ფოთის მაჟორიტარის "ქველმოქმედებები" ამომრჩევლის მოსასყიდად

2014.02.24 ავტორი: ელისო ჯანაშია

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ე.წ ქველმოქმედებები, სხვადასხვა კომპანიებისა და ბიზნესმენების, მათ შორის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის კომპანიების მიერ ფინანსდება. "ქველმოქმედებათა" პერიოდი, ხშირ შემთხვევაში, საარჩევნო კამპანიას ემთხვევა და მასში პირადი და პოლიტიკური მიზნები იკვეთება. პოლიტიკოსის აღნიშნულ აქტივობებს ექსპერტები ამომრჩევლის მოსყიდვად და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებად აფასებენ.

 

"არ შეიძლება ის [ბიზნესი] დისტანცირებული იყოს იმ პროცესებიდან, რაც ქვეყანაში ხდება" - განაცხადა ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, გასულ წელს, ფოთის აღორძინების საქველმოქმედო ფონდ "ფაზისის" პრეზენტაციაზე, რომლის გაცხადებული მიზანი ბიზნესისგან თანხების მოზიდვა და ქალაქში გარკვეული სახის სამუშაოების შესრულებაა. თუმცა არც შემწირველთა ვინაობაა ცნობილი, არც დაგეგმილი სამუშაოები, არც განხორციელებელი სამუშაოების ღირებულება. ფონდი დღემდე გაუმჭვირვალედ საქმიანობს. 

 

მაჟორიტარის მიერ, ქალაქის განვითარებისთვის გარკვეული თანხის გამოყოფისაკენ მოწოდების შემდეგ, ბიზნესმენებმა სხვადასხვა აქტივობების დაფინანსება მართლაც დაიწყეს, რომლის ავტორად მაჟორიტარი და მისი ბიურო გვევლინებიან, ფულს კი ბიზნესი იხდის.

 

მსგავსი მეთოდით საარჩევნო აქტივობებისთვის ან პოლიტიკური მიზნებისთვის, სხვადასხვა კომპანიების მიერ თანხების "შეწირვა" "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდის პრაქტიკაა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ პარტიის ანგარიშზე ჩარიცხულ თანხებს, პარტისტებლიშმენტი თავად განკარგავდა. კომპანიები ამით ე.წ. ხელშეუხებლობას ყიდულობდნენ. 

 

ბესელიას შემთხვევაში კი წარმოდგენილია ფონდები, ალიანსები და სხვადასხვა კომპანიები, რომლებსაც ხელისუფლებისგან ამა თუ იმ საკითხზე ნებართვა და გარკვეულწილად, მფარველობა სჭირდებათ. 

 

ფაქტი #1 - ეკა ბესელიას "ქველმოქმედებებს" კეზერაშვილის კომპანია აფინანსებს 


"ჩვენ უფასო ინგლისურის და კომპიუტერის სასწავლო პროექტს ვიწყებთ, ეს არის 1-წლიანი და დაახლოებით 300 ბავშვი გაივლის უფასოდ ამ კურსებს. დონორი არის "პეტროგას ენერჯი გრუპი", რომელმაც ასევე ჩვენი ინიციატივით, წელს 20 ფოთელი პირველკურსელი დააფინანსა"- ამ სიტყვებით გახსნა ეკა ბესელიამ, გასული წლის 16 დეკემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასწავლო ცენტრი ფოთში. "კომპანიის წარმომადგენელთან ბესელიამ თანამშრომლობის მემორანდუმი საჯაროდ გააფორმა(მთავარ ფოტოზე).

დაფა წარწერით, რომელიც გამოკრული იყო პრეზენტაციაზე

 

"სასწავლო ცენტრის უშუალო დამფინანსებელი კომპანია "ჩენელ ენერჯია", რომელიც "პეტროკას ენერჯი გრუპი"-ში შემავალი ერთ-ერთი კომპანიაა"- განაცხადა TSpress-თან საუბარში კომპანიის წარმომადგენელმა, ლაშა გვეტაძემ, რომელიც ცენტრის პრეზენტაციას ესწრებოდა.

 

TSpress-ი დაინტერესდა მაჟორიტარის კიდევ რა აქტივობებს და რამდენით აფინანსებს აღნიშნული კომპანია, რაზეც გვეტაძემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, კომპანიის უცხოელი ხელმძღვანელი კი, რომელიც საკითხში კომპეტენტურია, მისი თქმით, საქართველოში არ იმყოფება. კომპანიის პიარმენეჯერმა ნინო ჯიბლაძემ კი მოუცლელობისა და საკითხში გაურკველობის მიზეზით, Tspress-ის კითხვებს არ უპასუხა.

 

Tspress-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, "პეტროკას ენერჯი გრუპი" კვიპროსის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიაა. როგორც "საერთაშორისო "გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ ჩატარებულ კვლევაშია მითითებული, არჩევნების შემდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის აქტივების უმეტესობა, მათ შორის, ფოთის პორტის ნავთობტერმინალის ოპერატორ შპს ჩენელ ენერჯი (ფოთი) (იმართება გიბრალტარის შპს „ჩენელ ენერჯის“ საშუალებით), დავით იაკობაშვილმა შეიძინა. ორგანიზაციის ამავე კვლევის მიხედვით, 2011 წლიდან, იაკობაშვილი რამდენიმე ენერგეტიკულ კომპანიაში კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორი იყო.

 

დაახლოებით ერთი თვის წინ, სააგენტო "პირველმა", ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სქემა, რომლის მიხედვითაც, დავით კეზერაშვილის ახლაც აქვს კავშირი არა მარტო ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ, არამედ საქართველოში მოქმედ საკმაოდ მსხვილ კომპანიებთან, მათ შორის, "ჩენელ ენერჯისთან". სტატიაში აუდიტორული კომპანია დელოიტის” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია კეზერაშვილის მიერ ოფშორში, კერძოდ, სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანია Future products company-ის სოლიდურ შემოსავლებზე. კომპანიის კვლევის მიხედვით, საქართველოში Future products company-ის სხვა შვილობილი კომპანიებიც საქმიანობენ. შპს “ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ საქართველო” მრავალრიცხოვანი შვილობილი კომპანიებიდან ერთ-ერთია. 



 

ფაქტი #2 - ფოთში მეთანოლის ქარხნის აშენების მსურველი, ეკა ბესელიას თხოვნით, სილამაზის კონკურსში მონაწილის სპონსორი ხდება

 

კომპანია "ჩენელ ენერჯი", კომპანია "ფოთი ტერმინალ ჰოლდინგის" 32,67%-ის მფლობელია , რომელიც ფოთში, მეთანოლის ქარხნის მშენებლობას გეგმავს, რასაც მოსახლეობა წლებია ეწინააღმდეგება. კომპანიამ, გასულ წელს, მშენებლობის დაწყების ნებართვის თხოვნით, ფოთის მერიასა და მაჟორიტარს ხელახლა მიმართა. მერიამ თანხმობა არ გასცა, ხოლო მიმართვიდან რამდენიმე ხანში, კომპანია "ჩენელ ენერჯი" იმ სამოდელო სააგენტოს დამფინანსებელი გახდა, რომლის ერთ-ერთი მოდელი ეკა ბესელიას შვილი, ხოლო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი - მისი დაა.

 

TSpress-თან საუბრისას, "კატრინის" დამფუძნებელმა, ეკატერინე მგალობლიშვილმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ თანხა ეკა ბესელიას შუამდგომლობით კომპანია "ჩენელ ენერჯიმ" მართლაც ჩაურიცხა, მაგრამ არა ლიზი გუბელაძისთვის, რომელიც ბულგარეთში გამართულ კონკურსში მართლაც მონაწილეობდა და გამარჯვებულიც გახდა, არამედ სოციალურად დაუცველი სხვა მონაწილისთვის. მგალობლიშვილი ამბობს, რომ დაფინანსების თხოვნით, მან ფოთის მერს და მაჟორიტარს ერთდროულად მიმართა, თუმცა დახმარება მხოლოდ მაჟორიტარისგან მიიღო.  

 

ერთ-ერთი ბიზნესმენის მიერ, ბესელიას შვილის კონკურსზე გამგზავრების 10 ათასი ლარით დააფინანსების შესახებ, ტელეკომპანია"მეცხრე ტალღის" ეთერით "ქართული ოცნების"ერთ-ერთმა წევრმა, მარინა ღლონტმა განაცხადა. ჩაერიცხა თუ არა მართლაც ამ ოდენობის თანხა სააგენტოს, TSpress-თან საუბრისას, მგალობლიშვილმა ვერ გაიხსენა.

 

"კატრინის" დაფინანსების თხოვნით, მერის სახელზე წერილი მართლაც აღმოჩნდა,რომელსაც ხელს საქართველოს კულტურის მინისტრი მირიანე ოდიშარია აწერს. მინისტრი რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის მერებსაც მიმართავს და სამოდელო სააგენტოსათვის კომპეტენციის ფარგლებში დახმარების აღმოჩენას თხოვს. წერილს თანდართული დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ "კარტინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ცირა ბესელიაა. კითხვაზე, არის თუ არა ის ეკა ბესელიას და, მგალობლიშვილმა ასე უპასუხა: "იცით რა... არა, ჩვენ გავწყვიტეთ... თქვენი ხმა აღარ ისმის...ალო...ალოო"- სატელეფონო საუბარი გაწყდა, რის შემდეგაც სატელეფონო ზარებს მან აღარ უპასუხა. TSpress-ის ინფორმაციით, ის ეკა ბესელიას დაა.

 

ფაქტი #3 - ფოთში გამართული "მის თინეიჯერის" სპონსორი

 

გასული წლის ივლისის თვეში, ფოთში, სამოდელო სააგენტო "კატრინმა" "მის თინეიჯერი" გამართა. მონაწილეები გრიგოლეთში, საკმაოდ ძვირადღირებულ სასტუმრო "ანდამატში" 2 დღე ცხოვრობდნენ. გრანდიოზული შოუ კი ფოთში, რიონის სანაპიროზე მდგომ ემთან გაიმართა. TSpress-ის ინფორმაციით, ყველა ხარჯი ასევე "ჩენელ ენერჯიმ" დაფარა. "კატრინის" ხელმძღვანელი დაფინანსებაზე არ საუბრობს, თუმცა, კომპანიის წარმომადგენელთა ღონისძიებაზე დასწრებას ადასტურებს. შოუს ესწრებოდა ასევე fფოთის მაჟორიტარი, რომლის შვილიც ჩვენებაში მონაწილოებდა. 

 

კატრინის ხელმძღვანელი და ფოთის მაჟორიტარი

ფაქტი #4 - როგორ შეიძლება გახდე ბესელიასთან ასოცირებული ფონდის ფინანსური დირექტორი

 

გასულ წელს, ერთ-ერთმა თურქმა ბიზნესმენმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს თაღლითურად მითვისებული თანხების საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართა. 

 

"პრომეტკო ჯორჯია" და "ჯეესკო" არის კომპანიები, რომელთა კუთვნილი თანხა, 3 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი, ვანო ჩხარტიშვილთან ასოცირებულმა კომპანიამ, შპს "სონატა ალიანს ჯორჯიამ" მიითვისა, რაშიც უშუალოდ იყო ჩართული ჩხარტიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი ლევან ჯღარკავა, "- ეს განცხადება თურქი ბიზნესმენის, ომარ სარის ქართველმა წარმომადგენელმა, მამუკა კაკუშაძემ გააკეთა, რის შემდეგაც ლევან ჯღარკავა ბესელიასთან ასოცირებული ფონდ "ფაზისის" კომერციული დირექტორი გახდა. 

 

 ფაქტი #5 - ამორჩეველთა მოსყიდვა

 

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებისა, სადაც ჩანს, მაჟორიტარი ბიზნესს თანხებს პირადი და პარტიული მიზნებისათვის როგორ არიცხინებს, საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში, ამომრჩევლის მოსყიდვის რამდენიმე ფაქტიც გამოვლინდა, რაშიც ეკა ბესელია და მისი თანაპატრიელები თავად მონაწილეობდნენ.

 

პარტიულ აქტივობებს ოფიციალურად, საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე (2013 წლის აგვისტო) დაფუძნებული ალიანსი "ოქროს საწმისი" აფინანსებდარომლის გამგეობის წევრები იყვნენ: „ქართული ოცნებისა“ და მაჟორიტარის ბიუროს იმჟამინდელი წევრი მაია მაკალათია და პარტიის მხარდამჭერი გიზო ცაცუა. არჩევნების პერიოდში, მაკალათია ფოთის საოლქო-საარჩევნო კომისიაში „ქართული ოცნების“  წარმომადგენელიც იყო.

მაჟორიტარის ბიუროს უფროსი ვალერი ტეტუნაშვილი მოქალაქეს ეტლს გადასცემს

 

ორგანიზაცია მაჟორიტართან, მისი ბიუროსა და თანაპარტიელებთან ერთად, დევნილ, შეჭირვებულ და შშმ პირებს მატერიალურ ფასეულობებს აგვისტოდან - ოქტომბრამდე (საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართა) გადასცემდა. ორგანიზაციის სრულ დაფინანსებას კი ფოთის აგრარული ბაზრის მფლობელი ნოდარ კორსანტია უზრუნველყოფდა. კორსანტიას საქმიანობას "მეცხრე ტალღამ" გადაცემაც კი მიუძღვნა. ალიანსის აქტივობა მაჟორიტარ ეკა ბესელიას მხარდაჭერით შექმნილ გამოცემა - nikoladzisgzit.ge -შიც მუდმივად შუქდება. სხვა მედიასაშუალებებს აქციების შესახებ არ ატყობინებდნენ.

 

როგორც აღმოჩნდა, ალიანსმა და მაჟორიტარის ბიურომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, შემდეგი ე.წ. ქველმოქმედებები განახორციელა:

 

1. გასული წლის 15 სექტემბერს, ოფიციალურად გამოცხადებული საარჩევნო კამპანიის პერიოდში, "ოქროს საწმისმა" ბესელიას ბიუროსთან ერთად, 1-ელ, 3-ე, 7-ე და წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლების დევნილ და სოციალურად დაუცველ 150 პირველკლასელს სასკოლო ჩანთები, სასწავლო ნივთები და ტკბილეულობა გადასცა." ჩვენ დიდი ხანია მაჟორიტარის ბიუროსთან ერთად ვატარებთ საქველმოქმედო აქციას"- აცხადებს ბელქანია სიუჟეტში. ამავე დღეებში, მსგავსი საჩუქრები გადაეცათ ბაღებსა და შშმ პირებს.

 

2. 30 სექტემბერს, "ოქროს საწმისისა" და მაჟორიტარის ბიუროს ერთობლივი საქველმოქმედო აქცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 18 სოციალურად დაუცველი და დევნილი ქარელის ხანდაზმულთა სახლში დასასვენებლად გაამგზავრეს. გამგზავრებას მაჟორიტარის ბიუროს წარმომადგენელი, ალიანსის გამგეობის წევრი მაია მაკალათიაც ესწრებოდა. აქცია განმეორებითი იყო.

მოქალაქეები გამგზავრების წინ



3. ბავშვთა დღის ცენტრის ხელმძღვანელი, თამარ ფოფხაძე TSpress-თან საუბრისას განმარტავს, რომ მაჟორიტარმა ეკა ბესელიამ დააკავშირა ბიზნესმენ ნოდარ კორსანტიას, რომელიც  ცენტრს დაეხმარა მატერიალურად. 

 

4. 19-20 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, „ოქროს საწმისის“ მიერ მოწვეულმა ექიმებმა საქველმოქმედო აქციის ფარგლებში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. აქციაში მონაწილეობა ეკა ბესელიამაც მიიღო,  მან აქციის მიმდინარეობისას ექიმებს მადლობა გადაუხადა. 

ბესელია მოქალაქეების უფასო სამედიცინო შემოწმებაზე

 

„სტატისტიკის მიხედვით, დაფიქსირდა 3000 ვიზიტი. სამედიცინო გამოკვლევა გაიარა, დაახლოებით 600-მა მოქალაქემ. აქციას თან ახლდა წამახალისებელი ღონისძიება, რაც გამოიხატებოდა საჩუქრის სახით. თითოეულ მოქალაქეს გადაეცა ტკბილეული“- აღნიშნულია „ოქროს საწმისის“ Facebook გვერდზე".  აქციის ფოტოები ეკა ბესელიას ბიუროს გვერდზეც გამოქვეყნდა.

 

5. 21 სექტემბერს, ასევე საქველმოქმედო აქციის ეგიდით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დაახლოებით 10-მდე მოქალაქეს, საჩუქრად ეტლი, ბიუროს იმჟამინდელმა უფროსმა, ვალერი ტეტუნაშვილმა, ალიანსის დირექტორთან ერთად გადასცა.

 

6. „არასამთავრობო ორგანიზაცია ალიანსი "ოქროს საწმისისა" და მაჟორიტარი ბიუროს ერთობლივი აქცია. თოფურიას ქუჩაზე მცხოვრებ ზური ჭანტურიას და ჯავახიშვილის №3-ში მცხოვრებ დინოზა ხარჩილავას საჩუქრად გადაეცათ ეტლი.“- აღნიშნულია ერთ-ერთ აქტივობად Facebook-ის გვერდზე. 

მაია მაკალათია მოქალაქეს საჩუქრის მიღების ფურცელზე ხელს აწერინებს

 

7. "ქართული ოცნების" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და ბაზრის დირექტორი ნოდარ კორსანტია, მსგავსი საჩუქრების გადაცემას არჩევნების შემდგომ პერიოდშიც განაგრძობენ. ცნობილია, რომ მაჟორიტარის ფავორიტმა, ირაკლი კაკულიამ კენჭი ფოთის მერის არჩევნებში უნდა იყაროს. 

 

ვინ არის ბაზრის ქველმოქმედი ადმინისტრაცია 


წინა წლებში, ბაზრის მფლობელი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარადმჭერი იყო. კორსანტია შსს ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს მხარდაჭერას ღიად უცხადებდა, რასაც  „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებიც ადასტურებენ. 

 

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი კორსანტია და ბელქანია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და ამ ფორმით შემწირველები გახდნენ. საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის გამარჯვება ბაზრის ადმინისტრაციამ, პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციასთან ერთად იზეიმა. ბელქანია ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების, მინისტრების ვიზიტების და სხვადასხვა ღონისძიებების დროსაც ეკა ბესელიას გვერდით ჩნდება.

 

 

"ნაციონალური მოძრაობის" ფოთელი წარმომადგენლები, გაწეული "ქველმოქმედებების" გამო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, "ალიანსის" ხელმძღვანელისა და აგრარული ბაზრის დირექტორის, თეა ბელქანიას საარჩევნო სიაში მოხვედრას არ გამორიცხავენ. თავად ბელქანია TSpress-თან კომენტარს არ აკეთებს და გამოცემას ბესელიას მსგავსად, არაობიექტურად მოიხსენიებს.

 

„ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი ირაკლი კაკულია და მაჟორიტარის ბიუროს ყოფილი უფროსი ვალერი ტეტუნაშვილი აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებენ. ტეტუნაშვილმა მხოლოდ ის განმარტა, რომ საქველმოქმედო აქციებში ბიუროს სახელით მონაწილეობდა. 

 

აღნიშნულ საკითხზე TSpress–მა ეკა ბესელიასაც მიმართა, თუმცა, როგორც მისმა პრესსამსახურმა განმარტა, ამ საკითხზე დეპუტატი კომენტარს არ გააკეთებს.

ვალერი ტეტუნაშვილი პირველკლასელს ჩანთას გადასცემს

 

"პარტიული შტაბის თუ მაჟორიტარის ბიუროს წარმომადგენლები როცა არიან მსგავს აქციებში ჩართული, პირდაპირ გვაქვს სახეზე მოსყიდვა. ზოგადად, მოსყიდვა გულისხმობს კანდიდატის, პარტიის ან მათი წარმომადგენლის მიერ, მოქალაქეებისათვის უფასოდ ან შეღავათიანად პირობებით გადაცემულ მომსახურებას ან მატერიალურ ფასეულობას. ეს ფაქტები შეიცავს ამ ნიშნებს. როცა წინასაარჩევნოდ იქმნება რაღაც, დამატებითი ეჭვის საფუძველი ჩნდება.

 

აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ აღიქვამს ამას საზოგადოება. მათთვის თუ ეს ქველმოქმედება ასოცირდება პარტიულ ადამიანებთან, ეს უკვე არის მოსყიდვა. ჩვენ გურიაში გვქონდა მსგავსი შემთხვევა, როცა შშმ პირებზე ეტლები დაარიგეს პარტიული ოფისიდან. არ აქვს მნიშვნელობა პირდაპირ პარტიიდან გადასცეს თუ სხვა გზით. მოსყიდვა არის პირდაპირი და ირიბიც.

 

მაჟორიტარი არის პარტიის წარმომადგენელი, პარტიული თანამდებობის პირი, ამიტომ, როცა უფასოდ, ან შეღავათებით გადაცემაზე არის საუბარი, ისინი უნდა გაემიჯნონ ამას და არ უნდა მოხდეს მათ სახელთან და მათ პარტიასთან ამის ასოცირება,"- აცხადებს სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია. მისი თქმით, ორგანიზაცია აღნიშნულ ფაქტებს შეისწავლის და რეაგირებას მოახდენს.

 

„საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა კახიშვილი კი მიიჩნევს, რომ მსგავი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, საქმე აუდიტის სამსახურის შესასწავლია. 

 

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უფასო გამოკვლევების აქცია ფოთში

ეკა ბესელია და ეკა მგალობლიშვილი მის თინეიჯერზე

პარტიის ფოთელი ლიდერი ირაკლი კაკულია თეა ბელქანიასთან ერთად მოქალაქეს ეტლს გადასცემს

პარტიის წარმომადგენლები 1 სექტემბერს ბავშვებს საჩუქრებს გადასცემენ

პარტიის ადგ. ლიდერი და ნოდარ კორსანტია

 

 * ფოტოები აღებულია ეკა ბესელიასა და ალიანსი "ოქროს საწმისის' "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდებიდან

 

 

მსგავს თემაზე:

 

იყენებს თუ არა ეკა ბესელია გაუმჭვირვალე საქველმოქმედო ფონდს პოლიტიკური მიზნებისათვის? [Photo,Video]

 

გამოძიება
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED