ნეპოტიზმი და პოლიტიკური დანიშვნები ფოთის მერიაში

2013.09.03 ავტორი: ელისო ჯანაშია იზა სალაყაია

ფოთის მერიიდან, ამ დროისათვის, 46 თანამშრომელი სხვადასხვა მეთოდით გათავისუფლდა. უმრავლეს შემთხვევაში, ფოთის მერმა, დავით სარსანიამ, ვაკანსიები „ქართული ოცნების“ აქტივისტებით, ახლობელ–მეგობრობითა და ნათესავებით ჩაანაცვლა. პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის გათვალისწინება არ მომხდარა. აღნიშნულ საკადრო ცვლილებებს იურისტები კანონდარღვევად და პოლიტიკური ნიშნით თანამშრომელთა დევნად აფასებენ.

მერი და მაჟორიტარი პარტიულ აქტივისტებთან


გათავისუფლების ერთ-ერთი მეთოდი-"ნაწილობრივ დამაკმაყოფილებელი"შეფასება 

 

მერიის 276 თანამშრომლიდან, სპეციალურმა საატესტაციო კომისიამ 8  უარყოფითად შეაფასა და ისინი სამსახურიდან დაითხოვა, 39-ს კი "ნაწილობრივ დამაკმაყოფილებელი" შეფასება მისცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მერიას მათი გათავისუფლება ნებისმიერ დროს შეუძლია. ამ დროისათვის, სამსახური 24-მა მათგანმა დატოვა, დანარჩენები -გათავისუფლების მოლოდინში არიან.

 

მათ მსგავსად, საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა მერიის 9 თანამშრომელმა მერად დავით სარსანიას მოსვლის პირველსავე დღეებში დატოვა. 37 შტატგარეშედან (ხელშეკრულებით დრობით დასაქმებულს) 13- ს კი, მერიამ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა.

 

ფოთის მერიიდან გათავისუფლებულები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ ახალი ხელისუფლების და პირადად პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომ  საჯარო სამსახურში დასაქმებულებს პარტიული ნიშნით საკადრო ცვლილებები არ შეეხებოდათ და სამსახურს ყველა მათგანი შეინარჩუნებდა, არ გამართლდა.


გათავისუფლების მეორე მეთოდი - "საკუთარი განცხადება"

 

მერიაში, მაისის თვეში ჩატარებული ატესტაციის შემდეგ, "ნაწილობრივ დამაკმაყოფილებელი" შეფასებით, 16-მა თანამშრომელმა სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მერი არასასურველ კადრებს მაინც მოიშორებდა და მათ გადაწყვეტილების მიღება ერთგვარად "დაასწრეს."

 

„დავასწარი... გათავისუფლება მაინც არ ჩამეწერება საქმეში. ეს შეფასებაც მაგიტომ მოგვცეს, რომ საფუძველი ქონოდათ. ხომ ხედავთ ამ 40-მდე ადამიანიდან, ყოველდღე უშვებენ სახლში ვიღაცას, როგორც კი საკუთარ რიგებში მის შემცვლელს იპოვიან,“- განაცხადა TSpress - თან ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა.

 

კომისიის შეფასებისა და შერჩევის კრიტერიუმი გაუგებარია მზია ახალაიასთვისაც (ნაბადის უბნის მუნიციპალიტეტის ყოფილი მთავარი სპეციალისტი)

 

-„მერიის სამსახურში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება მაქვს, ჩემი სამსახურის სპეციფიკა და ყველა საკითხი ზეპირად ვიცი. რაღაც კითხვებს ვუპასუხე, რაღაცას ვერა, მაგრამ არ ვიცი, საბოლოო გადაწყვეტილებისას რას მიაქციეს ყურადღება,“– აცხადებს ის TSpress-თან საუბრისას.

 

ნინო გაფრინდაშვილს და ლელა რამინაშვილსაც მიაჩნიათ, რომ მერიიდან მათი გათავისუფლება უკანონოდ მოხდა, თუმცა სასამართლოსთვის მიმართვას არ გეგმავენ.

 

სამსახურიდან იძულებით გათავისუფლება

 

სამსახურიდან იძულებით გათავისუფლების ფაქტზე სახალხო დამცველს მხოლოდ მერიის ჯანმრელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურის უფროსმა ვიოლა ჯღამაძემ მიმართა.

 

ჯღამაძის  განცხადებით, ფოთის მერის მოადგილე ლაშა კუპრეიშვილმა, მას სამსახურიდან წასვლაზე საკუთარი სურვილით განცხადების დაწერა ორჯერ შეთავაზა, რაზეც უარი მიიღო. კუპრეიშვილი მას მისივე სამსახურის უფროსის მოადგილედ გადაყვანას პირდებოდა.

 


საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ ჯღამაძემ ყველა დასმულ კითხვას უპასუხა, თუმცა კომისიის შეფასებით, ჯღამაძე "ნაწილობრივ აკმაყოფილებს" დაკავებულ თანამდებობას და საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას. სადავოა თავად კითხვების შინაარსიც, რამდენად იყო შესაძლებელი ამ კითხვებით კომპეტენციის გარკვევა და თავად კითხვის დამსმელები რამდენად კომპეტენტურები იყვნენ.

 


საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ოქმში ვკითხულობთ:

 

„კომისიამ მოისმინა საჯარო მოხელის, ვიოლა ჯღამაძის ანგარიში საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ

 

ი. კაკულია – რამდენი შეჭირვებულია ქალაქში?

 

ვ. ჯღამაძე – 57000 ქულის მქონე 560 ოჯახია. 

 

დ.  ბაბილუა – რამდენი უსახლკაროა ქალაქში?

 

ვ. ჯღამაძე – 200 ოჯახამდეა უსახლკარო

 

დ. კვიციანი– რა კატეგორიას ეკუთვნის წამლის ვაუჩერი?

 

ვ.ჯღამაძე – შეჭირვებულ პენსიონრებს, ინვალიდებს.

 

ა. მეტაქსა – უფასო სასადილო ძალიან ეფექტურად მუშაობს, ვიდრე წინა წლებში, რამდენი

ადამიანი სადილობს და რამდენია თანხაა განსაზღვრული?

 

ვ. ჯღამაძე– 200 ბენეფიციალი, 139 000 ლარია განსაზღვრული

 

ი. კაკულია – როგორც სამსახურის უფროსი თუ მოემზადეთ ატესტაციისთვის

 

ვ. ჯღამაძე – დიახ.

 

გ.სალია – ვინ ითვლება დევნილად?

 

ვ.ჯღამაძე– ვინც იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი

 

გ.სალია – როდის უწყდება პირს დევნილის სტატუსი?

 

ვ.ჯღამაძე – თუ ტოვებს ქვეყნის საზღვრებს.“

 

საკრებულოსა და საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე დავით ბაბილუა, მსგავს ფაქტებს კომისიის ხარვეზებით ხსნის.

 

„იყო ხარვეზები, შენიშვნები, ყველა სამსახური სპეციფიკურია, ვის რა კითხვებიც შეგვეძლო იმას ვუსვამდით, ახლა მაგალითად სახანძრო სამსახურის თანამშრომლებს ჩვენ რა კითხვებს დავუსვამდით? ეს ყველაფერი გამოსწორდება,“- აცხადებს ის.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტ გიგი ჩიხლაძის განმარტებით, კანონის მიხედვით,  არსებობს საჯარო მოხელის 4 ტიპის შეფასების დასკვნა: მოხელე შეესაბამება დააკვებულ თანადებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;  მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;  მოხელე ნაწილობრივ  შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას; მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.

 

როგორც ჩიხლაძე აღნიშნავს, ბოლო ორ შემთხვევაში, მერს შეუძლია თანამდებობიდან გაათვისუფლოს თანამშრომელი, თუმცა, მისი აზრით, საჯარო მოხელეს უნდა აფასებდეს კომპეტენტური კომისია და  წევრები, რომელთაც მოეთხოვებათ: ობიექტურობა, გამჭვირვალობა, არადისკრიმინებული მიდგომა, საჯაროობა, კოლეგიალობა და კორექტულობა.

 

„რომელიმე პრინციპის დარღვევის შემთხვევაში, კომისიის მუშაობა და დამდგარი შედეგები ეჭვქვეშ დგება. მსგავსი სახის, კონტექსტიდან ამოვარდნილი კითხვებით საჯარო მოხელეთა კომპეტენცია ვერ განისაზღვრება“ – აღნიშნავს იურისტი.

 

მისი თქმით, ჯღამაძის შემთხვევის მსგავსად, ჩატარებული ატესტაცია, შესაძლოა, თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების მექანიზმად ჩაითვალოს და არა პროფესიონალური კადრის შერჩევის მიზნით ჩატარებულ კონკურსად.

 

კომისიის გაუმჭვირვალობასა და წევრების კომპეტენციის საეჭვოობას, ინტერნეტგამოცემა TSpress-მ არაერთი სტატია მიუძღვნა. 

ბრძოლა "ნაციონალების" "ქართული ოცნების" აქტივისტებით ჩანაცვლებისთვის



ჩანაცვლება მერის ბავშვობის მეგობრებითა და ნათელმირონებით

 


ფოთის მერი და მისი მოადგილე ლაშა კუპრეიშვილი

დავით სარსანიამ მერის პოსტის დაკავებიდან რამდენიმე დღეში, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, ლაშა კუპრეიშვილი დანიშნა, რომელიც მოგვიანებით მერის მოადგილედ გადაიყვანა.

 

წვევამდელი აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად ირაკლი ხვიჩავა დაინიშნა, საგარეო განყოფილების უფროსად –  რიჩარდ ქაქუჩია, სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილედ - გოჩა მურღულია, ცენტრის უბნის მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტად - მარინა გუზაევა, სამობილიზაციო სამსახურის თანამშრომლად - მურად ფაცია, შესყიდვების სამსახურის მთავარ სპეციალისტად - ფიქრია მიგინეიშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლად - ლევან ჭედია.

 

ფოთის მერი ყველა მათგანთან მეგობრობასა და ახლობლობას ადასტურებს. თუმცა, აცხადებს, რომ ისინი პროფესიონალიზმის ნიშნით შეარჩია. მას ხვიჩავასთან ნათელმირონობა აკავშირებს, კუპრეიშვილი კი მისი „ახლო მეგობარია“

 

-„ლაშას ბავშვობიდან ვიცნობ და ვიცი მისი სამუშაო გამოცდილება. ქაქუჩია უცხოეთშია ნამყოფი, კარგი განათლება აქვს მიღებული“- აცხადებს სარსანია.

 

მერი ცოლის ბიძაშვილი არასათანადო კვალიფიკაციით - გამოცდილი კადრის ადგილზე

 


ეკატერინე ბერაია

მერის ბრძანებით, საფინანსო სამსახურში მთავარი სპეციალისტის ადგილზე ეკატერინე ბერაია დაინიშნა. სარსანია ადასტურებს, რომ ბერაია მისი მეუღლის ბიძაშვილია.

 

ყოფილი თანამშრომელი, მაკა ლაშხია, რომელიც თვითმმართველობაში 4 წელი მუშაობდა, მერმა იმავე სამსახურში შტატგარეშე თანამშრომლად გადაიყვანა და დრობითი 2-თვიანი ხელშეკრულება დაუდო.

 

ფოთის მერი დავით სარსანია მიზეზად ატესტაციის შედეგებს ასახელებს, მისი თქმით, ლაშხია "ნაწილობრივ აკმაყოფილებდა" დაკავებული თანამდებობას, თუმცა, ვინ განსაზღვრა უკონკურსოდ მიღებული ახალი თანამშრომლის კომპეტენცია, ან შესაძლებელი იყო თუ არა კონკურსის გამოცხადებამდე ძველი კადრის დატოვება, მერი არ განმარტავს. ის ვერც მერი ბერაიას სამუშაო გამოცდილებას აკონკრეტებს.

 

თავად ეკატერინე ბერაია კომენტარს არ აკეთებს. მერიაში წარდგენილი CV – ის მიხედვით კი ირკვევა, რომ მას ერთ-ერთ ბანკში მოლარე –ოპერატორად მუშაობის გამოცდილება აქვს.


           

"პარტიული" კადრები, რომელთა  აყვანის აუცილებლობას მერი ვერ ხსნის

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე – თანამშრომელთა შტატგარეშედ აყვანაზე უარი, არც ფოთის ახალმა მერმა თქვა და სხვადასხვა სამსახურებს შტატგარეშე თანამშრომლები დაამატა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, სამსახურებს ფუნქცია-მოვალეობები არ გაზრდია.

 

კანონის თანახმად, დროებით ხელშეკრულებით აყვანილებს ატესტაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ, ამიტომ მათ გათავისუფლება–მიღების გადაწყვეტილებას მერი ერთპიროვნულად იღებს.

 

წინა ხელისუფლების პერიოდში აყვანილ 37 შტატგარეშე თანამშრომლიდან, მერმა კონტრაქტი 15-ს გაუგრძლა, 13-ს კი უარი უთხრა  და ისინი ახალი კადრებით ჩაანაცვლა, რომელთაგან ერთი მაკა ლაშხიაა, 5 პარტიული აქტივისტი, 6 ახლობლების რეკომენდებული კადრი, ერთი კი ტექნიკური პერსონალი.

 

"ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერები: სალომე წულაია, ნარგიზა გრიგოლია და თამარ ბეკვერია კულტურის სამსახურის მთავარ სპეციალისტად დაინიშნენ. ემზარ კვარაცხელია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარ სპეციალისტად, ხოლო თეონა ქევანიშვილი კი, საგარეო საქმეთა განყოფილების მთავარ სპეციალისტად დაინიშნა.

 

ნათია კუპრაძე იურიდიულ განყოფილებაში მათავრ სპეციალისტად დაინიშნა, მამია გუჯაბიძე - ინფრასტრუქტურის სამსახურში, ქეთევან ჩაგანავა და ლანა გაბელია - კუნძულის უბნის ტერიტორიულ მმართვის ორგანოს თანამშრომლებად.

 

შესაბამისი შტატების არასებობის გამო, სარსანიამ ხელშკრულებით დანიშნა თანაშემწეებიც: სოციალურ საკითხებში მერის თანაშემწედ - მარინა გუჯაბიძე, ხოლო კულტურის საკითხებში მერის თანაშემწედ - ოთარ ხარჩილავა.

 

სხვა შტატიან თანამდებობებზე დაინიშნენ „ქართული ოცნების“ სხვა წევრებიც: არჩილ მელიქია (ადმნისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მ/შ),  ემზარ კუპრაძე (ინფრასტრუქტურის სამსახურის, ტრანსპორტის განყოფილების უფროსის მ/შ), ტატო გვილავა (კუნძულის უბნის მუნიციპალიტეტის უფროსის მ/შ), მოგვიანებით, ის ბიდიკო კაკულიამ შეცვალა, გვილავას კი როგორც მერი ამბობს ინფრასტრუქტურის სამსახურში გადაიყვენენ. მალხაზ თუთბერიძე (მალთაყვის მუნიციპალიტეტის უფროსის მ/შ), ბელა ბრეგვაძე (მალთაყვის მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტი).

 

მერაბ სიმონია და რუსუდან საჯაია (ნაბადის უბნის მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტები). ნინო აფხაზავა (ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურის უფროსის მ/შ)

 

ფოთის მერი მოვალეობის შემსრულებლად კონკურსის გამოცხადებამდე დანიშვნებს, სამსახურების "გამართულად მუშაობის უზრუნველყოფით" ხსნის. ის კადრების შერჩევის ძირითად კრიტერიუმად, წლების მანძილზე ახლობლობა-ნაცნობობასა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში გაწეულ შრომა ასახელებს.

 

–„კონკურსი არ ყოფილა გამოცხადებული და ვიღაც ხომ უნდა დამენიშნა? ზოგს პირადად ვიცნობდი, ზოგს - კარგი რეკომენდაცია გაუწიეს,“– აღნიშნავს სარსანია, თუმცა რეკომენდატორებს არ ასახელებს.

 

ხარჩილავას დანიშვნას, რომლიც ბიზნესმენ გიზო ხარჩილავას შვილია, მერის მოწინააღმდეგეები, ფინანსურ დაინტერესებას უკავშირებენ, რასაც თავად მერი უარყოფს. მაშინ როცა მერიას გააჩნია კულტურის სამსახური, ამავე სამსახურს კიდევ რამდენიმე განყოფილება, დამატებითი კადრის საჭიროებას, მერი ვერ ასაბუთებს.

 

„ოთარი ახალგაზრდა კადრია, კარგი კრეატიული იდეები აქვს,“ – ამ პასუხით შემოიფარგლება მერი.

 

მერი პარტიის აქტივისტებთა, რომელთაგან 3 მერიაშია დასაქმებული

მერი ადასტურებს, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა მხოლოდ პარტიული ნიშნით შეირჩა, რასაც მათთვის „შანსისა და პრაქტიკის მიცემის შესაძლებლობას“ უწოდებს და ამბობს, რომ ისინი მაინც დროებით დასაქმებულები არიან.

 

„ამ ბავშვებმა წინასაარჩევნოდ ბევრი იბრძოლეს ქვეყნისა და ქალაქისათვის. უნდა მივცეთ შანსი - გამოვიყენოთ მათი ცოდნა, განათლება. მივცეთ პრაქტიკა, აქ რამე ისწავლონ და მერე უკეთესები გახდნენ,“- განმარტა მერმა.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის, გიგი ჩიხლაძის განმარტებით, მერის ეს განცხადება უკვე ეწინააღმდეგება კანონს, ეს საჯარო მოხელის მხრიდან არის პირდაპირი განაცხადი - მე ვარღვევ კანონს!“

 

"მერმა ახალი კადრის მიღებისას, უნდა დაასაბუთოს, რომ ის წინაზე პროფესიონალი და კომპეტენტურია. ასევე უნდა განმარტოს დამატებით, ხელშეკრულებით აყვანილი კადრების საჭიროება. მისი თქმით, არგუმენტების არარსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, ნეპოტიზმთან გვქონდეს საქმე"- აცხადებს იურისტი.

 

მერიაში აქტივისტების მიერ წარდგენილი CV-ების მიხედვით ირკვევა, რომ უმაღლესი განათლება ხელშეკრულებით აყვანილ არცერთ თანამშრომელს არ აქვს, ხოლო ინფო 9-ში წინასაარჩევნოდ მუშაობის გამოცდილება მხოლოდ ერთ მათგანს (ემზარ კვარაცხელია) გააჩნია.

 

  ჟურნალისტზე თავდამსხმელი და შემდეგ ამნისტირებული პირი მერის მრჩევლად 



ფოთის მერი და შორენა მირცხულავა

ფოთის მერის თანაშემწედ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, "ქართული ოცნების" აქტივისტი შორენა მირცხულავა დაინიშნა, რომელიც ფოთის პოლიციამ, Tspress - ის ჟურნალისტ იზა სალაყაიაზე, გასული წლის ივლისში მიყენებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და პირადი მიმოწერის გასაჯაროვების ფაქტზე, დამნაშავედ ცნო.

 

გამომძიებლის თქმით, საქმისათვის მსვლელობა პროკურატურას უნდა მიეცა. ფოთის პროკურორ ალექსანდრე გოგუაძის განმარტებით, მირცხულავაზე გამოძიება დაწყებული იყო სხეულის მსუბუქი დაზიანების გამო (სისხლის სამართლის 120-ე მუხლი), რასაც ამნისტია შეეხო.

 

ფოთის მერის განცხადებით, მირცხულავას დანიშვნაზე გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა კადრის შერჩევისას, მერი არ აკონკრეტებს.

 

„არ ვიცი, თუ შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ ვიცი, რომ ის წლების განმავლობაში ჟურნალისტად მუშაობდა“- აღნიშნავს მერი. TSpress-ის ინფორმაციით, მირცხულავა თავის დროზე, სარსანიას თანაგუნდელი იყო "ეროვნულ ფორუმშიც."

 


გაუმჭვირვალე და საეჭვო კომპეტენციის საატესტაციიო კომისია

 

მერიამ ატესტაცია ძირითადად კადრების გასათავისუფლებლად მოიფიქრა. ზემოჩამოთვლილი ახალი კადრები ატესტაციის შედეგად გამოთავისუფლებულ ადგილებზე დანიშნენ.  საატესტაციო კომისიის უმრავლესობას „ქართული ოცნების“ წევრები წარმოადგენენ. 

 

"დამოუკიდებელი ექსპერტებად" მიწვეულ კომისიის წევრები: ადგილობრივი ტ/კ "მეცხრე ტალღის" დირექტორი, გერმანე სალია და ადგილობრივი გაზეთის, "მთავარი სამეგრელოში" რედაქტორი და პროფკავშირების წარმომადგენელი, ინგა გვასალია, დომინანტი წევრების გადაწყვეტილებას არ შეწინააღმდეგებიან. მათ არც ატესტაციის ჩატარების ფორმად ზეპირი გასაუბრების შერჩევა და არც ატესტაციის დახურულად ჩატარება გაუპროტესტებიათ.

 

"ქართული ოცნების" ადგილობრივი ლიდერის, ირაკლი კაკულიას, ფოთის მერის დავით სარსანიას ინიციატვითა და კომისიის გადაწყვეტილებით, მუშაობაში მონაწილეობა არასამთავრობოებს და ჟურნალისტებს არ მიაღებინეს და პროცესი იყო სრულიად გაუმჭვირვალე. 

 

კომისიის მიერ საკრებულოს ვებ-გევრდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ატესტაციაზე გასულ საჯარო მოხელეს სამართლებრივი აქტების, საქართველოს კონსტიტუციის, ორგანული კანონის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ნორმატიული აქტების შესახებ კანონისა და საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ კანონის ზოგადი ცოდნა მოეთხოვებოდა.

 

ატესტაციის სხდომის ოქმების მიხედვით ირკვევა, რომ "გამოსაცდელებს" ზოგადი კითხვებს უსვამდნენ. მაგ: ხართ თუ არა მომზადებული გამოცდისთვის? რამდენი ადამიანი მუშაობს თქვენს სამსახურში? რას ნიშნავს საჯარო პირი? რამდნი დევნილი, შეჭირვებული ოჯახი ცხოვრობს ფოთში? რითი ეხმარებით? როდის დაფიქსირდა სახანძროში ბოლო გამოძახება? რას აკეთებთ საგარეო ურთიერთობის განყოფილებაში? პროგრამები არსებობს? და ა.შ.

 

კომისიამ შეფასება - "ნაწილობრივ დამაკმაყოფილებელი", ძირითადად, ხელმძღვანელ პირებსა და მოადგილეებს მისცა, რაც შემდგომში თანამდებობიდან მათ ჩამოსაქვეითებლად გამოიყენა. ამ გზით მერიამ 8 ადამიანი ჩამოაქვეითა.


                               

მერის კიდევ ერთი ერთპიროვნული გადაწყვეტილება - ბესელიას თანაგუნდელის გათავისუფლება



რატი კვანტრიშვილი

ფოთის მერის ბრძანებით, თვითმმართველობის 100 %-იანი წილით დაფუძნებული შპს "ინფრასტრუქტურა 2008" - ის დირექტორი რატი კვანტრიშვილი.

 

კვანტრიშვილი ეკა ბესელიას კადრია. ის თბილისში ცხოვრობდა. ფოთში წინასაარჩევნო პერიოდში ჩამოვიდა და ბესელიას საარჩევნო შტაბში მუშაობდა.

 

ფირმის დირექტორად კვანტრიშვილი სარსანიას მერად დანიშვნის შემდეგ, მერისვე ბრძანებით, მიმდინარე წლის 18 თებერვალს, დაინიშნა.

 

გათავისუფლებას კვანტრიშვილი "პოლიტიკურს" უწოდებს და მიაჩნია, რომ მერმა გადაწყვეტილება ეკა ბესელიასთან არსებული დაპირისპირების გამო მიიღო. ის მერის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივრის შეტანას გეგმავს.

 

მერი კი მიზეზად ფირმის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას ასახელებს. მისი თქმით, ქალაქის მასშტაბით ვერ ხდებოდა ნაგვის დროულად გატანა, მოხეტიალე პირუტყვის იზოლირება და ა.შ რის გამოც მან საყვედური და გაფრთხილებაც მიიღო, რაც კვანტრიშვილმა გაასაჩივრა და ფოთის საქალაქო სასამართლომ ძალადაკარგულად გამოაცხადა. 

 

"მიუხედავად ამისა, მერმა ჩემს გათავსიუფლებაზე ბრძანება მაინც გამოსცა, რაც არის უკანონობა,"- აღნიშნავს კვანტრიშვილი.

 

კვანტრიშვილის შემცვლელად დანიშნულ გია სილოგავასთან "საერთო ახლობლების" ყოლას, სარსანია არ უარყოფს. მისი თქმით, სილოგავას სწორედ მათ გაუწიეს რეკომენდაცია, თუმცა, რეკომენდატორებს არ ასახელებს.

 

"პირადად, დანიშვნის დღეს გავიცანი. პროფესიონალი კადრია, აქვს ნავსადგურში ხელმძღვანელ პირად მუშაობის გამოცდილება,"- აღნიშნა სარსანიამ, მისი თქმით, გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რისი უფლებაც ჰქონდა.

 

გათავისუფლებამდე რამდენიმე ხნით ადრე, კვანტრიშვილს მერის წინააღმდეგ პროკურატურაში ზეწოლის ფაქტზე საჩივარი აქვს შეტანილი. მისი თქმით, მერი მას თანამდებობის დატოვებას ზეწოლის გზით აიძულებდა. სარსანია კი აცხადებ, რომ ფირმის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების კანონიერ უფლებას კვანტრიშვილი არ აძლევდა. საქმეს ფოთის პროკურატურა იძიებს.

 

                                                   როგორ დაინიშნა თავად მერი?

 


აქცია ფოთის მერიის წინ სარსანიას მერად დანიშვნის მოთხოვნით

ფოთის მერის პოსტზე, დავით სარსანიას კანდიდატურას მხარი ფოთის მაჟორიტარმა ეკა ბესელიამ დაუჭირა.

 

ფოთის მერის პოსტი ვაკანტური წინასაარჩევნოდ, ყოფილი მერის, ვახტანგ  ლემონჯავას საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრაში მონაწილეობის გამო თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ გახდა.

 

სარსანიას მერად დანიშვნა თავდაპირველად ბესელიამ საკრებულოს მოთხოვა, რაზეც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგან (უმრავლეოსობით) დაკომპლექტებულმა საკრებულომ უარი განაცხადა.

 

უარის მიღების შემდეგ მერიის წინ, სარსანიას გამერების მოთხოვნით, აქციები გაიმართა, სადაც ბესელიაც ჩნდებოდა.

 

მოგვიანებით, დაახლოებით ერთ თვეში, საკრებულოში გარდატეხის შეტანა ფოთის მაჟორიტარის ე.წ. "მოლაპარაკებებმა" შეძლო. საკრებულოს თავმჯდომარე ივანე საღინაძე, საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა და მისი ადგილი ბიზნესმენმა, დავით ბაბილუამ დაიკავა, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" რიგები დატოვა და თავი დამოუკიდებელ დეპუტატად გამოაცხადა. ანალოგიურად მოიქცა საკრებულოს წევრი, ბიზნესმენი თენგიზ სარიშვილი, რომელიც არჩევნებში ბესელიას კონკურენტი იყო.

 

საკრებულოს სახეცვლილების შემდეგ, გასული წლის 21 დეკემბერს, მერის პოსტზე კონკურსი გამოაცხადდა და საატესტაციო-საკონკურსო კომისია შეიქმნა, რომლის თავმჯდომარედ, საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარე დაინიშნა.

 

კომისიამ ხმათა უმრავლესობით მერის პოსტზე დარჩენილი 8 კანდიდატიდან, ძალოვან უწყებებში მუშაობის გამოცდილების მქონე დავით სარსანიას კანდიდატურას დაუჭირა მხარი. კომისიას შერჩევის კრიტერიუმი საჯაროდ არ განუმარტავს, არაოფიციალურად, მის შერჩევას ბესელიას გავლენას უკავშირებენ.

 

სარსანია და ბესელია წინასაარჩევნო კამპანიის დროს

მოგვიანებით, როცა ფოთის მაჟორიტარი და მისი პროტეჟე მერი დაუპირისპირდნენ, ეს თავად დეპუტატმაც დაადასტურა. მერი ბესელიასთან დაპირისპირებას მაჟორიტარის მიერ თვითმმართველობის საქმეებში უხეშ ჩარევით ხსნის, ხოლო მაჟორიტარი მერის მიმართ იმედგაცრუებაზე საუბრობს, "მართვის გამოცდილების არმქონედ" მოიხსენიებს და მის "უმადურებაზეც" მიუთითებს.

 

"ვსაუბრობ ადამიანზე, რომელიც ქალაქის მერად ჩვენს მიერაა მხარდაჭერილი. ერთადერთი ადამიანი, ვის მიმართაც მაქვს იმედგაცრუება, გულწრფელად გეტყვით, ეს არის ქალაქის მერი. ბოლო წუთამდე ვიკავებდი თავს, მერე გავითვალისწინე ბევრი ფაქტორი, გუნდის პოზიცია და ბოლო წუთს შექმნილი ვითარებიდან, ეს გადაწყვეტილება მეც მივიღე, ჩემი მხადაჭერა მას ქონდა...პირდაპირ ვუთხარი, რომ მას გაუჭირდებოდა მართვა, სამწუხაროდ, ჩემი შიში აღმოჩნდა მართალი....ვწუხვარ, თუ ახლა ასეთი არჩევანი გააკეთა მან, ესეც მისი უფლებაა იდგეს იქ, სადაც უნდა, რომ იდგეს, მაგრამ უმადურობა ძალიან ცუდ რამეზე მეტყველებს"- განაცხადა ბესელიამ ადგილობრივ ტელევიზია "მეცხრე ტალღის" ეთერში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე:

 

ფოთის მერი - თვიმმართველობაში ჩარევის უფლება, არც პარტიას და არც მაჟორიტარს არა აქვთ[Video]

 

ბრძოლა "ნაციონალების" "ქართული ოცნების" აქტივისტებით ჩანაცვლებისთვის


მაჟორიტარი და მერი საკადრო წმენდაზე ცალ-ცალკე თათბირობენ


დაპირისპირება ბესელიასა და მის ფავორიტ მერს შორის


მერიაში საჯარო სხდომას TSpress-ს არ ასწრებენ


ფოთის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში არასამთავრობოები არ შეიყვანეს


გათავისუფლებები ფოთის მერიაში ზეპირი ტესტირების საფუძველზე [Video]


ფოთის მერი - არამიზანშეწონილად მიმაჩნია შეხვედრებზე ჟურნალისტების დასწრება


ფოთის მერის მეგობარი და მაჟორიტარის მხარდამჭერის შვილი თანამდებობებზე უკონკურსოდ დაინიშნენ


ფოთის მერი და მაჟორიტარი თანამშრომლების შემცირების მეთოდების ძიებაში


ბესელიას განცხადებას ფოთის მერიაში კონკურსის გამოცხადების შესახებ, მერი არ ადასტურებს [Video]


ფოთის მერის თანამშრომლებმა გათავისუფლების შესახებ გაფრთხილება მიიღეს


ფოთის მერის ვაკანტურ თანამდებობაზე შესარჩევი კომისია შეიქმნა


ეკა ბესელია – სამართლიანი იქნება თუ ფოთის საკრებულო მერად "ქართული ოცნების" კანდიდატს დანიშნავს [Video]


ფოთის მერისა და მაჟორიტარის უარი კომენტარზე TSpress-ს [Video,Audio]


ირაკლი კაკულია ფოთის მერის ვაკანტურ პოსტზე კონკურსის გამოცხადებას ითხოვს


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გამოძიება
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED