ნაციონალების შერჩევითი სამართალი [Video- Audio]

2013.04.29 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, დავით შურღაია კონკრეტულ პირებს ასახელებს, ვინც მის უკანონო დაკავებაში, მუქარაში ზეწოლასა და შანტაჟში მონაწილეობდნენ. მისი განცხადებით, ამის მიზეზი "პარტიული ბოსების" დაუმორჩილებლობა იყო. დანაშაულში, რისთვისაც შურღაია გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს სხვა საჯარო პირებიც ფიგურირებენ, თუმცა კანონი მხოლოდ მასზე აღსრულდა, სხვები კი თანამდებობრივად დააწინაურეს. 

 

დავით შურღაია / ფოთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე

ყოფილი თავმჯდომარის თქმით, მას პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, როცა ის ფოთის პროკურორ ლევან ხუხუას შეეწინააღმდეგა, რომელიც, მისივე განცხადებით, ქალაქს ცენტრალურ ხელისუფლების მითითებით მართავდა. როგორც შურღაია აცხადებს, მას ამისათვის ჯერ თანამდებობის დატოვება მოთხოვეს, შემდეგ  ნარკოტიკების შენახვა- მოხმარების ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი, ბრალი სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაუმძიმეს.         


საკრებულოს ექს-თავმჯდომარე პროკურორის მუქარაში ადანაშაულებს

 

“ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ოგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე დავით შურღაია, საკრებულოს თავმჯდომარედ, 2006 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაინიშნა.

 

 

ყოფილი თავმჯდომარის თქმით, პარტიის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირება, ბიუჯეტის განკარგვაში, ფოთის პროკურორ ლევან ხუხუას უხეში ჩარევის გამო, მას მერე გამძაფრდა, რაც ქალაქში განთავსებული სარეკლამო ბილბორდების ჩამოხსნის გადაწყეტილება მიიღო.

 

 

“ბილბორდებზე არანარი ნებართვა არ გაცემულა, მხოლოდ მერთან იყო შეთანხმება. თურმე, როგორც შემდეგ შევიტყვე, ბანერები ადეიშვილის ყოფილა”- აცხადებს შურღაია.

 

ყოფილი მერი, ვანო საღინაძე ბიუჯეტის განკარგვაში პროკურორისა და ცენტრალური ხელისუფლების ჩარევას არ ადასტურებს და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ბიზნესისთვის ბილბორდების ტენდერის გარეშე გაკვრასაც უარყოფს. იმ პერიოდში, ფოთში ბილბორდები მართლაც იყო გამოკრული, თუმცა, მის გაკვრაზე ნებართვა ფოთის საკრებულოსა და მერიაში არ ინახება. 

 

შურღაიას თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ის პროკურორმა ხუხუამ დაიბარა და თანამდებობის დატოვება მოთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიუჯეტის თანხის მითვისებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო დაკავებით დაემუქრა.

 

-“უნდა წახვიდეო. ამ დროს, მეორე ოთახში შემახედა, სადაც ჩემი მკურნალობისთვის გამოყოფილი თანხის თაობაზე, ჩემს მეუღლეს კითხავდნენ. მითხრა: გადადექი და არ დაგიჭერთო,"- აღნიშნავს შურღაია.

 

საქმე ეხება ბიუჯეტის სოციალურად შეჭირვებულთა მუხლიდან, შურაღაიას მკურნალობისთვის გამოყოფილ 900 ლარს. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლი მიზნობრივია და ის მხოლოდ სოციალურად შეჭირვებულთა დახმარებას ითვალსიწინებს, სიადანაც თანხის საკრებულოს თავმჯდომარისთვის გამოყოფა უკანონო იყო.

 

2008 წლის 23 ივლისს საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან მართლაც გადადგა და ოფიციალურ მიზეზად, ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. შურღაიამ საკრებულოს წევრობაზეც უარი თქვა და „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიც დატოვა.



მუქარის აღსრულება - ნარკოტიკების ბრალდებით დაკავებული შურღაია

 

თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, 2008 წლის ოქტომბრის თვეში, შურღაია პოლიციამ ბუპრენორფინის შემცვლელი, 3 აბი ნარკოტიკული საშუალების (B8)  გამო დააკავა.

 

საკრებულოს ექს-თავმჯდომარის თქმით, მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ ჩაუდო და ძალის გამოყენებით გაუკეთა კიდეც. შურღაიას თქმით, უკანონო დაკავების პროცესს ფოთის პოლიციის ყოფილი უფროსი, დიმიტრი შენგელია ხელმძღვანელობდა.

 

“პოლიციელებმა ძალის გამოყენებით მანქანაში ჩამტენეს, ერთ-ერთი მათგანი ცდილობდა ფეხზე ნემსი გაეკეთებინა, მაგრამ ჩემი წინააღმდეგობის გამო ვერ მოახერხა. ამის შემდეგ, შენგელიამ მკითხა: სად გირჩევნია საუბრის გაგრძელება ტყეში თუ პოლიციაშიო? ”- ამბობს შურღაია.

 

მისი თქმით, დაკავებული პოლიციის შენობაში უკანა შესასვლელიდან, მესამე სართულზე აიყვანეს, ერთ-ერთ ოთახში გააშიშვლეს, რის შემდეგაც პოლიციის უფროსმა ის სკამზე მიაბა.

 

“ამის შემდეგ ჩააქრეს შუქი და მომვარდა რამდენიმე პოლიციელი და მუხლს ზევით ნემსი გამიკეთეს. ამ პროცესს ესწრებოდა კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი(სახელი და გვარი ვერ გაიხსენა-ავტ), პოლიციელები: რომა შენგელია, რომეო კვანტალიანი და სხვები, რომელთა ამოცნობაც შემიძლია”- აცხადებს შურღაია. ის ვარაუდობს, რომ მას ორგანიზმში ნარკოტიკი შეუყვანეს.

 

მისივე თქმით, რამდენიმე ხანში, ნარკოტესტზე გასინჯვისას მას ნარკოტიკის კვალი ორგანიზმში არ აღმოაჩნდა, რასაც ანალიზის აღებამდე გარკვეული დროის გასვლასა და ჩაის სახით დიდი რაოდენობით სითხის მიღებას უკავშირებს, რომელიც მას მისმა ნაცნობმა დაალევინა.

 

შურღაია იხსენებს, პოლიციის მაღალჩინოსანი (ამოცნობა შეუძლია), ლაბორატორიის თანამშრომელს, ქეთი შუბლაძეს იარაღის გამოყენებით როგორ აიძულებდა დაეწერა, რომ შურღაია ნარკოტიკული ნივთირების ზეგავლენის ქვეშ იყო, რაც ამ უკანასკნელმა არ გააკეთა.

 

 

TSpress-სთან საუბრისას, და შეიარაღებული პოლიციელების მხრიდან ზეწოლას ადასტურებს ქეთი შუბლაძე, თუმცა, კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და არც ზეწოლის განმხორციელებელი პირების ვინაობას ასახელებს. ამბობს მხოლოდ, რომ იმ დროს, მან გამოიჩინა პრინციპულობა და დააფიქსირა რეალური სურათი.

 

 

ფოთის პოლიციის ყოფილი უფროსი, დიმიტრი შენგელია შურღაიას  ბრალდებებს „სისულელეს“ უწოდებს და უარყოფს. შენგელია არც იმაზე პასუხობს ესწრებოდა თუ არა დაკავების პროცესს თავად.

 

“არ მინდა საერთოდ ამ ამბის გახსენება,” - აღნიშნავს ის სატელეფონო კომენტარისას.

 

 

სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციელებმა, დეტექტივ - გამომძიებლებმა: კახაბერ კვარაცხელიამ და ზვიად კობახიძემ, რომლებიც  დაკავების პროცესშიც მონაწილეობდნენ, განმარტეს, რომ პოლიციაში ოპერატიული ინფორმაცია შევიდა, რომ, შესაძლოა, დავით შურღაიას ნარკოტიკული საშუალება ქონოდა, რის გამოც, შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი და დაკავებისას მას მართლაც აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება.

 

შურღაიამ აღნიშნულ, ნარკოტიკების შენახვა- მოხმარების ნაწილში ბრალი არ აღიარა.



            სასამართლო პროცესი და 900 ლარით დამძიმებული ბრალდება


 

ვანო საღინაძე/ფოთის ყოფილი მერი

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ შურღაიას, სამართალდამცავმა უწყებამ მისი მკურნალობისთვის გამოყოფილი 900 ლარიც გაახსენა და საქმე სამსახურეობრივი უფლებამოსლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაუმძიმა.

 

შურღაია არ უარყოფს, რომ ხელისუფლებას, კლინიკაში ყოფნისას, მკურნალობისთვის საჭირო 900 ლარის გადარიცხვა თხოვა. თუმცა, მისივე განმარტებით, მას თანხა კონკრეტულად შეჭირვებულთა მუხლიდან არ მოუთხოვია.

 

შურღაიას მტკიცებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სტაციონალური მკურნალობის მიზნობრივი პროგრამიდან, საკრებულოს თავმჯდომარისთვის თანხის უკანონო გადარიცხვა, ფოთის ყოფილ მერს, ვანო საღინაძეს და მერიის ჯანდაცვის სამსახურის იმდროინდელ უფროსს, სევერიან შენგელიას პროკურორმა აიძულა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჭერით დაემუქრა.  

 

"პროკურორმა უთხრა მერს, მერმა მე მთხოვა... დაახლოებით ასე იყო,“-შურღაიას ნათქვამს ადასტურებს შენგელიაც.

 

ფოთის ყოფილი მერი, ვანო საღინაძე პროკურორის დავალების შესრულებას ამჯერადაც უარყოფს და ამბობს, რომ შენგელიასთვის თანხის გადარიცხვა მას არ უთხოვია.

 

 


ლევან ხუხუა/ფოთის ყოფილი პროკურორი

ბრალდებებს უარყოფს ფოთის ყოფილი პროკურორი, ლევან ხუხუა. მისი თქმით, ის შურღაიას იცნობდა, თუმცა სამსახურეობრივად შეხება არასდროს ქონია და მისთვის გადადგომა არასდროს მოუთხოვია.

 

„რა ხელი მქონდა ბიუჯეტთან, რაში მეხებოდა მასში კორექტივის შეტანა? არ ვიცი, რას და რატომ ამბობს შურღაია, რად უნდა ეს? "- აღნიშნავს ის.

 

 

„თანხის გამოყოფას რაც შეეხება, გამოძიება ნამდვილად მიმდინარეობდა. სისულელეა, რომ  მე დავიბარე მისი მეუღლე პროკურატურაში და მეორე ოთახში ნახა.  რა, ისე წამოვიდა, რომ ის არ ჩააყენა საქმის კურსში?“ - აღნიშნავს ხუხუა.

 

                                     



როგორ გაყალბდა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც თანხა შეჭირვებულთა ხარჯებიდან გადაირიცხა


 

სევერიან შენგელია(ჯანდაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი)მაკა ზარანდია (ჯანდაცვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი

ამის შემდეგ, სევერიან შენგელიამ, მისი სამსახურის ჯანდაცის განყოფილების უფროსს, მაკა ზარანდიას თხოვა, რომ წერილი თანხის მოთხოვნით, საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლის ნაცვლად დაეწერა, რაც ამ უკანასკნელმაც შეასრულა. აღნიშნულ ფაქტს შენგელიაც და ზარანდიაც ადასტურებენ. თუმცა, უკანონო ბრძანებაზე დათანხმების მიზეზებს არ განმარტავენ. 

 

სევერიან შენგელია სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ მან იცოდა უკანონობას ჩადიოდა, თუმცა, თანხის გადარიცხვა მას საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით შურღაიამ თხოვა და ისიც ამიტომ დათანხმდა.

 

შენგელია გუნდის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ თანხა შურღაიასთვის ბრალის დამძიმების მიზნით გამოიყენეს, ვინაიდან ნარკოტიკების ნაწილში ის ბრალს არ აღიარებდა.

 

მისი თქმით, ბიუჯეტის მუხლი იძლეოდა შესაძლებლობას, თანხის საკრებულოს თავმჯდომარისთვისაც გამოყოფილიყო, თუმცა ის შიდა დაპირისპირებაზე საუბრობს, რის გამოც აღნიშნული ფაქტი პროკურატურამ შურღაიას წინააღმდეგ გამოიყენა.

 

„ შიგნით ხოცავდნენ ერთმანეთს, მერე ეს ამბავი მის წინააღმდეგ, კარგადაც გამოიყენეს ერთმანეთს იჭერდნენ."- ამბობს შენგელია.

 

 

თანხის უკანონო გადარიცხვა შენგელიამ და ზარანდიამ სასამართლოზეც აღიარეს, თუმცა, ამის მიუხედავად, პასუხი მხოლოდ თანხის მიმღების, დავით შურღაიას პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, ხოლო უკანონო გადარიცხვის განხორციელებისა და დოკუმენტის გაყალბების ავტორების პასუხისმგებლობა პროკურატურას არც მოუთხოვია. შურღაიას თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის პროკურატურის შერჩევითი მსხვერპლი იყო.

 

მაკა ზარანდია, ამის შემდეგ, 2010 წელს, მერის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსად დაინიშნა, სადაც ამ დრომდე მუშაობს, ხოლო შენგელიამ, ამ ფაქტიდან რამდენიმე ხანში, თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით ის, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსად დაინიშნა.

 

სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი, პაატა ლაგვილავა განმარატავს, რომ ჯანმრთელობის სოციალური დაცვის და დევნილთა სამსახურისთვის გამოყოფილი იყო რამდენიმე ათასი ლარი, რომლის განკარგვაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა სამსახურის უფროსს, სევერიან შენგელიას.

  

თუმცა, მისვე განმარტებით, თანხის მიღება შურღაიას არ გაუპროტესტებია და არც თანხა დაუბრუნებია უკან, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 900 ლარის ზიანი. 

 

სამსახურეობრივი უფლებამოსლების ბოროტად გამოყენების ნაწილში, შურღაიამ აღიარა, რის შემდეგაც მას, ფოთის საქალაქო სასამართლომ შეკრებითობის პრინციპით,  8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ სასჯელი 5 წლიანი პირობითი მსჯავრით შეუცვალა. მან ციხეში 1 წელი 8 თვე გაატარა. ის პრეზიდენტის შეწყალებით, მარიამობის დღესასწაულზე გაათავისუფლეს, რომლის შემდეგ შურღაიას 5წლიანი პირობითი მსჯავრი ქონდა. 

 

2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში შურღაია “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა.

 

მისი თქმით, აღნიშნულს პირობითი მსჯავრის გაუქმების მიზეზით აკეთებდა. წინასაარჩევნოდ, მას პირობითი სასჯელი მართლაც გააუქმდა და ნასამართლეობაც მოეხსნა.

 

შურღაიას თქმით, ის უკანონო პატიმრი იყო, რის გამოც პროკურატურაში საჩივრის შეტანას გეგმავს.

 

                                                             


                                                                  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გამოძიება
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED