ბანკისა და ხელისუფლების მიერ გაკოტრებული მეწარმე

2011.11.16 ავტორი:

Image 50


ფოთელი აბესალომ ხვიჩია საკუთარი უფლებების დაცვას ერთდროულად ორ ფრონტზე ცდილობს. ფოთის მერიას ის კერძო საკუთრების ხელყოფაში, ხოლო სს „ტაოპრივატბანკს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. მერიისაგან ხელყოფილი საკუთრება, ხვიჩიას სწორედ, ბანკში სესხის უზრუნველსაყოფად აქვს ჩაგირავებული.

43 წლის აბესალომ ხვიჩია, ფოთში გურიის ქუჩაზე, მრავალსართულიან კორპუსში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. კორპუსის ეზოში მიწის ნაკვეთი, მასზე დამაგრებული ორსართულიანი ნაგებობით (ავტოფარეხით) ბინასთან ერთად შეიძინა. ავტოფარეხი და მიწის ნაკვეთი (სულ 90კვ.მ) საკუთრებაში 2007 წელს დაიკანონა და ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ავტოფარეხის რეკონსტრუქციისა და საცხოვრებელი ფართის დაშენების ნებართვაც აიღო.

2010 წლის ნოემბერში, ფოთის მერიამ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ავტოფარეხების დემონტაჟი მხოლოდ სიტყვიერი მითითებით დაიწყო. კამპანიის მიზეზად, 2011 წლის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადებული – ეზოების კეთილმოწყობა დასახელდა. დემონტაჟისას, კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია ადგილობრივ ხელისუფლებას არ გაუცია.

გასული წლის ნოემბერში გურიის #185-ში მდებარე კორპუსის ეზოში ავტოფარეხების ნგრევას, მალთაყვის უბნის მუნიციპალიტეტის უფროსი, ჯუნა სიჭინავა ზედამხედველობდა. მესაკუთრემ მას საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები აჩვენა და პირობაც მიიღო, რომ მის ქონებას არავინ შეეხებოდა.

მიმდინარე წლის, 19 მაისს სახლში დაბრუნებულ ხვიჩიებს თავიანთი ნაგებობის ღობე დანგრეული და ეზო ტრაქტორით მოსწორებული დახვდათ. იქვე მყოფმა ჯუნა სიჭინავამ და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზაქრო გვრიტიშვილმა(ამჟამად გვრიტიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე აღარ მუშაობს-ავტ) უთხრეს, რომ კეთილმოწყობის სამუშაოების დასაწყებად ეზოდან ნანგრევები და სხვა ნაგავი გაჰქონდათ.

„თუ ისეთი რამ გაკეთდება, რაც ამ ადამიანის 31 მეზობელს მოეწონება, რა, თავად წინააღმდეგი იქნება?"-განაცხადა მაშინ tspress.ge-სთან საუბრისას გვრიტიშვილმა. ხვიჩიას მიწისა და ნაგებობის დაკანონებაზე მეზობლების წერილობითი თანხმობა აქვს, მუნიციპალიტეტის უფროსს კი მსგავსი განცხადება არ აღმოაჩნდა. მას არ დაუმალავს, რომ ხვიჩიას საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები ნანახი ჰქონდა.

Image 52

„მოსახლეობა საკუთარი ნებით ახდენს საკუთრებაში არსებული ნაგებობების დემონტაჟს, ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით. დაგეგმილი კეთილმოწყობის პროექტები, უზრუნველყოფს საჯარო სარგებლობის სივრცისა და ცხოვრების კომფორტული პირობების შექმნას,"- ასე პასუხობს ვიცე-მერი, ავთანდილ ბაბილუა Tspress.ge-ს მიერ დემონტაჟის სამართლებრივი საფუძვილის შესახებ წერილობით დასმულ კითხვაზე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტის, ბექა დოჭვირის განმარტებით, ტერმინს – „საჯარო სარგებლობის სივრცე"- ქართული კანონმდებლობა არ იცნობს და თუ ადგილობრივი ხელისუფლება „საზოგადოებრივი საჭიროებისთვის" საკუთრების ჩამორთმევას(ექსპროპრიაციას) გულისხმობს, კანონის თანახმად, "მანამდე მესაკუთრეს უნდა გადაეცეს წერილობითი დასაბუთება ქონების ჩამორთმევისათვის, ეკონომიკის მინისტრის შესაბამის ბრძანება და სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპროპრიატორისთვის(ჩამომრთმევი) ჩამორთმევის უფლების მინიჭების თაობაზე, ქონების საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის გამოყენების დასაბუთება და ა.შ".

მოქალაქე ხვიჩიას შემთხვევაზე კი ამბობს, რომ ფოთის მერიას, ზეპირი ბრძანებით და ამ ფორმით საკუთრების ხელყოფის უფლება არ ჰქონდა.

„ჩემს საკუთრებას არავის დავანებებ,"- ამბობს ხვიჩია, რომელიც სასამართლოს მხოლოდ იმიტომ ვერ მიმართავს, რომ „ტაოპრივატბანკთან" წარმოშობილი დავის გამო გაკოტრების ზღვარზეა.

Image 53

დავა ბანკთან

აბესალომ ხვიჩიამ სამეწარმეო საქმიანობა 2004 წლიდან დაიწყო. მას ფოთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე სურსათის მაღაზია ჰქონდა.

„პროკრედიტბანკის" კეთილსინდისიერ კლიენტს, „ინდმეწარმე აბესალომ ხვიჩიას" „ტაოპრივატბანკმა" საქმიანობის გაფართოვების მიზნით, შეღავათიანი კრედიტი და დაბალი პროცენტი შესთავაზა. ხვიჩიას თქმით, ბანკის კრედიტოფიცრებმა მისი ფინანსური ბრუნვები და პროექტები დეტალურად შეისწავლეს. სესხის უზრუნველსაყოფად, საცხოვრებელი ბინა, მიწის ნაკვეთი და ორსართულიანი ნაგებობა (საცხოვრებელ ფართად გადაკეთებული ავტოფარეხი) „ტაოპრივატბანკმა" იპოთეკით დატვირთა.

2008 წლის 14 მარტს, ბანკმა ინდმეწარმესთან 130 ათასი აშშ დოლარზე 10-წლიანი გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება გააფორმა. მას, თანხა, ორ ნაწილად უნდა მიეღო: 80 ათასი აშშ დოლარი „პროკრედიტბანკის" მიმდინარე დავალიანების დასაფარად და ბიზნესმარაგების შესავსებად, შემდეგ კი, 50 ათასი აშშ დოლარი საბრუნავ საშუალებად, ახალი საწარმო ხაზის ასაწყობად, რომლის შემოსავლითაც, გაწერილი ბიზნესგეგმის თანახმად, ინდმეწარმეს სესხი უნდა დაეფარა.

პირველი ტრანში, ხვიჩიამ, უპრობლემოდ მიიღო, თუმცა, მეორე ეტაპზე, ბანკმა, შეთანხმებული 50-ის ნაცვლად, მხოლო 20 ათასი აშშ დოლარი გამოუყო. ერთთვიანი უშედეგო დავის შემდეგ, ხვიჩია იძულებული გახდა თანხის ნაწილი აეღო, რომელიც ბანკის პროცენტების დასაფარად და საბრუნავ საშუალებად სჭირდებოდა.

„მეორე ტრანში, ბურღულეულის დასაფასოებელი საამქროს გასახსნელად უნდა მიმეღო. ბიზნესგეგმა, ბანკში ხელშეკრულების გაფორმებამდე წარვადგინე და მოიწონეს კიდეც. საამქროს ამუშავებიდან მიღებული შემოსავლით ბანკის პროცენტებს უმტკივნეულოდ გადავიხდიდი, მაგრამ ცარიელი დაპირება დამრჩა"-ამბობს ხვიჩია.

საამქროს იდეა განუხორციელებელი დარჩა. ბანკთან ურთიერთობების გარკვევაში კი, 2008 წლის აგვისტოს ომი წამოეწია.

„ომის გამო შემცირებული ბრუნვებისა და შექმნილი პრობლემების შესახებ ბანკს წერილობით და ზეპირად არაერთჯერ ვაცნობე. მოლაპარაკება მინდოდა, მაგრამ ბანკი თანამშრომლობაზე არ წამოვიდა და არც გენერალური ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხიდან დარჩენილი 30 000$ მომცა,"-ამბობს ხვიჩია, რომელიც პროცენტებს, 2009 წლის იანვრის თვემდე, საბრუნავი თანხიდან იხდიდა.

ის ბანკისაგან ორი საკრედიტო ხელშეკრულების გაერთიანებას და ერთი გრძელვადიანი გადახდის გრაფიკის შედგენას, ან მთლიანი სასესხო თანხის გადავადებას ითხოვდა.

Image 54

2009 წლის თებერვალში, ბანკმა გადაუხდელ პროცენტზე ვადაგადაცილებისათვის ჯარიმა დაააკისრა, რამაც პროცენტთან ერთად 6 587$ შეადგინა.

ამავე წლის 29 მარტს, მან ფოთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა და დარიცხული ჯარიმის გაუქმება, სესხის ხელშეკრულების პირობების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგება (რესტრუქტურიზაცია) და კრედიტიდან აუთვისებელი 30 000$-ის გამოყოფა მოითხოვა.

„ტაოპრივატბანკის" წარმოადგენლებმა საქმის განხილვისას განმარტეს, რომ ბანკს ომი, ფინანსური კრიზისი და თანმდევი ცვლილებები არ მიუჩნევია ხვიჩიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გადახედვის, ან დათმობების საფუძვლად. 30 000$-ზე უარის მიზეზი კი ასე განმარტეს:„გენერალური ხელშეკრულების დადება სესხის შეპირებას არ ნიშნავს".

ფოთის სასამართლომ ხვიჩიას სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ერთწლიანი დავის შემდეგ, 2010 წლის 6 ივლისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ბანკი, მონოპოლიური მდგომარეობის გამოყენებით, უსამართლოდ მოეკიდა კლიენტის ინტერესებს, რის შედეგადაც იგი გაკოტრდა. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბანკის კლიენტმა ნაკისრი ვალდებულება იმიტომ ვერ შეასრულა, რადგან ბანკმა კრედიტიდან აუთვისებელი თანხა აღარ მისცა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ „პირობებში, როცა ბანკს კლიენტი გულმოდგინედ ჰყავს შესწავლილი, კეთილსინდისიერების ფარგლებში ბანკი ვალდებულია გაითვალისწინოს შეცვლილი ვითარება, მით უმეტეს, როცა აგვისტოს ომის და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად სხვა კლიენტებთან სახელშეკრულებო შეღავათები გათვალისწინებული იყო."

„ტაოპრივატბანკის"წარმომადგენლებმა, ომისა და კრიზისის შემდეგ გაზრდილი პრობლემური სესხების გამო, სახელმწიფო დახმარების მიღება და კლიენტების საკრედიტო ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა(რესტრუქტურიზაცია, რეფინანსირება) სასამართლოს დაუდასტურეს. თუმცა, ხვიჩიასთან დადებული ხელშეკრულება ბანკს არ შეუცვლია და არც ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი თანხა გამოუყვია.

უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ინდმეწარმეზე დარიცხული ჯარიმა და ბანკს, სესხის დაფარვის ახალი გრაფიკის შედგენა, თავდაპირველი ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგება და გადახდის ვადის 2018 წლის 14 მარტამდე გაგრძელება დაავალა. დარჩენილი 30 000 $-იანი კრედიტის მოთხოვნა კი, არ დააკმაყოფილა. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილება ჯარიმებისა და პროცენტების გაუქმების შესახებ, ბანკს არ აღუსრულებია. სასამართლოს გადაწყვეტილების პირობების შესათანხმებლად კლიენტს ბანკიდან არავინ დაკავშირებია.

Tspress.ge-ს რამდენიმეთვიანი მცდელობა „ტაოპრივატბანკის" სათაო ოფისს დაკავშირებოდა, უშედეგოდ დასრულდა. პრესსამსახურის წარმომადგენლებმა ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს და კითხვების ელფოსტით გაგზავნა მოითხოვეს, რაზეც შემდგომ არ უპასუხეს.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოყოფის მოთხოვნით, მიმდინარე წლის 8 თებერვალს, ხვიჩიამ უზენაეს სასამართლოს ხელახლა მიმართა, რომელშიც ინდმეწარმე ასაბუთებდა, რომ ბანკმა ხელშეკრულების პირობა დაურღვია და ითხოვდა დარჩენილ თანხას. სასამართლომ უარყოფითი გადაწყვეტილება ორ დღეში მიიღო, თუმცა მომჩივანს ამის შესახებ, მხოლოდ 7 თვის შემდეგ, არაერთი სატელეფონო ზარისა და მოთხოვნის წერილობით გაგზავნის შემდეგ აცნობა.

აბესალომ ხვიჩიას განცხადებით, სესხიდან დარჩენილ 30 000 დოლარის მიუღებლობის შემთხვევაში, ბიზნესის განახლებას ვერ შეძლებს. შესაბამისად, ის დაკარგავს საკუთარ ბიზნესსაც, იპოთეკით დატვირთულ ქონებასაც და უსახლკაროდ დარჩება. ერთ დროს წარმატებული ინდმეწარმე, დღეს, პრაქტიკულად გაკოტრებულია.

ნინო თუნთია

 

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation.

Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.

გამოძიება
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED