საწვავის კონტრაბანდა საქართველოში

2013.01.23 ავტორი: ნინო ხაჩიძე

შევარდნაძის მმართველობის პერიოდთან შედარებით, სააკაშვილის მმართველობის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, „ნაციონალური მოძრაობის“ მესვეურების მტკიცებით, 10-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტია, რაც საგადასახადო შემოსავლების ზრდას უკავშირდება. ეს, თავისთავად, ნიშნავს, რომ ქვეყანაში არც ჩრდილოვანი ეკონომიკა უნდა არსებობდეს და, შესაბამისად, ჩრდილოვანი ბიზნესიც მინიმუმამდე უნდა იყოს შემცირებული.

თუმცა, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, (რომელთა ნაწილის მოპოვება მხოლოდ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გახდა შესაძლებელი) აშკარაა ხდება, რომ ქვეყანაში აღურიცხავი საწვავი შემოდიოდა, რაც მფარველ მაღალჩინოსნებთან შეუთანხმებლად ვერ განხორციელდებოდა.

 

საქსტატის მონაცემებით, ნავთობი და ნავთობპროდუქტები საქართველოში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფია, რომლის იმპორტმა, მაგალითად, 2011 წელს 894 მილიონი აშშ დოლარი, შესაბამისად, მთლიანი იმპორტის 13 % შეადგინა.

 

ვარდების რევოლუციამდე საწვავის საცალო რეალიზაციის ბაზარზე რეალიზატორების რაოდენობა რამდენიმე ათეული იყო, დღეს ბაზარზე მხოლოდ 5 მსხვილი მოთამაშეა დარჩენილი. თუკი 2006 წელს ბაზარზე მსხვილი კომპანიების წილი  80%-ს შეადგენდა, დღეს უკვე 93 %-ს აღწევს. ბაზარი მსხვილი მოთამაშეების ხელშია, რაც კონკურენციას მნიშვნელოვნად ამცირებს და ეს აისახება კიდეც ფასებზე (ბოლო ორი თვის განმავლობაში, საწვავი არა მხოლოდ უჩვეულოდ გაიაფდა, არამედ სხვადასხვა კომპანიის ბენზინგასამართ სადგურებზე ერთი და იმავე ტიპის საწვავის ფასს შორის რამდენიმეთეთრიანი სხვაობაც შეინიშნება).

 

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სამი ტიპის ბენზინი იყიდება: „რეგულარი“ (ა–92), „პრემიუმი“ (ა–95), „სუპერი“ (ა–98) და დიზელის საწვავი. ყველაზე მეტი მომხმარებელი „რეგულარის“ ტიპის საწვავს ჰყავს – მისი წილი მთლიან ბრუნვაში 73,7%-ია, მეორე ადგილზეა „პრემიუმი“ – ბენზინის საერთო ბრუნვაში 23,6%-იანი წილით „სუპერის“ მოხმარება შეუდარებლად უმნიშვნელოა, მთლიანი ბრუნვის, სულ რაღაც, 2,7%.


                                                             „იტალიური “სუპერი” იტალიური არ არის

 

TSpress-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით დადასტურდა, რომ საქართველოში იმპორტირებულ საწვავს, რომელსაც კომპანიები მომხმარებელს მიჰყიდიან, როგორც „ევრო 5“ სტანდარტის მქონეს, თითქმის არაფერი აქვს საერთო ევროპაში საწვავის დღეს მოქმედ სტანდარტებთან 

 

„აპი სუპერის“ მომხმარებლები დარწმუნებულნი არიან, რომ იტალიური წარმოების მაღალი ხარისხის საწვავს მოიხმარენ, თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა  –საქართველოს“ მიერ ჩატარებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ „იტალიის საბაჟო სამსახურისა და საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, 2009–2011 წლების განმავლობაში, იტალიიდან საქართველოში ბენზინ „სუპერის“ (ოქტანური რიცხვი 98) იმპორტი არ არის რეგისტრირებული.

 

თუ კომპანიის ავტოგასამართ სადგურებზე „აპი სუპერის“ სახელწოდებით გაყიდული ბენზინი არ შეესაბამება აღნიშნული საწვავის მახასიათებლებს,  ეს მომხმარებლის უფლებების დარღვევა და უკანონოდ ნიშანდებული საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანაა.“ 

 

„საქართველოს კანონში სასაქონლო ნიშნების შესახებ“ (მუხლი 6. განსაკუთრებული უფლება) ნათქვამია, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა შესაძლო აკრძალვათა გარდა, იკრძალება:

 

ა) სასაქონლო ნიშნის დატანა საქონელზე ან მის შეფუთვაზე; ბ) ისეთი საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი ან ექსპორტი, რომელიც ნიშანდებულია ამ ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ხორციელდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ნიშანდებული საქონლით;  (20.12.2005 N 2380 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან) გ) სასაქონლო ნიშნის გამოყენებით მომსახურების შეთავაზება ან გაწევა;დ) სასაქონლო ნიშნის გამოყენება რეკლამისათვის ან საქმიან ქაღალდებზე.“

 

რაკი 2009-2011 წლებში იტალიიდან საქართველოში ბენზინ „სუპერის“ შემოტანას არც საქართველოს შემოსავლების სამსახური ადასტურებს და არც იტალიის საბაჟო, ეს ნიშნავს, რომ „აპი სუპერი“ უკანონოდაა ნიშანდებული.

 


ასევე, დარღვეულია „საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების შესახებ“ ერთ-ერთი მუხლი(„ინფორმაცია პროდუქციის შესახებ“), რომლის თანახმადაც: „დამამზადებელი (შემსრულებელი, გამყიდველი) ვალდებულია დროულად მიაწოდოს მომხმარებელს აუცილებელი და უტყუარი ინფორმაცია პროდუქციის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს სწორი არჩევანის შესაძლებლობას.“

 

თავის მხრივ, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 196-ე მუხლით, უკანონოდ ნიშანდებული საქონლის დიდი ოდენობით სამოქალაქო ბრუნვაში გაშვება ისჯება სს კოდექსით, ვადით 3-დან 5 წლამდე. დიდ ოდენობად, 5 000 ლარის ოდენობის პროდუქციას მიიჩნევა. „ვისოლი“ მხოლოდ 2009-2011-წლებში, ქართულ ბაზარზე ყოველთვიურად, დაახლოებით, ნახევარი მილიონ ლიტრ „აპი სუპერ“ ყიდდა.


ოფიციალური სტატისტიკა – ბენზინის კონტრაბანდის დასტური

 

ყველაზე საინტერესო მაინც იტალიისა და ბულგარეთის საბაჟოების მიერ მოწოდებული ინფორმაციაა, რომელიც არ ემთხვევა საქართველოს საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულ იფნორმაციას.

 

დანართი 1

„საერთაშორისო გამჭვირვალობა  –საქართველოს“ მონაცემებით, იტალიის საბაჟოდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით (იხ. დანართი 1) ირკვევა, რომ 2009 წელს საქართველოში იტალიიდან 40 მილონ ლიტრზე მეტი ბენზინი (ა-95) გამოემართა, თუმცა საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ დოკუმენტში (იხ. დანართი 2) ნათლად ჩანს, რომ საქართველოში იტალიიდან მხოლოდ 20 მილიონამდე ლიტრი ბენზინია (ა-95) შემოსული.

 

დანართი 2

2010 წელს იტალიიდან საქართველოში იტალიის საბაჟომ 38-მილიონ ლიტრამდე ბენზინი (ა-95) გამოატარა, ხოლო საქართველოს შემოსავლების სამსახურის ცნობით, იტალიიდან საქართველომდე მხოლოდ 20-მა მილიონმა ლიტრმა ბენზინმა (ა-95) ჩამოაღწია.

 

ტენდენცია 2011 წელსაც შენარჩუნდა – იტალიიდან საქართველოში 36 მილიონი ლიტრი ბენზინი (ა-95) წამოვიდა, ხოლო, საქართველოს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოში იტალიიდან მხოლოდ 24-მილიონამდე ლიტრი ბენზინი (ა-95) შემოვიდა.

 

დანართი 3

იგივე სურათია ბლგარეთიდან იმპორტირებულ ბენზინთან მიმართებაშიც (იხ. დანართი 3): ბულგარეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, 2009 წელს ბულგარეთიდან საქართველოში 210 მილიონი ლიტრი ბენზინის ექსპორტი განხორციელდა, საქართველოს შემოსავლების სამსახურის დოკუმენტაციით კი (იხ. დანართი 4), იმ წელს ბულგარეთიდან საქართველოში 75-მილიონ ლიტრამდე ბენზინია იმპორტირებული.

 

დანართი4

2010 წელს ბულგარეთიდან 240-მილიონ ლიტრამდე ბენზინი წამოვიდა საქართველოსკენ, საქართველოს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოში ბულგარეთიდან მხოლოდ 90 მილიონი ლიტრი ბენზინის შემოტანაა დაფიქსირებული.

 

2011 წელს ბულგარეთიდან საქართველოში ბენზინის ექსპორტმა 300-მილიონამდე ლიტრი შეადგინა, თუმცა, საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბულგარეთიდან საქართველოში, სულ რაღაც, 153 მილიონ ლიტრამდე ბენზინი შემოვიდა.

 

უცნობია, რა ოდენობით ბენზინი შემოდის აზერბაიჯანიდან.

 

„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლების განმარტებით, აზერბაიჯანის საბაჟოს მიერ მოწოდებული მონაცემები. არანაირი მეთოდოლოგიით ინტერპრეტაციას არ ექვემდებარებოდა. კერძოდ, მონაცემებში არ ფიგურირებდა „ბენზინის“ შესაბამისი საქონლის იმპორტი. შესაბამისად, უცნობია, რა სახეობის პროდუქცია, ანუ რა კონდიციის ნავთობპროდუქტები შემოდის აზერბაიჯანიდან საქართველოში.

 

ეკონომიკის ექსპერტ თემურ კოპალეიშვილის განმარტებით, ზემოთქმული ფაქტობრივი მასალაა, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოში არსებობს საწვავის კონტრაბანდა, რომლის შესახებაც ვარდების რევოლუციის შემდეგ არავინ საუბრობს. არადა, ბენზინის კონტრაბანდას არა მხოლოდ იტალიისა და ბულგარეთის საბაჟოების მონაცემების საქართველოს შემოსავლების სამსახურის მონაცემებთან შედარება ადასტურებს, არამედ საქართველოს ოფიციალური სტრუქტურების საჯარო სტატისტიკური მონაცემებიც: საქართველოში ოფიციალურად შემოტანილი საწვავის ოდენობა არაადეკვატურად მცირეა ქვეყნის ავტოპარკთან მიმართებაში.


                                      2-ჯერ გაზრდილი ავტოპარკი და ბენზინის იმპორტის უცვლელი  მაჩვენებელი

 

დანართი 5

1997 წელს, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ხორციელდებოდა 450 000 ტონა ბენზინისა და 250 000 ტონა დიზელის იმპორტი. იმავე წელს USAID-ის დაფინანსებით ეგრეთ წოდებულმა „ბარენცის ჯგუფმა“ საქართველოში, ფაქტობრივად მოხმარებული საწვავის, დიზელისა და ბენზინის, რაოდენობა შეისწავლა.

 

დასკვნის მიეხდვით, რასაც იმდროინდელი მთავრობის წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ, საქართველოში, ფაქტობრივად, წელიწადში მოიხმარებოდა 600 000 ტონა ბენზინი და 400 000 ტონა დიზელის საწვავი. ზემოთაღნიშნული მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, 150 000 ტონა ბენზინი და დაახლოებით ამავე ოდენობის დიზელის საწვავი კონტრაბანდული იყო. აქვე უნდა ითქვას, რომ იმ პერიოდში, საქართველოს ავტოპარკში, დაახლოებით, 300 000 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება აღირიცხებოდა.

 

საქართველოს საბაჟო სამსახურის მონაცემებით, 2009 წელს საქართველოში, იმპორტირებული იყო 467 ათასი ტონა ბენზინი, 2010 წელს – 436 ათასი ტონა, ხოლო 2011 წელს კი – 400 ათას ტონაზე ოდნავ მეტი (იხ. დანართი 5).

 

ოფიციალური მონაცემები მოწმობს, რომ საქართველოში 1997 წლიდან დღემდე ბენზინის იმპორტის მაჩვენებელი თითქმის უცვლელია, მაშინ, როდესაც ქვეყნის ავტოპარკის ოდენობა 2,5-ჯერაა გაზრდილი.

 

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით (იხ. დანართი 6):

 

2011 წლის დეკემბრის ჩათვლით ქვეყანაში რეგისტრირებულია 745 232 ავტოსატრანსპორტო საშუალება,

2010 წელს  – 693 387,

2009 წელს – 647 209.

 

ზოგადად, ქვეყანაში ავტოპარკის წლიური ზრდის მაჩვენებელი 9,6-პროცენტია.

 

დიზელის საწვავზე, შსს-ის ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მხოლოდ 4,3 პროცენტი მუშაობს, დანარჩენები ბენზინს მოიხმარენ.

ასევე, ცნობილია, რომ 20-წელზე მეტი ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობაა 328 204,

11-დან 20-წლამდე ასაკის ავტომანქანების – 349 973,

7-დან 10-წლამდე ასაკის ავტომანქანების – 33 207,

4-6-წლამდე ასაკის ავტომანქარების – 22 621,

1-3 წლიანი ავტომანქანების – 11 228.

ავტოპარკის 65,7-პროცენტს შეადგენს მსუბუქი ავტომანქანები;

17,5 პროცენტს – „ჯიპები“,

9,8 პროცენტს – სატვირთო, ხოლო 6,6 პროცენტს – სამგზავრო ავტომანქანები.

მოტოციკლთა რაოდენობა საერთო ავტოპარკის, სულ რაღაც, 0,4-პროცენტია.

  

შსს არ ფლობს ინფორმაციას, თუ რა ოდენობის ავტომანქანა მუშაობს საქართველოში გაზზე, თუმცა, თემურ კოპალეიშვილს მიაჩნია, რომ მათი რაოდენობა, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, ავტოპარკის 10 %-ს არ აღემატება.

 

თემურ კოპალეიშვილი: „ ავტომანქანების გარკვეული რაოდენობა გაზზე გადავიდა და, შესაბამისად, ბენზინის მოხმარებას უნდა დაეკლო. მაგრამ საქართველოს ავტოპარკის 17 % მოდის „ჯიპებზე“, რომელიც, სულ მცირე,  50 %-ით მეტ ბენზინს მოიხმარს, ვიდრე მსუბუქი ავტომანქანა. ამდენად, ეს მონაცემი გაათანაბრებს იმ მანქანების რაოდენობას, რომლებიც გაზზე მუშაობენ. ერთი სიტყვით, გაზზე მომუშავე ავტომანქანებს გადაფარავენ „ჯიპები“ და დიდი სამგზავრო ავტომანქანები.“

 

ამ დაანგარიშებით, 1997-წლიდან 2011 წლის ჩათვლით, საქართველოს ბენზინზე მომუშავე ავტოპარკი 2-ჯერ გაიზარდა, თუმცა, ბენზინის წლიური მოხმარება არათუ არ გაზრდილა, 2011 წელს, 1997 წელთან შედარებით, მართალია, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შემცირდა.

 

ექსპერტი კიდევ ერთ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას:1997 წელს საქართველოს მოსახლეობის შემოსავლები გაცილებით ჩამორჩებოდა 2011 წლის მაჩვენებლებს მაგალითად, თუკი 1997 წელს საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ხელფასი 165 ლარი იყო, დღეს იმავე თანამდებობის პირი მინიმუმ 3 000 ლარს იღებს ყოველთვიურად. მოსახლეობის უმეტესობას ავტომანქანები გაჩერებული ჰყავდა და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას იყენებდა.

 

თემურ კოპალეიშვილი: „ჩვენ ვიცით, რომ 1997 წელს საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, წელიწადში 450 000 ტონა ბენზინს მოიხმარდნენ, ავტოპარკის ოდენობა 300 000 ერთეული იყო და ისიც ვიცით, რომ იმ წლებში, არსებობდა ბენზინის კონტრაბანდა. დღეს ავტოპარკის ოდენობა გაორმაგებულია, ოფიციალური მონაცემებით კი, ბენზინის იგივე რაოდენობა შემოდის. ესეც მიუთითებს, რომ არის სერიოზული კონტრაბანდა“.

 

რამდენ შემოსავალს აკარგვინებს ბიუჯეტს ბენზინის კონტრაბანდა

 

დანართი 7

რთული სათქმელია, ზუსტად რა ოდენობის კონტრაბანდა შემოდის საქართველოში, თუმცა ელმენტარული მათემატიკის მოშველიებით, არც ამ ციფრის მიახლოებითი გამოთვლაა შეუძლებელი.

 

თემურ კოპალეიშვილის აზრით, საქართველოში მოხმარებული საწვავის, სულ მცირე, 40 % კონტრაბანდულია: „მარტივი გაანგარიშებით, ყოველწლიურად, საშუალოდ, დაახლოებით, 900 000 ტონა ბენზინს უნდა მოვიხმარდეთ. ოფიციალური მონაცემებით კი, ამის ნახევარს მოვიხმართ.“

 

არანაკლებ საინტერესოა, რამდენს კარგავს ბიუჯეტი კონტრაბანდული ბენზინის გამო: საქართველოს საბაჟოს მონაცემებით (იხ. დანართი 7), 2010 წელს ბენზინის იმპორტით მიღებულმა საბიუჯეტო შემოსავალმა 178 მლნ. ლარი შეადგინა, თუ ვივარაუდებთ, რომ საწვავის დამატებით 40% კონტრაბანდულია, უხეში გათვლებით, საქართველოს ბიუჯეტის საშემოსავლო წლიური დანაკარგი 70 მილიონი ლარია.

 

ბუნებრივია, ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლების ხელშეწყობისა და მფარველობის გარეშე, კონტრაბანდული საწვავის შემოტანა საქართველოს საბაჟოზე, სადაც მოვაჭრეები განუბაჟებლად მაისურის გადმოტანასაც ვერ ახერხებენ, გამორიცხულია.

 

ჩნდება კითხვები: რატომ ეწინააღმდეგება იმპორტიორი ქვეყნებიდან მიღებული დოკუმენტაცია ადგილობრივი იმპორტის მონაცემებს, რატომ მოდის წინააღმდეგობაში ერთმანეთთან ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები. რაც მთავარია, რატომ ეპატიებათ ნავთობიმპორტიორებს ის ქმედებები, რისთვისაც კანონის წინაშე უკაცრესად აგებენ პასუხს რიგითი წვრილი მოვაჭერეებიც კი.

 

თუკი საწვავის იმპორტის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების ტენდენცია 2012 წლის მეოთხე კვარტალსა და 2013 წელსაც შენარჩუნდება, სავარაუდოა, რომ ახალი ხელისუფლება ჩრდილოვან საწვავს ვერ აკონტროლებს ან ძველის მიერ გაკვალულ გზას დასდგომია.

გამოძიება
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED