"ბანკი ქართუს" ინფორმაციით, აუქციონზე გატანილი ქონების უდიდესი ნაწილი ეკონომიკის სამინისტრომ დაისაკუთრა

2012.01.11 ავტორი:

"ბანკი ქართუს" ინფორმაციით, საჯარო აუქციონებზე გატანილი მათ ბანკში გირაოდ ჩადებული არც ერთი ქონება პრაქტიკულად არ გაყიდულა, მათი უდიდესი ნაწილი ეკონომიკის სამინისტრომ დაისაკუთრა, მიმდინარეობს დანარჩენი ქონების ნატურით დასაკუთრების პროცესიც– აღნიშნულია "ქართუ ბანკის" მიერ გავრცელებული სპეციალურ განცხადებაში. 

გავრცელებულ განცახდებაში "ბანკი ქართუს" წარმომადგენლები კლიენტურის მიერ  ბანკში გირაოდ ჩადებული და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაყადაღებული უძრავ-მოძრავი ქონების საჯარო აუქციონზე ვაჭრობის იმიტაციის პროცესზეც საუბრობენ

 

"გასულ კვირას, 2012 წლის 4 იანვარს, აუქციონებზე გატანილ იქნა დამატებით 6 ობიექტი ჯამში 12,3 მლნ ლარი ღირებულებით, რომლის საწყისი სააუქციონო ფასი ამ ღირებულების 50%-ს შეადგენდა. შედეგად, ბოლო ერთი თვის მანძილზე აღნიშნულ საჯარო აუქციონებზე გატანილია ჩვენს ბანკში გირაოდ ჩადებული 46 ობიექტი, ჯამში 127 მლნ ლარის ღირებულებით, რომლის საწყისი სააუქციონო ფასი, ამ ღირებულების 50%-ს შეადგენდა.

 

საჯარო აუქციონებზე გატანილი არც ერთი ქონება პრაქტიკულად არ გაყიდულა, მათი უდიდესი ნაწილი ეკონომიკის სამინისტრომ დაისაკუთრა, მიმდინარეობს დანარჩენი ქონების ნატურით დასაკუთრების პროცესი, ასევე ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ჩვენი ვარაუდით, ახლო მომავალში, გარკვეული სქემით, თავდაპირველი მფლობელებისთვის უკან დაბრუნების მიზნით;

 

საჯარო აუქციონებზე გამოტანილი 2 ობიექტის შემთხვევაში ჩვენმა ბანკმა გამოხატა ქონების შეძენის სურვილი და მონაწილეობა მიიღო გამართულ ვაჭრობაში, თუმცა უშედეგოდ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აუქციონებში გამარჯვებულმა პირმა (ჩვენი ვარაუდით, სახელმწიფოს წარმომადგენელმა) არ გადაიხადა ქონების გაცხადებული ღირებულება, განმეორებითი აუქციონის ჩატარება არ ჩაითვალა მიზანშეწონილად და ეს ობიექტებიც სახელმწიფომ დაისაკუთრა ნატურით."- აღნიშნულია განცხადებაში.

 "ბანკი ქართუს" წარმომადგენლები ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე გაუგებარ საგადასახადო ორგანოების მოქმედების ლოგიკზე საუბრობენ, როდესაც გადასახადის გადამხდელს აღმოაჩნდება საგადასახადო ვალდებულება, თანხების ამოღების უპირველეს ინსტრუმენტს ყოველთვის წარმოადგენდა ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე საგადასახადო ინკასოს წარდგენა, ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე არსებული და ჩასარიცხი თანხების ოპერატიულად ამოღების მიზნით. ასეთი ქმედება განხორციელდა მხოლოდ ერთი მსესხებელი ბიზნეს-ჯგუფის შემთხვევაში და ისიც აუქციონების ჩატარებისა და ქონების ეკონომიკის სამინისტროს მიერ დასაკუთრების შემდეგ.

 

ჩვენი ინფორმაციით, საგადასახადო ინკასო წარმოდგენილია წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების სრულ თანხაზე. ცხადი ხდება, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია არა ბანკის კლიენტი ორგანიზაციებიდან საგადასახადო დავალიანებების ამოღებით, არამედ ამ ორგანიზაციების მიერ სს "ბანკი ქართუს" სასარგებლოდ იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონებების ჩამორთმევით – განმარტებულია განცხადებაში. 

 

განცხადების თანახმად, აუქციონზე გაყიდული ბანკის კლიენტების ქონებიდან, 3 მათგანი სააქციო საზოგადოების საკუთრებაა, რომელთა ძირითად აქციონერს წარმოადგენს შესაბამისად 3 პირი. აღნიშნული ორგანიზაციები საკუთრებაში ფლობდნენ 3 მსხვილ ობიექტს თბილისის ცენტრში, შემდეგ მისამართებზე: ვეკუას ქუჩა #3, აგლაძის ქუჩა #37 და ჭავჭავაძის გამზირი #60. ზემოთ აღნიშნული უსამართლო ქმედებების განხორციელების შედეგად, გარდა ბანკისა, დაზარალდა ხსენებული სააქციო საზოგადოებების ათასზე მეტი წვრილი აქციონერი, რომლებმაც რეალურად დაკარგეს თავიანთი აქციების უკან მდგარი ქონება.

 

"ბანკი ქართუ"  ხელისუფლებსი ზეწოლისა და ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად მიყენებულ ზარალზეც საუბრობს:  ბანკმა დაკარგა 4 მსესხებელი ბიზნეს–ჯგუფის საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გირაოში ჩადებული უძრავ-მოძრავი ქონებები, რის შედეგადაც რეალურად მიიღო 66,7 მლნ ლარის ფინანსური დანაკარგი. მოსალოდნელი ზარალის უარყოფითი შედეგების (საბანკო ნორმატივების შესაძლო დარღვევა) პრევენციის მიზნით, ბანკმა ადეკვატურად გაზარდა საზედამხედველო კაპიტალი. 

 "ბანკი ქართუ" კვლავაც რჩება ერთ–ერთ ყველაზე უფრო მაღალი ლიკვიდობის მქონე საფინანსო ინსტიტუტად საქართველოში.

 

 ბანკის წარმომადგენლები  საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს შეაჩეროს სს "ბანკ ქართუზე" და მის კლიენტებზე უსამართლო ზეწოლა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ  საფრთხე ექმნება მთლიანად საქართველოს საფინანსო სისტემას, მთლიანად ქართულ ეკონომიკასა და სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯს.

 

სს "ბანკი ქართუს" ადმინისტრაცია კვლავაც გაატარებს ყველა აუცილებელ ღონისძიებას მოქმედი კანონმდებლობისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ფარგლებში, რათა შეინარჩუნოს სტაბილური საბანკო დაწესებულების სახელი, შეუფერხებლად მოემსახუროს კლიენტურას და პირნათლად შეასრულოს საქართველოს ეროვნული ბანკის თითოეული კანონიერი მოთხოვნა", - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED