ვასილ მაღლაფერიძე: „შესაძლოა სააკაშვილი პრეზიდენტობიდან გადადგეს და ნაცმოძრაობის სიას ჩაუდგეს სათავეში“

2011.12.30 ავტორი: ნინო თუნთია

ვასილ მაღლაფერიძემ tspress.ge-სთან ვრცელ ინტერვიუში მიმდინარე წლის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები შეაფასა და 2012 წლის მოსალოდნელი ცვლილებების პროგნოზიც გააკეთა.

მაღლაფერიძემ მომავალ წელს საგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლების მთავარ გამოწვევად დაასახელა.

 

–ბატონო ვასილ, როგორ შეაფასებდით 2011 წელს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს?


–პოლიტოლოგობა არ სჭირდება იმას, რომ საქართველოში მთავარი მოვლენა  ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა იყო.

 

2011 წლის გაზაფხულ–ზაფხულზე სრული კრახი განიცადა აქციების, პროტესტის და რევოლუციის გზამ და არჩევნების იდეამ. რევოლუციის იდეის დამარცხებით, მისი მომხრე პარტიები მორალურად და ფიზიკურად განადგურებული აღმოჩნდნენ,  მეორეს მხრივ, ვერ შედგა იმ პარტიების ერთობა, რომლებიც არჩევნებს უალტერნატივოდ მიიჩნევდნენ, რაც გზას უხსნიდა მმართველ პარტიას განსაკუთრებული გაყალბების გარეშე მოეგოთ არჩევნები.

 

რა შეიცვალა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლით?

–სექტემბრის თვიდან ქვეყანაში იყო ერთპარტიული უძრაობის ხანა, სრული პოლიტიკური  შტილი, რამაც წარმოშვა რაღაც განსაკუთრებული იმედის მოლოდინი და ეს იმედი ივანიშვილის სახით გაჩნდა.

 

 პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლით დაიწყო ახალი პოლიტიკური პროცესი, რომელიც   დიდი შეფერხებებით მიდის, მაგრამ პოლიტიკური პროცესი დუღს და ამაშია მისი სიჯანსაღეც.

 

ივანიშვილი არ არის მხოლოდ ერთი მოთამაშე ამ ასპარეზზე, მან მოახერხა გარკვეული ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია. ქვეყანაში შეიქმნა კონკურენტული საარჩევნო და პოლიტიკური გარემო.  მიუხედავად არსებული დარღვევებისა, ეს მაინც არის ევროპული პოლიტიკური კულტურისთვის დამახასიათებელი ელემენტი.

–თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები, თუკი  ივანიშვილი მოქალაქეობის დაბრუნებას არჩევნებამდე ვერ მოახერხებს?

–მოქალაქეობის ჩამორთმევა, ჩემი აზრით, ხელისუფლების მხრიდან საკმაოდ საჩოთირო ნაბიჯები იყო, თუმცა არაფერს განსაკუთრებულს არ ცვლის.

პოლიტიკური ალგორითმი მარტივია, ივანიშვილი ამბობს, რომ მისი პარტია პარლამენტში უმრავლესობით შევა და თვითონ პრემიერ–მინისტრი გახდება, რაც სრულიად მკაფიო გზავნილია ამომრჩევლისადმი.

 

სახელისუფლებო პარტიას ვითარება უფრო რთულად აქვს: დააკვირდით, კამპანია, რომელიც სარჩევნოდ მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაა და არა „ნაციონალური მოძრაობის“.  მას არა აქვს მკაფიო გზავნილი, გარდა რაღაც დაპირებებისა. ასეთ ბუნდოვანებებს, ნორმალური საარჩევნო პროცესები ვერ იტანს.  

ამიტომ, სავარაუდოა და პრეზიდენტს ახასიათებს მსგავსი გადაწყვეტილებები, რომ სააკაშვილი გადადგეს და თავად ჩაუდგეს სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“ სიას. რადგან მისი გუნდი სააკაშვილის გარეშე საკმაოდ უსახურად გამოიყურება, ის მიჩვეულია, მხოლოდ ლიდერის უკან მიყოლას და მისთვის ანტურაჟის შექმნას.

 

–ივანიშვილი თავისი კოალიციით და პრეზიდენტი მმართველი გუნდით, ამ წინასაარჩევნო ორთაბრძოლაში რა შანსები აქვს ოპოზიციის დარჩენილ ნაწილს: „მემარჯვენეებს“, „ქრისტიან–დემოკრატებს“, „ლეიბორისტებს“ და ა.შ.?

–ჯერჯერობით, პოლიტიკაში ადგილი ყველასთვისაა, თუმცა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, როგორც ივანიშვილმა თქვა „შუა უნდა გაიკრიფოს“. ეს თავისთავად  არ არის საუკეთესო შედეგი, მაგრამ ამომრჩეველი ან დადგება სააკაშვილის მხარეს  ან ივანიშვილის მხარეს.

 

რაც შეეხება მესამე ძალას, თუკი ასეთი ჩამოყალიბდა, მას საკმაოდ მკაფიო გზავნილები უნდა ჰქონდეს, რომ ამომრჩევლის ყურადღება  მიიქციოს. „არც ის მინდა და არც ეს“–ამისთვის ჩვენი ამომრჩეველი განწყობილი არ არის.

 

ჯერჯერობით, „შუა“ კიდევ ინარჩუნებს რეიტინგს ინერციით, მაგრამ ჩემი აზრით, რაც უფრო გამწვავდება საარჩევნო კამპანია, მესამე ძალისთვის მით უფრო ნაკლები ადგილი დარჩება.

 

–ხელისუფლებამ პოლიტიკურ ოპონენტებს ახალი მეთოდი დაუპირისპირა – საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც წინასაარჩევნოდ მთელ რიგ შეზღუდვებს აწესებს

–სწორედ მსგავსი არასწორი ქმედებები გვაშორებს ევროპულ კულტურას.  ევროპა არაა მარტო მაღაზიები და ა.შ. ესაა ქცევის, აზროვნების და განსხვავებული აზრისადმი დამოკიდებულების წესი. სწორედ  ამაზე დაკვირვებით განსაზღვრავს ევროპა ვართ ჩვენ მისი ნაწილი თუ არა.

 

თვითონ ქვეყანაში, ეს საკანონმდებლო ცვლილებები არჩევნების ბედს ვერ გადაწყვეტს. აქ არჩევნების ბედი დამოკიდებულია ერთის მხრივ ამომრჩეველზე, მეორეს მხრივ საერთაშორისო თანამეგობრობაზე, უპირველესად ამერიკაზე. თუ საერთაშორისო თანამეგობრობამ წინასწარვე არ ცნო ეს არჩევნები, ის არც შედგება.

 

დღეს, ხელისუფლება და აშშ მოსახლეობისთვის ერთად მოიაზრება, ამერიკელები კი  არ მოიდომებენ მოსახლეობას მათი საწინააღმდეგო მოსაზრებები გაუჩნდეს. ამერიკელები უკვე აღარ არიან განწყობილები ისე, რომ თვალი დახუჭონ დარღვევებზე.

 

–ამერიკის ელჩის კრიტიკული განცხადების საპასუხოდ,ხელისუფლებამ  გამოქვეყნებული კანონი ჩაასწორა, რამდენად ნორმალურია ეს მოვლენა, თუკი ევროპული სტანდარტებისკენ მივდივართ?


–ყველაფერი, რაც დღეს ხდება შორს არის დემოკრატიულობისაგან. თუ საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი ჩამოყალიბდა, რომ ასე აღარ შეიძლება გაგრძელდეს და საქართველოს მოსახლეობა მიიწევს  ევროპული სტანდარტებისკენ, ისინი მზად იქნებიან ამაში დაეხმარონ და ხელისუფლებას მსგავსი ნაბიჯები ვერ უშველის.

 

 რუსეთს ან ჩინეთს შეუძლია თავს უფლება მისცენ ისე მოიქცნენ, როგორც სურთ, მაგრამ სამწუხარო საქართველოს ამის ფუფუნება არა აქვს. ამერიკის ელჩი არაა მხოლოდ ელჩი, ის ერთგვარი კურატორია, რომელიც გვეუბნება, რა არის კარგი და რა ცუდი.

 

–ხელისუფლების თქმით, არასოდეს ვყოფილვართ ევროპასთან და ნატოსთან ისე ახლოს, როგორც ახლა. რელურად როგორია ჩვენი შანსი?


–უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე, წელიწადში ორჯერ მაინც აცხადებდა ხელისუფლება, რომ ისე ახლოს ვიყავით ნატოსთან, როგორც არასდროს. მაგრამ ნატო საქართველოში ყვირილის თემად უფრო იქცა, ვიდრე კონკრეტული ნაბიჯების.

 

სამწუხაროდ, ამ დრომდე საქართველო ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც პარლამენტში 2/3–ით მოსული უმრავლესობა მართავს.

თუ გინდა ევროპის ნაწილი გახდე კანონზე მაღლა არ უნდა დადგე და განსხვავებული აზზრისადმი შემწყნარებელი უნდა იყო.

 

 ის, რომ პარლამენტში უმრავლესობით აგირჩიეს არ ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენი მოღალატეა, რომ  ქვეყნის ისტორია შენით იწყება და შენით მთავრდება

 

–როგორი იქნება თქვენი პროგნოზი 2012 წლისათვის?


–რაც შეეხება ეკონომიკას, ხელისუფლების გამუდმებული ძახილი რომ რუსეთი თავს გვესხმის ნამდვილად არ უწყობს ხელს ინვესტიციების შემოდინებას. იმიტომ ,რომ ჩვენ მოგვწონს ეს თუ არა ბიზნესწრეებს რუსეთთან სხვაგვარი  ურთიერთობა აქვსთ: ეშინიათ, ერიდებიან და სხვა პრაგმატული მიზნებიც აქვთ , შესაბამისად რუსეთთან მოკონფლიქტე ქვეყანაში ფულის ჩადება არ უნდათ.

 

ნებისმიერი ეკონომისტი გეტყვით, ის რომ ხელისუფლებას გზები გაყავს და მსგავს სამუშაოებზე ხალხს ასაქმებს, ეკონომიკისთვის კარგი არ არის. ესაა ერთი და იგივე ფულის გამოყენება, რაც ინფლაციას ზრდის. ქვეყანაში რეალურად არაფერი იწარმოება. სული მხოლოდ ვაჭრობით და შემოსული დახმარებებით გვიდგია.

 

პოლიტიკურად, 2012 წელი არის საკმაოდ რთული წელი. საარჩევნო წელია რუსეთში, ამერიკაში, ბევრ სხვა ქვეყანაშიც და ამ არჩევნების შედეგები აუცილებლად აისახება პერიფერიებზე, მათ შორის საქართველოზეც.

 

ჩასაბარებელი გვაქვს ძალიან სერიოზული გამოცდა არჩევნების სახით. მოგვწონს თუ არა, დემოკრატია ევროპული ცივილიზაციის  პროდუქტია და თუ გვინდა ამ ცივილიზაციის ნაწილი გავხდეთ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც, იქ დადგენილი წესი მოითხოვს.

 

თუ ამ გამოცდას ჩავაბარებთ, ეს იქნება ევროპულ ოჯახთან ნამდვილი დაახლოება.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED