ძალაუფლების გამოყენებით გაკოტრებული კომპანია „მადაი“

2013.08.14 ავტორი: ელისო ჯანაშია

ტვირთის კონფისკაცია, ადმინისტრაციული ჯარიმა, კაპიტნისა და გემების დაპატიმრება და სისხლის სამართლებრივი დევნა - ყველა ეს სანქცია სააკაშვილის ხელისუფლებამ კომპანია „მადაის“ წინააღმდეგ გამოიყენა. მას ბრალი უკანონო ადგილას თევზჭერაში, მოგვიანებით კი აკრძალული ბადე-იარაღების გამოყენებაში წაუყენეს და გადასახადების წინმსწრებად გადახდაც დააკისრეს. კომპანია, რომელმაც საქმიანობის ხუთი წლის მანძილზე, ბიუჯეტში 6 მილიონ ლარზე მეტი შეიტანა, სახელმწიფომ გაკოტრების პირამდე მიიყვანა.

 ქართული თევზის რეწვა

 

2006 წელს, შვიდმა ქართულმა კომპანიამ 8 მილიონ ლარად ("მადაის" გადახდილი აქვს 2 მილიონი ლარი) თევზის მოპოვება-დამუშავებისა და რეალიზაციის ლიცენზია მოიპოვა.  უკვე ქართველ მეთევზეებს, დაწესებული ქვოტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში (აფხაზეთის გარდა) ნებადართული საქმიანობა შეეძლოთ, რაც მანამდე ქაოტურად ხდებოდა.

 

კომპანიების შერწყმის შედეგად, ამჟამად, მხოლოდ 4 კომპანია: „აისბერგი“, “ჯეოფიში“, “პალიასტომი“ და „მადაი“(ყოფილი „კაბადოკია“) საქმიანობს.

 

2013 წელს, ლიცენზიის მფლობელი კომპანიებს, რომელთაგან ზოგიერთი პროკურატურისა და ფინანსური პოლიციის მიერ დაკავებისა და შეცვლილი კანონმდებლობების გამო დაკისრებული უსაფუძვლო ჯარიმებით გაკოტრებულია, ხოლო ნაწილი გაკოტრების პირასაა.

 

ფოთის ბიუჯეტის შემოსავლების 10-15%, სწორედ თევზჭერიდან მიღებულ შემოსავლებზე იგეგმება. სამ კომპანიას, ჯამში, 3 მილიონამდე საბიუჯეტო დავალიანება გააჩნიათ. "მადაის", "პალიასტომსა" და "ჯეოფიშს" ყადაღა და საგადასახადო ინკასო ადევთ. 


„მადაის საქმე“ დიდ თევზჭერაში

 

კომპანია "მადაის"წარმატებულ საქმიანობას, ამერიკულმა ორგანიზაცია „მილენიუმ ჩელენჯიმ“(MCA), საკუთარ 20-წუთიან ფილმში რამდენიმე წუთი დაუთმო. 2011 წლის აპრილში, ფილმის პრეზენტაციის დროს კი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, დიპლომატიურ კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, "მადაის" კუთვნილი გემები ქართველი სამართალდამცავების მიერ დაპატიმრებული და ერთ მილიონამდე ჯარიმადადებული იყო.

 

ამერიკის კონგრესის მიერ დაფუძნებული ფონდი „მილენიუმ ჩელენჯი“ საქართველოში 2006 კერძო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის კუთხით საქმიანობს და პრიორიტეტულ სფეროებს აფინანსებს.

 

თევზჭერის ლიცენზიის 25 პროცენტის მფლობელ "მადაისთან,"როგორც უკვე წარმატებულ და გამოცდილ ბიზნესთან, "მილენიუმ ჩელენჯიმ" 2009 წლიდან დაიწყო პარტნიორობა და კომპანიას 5 წლის ვადით, ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგეგმის საფუძველზე, 3 მილიონ დოლარიანი კრედიტი გამოუყო.

 

კომპანიამ კრედიტით 2,5 მლნ დოლარად თევზსაჭერი 3 სეინერი, 350 ათას დოლარად თევზსაჭერი ბადე და საჭირო აღჭურვილობა შეიძინა, თევზის გადამამუშავებელი ქარხანა გახსნა, ძვირადღირებული სპეციალისტები დაიქირავა და ბიზნესის გაფართოებას შეუდგა. "მადაის" მიერ "მილენიუმის" პროექტის დაწყებისას, საქართველოს პრეზიდენტი თავად იმყოფებოდა ფოთში და კომპანიის წარმატებული საქმიანობა თავად წარადგინა.

 

„მომგებიანი და წარმატებული ბიზნესი რომ მქონდა, ამაზე მომდევნო წელს, "მილენიუმისთვის" კრედიტის თანხიდან 900 ათასი დოლარის დაფარვაც მიუთითებს. ამასთან, მქონდა 700 ათასიანი სახელფასო ფონდი. დასაქმებულ 80-ზე მეტი ადამიანს ხელფასები 500-დან 2300 ლარამდე ჰქონდათ და დაზღვეულებიც იყვნენ. ბიუჯეტისთვის სხვადასხვა გადასახადების სახით, საქმიანობის მანძილზე, 6 მლნ 110 ათასი ლარი მაქვს გადახდილი,“- აცხადებს Tspress-თან საუბრისას კომპანია „მადაის“ ხელმძღვანელი მურმან ხარაბაძე.

 

"მადაის" პრობლემები

 

„მადაის“ პრობლემები 2011 წლის 9 იანვარს, აჭარის მისადგომებთან თევზაობისას, 100 ტონამდე თევზით დატვირთული კომპანიის კუთვნილი გემ "ბარაქა მადაის" თურქი კაპიტნის დაკავებით დაიწყო. პროკურატურამ კაპიტნის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და მას გემზევე შინაპატიმრობა მიესაჯა. პროკურატურა მას აკრძალულ ადგილას თევზის უკანონოდ მოპოვებას ედავებოდა.

 

გარემოს დაცვის ინსპექციამ გემიდან მოპოვებული თევზიც ამოიღო, გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის 818 ათასი ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც კომპანიას მეორე გემიც ჩამოერთვა. იურისტების განმარტებით, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაშიც კი, კომპანიისთვის გემების ჩამორთმევისა და საქმიანობის აკრძალვის უფლება არავის ჰქონდა.

 

ზვიად ფხაკაძე (ამჟამად საქართველოს მთავარ პროკურატურაში საქმიანობს-ავტ) მხოლოდ ერთი გემის დაკავების ფაქტს იხსენებს, მაგრამ როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, "დანაშაულებრივი ტვირთის" განთავსებისათვის გემი "ციცინათელაც" იქნა დაპატიმრებული.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა კანონიერად ცნო გემიდან თევზის ამოღება, ვინაიდან "გემი "ციცინათელა" და მასში არსებული თევზი შესაძლებელია ყოფილიყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნები."

 

გემის მფლობელი მურმან ხარაბაძე კი მეორე გემის ჩამორთმევას სხვაგვარად იხსენებს: „პროკურატურამ თავად მთხოვა ტვირთი მეორე გემზე გადამეტანა, რათა ეს დაჭერილი თევზი კომპენსაციის სახით ამოეღოთ და ჯარისთვის გაეგზავნათ. გემი სხვაგან იმყოფებოდა, გამომაძახებინეს, თევზი გადამატანინეს და შემდეგ "დანაშაულებრივი ტვირთის განთავსებისათვის" ის გემიც დამიკავეს. არადა, ვიყავი ლიცენზიანტი კომპანია და ვთევზაობდი ნებადართულ ზონაში“.

 

პროკურატურას გემები თითქმის სამი თვე, 4 აპრილამდე ყავდა დაკავებული, რასაც პროკურორი ზვიად ფხაკაძე, Tspress -თან საუბრისას, თევზსაჭერი ბადის გაზომვის აუცილებლობითა და ბადის გაცვლის რისკით ხსნის.

 

პროკურატურის ბრალდება

 

გემის დაკავების მეორე დღეს, 10 იანვარს, აჭარის იმჟამინდელი მთავარმა პროკურორმა გოჩა ფარულავამ (ამჟამად, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე-ავტ), თევზის "აკრძალულ ადგილას უკანონო მოპოვებისთვის", სს კოდექსის 300-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება მოითხოვა.

 

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული თევზის ან წყლის ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის #512 ბრძანების თანახმად, თევზჭერისთვის აკრძალული ადგილია "ზღვის ხუთმილიანი სანაპირო ზონაში ფოთიდან ოჩამჩირემდე 60-მეტრიანი იზობათის ფარგლებში, ხოლო ფოთი - ანაკლიის უბანზე - 120-მეტრიანი იზობათის ფარგლებში".

 

ასევე საქართველოში მოქმედი "ნავსადგურის წესების" მიხედვით, რომელიც ძალაში მხოლოდ მიმდინარე წელს შევიდა, გემების ღუზაზე დგომისა და ინტენსიური მოძრაობის ადგილებში ცოცხალი რესურსების რეწვა ადმინისტრაციული ჯარიმებითა და კონფისკაციით ისჯება. 

 

პროკურატურა კომპანიას "ღუზაზე დგომის რაიონში თევზის მოპოვების გამო" შეედავა, თუმცა, თუმცა, გემების დაკავების მომენტისთვის, ღუზაზე დგომისთვის აღნიშნული სანქცია არ მოქმედებდა.

 

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, საგამოძიებო ორგანოს გემის კოორდინატების შესახებ ინფორმაცია ბათუმის ნავსადგურის კაპიტნის კაპიტან-კოორდინატორმა ნოდარ მხეიძემ მიაწოდა. როგორც მხეიძე TSpress-თან საუბარში იხსენებს, მან კი მისცა ჩვენება გემის აკრძალულ ზონაში აღმოჩენის შესახებ, მაგრამ მისივე თქმით, კოორდინატების შესახებ ინფორმაცია მას თავად სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

 

"მადაის" წარმომადგენლის მურმან ხარაბაძის თქმით, თავად გემის ციფრული ჩანაწერებში, გემი ნავსადგურის საღუზე რაიონიდან 2 კმ-ში იყო დაფიქსირებული, რაც პროკურატურის მიერ საქმის მასალებიდან უკანონო ადგილას თევზჭერის ბრალდების ამოღების საფუძველი გახდა. პროკურატურამ ბრალდება შემდგომში მართლაც შეცვალა.

 

შეცვლილი ბრალდება

 

2 თებერვლით დათარიღებულ კაპიტნის ბრალდებაში, აჭარის პროკურატურის უფროსი პროკურორი მიქაილ ქობულაძე უკვე მიუთითებს, რომ კაპიტანმა "ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თევზსარეწი იარაღით თევზის უკანონოდ მოპოვება", კერძოდ მითითებულია თევზსაჭერი ბადე, რომელიც აღემატება ბადისთვის დადგენილ სიმაღლეს - 150 მეტრს.

 

მოგვიანებით, 19 თებერვლით დათარიღებულ კაპიტნის მიმართ ბრალის წაყენების დადგენილებაში არასტანდარტულ ბადესთან ერთად, კანჯოთი თევზაობაც (უგემბანო მცურავი ობიექტი, რომელიც წარმოადგენს გემის საშტატო ერთეულს) ჩნდება.  


კაპიტნის საბოლოო სასამართლო განაჩენშიც, მხოლოდ არასტანდარტული ბადითა და კანჯოთი თევზაობაა მითითებული. ადგილი უკვე ამოღებულია.

 

ხარაბაძე გემზე კანჯოს არსებობას საერთოდ უარყოფს, ბადის ზომაზე ექსპერტიზის დასკვნას კი არ ეთანხმება.

 

ცდომილება ქართველი და ევროპელი ექსპერტების მიერ გაზომილი ბადის ზომაში

 

პროკურატურას სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტ ნარგიზ ქობულაძის მიერ, გემის დაკავებიდან ერთ კვირაში გაკეთებული დასკვნაა გამოყენებული, რომლის თანახმადაც ბადის ზომა 22 მეტრით აღემატება კანონით დადგენილ ზომებს და მისი სიმაღლე 172 მეტრს შეადგენს.

 

კომპანია "მადაის" მიერ დანიიდან მოწვეულმა ექსპერტთა ჯგუფმა კი დაასკვნა, რომ  "ბარაქა მადაიზე" არსებული თევზსაჭერი ქისა-ბადის მაქსიმალური სიმაღლე შეადგენს 147,25 მეტრს", რაც კანონით დადგენილ ზომას შეესაბამება.

 

17 თებერვლით დათარიღებული ეს დასკვნა, გემების გათავისუფლების საფუძველი უნდა გამხდარიყო, რადგან ბადის გაცვლის საშიშროება აღარ არსებობდა, თუმცა გემები პატიმრობაში დარჩა.

 

Tspress-ი შეეცადა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექსპერტთან გადაემოწმებინა ბადის გაზომვის მეთოდოლოგია, თუმცა ბიუროს პრესსამსახურის სოფო დვალიშვილის განმარტებით, მსგავს საკითხებზე კომენტარის გაკეთება მხოლოდ დამკვეთის - საგამოძიებო ორგანოს პრეროგატივაა და თავად ექსპერტთან დაკავშირება აკრძალულია.

 

კომპანიის ზარალი

 

მურმან ხარაბაძე აცხადებს, რომ სამართალდამცავთა მიერ დაპატიმრებული გემის კაპიტანი, ფაქტობრივად, პროკურატურის მძევალი იყო, რაც მოგვიანებით, მის მიერ საპროცესო შეთანხმების თანხის იძულებით დაფარვის მიზეზი გახდა.

 

ორკვირიან პატიმრობაში მყოფი კაპიტანი, 14 თებერვალს, აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოთი გათავისუფლდა, ხოლო 4 აპრილს, საპროცესო შეთანხმებით 50 ათასი ლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა დაეკისრა. ამავე დღეს გათავისუფლდა გემებიც.

 

ხარაბაძის თმით, გათავისუფლება "მილენიუმ ჩელენჯის" მიერ სასტუმრო „რედისონში“ გამართული პრეზენტაციისას წარდგენილი ფილმის ჩვენებიდან მალევე  მოხდა, რასაც ის სწორედ ამ ფილმის ჩვენებას უკავშირებს.

 

კომპანიას ამ დროისათვის, სეზონზე მხოლოდ 3 ათასი ტონა თევზი ქონდა მოპოვებული და ვინაიდან, თითქმის 3 თვე საქმიანობა ვეღარ გააგრძელა, ვერც ქვოტის მიხედვით დადგენილი დარჩენილი 17 ათასი ტონის მოპოვება შეძლო. მიუხედავად ამისა, დაუჭერელი თევზის მოსაკრებლის სახით კომპანიას 425 ათასი ლარის ბიუჯეტისთვის გადახდა მაინც დაეკისრა, ვინაიდან „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლების შესახებ“ კანონში პრეზიდენტის მიერ 2010 წლის იანვრიდან შესული ცვლილებით, ლიცენზიანტებს თევზის მოსაკრებელი არა დაჭერილი თევზის, არამედ დაწესებული ქვოტის მიხედვით, ტონაზე 25 ლარია დაწესებული.

 

ხარაბაძის თქმით, გემის სამთვიანი პატიმრობისას კომპანიამ კუთვნილი 350 ათასი დოლარის ღირებულების თევზსაჭერი ბადეც იზარალა, რადგან მისი გარეცხვა ვერ შეძლო და ის მღრღნელებმა გაღრღნეს.

 

 მერაბიშვილი "მადაის" გემზე

 

იმჟამინდელი შსს მინისტრი ვანო მერაბიშვილი მეთევზეების პრობლემებით ინტერესდება და "მადაის" საკუთარ გემზე, 2011 წლის ივნისში სტუმრობს.

 

„მომეცი მუშაობის საშუალება და პოლიცია გაწიე, ბიუჯეტის ამოდენა დავალიანება მაქვს და პოლიცია ზღვაში ლამის ყველა გასვლაზე გვაჯარიმებს და თევზაობას გვიკრძალავს–მეთქი. მე რომ პოლიცია გავწიო, რას იზამ? –  მითხრა მერაბიშვილმა. ვუთხარი, აფხაზეთში შევეშვით. ამ შეხვედრის შემდეგ, პოლიციური რეჟიმი მართლაც მოცილდა ზღვას, აფხაზეთისკენაც გაგვიხსნეს გზა, თუმცა, თვენახევარში ახალი გადასახადი დაგვიწესეს – "რეგულირების საფასური" ტონა თევზზე 15 ლარი ქვოტის და არა დაჭერილი თევზის ოდენობის მიხედვით,"–აცხადებს ხარაბაძე.

 

ჯამში, ლიცენზიანტებისთვის გადასახადი ტონა მოპოვებულ თევზზე 40 ლარი გახდა, რაც კიდევ უფრო დიდ ტვირთად დააწვა ისედაც კოლოსალურად დაჯარიმებულ ბიზნესს.

 

დაწესებული ქვოტის (60 –80 ათასი ტონის ფარგლებშია) მიხედვით დაკისრებულ გადასახადს უსამართლოს უწოდებდნენ და მუდმივად აპროტესტებდნენ ლიცენზიანტი კომპანიები. თუმცა, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ 2012 წლის აპრილის საკანონმდებლო ცვლილებით, კომპანიებს გადასახადების გადავადების საშუალება მიეცათ.

 

"მადაის" დაგროვილი საბიუჯეტო ვალების ისტორია

 

„სახელმწიფო გადასახადს მთხოვს იმაზე, რაც არ დამიჭერია,“- აცხადებს ლიცენზიანტი კომპანიის ხელმძღვანელი მურმან ხარაბაძე.

 

2010–11 წლის სეზონზე, გემების დაკავებისას დარიცხული ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი (425 ათასი ლარი), რეგულირების საფასურმა (ტონაზე 15 ლარი გადასახადი შემოღებულია 2011 წლის 12 აგვისტოს– ავტ) 255 ათასი ლარით გაზარდა და ჯამში, 680 ათასი ლარი შეადგინა. "მადაის" ხელმძღვანელის თქმით, მას აღნიშნულ გადასახადს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ანგარიშზე ახდევინებენ, რომლის კვალი შემდგომ საგადასახადო აღრიცხვის ელექტრონულ სისტემაში აღარ ჩანდა.

 

ამის შემდეგ, 2011–12 წლის სეზონზე კომპანიას კვოტირებული 20 ათასი ტონა თევზიდან, მცირე რაოდენობის თევზისა და საკუთარი ფინანსური პრობლემების  გამო, თევზი აღარ დაუჭერია. იმ სეზონზე, ლიცენზიანტმა კომპანიებმა ერთად 12 ათასი ტონა თევზი დაიჭირეს. მიუხედავად ამისა, კომპანიას გადასახადის სახით (ბუნებრივი რესურსის მოსაკრებელი და რეგულირების საფასური) 775 ათასი ლარი დაეკისრა.

 

გასული წლის ნოებერში, ახალი ხელისუფლების პირობებში კი დიდი დავალიანების გამო, კომპანია დაუყადაღეს ანგარიშები და ინკასო (კომპანიის ანგარიშზე შესული ნებისმიერი თანხის იძულებით ჩამოჭრა ბიუჯეტის სასარგებლოდ) დაადეს. კომპანია იძულებული გახდა ლიცენზია იჯარით გაეცა. ამასობაში, მისი საბიუჯეტო დავალიანება კიდევ გაიზარდა.

 

ამჟამად, „მადაიმ“ ბიუჯეტს ჯარიმების სახით დაკისრებული 1,2 მილიონი ლარი უნდა გადაუხადოს, ასევე "მილენიუმ ჩელენჯის" 3 მილიონ დოლარიანი კრედიტიც უნდა დაფაროს, რომლის პროცენტებმაც, მისი თქმით, 1,4 მლნ დოლარით იმატა.

 

რას აპირებს ახალი ხელისუფლება მსგავს ბიზნესებთან მიმართებაში

 

მურმან ხარაბაძე  მისი კომპანიისთვის პრობლემის შექმნის მთავარ მიზეზად, ბიუჯეტის შევსების გამო ბიზნესიდან გადასახადების მაქსიმალურად ამოღებასა და აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნების პირად ინტერესებს ასახელებს, რომლებსაც, მისი თქმით, თავად ყავდათ გემები და ულიცენზიოდ თევზაობდნენ.

 

კომპანია ამჟამად, მხოლოდ "მილენიუმის" დავალიანებას აღიარებს კანონიერად და კომპანიისთვის ინკასოს მოხსნასა და კრედიტის გადახდის საშუალების მიცემას ითხოვს. კომპანიამ ფინანსთა სამინისტროს უკანონო დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით წერილობით უკვე მიმართა და პასუხს ელოდება.

 

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური TSpress-თან საუბრისას აცხადებს, რომ ის მეთევზეების თემას კარგად არ იცნობს და კომენტარსაც ვერ გააკეთებს.

 

ადვოკატ ლადო სანიკიძის განცხადებით, ეს წინა ხელისუფლების ბიზნესისადმი დამოკიდებულების ტიპური მაგალითია: ყოველგვარი დასაბუთებისა და მიზანშეწონილობის დადგენის გარეშე, მთავრობამ პარლამენტის დახმარებით დაადგინა ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის მოსაკრებელი, არა მოპოვებულ ერთეულზე, არამედ დაშვებულ ლიმიტზე.

 

"ვფიქრობ, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საქმე, ასეთი პრეცედენტების კარგად შესწავლა და ადექვტური გადაწყვეტილებების მიღება უნდა იყოს. აუცილებლად უნდა მოხდეს ასეთი ბიზნესების უკანონოდ დადებული სანქციებისაგან განთავისუფლება და გადარჩენა. მალე, როცა პარლამენტი ე.წ. მართლმსაჯულების ხარვეზების გადასინჯვის კანონს მიიღებს და დამტკიცდება, რომ გემს და მის კაპიტანს არაფერი დაურღვევია და არანაირი სს საქმე არ უნდა აღძრულიყო, გაუქმდება სახელმწიფოს მხრიდან ძალადობრივად თავსმოხვეული საპროცესო შეთანხმება და კომპანია მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს, რაც სახელმწიფოს გადასახდელი გახდება. ამიტომაც მთავრობის მიერ გადამჭრელი ზომების დაჩქარებულად მიღება აუცილებელია,"- აცხადებს სანიკიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

გამოძიება
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED