იყენებს თუ არა ეკა ბესელია გაუმჭვირვალე საქველმოქმედო ფონდს პოლიტიკური მიზნებისათვის? [Photo,Video]

2013.10.25 ავტორი: ელისო ჯანაშია

"ფოთის აღორძინების საქველმოქმედო ფონდი", რომელიც ფოთის მაჟორიტარ ეკა ბესელიას სახელს უკავშირდება, კვლავ გაუმჭვირვალედ საქმიანობს. ფონდის მიერ ამ ეტაპისთვის გაცხადებული აქტივობები: სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა, საბავშვო ბაღის შეკეთება და ინტერნეტგამოცემის დაფინანსება, რაზეც გარკვეული თანხები დაიხარჯა, უკავშირდება თუ არა მაჟორიტარის პოლიტიკურ მიზნებს და ხდება თუ არა ფონდის რესურსების საარჩევნოდ გამოყენება? იურისტების განმარტებით, ეს აუდიტის სამსახურის შესასწავლია.

ფონდის კავშირი ეკა ბესელიასთან

 

"ფოთის აღორძინების საქველმოქმედო ფონდი" მიმდინარე წლის 2 აპრილს დაფუძნდა. მიუხედავად იმისა, რომ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია მასთან შეხებას უარყოფს, არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მის ფონდთან კავშირს ადასტურებს.

 

მიმდინარე წლის 18 მაისს, ფონდის პრეზენტაციაზე მაჟორიტარმა ანაცხადა: "ჩვენ გვინდა, რომ ის მთავარი დევიზი, რომელიც იყო წინასაარჩევნოდ: "ფოთი ვაქციოთ ოცნების ქალაქად", რეალობად იქცეს და უკვე დაიწყო ეს პროცესი". ის ფონდის მომავალ გეგმებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ფონდი სანაპირო ზოლის კეთლმოწყობასა და სანაპიროზე ტაძრის მშენებლობას დააფინანსებს. მის გვერდზე ჩანან მსხვილი ბიზნესების: პორტის მოიჯარეების, სოკარის, სხვადასხვა გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები და ა.შ.

 

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ფონდის იურიდიული მისამართი - ფოთი, იერუსალიმის 37, სწორედ ის მისამართია, რომელზეც ეკა ბესელია გასული წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დარეგისტრირდა. "დღეიდან მე ფოთელი ვარ"- განაცხადა რეგისტრაციისას ჯერ კიდევ მაჟორიტარობის კანდიდატმა. ის წარმოშობით სენაკელია.

 

აღნიშნულ მისამართზე არსებული სახლი კი სწორედ ილია ქვარცხავას (დაბ.1933 წელს) ეკუთვნის, რომელიც რეესტრის მონაცემებით, ფონდის დირექტორია. 




 

ქვარცხავამ TSpress-ის მიერ ოფიციალურად მოთხოვნილ ინფორმაციას, ფონდის დამფინანსებლების, მობილიზებული თანხების, დაფინანსებული აქტივობებისა და მომავალი გეგემების შესახებ, უარით უპასუხა. მისი განცხადებით, მას ფონდის ფინანსურმა მენეჯერმა, რომელმაც იცის დამფინანსებელთა ვინაობა, აუკრძალა აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება.


კანონით, კერძო შემოწირულობების არსებობის შემთხვევაში, ფონდის მიერ საკუთარი ფინანსების გასაჯაროვება, ნებაყოფლობითია.  



ფოთის აღორძინების საქველმოქმედო ფონდის საქმიანობის ოფიციალურად გაცხადებული მიზნებია:

საქველმოქმედო ფონდის უკვე განხორციელებულ აქტივობებს: სანაპირო ზოლის კეთილმოწყობას, საბავშვო ბაღის შეკეთებას, ინტერნეტგამოცემის დაფინანსებას, გაცხადებული მიზნები არ ითვალისწინებს.

 

ვინ არის ფონდის ფინანსური მენეჯერი

 

ფონდის ფინანსური მენეჯერი ლევან ჯღარკავა საქველმოქმედო აქციებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე მაჟორიტარის გვერდით ხშირად ჩნდება. ის ნავსადგურის მოიჯარე კომპანიების: "პრომეტკოსა" და "ჯეესკოს" დირექტორია. ორივე კომპანია 2008 წელს, "ნაციონალური მოძრაობის" შემწირველთა შორისაა. მათ, ჯამში, პარტიას წინასაარჩევნოდ 50 ათასი ლარი შესწირეს. 

 

რამდენიმე თვის წინ, თურქმა ბიზნესმენმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, ლევან ჯღარკავას მიერ თაღლითურად მითვისებული თანხების საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართა. 

 

"პრომეტკო ჯორჯია" და "ჯეესკო" არის კომპანიები, რომელთა კუთვნილი თანხა, 3 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი, ვანო ჩხარტიშვილთან ასოცირებულმა კომპანიამ, შპს "სონატა ალიანს ჯორჯიამ" მიითვისა, რაშიც უშუალოდ იყო ჩართული ჩხარტიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი ლევან ჯღარკავა, "- ეს განცხადება რამდენიმე თვის წინ,  თურქი ბიზნესმენი ომარ სარის ქართველმა წარმომადგენელმა მამუკა კაკუშაძემ გააკეთა.

 



"აუდიტორული დასკვნით, რომელიც "პრომეტკო ჯორჯიასა" და "ჯეესკოში" ბატონი ომერის მოთხოვნით დაინიშნა, აღმოჩნდა, რომ ლევან ჯღარკავას მიერ მილიონები იყო გატანილი საქვეანგარიშოდ და ფიქტიურ კონტრაქტებზე. 2010 წელს, როდესაც ვანო ჩხარტიშვილს წინა ხელისუფლებასთან ურთიერთობა დაეძაბა, არაბულმა კომპანიამ "რაკიამ", რომელიც იმ დროს ფოთის პორტის მენეჯმენტში იყო ჩართული, ცალმხრივად შეუწყვიტა კონტრაქტები "პრომეტკო ჯორჯიასა" და "ჯეესკოს". ანუ ბატონი ომერი ბიზნესის გარეშე დარჩა, ხოლო ლევან ჯღარკავამ კომპანიაც დატოვა და საქართველოც, - აცხადებს კომპანიის ქართველი წარმომადგენელი.

 

ბიზნესმენის განცხადებით, მან უკვე მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს აღნიშნული საქმის გამოძიების მოთხოვნით".  წყარო: http://www.ghn.ge/news-90868.html

 

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ჯღარკავასთან დაკავშირება TSpress-მა ვერ შეძლო, ის ტელეფონს არ პასუხობს.

 

 ფონდის აქტივობები და გაუმჭვირვალე თანხები 

 

მიმდინარე წლის 9 ივლისს, ფოთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას ფონდის დირქეტორმა, ილია ქვარცხავამ ფოთის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის პროექტი გააცნო, რისთვისაც მისი განცხადებით, ფონდს 350 ათასი ლარის დახარჯვა ქონდა დაგეგმილი. მისი თქმით, თანხა სანაპირო ზოლის კეთილმოწყობისთვის ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ქველმოქმედების მიზნით გაიღო. ქვარცხავამ ბიზნესმენის ვინაობა არც მაშინ დაასახელა.

 

ამის შემდეგ, ფონდმა სანაპირო ზოლის კეთლმოწყობა მართლაც დაიწყო და 9 აგვისტოს პრეზენტაციაც გამართა. აღნიშნულ პრეზენტაციას, ფოთის მაჟორიტარის 8-თვიანი ანგარიშის მოსასმენად ფოთში ჩამოსული NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავაროც ესწრებოდა. 

 

ლუის ნავარო ოცნების სანაპიროს პრეზენტაციაზე

მაჟორიტარის ბიუროს გვერდზე მითითებულია, რომ ფოთში, კუნძულის უბანში შავი ზღვის სანაპიროს 1900 მეტრ ტერიტორიაზე ბულვარის კეთილმოწყობის პროექტს სიმბოლურად „ოცნების სანაპირო“ დაერქვა და ის ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივითა და ფოთის აღორძინების ფონდის მეშვეობით ხორციელდება. ფოტოებზე ასახულია "ენდიაის" საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მონაწილეობა ღონისძიებაში. 

 

TSpress-ი დაინტერესდა ფლობდა თუ არა ბატონი ნავარო ფონდის საქმიანობის, მასთან მაჟორიტარის კავშირისა და იმ ღონისძიების შესახებ ინფორმაციას, რომელშიც მონაწილეობდა, რაზეც გამოცემას ოფისიდან უპასუხეს, რომ მას არ გააჩნია ინფორმაცია ფონდის, მისი საქმიანობის ან ქალბატონი ბესელიას ფონდთან კავშირის შესახებ.

 

"მე პირადად ვარ ჩართული ამ პროცესში და ძალიან ბევრი ფოთელი ჩემთან ერთად, გვინდა რომ ფოთისთვის საჩუქარად გაკეთდეს ეს სანაპირო ზოლი, რომელსაც ჩვენი ქველმოქმედებით გავაკეთებთ, გავალამაზებთ და ვაჩუქებთ ფოთს,"-განაცხადა დეპუტატმა პრეზენტაციის დღეს და სანაპირო ზოლს საძირკველი სადემონსტრაციოდ თავადვე ჩაუყარა.

 

ამის შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაიდგა 4 სკამი და 4 განათების ბოძი, ზოგიერთი სკამის ქვეშ დაგებულია ქვის ფილები.

 

ვინ გაიღო აღნიშნული ხარჯები, რომელიც მაჟორიტარის აქტივობას მიეწერა, გაურკვეველია.

ეკა ბესელია ოცნების სანაპიროს საძირკველს უყრის

 

ფონდის მიერ ინტერნეტგამოცემის დაფინანსება

 

ეკა ბესელიას მხარდაჭერილი ფონდის კიდევ გაცხადებული პროექტი ფოთში, გაზეთის - „ნიკოლაძის გზით“ დაფინანსებაა. გაზეთმა რამდენიმე ხნის წინ პრეზენტაცია გამართა, რომელსაც თავად ბესელიაც ესწრებოდა. მან გამოცემის დაფინანსებას "ტრადიციების შენარჩუნება" უწოდა და ქალაქში არსებული მეორე ინტერნეტგამოცემა TSpress-ი ტყუილების გავრცელებაში დაადანაშაულა.

 

გამოცემამ მართლაც შეინარჩუნა "ტრადიცია" - ის ამჟამადაც ნეგატიურად და ცილისმწამებლურად აშუქებს ყველას, ვინც მაჟორიტარს თვალში არ მოსდის. 

 

„აბსურდის თეატრის სიუჟეტია, როდესაც „ქართული ოცნების“ მიერ რეკომენდირებული ქალაქის მერი „ქართულ ოცნების“ ადგილობრივ ორგანიზაციასა და მაჟორიტარ დეპუტატს უპირისპირდება“ - ასე ამბობენ დღეს ფოთში."- ნათქვამია სტატიაში: "ძალაუფლების ხიბლში ჩავარდნილი ფოთის მერი „ნაციონალი“ ობსტრუქციონისტების სამსახურში", რომელიც ეხება ფოთის მერს, რომელთანაც ბესელია ამჟამად დაპირისპირებულია.

 

აღნიშნული ინტერნეტგამოცემა TSpress-ს დეზინფორმატორს უცერემონიოდ უწოდებს იმის გამო, რომ გამოცემამ ეკა ბესელია "ფონდის მხარდამჭერად" მოიხსენია, თუმცა იქვე ამას თავადვე ადასტურებს:

 

ეკა ბესელია ნიკოლაძის გზით-ის პრეზენტაციზე

"რედაქცია არ უარყოფს, რომ ფონდიდან და პირადად ქალბატონ ეკა ბესელიასგან არის მორალური მხარდაჭერა, პირიქით, მისთვის ღირსების საქმეა, რომ ესოდენი ყურადღებაა გამოხატული, მედია-სახლში გაერთიანება და 20 აგვისტოს პრეზენტაცია ამის დასტურია... დავუშვათ და ფონდმა აღმოუჩინა გაზეთს მატერიალური მხარდაჭერა, რატომ უნდა იყოს ეს მიუღებელი, რატომ უნდა უკირდეს ეს ინტერნეტგამოცემას, თავად ხომ არსებობს რაღაც წყაროთი?! ფონდი საზოგადოების პირმშოა, დიახ, სწორედაც, ეკა ბესელიას მხარდაჭერილი ფონდი ფოთელი საზოგადოების დაკვეთა და სურვილია, მისი ფუნქციონირება და პროექტებიც ფოთელთა მიერ არის მოწონებული და მიღებული. საზოგადოების ნაწილია ის მეცენატებიც-ქალაქის ჭეშმარიტი მოამაგენიც, ვინც შემოწირულობებს განახორციელებს და შესაბამისად ამისა, საზოგადოებისგან რომ იყოს მატერიალურად დაცული ერთი ხელმოკლე გაზეთი, რა არის ამაში მიუღებელი და არაკანონიერი?"- ვკითხულობთ გამოცემის ერთ-ერთ სტატიაში: "პასუხი დეზინფორმატორ ინტერნეტგამოცემა TSpress-ს". იქვე ისიცაა აღნიშნული, რომ მაჟორიტარი ცდილობდა გამოცემას დაფინანსება თვითმმართველობისგან მიეღო.

 

"ეკა ბესელიამ გულისტკივილი გამოთქვა, რომ გაზეთს, რომელიც ტრადიციის მატარებელია და ნიკო ნიკოლაძის იდეების გამზიარებელი, ქალაქისაგან მეტი ყურადღების ღირსი იყო, რომ თვითონაც რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა თვითმართველობასთან ერთად გამონახულიყო ოპტიმალური გზა, მისაღები ფორმა გაზეთის მხარდასაჭერად."- წერს გამოცემა "ნიკოლაძის გზით," რომელიც, ამჟამად, პოზიტიურ კონტექსტში მხოლოდ მაჟორიტარის აქტივობებს აშუქებს. 

 

აღნიშნული გაზეთი ადრე"ფოთის უწყებანის"სახელით გამოდიოდა და ის ძირითადად საბიუჯეტო დაფინანსებაზე იყო. სოლიდური სახელმწიფო დავალიანების გამო, მოგვიანებით აღნიშნული გაზეთის გამოცემა შეჩერდა და მოგვიანებით მისი რებრენდინგი მოხდა და მის ბაზაზე "ნიკოლაძის გზით" დაფუძნდა.

 

ფონდის დირექტორმა ილია ქვარცხავამ TSpress-სთან განაცხადა, რომ რედაქციას 30 ათასი ლარამდე უკვე ჩაერიცხა, რაც მოგვიანებით, რედაქციამ უარყო. გამოცემის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვანო ნარმანიამ დაფინანსების შესახებ დასმული კითხვის გამო ჟურნალისტს "უსაქმური" და "ჩამშვები" უწოდა. ის TSpress-ის თანამშრომლებთან პირად საუბრებში აცხადებს, რომ პირველი ტრანშის შემდეგ თანხა არ ჩარიცხვიათ, რასაც TSprss-ში გამოქვეყნებულ მასალებს აბრალებს და ჟურნალისტებს უხამსად მოიხსენიებს. ამას ემატება ისიც, რომ მაჟორიტარის აქტივობების შესახებ კი TSpress-ი ინფორმირებული არ არის, რასაც ემატება თავად ბესელიას ბოიკოტი, რომელიც მისი განცხადებით პირადად TSpress-ს გამოუცხადა, რაც გამოცემის მიერ კრიტიკული მასალების გამოქვეყნებას უკავშირდება.

 

ფონდის მიერ შეკეთებული საბავშვო ბაღი


17 სექტემბერს, ინტერნეტგამოცემა "ნიკოლაძის გზით"-ის ცნობით, ფოთის #10-ე საბავშვო ბაღში, „ფოთის აღორძინების საქველმოქმედო ფონდის“ დახმარებით, მოკლე დროში რამდენიმე პრობლემა მოგვარდა.

 

ბაღის პედაგოგის განცხადებით,  საქველმოქმედო ფონდის დახმარებით ახლა მოპირკეთებული შემოსასვლელი აქვთ, სათანადოდ გარემონტდა პირველი სართულის ფოიეც, შეიღება ჭერი და კედლები, გარემონტდა სამუსიკო დარბაზი, რომლის იატაკზე ლამინატის პარკეტი დაიგო, განახლდა სამედიცინო და სამნეო ნაწილის ოთახი.

 

გამოცემის ჟურნალისტის ცნობით, ბაღის მთელი პედაგოგიური კოლექტივი და მშობლები მადლიერებას გამოხატავენ “ფოთის აღორძინების საქველმოქმედო ფონდის” მიმართ.

 

ბესელიას ბიზნესმენების დატერორებასა და თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ 


რამდენიმე ხნის წინ, ნაციონალების წარმომადგენელმა, საკრებულოს წევრმა დარეჯან ცხვიტარიამ, მაჟორიტარი ეკა ბესელია ბიზნესმენების დატერორებასა და ფონდის თანხების გაფლანგვაში დაადანაშაულა.  მისი განცხადებით, ეკა ბესელიამ "ბიზნესმენების დამატერორებელი ფონდი შექმნა და ფულებს აკეთებს". საკრებულოს წევრის ინფორმაციით, ბიზნესმენებს ფონდში 2 მლნ-მდე ლარი აქვთ გადარიცხული, თუმცა, სანაპიროზე მხოლოდ რამდენიმე სკამი და ლამპიონი დადგეს და მისი ვარაუდით, თანხა კერძო ჯიბეებში წავიდა. ის ვერც კონკრეტულ დატერორებულ ბიზნესმენებს და ვერც თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების საფუძველს ასახელებს.

 

აღნიშნულ განცხადებაზე საკმაოდ მწვავე რეაქცია ჰქონდა თავად მაჟორიტარს. მან ცხვიტარიას განცხადებას "უპასუხისმგებლო" და "უღირსი" უწოდა და სასამართლოში ჩივილით დაემუქრა. შეიტანა თუ არა მაჟორიტარმა საჩივარი, ამ დროისთვის, უცნობია, რადგან ამის გადამოწმების საშუალება, გამოცხადებული ბოიკოტის გამო, გამოცემას არ აქვს.

სანაპიროზე ფონდის მიერ შესრულებული სამუშაო


 

"ნებისმიერი ფონდის საქმიანობა, თუკი ის პარტიასთან ასოცირდება, ან პარტიის ლიდერები ფონდით განხორციელებულ საქმიანობას თვითონ იწერენ და ჩნდება კითხვები, არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესასწავლი. თუ პოლიტიკურ მიზნებთან კავშირი დადგინდება, მაშინ თანხების შესახებ ინფორმაცია ფონდმა უნდა გაასაჯაროვოს. სიღრმეებში ამ ეტაპზე ვერ წავალთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი შესასწავლია"-აღნიშნავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ლელა ტალიური TSpress-თან საუბრისას.

 

* გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნულ ფონდთან ასოცირდება თავად ფოთის მაჟორიტარი, რომელიც საჯარო პირია და მისი საქმიანობის მიმართ არსებობს ზოგადად საჯარო ინტერესი, TSpress-ი აღნიშნულ თემაზე მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

მაჟორიტარი ლევან ჯღარკავასთან, ილია ქვარცხავასთან და ლუის ნავაროსთან ერთად სანაპიროს პრეზენტაციაზე

 

 

 

ამავე თემაზე:

 

მაჟორიტარის გაუმჭვირვალე ფონდიდან ფოთში სანაპირო ზოლი უნდა კეთილმოეწყოს [Video]


ბესელიას მხარდაჭერილი ფონდის მიერ დაფინანსებული გაზეთი და დაბლოკილი ინფორმაცია

 

დარეჯან ცხვიტარია - ეკა ბესელიამ ბიზნესმენების დამატერორებელი ფონდი შექმნა და ფულებს აკეთებს [Video]

 

 

 

გამოძიება
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED