ფოთის ბიუჯეტის დეფიციტი ტრანსფერით შეავსეს

2011.12.28 ავტორი:

1,8 მლნ-იანი დეფიციტი ფოთის ბიუჯეტს  ფინანსთა სამინისტრომ შეუვსო. თვითმმართველობამ აღნიშნული თანხა ფინანსური დახმარების სახით მიიღო.

საკრებულოს მიერ დღეს დამტკიცებული ცვლილებებით, ბიუჯეტმა 19 მლნ ლარს მცირედით გადააჭარბა. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ფინანსური დახმარება საბიუჯეტო კრიზისს არ უკავშირდება.

 

– „ჩვენ ვართ სახელმწიფო ორგანო და ცენტრალური ხელისუფლებისაგან მსგავსი დახმარება სავსებით გამართლებულია“,– განაცხადა ვანო საღინაძემ.

 

ბიუჯეტის საბოლოო სახით დამტიცებამდე, დეპუტატებმა ხარჯების 364 ათასი ლარით შემცირებას უყარეს კენჭი. 1,4 მლნ-ით შემცირდა მიწის გაყიდვიდან მისაღები შემოსავლებიც.

 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ლაშა ბერაიას თქმით, რომ არა ეს ცვლილებები, ბიუჯეტს აღნიშნული რაოდენობის თანხა დაკლდებოდა.

 

საკრებულოს საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, გიორგი შამუგიას განმარტებით, ფინანსური დახმარება საჭირო იმიტომ გახდა, რომ თვითმმართველობამ მიწების გაყიდვა ვერ მოახერხა. 

 

–„გვყავდა მიწის შეძენის მსურველები, მაგრამ საბოლოოდ გარიგება ვერ შედგა. ჩვენ მივატოვეთ ეს მიწა ცენტრალური ხელისუფლების სასარგებლოდ, რომელიც მოახდენდა მის რეალიზაციას და თანხის ნაწილს გადმოგვცემდა, მაგრამ წლის ბოლომდე ეს ვერ მოხერხდა. ამიტომ, მოგვცეს ეს თანხა ტრანსფერის სახით,“– განაცხადა შამუგიამ.

 

მისი თქმით, გამოთანაბრებითი ტრანსფერი მუშების ხელფასების და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასამთავრებლად დაიხარჯება.

 

საბიუჯეტო ექსპერტი, ოთარ კონჯარია ამბობს, რომ გამოთანაბრებითი ტრანსფერი სპეციალური ფორმულით გამოითვლება და მასში თანხების ჩასწორება წლის ბოლოს ვეღარ მოხდებოდა. მისი თქმით, წლის ბოლოს ბიუჯეტის მსგავსი დახმარებებით შესრულების და კორექტირების მეთოდს ხელისუფლება მთელს ქვეყანაში მიმართავს.

 

ექსპერტი, დავით ნარმანია, საბიუჯეტო პრინციპების დარღვევაზე საუბრობს, როცა წლის დასაწყისში არასწორად დაგეგმილი შემოსავლების გამო თვითმმართველობას სამუშაოები დაუფინანსებელი რჩება და ცენტრალური ხელისუფლება იძულებულია მას ფინანსური დახმარება გაუწიოს.

 

–„თვითმმართველობას არაფერი უშლის ხელს დაგეგმოს ბიუჯეტი რეალური შემოსავლებით. შემდეგში  მიწის გაყიდვიდან მიღებული თანხა, თუკი ასეთი ექნება, შეუძლია საბიუჯეტო ცვლილებით ასახოს, როგორც, ჭარბი შემოსავალი,“–აცხადებს ნარმანია. 

 

29 ნოემბრის სხდომაზე,ბიუჯეტში არსებული დეფიციტის გამო ინფრასტრუქტურული სამუშაოები 350 ათასი ლარით შეამცირა.

 

მიმდინარე წელს, შესასრულებელი სამუშაოების ნუსხიდან კი საერთოდ ამოიღეს გარე განათების ბოძებისა და სანათების შეძენა (ჯამში 628 ათასი ლარი), #14 საბავშვო ბაღის ფასადის რემონტი (30 ათასი ლარი), თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის პროექტირება (100 ათასი ლარი) და სხვ.

 

10 თვის მონაცემებით ფოთის ბიუჯეტს 6 მლნ ლარი დააკლდა.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED