში, ჭავჭავაძის ქუჩის ბოლოს მდებარე კორპუსებში დაკანონებული ავტოფარეხების დანგრევაზე უარი თერთმეტმა მოქალაქემ თქვა. მიმდინარე წლის აპრილის თვეში, ქალაქის მერმა მათ მეზობლებთან საუბრისას განაცხადა, რომ იმ ეზოში, სადაც ავტოფარეხები დარჩა შესაძლოა, სპორტული მოედნები არ გაკეთდეს.


გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ე.წ. „პენტაგონის ბინებში", დაკანონებული ნაგებობის დანგრევის შემთხვევებს მერი ასევე, მეზობლებს უკავშირებს.

 

გეგენავების ოჯახს საქვაბის პრივატიზებაზე თანხმობა მეზობლებმა ხელმოწერებით მისცეს. ქალაქის მერის თქმით, ეზოს გაწმენდისას მეზობლებმა უკან მოისურვეს ამ თანხმობის წაღება და სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტეს.„გეგენავებმა ნახეს, რომ მერია კი არა, მეზობლები უპირისპირდებოდნენ და საკუთრება თავად დაანგრიეს" – ამბობს ლემონჯავა. „პენტაგონის ბინის" მცხოვრებლები მომხდარზე საუბარს თავს არიდებენ.
მედიასთან ურთიერთობისაგან, ამ დრომდე თავს იკავებს ამავე ბინაში მცხოვრები, ბართიების ოჯახიც, რომელსაც ეზოში დაკანონებული სურსათის მაღაზია ჰქონდა. მათ ნაგებობა იმ პირობით დაანგრიეს, რომ კეთილმოწყობისას მერია ახალ ობიექტს გაუხსნიდათ. „აღმოჩნდა, რომ ეზოს პროექტს ასეთი ობიექტი არ მოუხდა, მერე მეზობლებსაც გაუჩნდათ მაღაზიების აშენების სურვილი. ამ ეზოს მაღაზიების რიგად ვერ გადავაქცევთ"- ასე ასაბუთებს დანაპირებზე უარს ქალაქის მერი.

 

"ნებაყოფლობითი" ექსპროპრიაცია


ავტოფარეხების აღების შესახებ საკრებულოსა და მერიას შესაბამისი დოკუმენტი არ გამოუცია. მესაკუთრეებმა მითითება სიტყვიერად მიიღეს. „თავისუფალი სიტყვის" წერილობით მოთხოვნაზე, მიეთითებინათ შენობების დანგრევის სამართლებრივი საფუძველი, მერიამ უპასუხა, რომ მოსახლეობა გაგებით მოეკიდა ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს და ავტოფარეხები საკუთარი ნებით დაანგრია. „დაგეგმილი კეთილმოწყობის პროექტები, უზრუნველყოფს საჯარო სარგებლობის სივრცისა და ცხოვრების კომფორტული პირობების შექმნას." განმარტავს ფოთის მერის მოადგილე, ავთანდილ ბაბილუა.
„ტერმინს „საჯარო სარგებლობის სივრცე" ქართული კანონმდებლობა არ იცნობს. შეიძლება არსებობდეს სივრცითი მოწყობის გეგმა, რომელსაც საკრებულო ამტკიცებს, როგორც ეს დედაქალაქის შემთხვევაშია, მაგრამ ეს კერძო საკუთრების ჩამორთმევას, ექსპროპრიაციას არ გულისხმობს. საჯარო და კერძო ინტერესებს კანონი განსაზღვრავს და ნებისმიერი გადაწყვეტილება, კანონმდებლობის შესაბამისად უნდა იყოს მიღებული."-აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ბექა დოჭვირი.


ფოთის საკრებულოს დარგობრივი ეკონომიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, გიორგი შამუგია აბობს, რომ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ საკითხებში სივრცითი მოწყობის გეგმა არ არის. კორპუსების ეზოებში ჩასატარებელ სამუშაოების ხარჯები და ვადები კი ფოთის 2011 წლის ბიუჯეტშია მითითებული.
მიმდინარე წლის პირველ აპრილს, იმავე „პენტაგონის ბინებში" პარლამენტარების სტუმრობისას მერმა პიდაპირ თქვა, რომ ამ ეზოში ზოგიერთი მოქალაქის უფლება შეილახა და დაკანონებული შენობების პატრონებს მატერიალური ზარალიც მიადგათ. ამის მიუხედავად, ფოთის ხელისუფლება დაზარალებული მოსახლეობისთვის ფულადი კომპენსაციის მიცემას არ აპირებს. „ კომპენსაციები რომ გაგვეცა, როგორც ეს ბათუმში მოხდა, ამას 70-ვე ეზოს კეთილმოწყობისთვის გათვალისწინებული მთელი თანხა არ ეყოფოდა. ბათუმი საჩვენებელი ქალაქია, ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს„-აცხადებს მერი.

 

სათამაშო მოედნები კერძო საკუთრების ადგილას


დანგრეული ავტოფარეხების ადგილას, მერია სათამაშო და სპორტული მოედნების, სკვერების და ატრაქციონების განთავსებას გეგმავს. ფოთის 2011 წლის ბიუჯეტში 20 ეზოს კეთილმოწყობისთვის, 950 000 ლარია გათვალისწინებული. ამ დრომდე არც ერთ ეზოში სამუშაოები არ მიმდინარეობს. მშენებლობის სამსახურის უფროსის, ირაკლი ნაჭყებიას თქმით, 30 000 ლარის საპროექტო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ, შპს „სპექტრმა" უკვე ჩაატარა. ახლა მერია, ამ სამუშაოების ექსპერტიზაზე აცხადებს ტენდერს. კეთილმოწყობა, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება. ეზოებიდან არც ნანგრევები გაუტანიათ. დასუფთავება, მხოლოდ მალთაყვის უბანში, გურიის ქუჩაზე მდებარე ორი კორპუსის ეზოში დაიწყო. სამშენებლო ნაგვის გასატანად, ბიუჯეტში 50 000 ლარია გათვალისწინებული.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED