tspress.ge მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული საკუთრების უფლების აღდგენაში დაეხმარება

2012.02.15 ავტორი:

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრი“(ინტერნეტგამოცემა www.tspress.ge), საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების(G-PAC)-ის პროგრამის ფარგლებში, საკუთრების უფლებებზე მოსახლეობის ადვოკატირების პროექტს იწყებს. პროექტი მოსახლეობის საკუთარ უფლებებში უკეთ გარკვევას, სამართლებრივ დახმარებასა და საკუთრების უფლების აღდგენაში დახმარებას ითვალისწინებს.

საკუთრების ხელყოფის პრობლემა საქართველოში, რამდენიმე წლის წინ დაიწყო. სახელმწიფო ექსპროპრიაციას(საკუთრების ჩამორთმევა), კანონდარღვევით ახორციელებდა, მესაკუთრეებზე კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციებს არ გასცემდა, უფრო მეტიც, რიგ შემთხვევაში, საკუთარი ქონების დაცვა დაკავების საფუძველიც კი გამხდარა.

 

გასულ წელს, ფოთში, საკუთრების უკანონო ჩამორთმევის არა ერთი ფაქტი დაფიქსირდა. მერიამ ექსპროპრიაცია განახორციელა ისე, რომ არც ერთ შემთხვევაში მოსახლეობისთვის კუთვნილი კომპენსაცია არ გაუცია, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეთა დიდ ნაწილს, საკუთრება კანონიერად რეგისტრირებული ჰქონდა.

 

ოფიციალური ინფორმაციით, შარშან, ფოთის მერიამ 2700 ავტოფარეხი დაანგრია. გადაწყვეტილება ამის შესახებ, არც ფოთის საკრებულოს მიუღია, არც მერის ბრძანება და მით უმეტეს, სასამართლო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე, არ არსებობს.

 

ავტოფარეხების ნგრევის საფუძვლად, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის სპორტული მოედნების მშენებლობა დასახელდა. საკომპენსაციო თანხები ბიუჯეტში გათვალისწინებული არ ყოფილა.

საკუთრების დემონტაჟის პროცესი

საკუთრების დემონტაჟის პროცესი

 

საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის თანახმად, კერძო საკუთრება ხელშეუხებელია. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით.

 

მიუხედავად იმისა, კანონით გათვალისწინებული ექსპროპრიაციის წესი მათთან მიმართებაში მერიას არ დაუცვია. მერი და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, ხშირ შემთხვევაში, მუქარისა და შანტაჟის საფუძველზე აიძულებდნენ  მოქალაქეებს კერძო საკუთრების დათმობას.

 

-„ჯართის გროვას სამსახურს ვერ გადავაყოლებდი... შვილების გამო ყველაფერზე წავალ...გარაჟის გამო ციხეში ვერ წავალ...“- ასეთია იმ დაზარალებულთა არგუმენტები, რომლებმაც რეესტრში გატარებული კაპიტალური ავტოფარეხები  „უსიტყვოდ“თავადვე დაანგრიეს.

 

ფოთის მერს, ვახტანგ ლემონჯავას ერთ-ერთ ბრიფინგზე არ უარყვია ის ფაქტი, რომ 2700-მდე დანგრეული ავტოფარეხიდან 270 კანონიერ მფლობელობაში იყო, თუმცა თავადვე განაცხადა, რომ  ბიუჯეტში საკომპენსაციო თანხის არარსებობის მიუხედავად, მერია ავტოფარეხების დემონტაჟზე მოსახლეობის დაყოლიებას მაინც ცდილობს:

 

-„პატრონთან შეთანხმებას სადაც ვერ მივაღწიეთ ის ავტოფარეხები დგას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პატრონზე არ ვიმუშავეთ, რომ დაგვერწუნებინა ამ ავტოფარეხების და შენობების მიზანშეუწონლობაზე...“ ,-აცხადებს ლემონჯავა.

ფოთის მერი კერძო საკუთრებებზე by TS PRESS

 

მერის სურვილი და მის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას,მოსახლეობის საჭიროებების შესწავლა და მოქმედი კანონმდებლობა საფუძვლად არ უდევს.

კუთვნილი კომპენსაციების გარეშე ნგრევის შესახებ მოქალაქეთა „დარწმუნებას“, თავად მოსახლეობა „შანტაჟსა და მუქარას“ უწოდებს.

 

ორგანიზაციას ამ დროისათვის უამრავმა დაზარალებულმა მიმართა, რომელთა უმრავლესობა აცხადებდა, რომ  მერი და მისი ხელქვეითები მათ „პრობლემების შექმნით“ , სამსახურის დაკარგვით ან სულაც დაჭერით დაემუქრნენ:

 

-„უნდათ, საკუთარი ხელით დავანგრიოთ. დაანგრიე და ერთჯერად მატერიალურ დახმარებას 150 ლარს გამოგიწერ წელსაც და მომავალ წელსაცო, მერმა გვითხრა. 5-ათასიან ქონებას მანგრევინებს და 300 ლარს მპირდება,“-აცხადებს ფოთში, 9 აპრილის ხეივნის #29-ში მცხოვრები მანანა გოგავა. მას მერმა ავტოფარეხის ასაღებად 10-დღიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გოგავას თქმით, სამსახურიდან გაშვებით დაემუქრა.

 

მას შემდეგ, რაც აღნიშნული კორპუსის ამხანაგობის წევრებმა ნგრევის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი მერიიდან წერილობით მოითხოვეს, მერმა საპასუხოდ მათ პოლიციაში უჩივლა.

 

 პოლიციამ მათ, თავის დროზე,  ავტოფარეხის დადგმის უფლების მოსაპოვებლად, ამხანაგობის ხელმოწერების გაყალბება და არასათანადო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვება დასდო ბრალად:

 

-„გამომძიებელმა გვითხრა,  საქმე დასაჭერად გაქვთო. თაღლითობისათვის 3-წლიანი პატიმრობა გელითო. თუ დაანგრევთ გარაჟებს, არ დაგიჭერთო. არ აქვს ამათთან ბრძოლას აზრი...“-განაცხადა  პოლიციის მიერ ერთ-ერთმა დაკითხულმა და დაჭერით შიშით ავტოფარეხი თავად დაანგრია.

 

მერიას დემონტაჟისთვის ბიუჯეტში, გარკვეული თანხა ჰქონდა გამოყოფილი, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობას საკუთრებები თავად დაანგრევინეს.

 

მიმდინარე წელს, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ“ კანონიერების დაცვისკენ მოუწოდა ფოთის მერს და მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული მუქარისა და შანტაჟის აღკვეთა მოითხოვა:

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოგმართავთ თხოვნით, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოთ აღნიშნულ საკითხზე და უზრუნველყოთ ფოთის მოსახლეობის კანონიერი ინტერესების დაცვა. ამასთან, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიიღოთ სათანადო ზომები და აღკვეთოთ მერიის ზოგიერთი თანამშრომლის მიერ მოსახლეობის მიმართ მუქარისა და ავტოფარეხების დემონტაჟის მოთხოვნის ფაქტები.

 

აქვე, მოგმართავთ რეკომენდაციით, ავტოფარეხების დემონტაჟი განახორციელოთ მხოლოდ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სათანადო კომპენსაციის საფუძველზე, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების გზით. ხოლო, ავტოფარეხების დემონტაჟის მოთხოვნა მოსახლეობას წაუყენოთ მას შემდეგ, რაც ქ. ფოთის ბიუჯეტში გათვალისიწნებული იქნება შესაბამისი საკომპენსაციო თანხები“-წერია მიმართვაში.

 

მერი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არ ცვლის და მისი პასუხი ასეთია: „რამდენიმე ადამიანის მოთხოვნა, მიიღონ სახელმწიფოსგან კანონით დადგენილი კომპენსაცია საკუთრების ჩამორთმევის სანაცვლოდ, ვერ გადაფარავს სხვა მობინადრეების უფლებას, იცხოვრონ მათთვის სასურველ გარემოში“,-აცხადებს ის და კანონის სახელით ნგრევას განაგრძობს...

 

ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელება, სწორედ აღნიშნული ფაქტების არსებობის გამო გახდა საჭირო და აუცილებელი. ორგანიზაცია მიმართავს, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს მსგავსი პრობლემა სახელმწიფოსთან, მიმართოს ორგანიზაციას მისამართზე: ფოთი, კოსტავას 4/30. ტელ. 27 94 84. ორგანიზაცია მათ  საკუთრების უფლების აღდგენაში დაეხმარება.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED