როგორ ეპატიჟებიან შეიარაღებულ დაჯგუფებებში სამეგრელოს ახალგაზრდებს

2012.01.09 ავტორი: სოფო ხუბულავა

რეპორტაჟი ჯიხაშკარიდან


ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარის მაცხოვრებელთა თქმით, სოფელში სროლის ხმა ხშირად ისმის. ისვრიან ავტომატებიდან და ტაბელური იარაღიდან, თუმცა, ზამთრის დადგომისთანავე  სროლის ხმა უფრო იშვიათი გახდა.  

სოფელი ჯიხაშკარი

სოფელი ჯიხაშკარი

შესაქმნელი თუ უკვე შექმნილი შეიარაღებული დაჯგუფებების შესახებ ინფორმაციას ქართული პრესა აქტიურად აშუქებდა. მედიაში  გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის ზოგიერთ სოფელში, მათ შორის, ჯიხაშკარში, ე.წ.  ზონდერებისთვის „სასროლეთები“ იყო მოწყობილი.

 

tspress.ge ჯიხაშკარში ჩავიდა და სიტუაციაში გარკვევას ადგილზე შეეცადა.

 

ჯიხაშკარელების მონათხრობი


-„ისმის სროლის ხმა, მაგრამ არ გვეშინია, ალბათ, პოლიციელები არიან“,- ამბობს მოხუცი ქალბატონი, რომელსაც tspress.ge სოფლის ცენტრში შეხვდა.

 

ჯიხაშკარელებმა შეიარაღებული დაჯგუფების შესახებ იციან, მაგრამ საუბარს ფრთხილობენ. ისინი ხშირად ხედავენ სამხედრო პიკაპებს, რომლებიც შემდგომ ტყეში უჩინარდებიან:

 

-„ნებაყოფლობითი რეზერვის თაობაზე ყოფილან აქ, ცენტრში მოსულები, მაგრამ მე არ დავინტერესებულვარ, არ შევალ არასდროს და იმიტომ,“-ამბობს ერთ-ერთი ახალგაზრდა ჯიხაშკარელი მამაკაცი.

 

-„ზაფხულში ჯიხაშკარში და მოსაზღვრე სოფლებში იყო წვრთნები. გავიგე, რომ აქ „კომანდოს“ ბატალიონსაც წვრთნიდნენ. რამდენჯერმე ისიც ვნახეთ, როგორ ჩამოსხეს ჯარისკაცები ვერტფრენებიდან,“ - ამბობს მეორე. მისი თქმით, „პიკაპები ხშირად ჯარისკაცებით არის სავსე, რომლებიც, ალბათ,  სადმე ახლომახლო გადაყავთ.“

 

-„მეც მკითხეს ქალაქში, თქვენთან რამე ხდებაო? ზონდერბრიგადები რომც არსებობდნენ, ჩვენ არავინ გვანახებს და გაგვაგებინებს რამეს. აქ ხშირად დადის „პოლიცია“ რომ აწერია ისეთი „პიკაპები“, მწვანე ფერის. ვინ არიან, რავიცი აბა,“- ამბობს ერთ-ერთი ქუჩაში შემხვედრი ჯიხაშკარელი მამაკაცი.

 

ერთი ახალგაზრდა ქალბატონის თქმით, „პიკაპები“, ღამღამობით, ზოგჯერ ისეთი სიგნალებითა და „სირენებით“ დაჰქრიან, რომ ბავშვებს აღვიძებენ.

 

 –„შევწუხდით ძალიან და როცა ვუთხარით, ასე ნუ ხმაურობთო, ცინიკურად მოგვიგეს მანქანიდან: რაო შეგაწუხეთო? - ამბობს ის და დასძენს, რომ ხმაური არც ამის შემდეგ შეწყვეტილა. (არც ერთმა რესპოდენტმა, მოსალოდნელი პრობლემების შიშით, ვინაობის გამხელა არ ისურვა).

 

ოფიციალური ვერსია და რეალობა


ზონდერ-ბრიგადების შექმნის შესახებ, პრესაში ატეხილი აჟიოტაჟს, რამდენიმე ხნის წინ, ტელეკომპანია „რუსთავი2“ -ის საინფორმაციო გამოშვებამ ნებაყოფლობით რეზერვსა და მის მნიშვნელობას გამხსნელი ნიუსი მიუძღვნა.  რეზერვზე თავად თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია საუბრობდა. მანამდე კი, სოფელ ჯიხაშკარის მაცხოვრებელთა თქმით, იქ უკვე ჩასული იყვნენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც ე.წ. „ნებაყოფლობითი რეზერვი“ ადგილობრივებს „ნატოს სტანდარტების მოთხოვნად“ გააცნეს.

 

-„სოფლის ცენტრში იყო შეკრება, ხალხს უთხრეს, რომ ნებაყოფლობითი რეზერვი ნატოს მოთხოვნააო. ეს იქნება სოფლის თავდაცვა და ნებისმიერი საგანგებო სიიტუაციის დროს, როგორც ქუდზე კაცი, ისე უნდა გამოხვიდეთო. ეს იქნება წყალდიდობა, ხანძარი, ყაჩაღობა თუ ომი, ნებისმიერ სიტუაციაში მზად უნდა იყოთო,“- ამბობს სოფლის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც დაჯგუფებაში შესვლა ჯერ არ გადაუწყვეტია.

 

-„ ამ საკითხზე უკვე მუშაობენ,  ეძებენ პოლიგონს, სადაც წვრთნები გაიმართება. ვფიქრობ, იარაღს სახლში გაატანენ წევრებს, თუმცა, მანამდე ყველანაირი შემოწმება უნდა გავიაროთ. ბოლოს და ბოლოს იარაღს გიჟს ხომ არ გაატანენ?!“- ამბობს ის და დასძენს: „მართალი გითხრათ, არ ვიცი რისთვის იქმნება ეს რეზერვი, თუ არაა ომი, წყალდიდობა, ხანძარი და ყაჩაღობა, რაც ძალიან დიდი ხანია არ გამიგია...“

 

ჯიხაშკარელები ამბობენ, რომ ნებაყოფლობით რეზერვს ამ სოფელში „ზვიადისტი“ ვახტანგ ზარანდია ჩაუდგება სათავეში. ზარანდიას სახელი ადგილობრივებისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის უკანასკნელ დღეებთან ასოცირდება. სოფელში ამბობენ, რომ ზარანდია იარაღის უკანონო ტარებისათვის ციხეში 4 წელი იჯდა და ორი წლის წინ გაათავისუფლეს.

 

ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ სამეგრელოს კონფლიქტისპირა რეგიონში აღნიშნულ დაჯგუფებებს, ყოფილი მხედრიონელი, დათო შენგელია უხელმძღვანელებს. შენგელია, წლების განმავლობაში, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში იბრძოდა და  გალის მხედრიონს ხელმძღვანელობდა.

 

მისი სახელი  ნარკობიზნესს და აფხაზეთიდან გადმოტანილ კონტრაბანდულ საქონელსაც  უკავშირდება. 2004 წელს, იგი ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციისათვის გაასამართლეს და 24-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

 

თუმცა, 2010 წლის 1 დეკემბერს, 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ოფიციალური ვერსიით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო გაათავისუფლეს. 

 

ექნებათ თუ არა რეზერვისტებს ხელფასი ან რაიმე მატერიალური წახალისება, ჯერ არ არის ცნობილი:

 

-„ ხელფასებზე არაფერი უთქვამთ, თუმცა, მგონი მეთაურებს ექნებათ, მაგრამ არ ვიცი რამდენი. რიგითი რეზერვისტებს კი ჯანმრთელობის დაზღვევა ექნება და ისიც გვითხრეს,  რაიმე სამსახურის დაწყება თუ გინდათ, უპირატესობა მოგენიჭებათო,“- ამბობს  სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი, რომელსაც რეზერვში წასვლაზე ასევე ყოყმანობს, რადგან მის დანიშნულებას ვერ ხედავს.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,  tspress.ge  ნატოს საინფორმაციო ცენტრს დაუკავშირდა, - „ნატოს მკაცრი მოთხოვნები არ აქვს. საქართველოს აქვს წლიური სამოქმედო პროგრამა, ანუ ეს არის დომკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს, რა რეფორმებს გაატარებს ქვეყანა ერთი წლის განმავლობაში. ამ დოკუმენტს წლის განმავლობაში აჯამებენ ქართველი ექსპერტები, რა გააკეთეს ან რა ვერ გააკეთეს, ხოლო ნატოელები დეკემბრის თვეში დებენ საბოლოო დასკვნას საქართველოს მიერ ამ ვალდებულებების შესრულების შესახებ.“ – აცხადებს ნატოს საინფორმაციო ცენტის დირექტორი, თენგიზ გოგოტიშვილი.

 

მისივე თქმით, ნებაყოფლობითი რეზერვის პროგრამა ნატოს წევრ და არაწევრ ქვეყნებშიც მოქმედებს. ზოგიერთ ქვეყანაში კი მსგავს პროგრამებში ჩართულ რეზერვისტებს იარაღი საკუთარ სახლებში  აქვთ და  24 საათის განმავლობაში არიან მზად გამოსასვლელად.

 

შეიარაღებულ დაჯგუფებას, რომელსაც თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად ნებაყოფლობით რეზერვი უწოდა, tspress.ge-სთან საუბარში  სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი სისულელედ აფასებს.

 

"თუკი ამოცანაა ბუნებრივი კატასტროფები, მაშინ იარაღი რაღა საჭიროა?"


-„ამ პროგრამას არაფერი საერთო არ აქვს თვდაცვის საკითხებთან, ნატოს სტანდარტებთან ან მსგავს ელემენტებთან. მისი შექმნის მიზეზი ბევრია, დაწყებული არაპროფესიონაიზმით, დამთავრებული გაუაზრებელი პიარ კამპანიებით და პოლიტიკური ინტერსებით. საერთო ჯამში, ყველა მიმართულებით, რომელსაც არ უნდა ემსახურებოდეს  ეს, სრული სისულელეა“, - განაცხადა სესიაშვილმა.

 

მისივე აზრით, ნებაყოფლობითი რეზერვის პროგრამის ფორმა, რომელიც რეზერვისტების საგანგებო სიტუაციებში, მათ შორის ბუნებრივი კატასტროფების დროს გამოძახებას გულისხმობს, არ არის თავადაცვის უწყების პრეროგატივა, „-ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ! ვთვლი, რომ ეს უნდა მოექცეს შსს-ს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ვინაიდან, ეს არის სამოქალაქო და არა სამხედრო  ამოცანები“, - ამბობს სესიაშვილი.

 

რაც შეეხება, ნატოს წევრი თუ არა წევრი სახელმწიფოების გამოცდილებას აღნიშნულ სფერიოში, ექსპერტის განმარტებით, ყველა ქვეყანას საკუთარი სპეციფიკა, რისკები და საფრთხეები გააჩნია და ამ საფრთხეებიდან გამომდინარე მოქმედებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს შემთხვევაშიც სწორედ მსგავსი სისტემები უნდა მოქმედებდეს:

- „მესმის, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არის მსგავსი ტიპის სისტემა, თუმცა, მიმაჩნია, რომ საქართველოს ინტერესებში ეს ნამდვილად არ შედის. მეტსაც გეტყვით, არსებობს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო რეზერვი და ამ საკითხებით სწორედ სამოქალაქო რეზერვი შეიძლება დაკავდეს, რადგან მსგავს პრობლემებს სამხედრო სფეროსთან კავშირი არ აქვს“, - აცხადებს სესიაშვილი.

 

მისი თქმით, თუ ამოცანა არის ბუნებრივი კატასტროფების ლიკვიდაცია, რაში სჭირდება ადამიანს სახლში ავტომატი?!

 

–"ამ შემთხვევაში შსს-ში არსებობს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არსებული  შესაბამისი სამსახურები და პოლიცია ერთვებიან მსგავს საკითხებში. იმ შემთხვევაში კი, თუ სამოქალაქო საზოგადოება უძლურია, კატასტროფის ლიკვიდაციაში შესაძლოა, შეიარაღებული ძალები იქნეს გამოყენებული. თუმცა, ის რომ 3-4 დღით გაიწვიო რეზერვში ადამიანები, ავტომატებით არბენინო და შემდეგ სახლში გაატანო იარაღი ბუნებრივი კატასტროფების ლიკვიდაციისთვის მზადყოფნის მიზნით, ეს არის სისულელე. ეს არის ფუნქციების აღრევა, რაც იწვევს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას, არაეფექტურობას და სრულ გაუგებრობას მართვის სისტემაში“, - აცხადებს სესიაშვილი tspress.ge-სთან საუბარში.

 

 

სატელეფონო საუბარი თენგიზ გოგოტიშვილთან

სატელეფონო საუბარი ირაკლი სესიაშვილთან     

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED