ფოთის „განვითრების გეგმა“ - იძულებით და შანტაჟით ხელყოფილი საკუთრებები

2013.01.19 ავტორი: იზა სალაყაია; რედაქტორი: ეკა ფირცხალავა

ფოთის ყოფილი მერის, ამჟამად, პარლამენტის წევრის, ვახტანგ ლემონჯავას მითითებებით 2010-2012 წლებში ქალაქში 3 000-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდა, რომელთაგან 276 კერძო საკუთრება იყო. ლემონჯავა მუქარითა და იძულებით „ემუშავებოდა“ მოსახლეობას და შესაბამისად, კონსტიტუციას არღვევდა, რომლის 21-ე მუხლით კერძო საკუთრება ხელშეუხებელია. 

შედეგად, ასობით მოქალაქის კერძო საკუთრება დაინგრა და მათ მეპატრონეებს არაფერი აუნაზღაურდათ, მიუხედავად იმისა, რომ კანონი კერძო საკუთრების ხელყოფის შემთხვევაში კომპენსაციას ითვალისწინებს, ხოლო ვახტანგ ლემონჯავა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“ პარტიული სიით 2012 წლის 1 ოქტომბერს პარლამენტარი გახდა.                              


 ფოთის „განვითრების გეგმა“ - იძულებით და შანტაჟით ხელყოფილი საკუთრებები

 

თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერად ლემონჯავა 2010 წელს დაინიშნა. ახალმა მერმა „ახალი ფოთის“ მშენებლობა გადაწყვიტა, რომელიც „რივერსაიდის“ გეგმის ფარგლებში 13 პროექტის განხორცილებას გულისხმობდა, რომელიც ესპანელ არქიტექტორებს დაუკვეთეს. „რივერსაიდი“ რიონის სანაპიროდან ზღვამდე რეკრეაციული ზონის გაშენებას ითვალისწინებდა. ასევე, ლემონჯავამ პრიორიტეტად დაასახელა ფოთში, მრავალსართულიანი ბინების ეზოების კეთილმოწყობა, თუმცა  TSpress-ის არაერთხელ ოფიციალური მოთხოვნის მიუხედავად, ფოთის მერიამ ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების ან მოწესრიგების ოფიციალური დოკუმენტი ვერ წარმოადგინა.

 

2010 წელს, ფოთში, ავტოფარეხების და სხვა კერძო შენობა-ნაგებობების მასობრივი ნგრევა დაიწყო. TSpress-მა გამოაქვეყნა ათობით დაზარალებული მოქალაქის შესახებ ჟურნალისტური მასალა, რომლებშიც ისინი მერის მხრიდან იძულებასა და მუქარაზე მიუთითებდნენ. ამ მასალების მოპოვების დროს, TSpress  ფოთის მერს კომენტარს პერმანენტულად თხოვდა, თუმცა, უშედეგოდ - ლემონჯავა ჟურნალისტებს მუდამ ერთი წინადადებით პასუხობდა „თქვენთან კომენტარს არ ვაკეთებ“.

 

ლემონჯავამ მხოლოდ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ ფოთში კეთილმოწყობა კერძო საკუთრების ხელყოფის ხარჯზე არ ხდებოდა და  მოსახლეობა საკუთრებას საკუთარი სურვილით ანგრევდა. მან კატეგორიულად უარყო შანტაჟისა და მუქარის ფაქტები, თუმცა, იქვე წამოცდა, რომ „მოსახლეობას დასარწმუნებლად ხშირად ემუშავებიან“.

 

TSpress-ის მოკვლევა ცხადყოფს, რომ ფოთის მერი და მერიის სხვა თანამშრომლები, მართლაც „ემუშავებოდნენ“ მოსახლეობას, რითაც არღვევდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 23-ე თავის „დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ“ 2 მუხლს: უკანონოდ ზღუდავდნენ ადამიანის ქმედების თავისუფლებას (მუხლი 150 - იძულება) და უკანონოდ ემუქრებოდნენ ქონების განადგურების მოთხოვნით (მუხლი N151 - მუქარა).

კანონის ამ მუხლების დარღვევა „ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით“ (1 ან 2 წელი)  „ანდა თავისუფლების აღკვეთით“ დაახლოებით იმავე ვადით.

 

ფოთის ყოფილი მერის წინააღმდეგ, სამართალდამაცვებისთვის ამ დრომდე ოფიციალურად არავის მიუმართავს. მესაკუთრეების წინააღმდეგ სხვადასხვა მიზეზით გამართულ ყველა სხდომას, ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია ხელმძღვანელობდა და ყოველთვის მესაკუთრეების გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას იღებდა. საკუთრების ხელყოფისა და ძალის გამოყენებით ჩამორთმევის შესახებ მედიაში გავრცელებული ფაქტებით სამართალდამცავი უწყება საკუთარი ინიციატივით დღემდე არ დაინტერესებულა და გამოძიება არცერთ შემთხვევაში არ დაუწყია.


                                                     

                              სასამართლო გადაწყვეტილებით დასჯილი ბიზნესმენი

 


ფოთში, მალთაყვის უბანში  თევზის მომპოვებელი, გადამამუშავებელი და სამაცივრე 6 კომპანიის მფობელები: “მადაი”, “აისბერგი” , “ზღვის პროდუქტები”, “ჯეოფიში”, “შავი ზღვის პროდუქტები”  და “პალიასტომი” თევზის რესტორნის მშენებლობას აპირებდნენ.

 

რესტორნის  სახით ინვესტიციის განხორციელების სანაცვლოდ ეკონომიკის სამინისტროს ინვესტორებისთვის მიწა უსასყიდლოდ უნდა გადაეცა.

 

როგორც TSpress-მა გაარკვია აღნიშნული კომპანიების ნაწილი ფოთის საკრებულოს წევრს, “ნაცმოძრაობის” მაჟორიტარ კანდიდატ თენგიზ სარიშვილის, ასევე ფოთის ამჟამინდელი მერს დავით ბაბილუას და  ბიზნესმენ გურამ წიწილაშვილს ეკუთვნოდა. ზოგიერთი კომპანია კი, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისთვის იაფი კრედიტის პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომპანიები იყო.

 

ტერიტორიის მიმდებარედ, სადაც რესტორნის მშენებლობა იყო დაგეგმილი, ბიზნესმენ ვახტანგ ალანიას საკუთარ ეზოში სამეურნეო შენობა და ცხენების სადგომი თავლა ქონდა აშენებული. ფოთის ყოფილი მერის, ვახტანგ ლემონჯავას გადაწყვეტილებით, თავლა ინფრასტრუქტურის იერსახეს ამახინჯებდა, რის გამოც მან ალანიას საკუთრების დემონტაჟი იურიდიული საფუძვლის გარეშე, სატელეფონო საუბრისას მოთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი „სასამართლოთი დაემუქრა“.

 

ბიზნესმენის თქმით, ლემონჯავას დავალებით საკუთრების დანგრევას ფოთის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, მიშა აკობია სიტყვიერი ბრძანებით მას აიძულებდა, თუმცა, კანონის კონკრეტულ ნორმებს ისიც ვერ ასახელებდა.

 

ალანიამ ცხენების სადგომის დემონტაჟზე უარი განაცხადა. ცოტა ხანში, ის 1000 ლარით დაჯარიმდა. თავდაპირველად დაჯარიმების მიზეზად „ნაგებობის პროექტის არარსებობა გახდა“, მიუხედავად იმისა, რომ ალანიას სამეურნეო შენობა პირველი კლასის ნაგებობა იყო და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი პირველი კლასის შენობა-ნაგებობებისთვის მშენებლობის ნებართვას არ ითვალისწინებდა.

 

დაჯარიმების ფაქტი ბიზნესმენმა ფოთის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაიამ ჯარიმისა და დემონტაჟის მოთხოვნა ძალაში დატოვა, თუმცა, და არა პროექტის არარსებობა გამო, არამედ ბუნებაზე მიყენებული ზიანის არგუმენტით. კერძოდ, საქმე ეხებოდა ალანიას თავლასთან 6 მეტრის დაშორებით გაჭრილ ხელოვნურ არხს.

 

კანონის თანახმად ნებისმიერი სახის შენობა–ნაგებობის მშენებლობა მდინარიდან 10 მეტრზე ახლოს აკრძალულია. ამიტომ, სასამართლოს უნდა დაედგინა ალანიას თავლასთან ჩამავალი წყალი მდინარე იყო თუ არხი. არხი ჯერ  კიდევ 1922 წელს წყალდიდობის დროს გაიჭრა. სპეციალისტები, ისტორიული მასალები, გარემოს დაცვის სამინისტროდან მიღებული პასუხი ადასტურებდნენ, რომ წყალი ხელოვნურად გაჭრილი არხი იყო და არა მდინარე, თუმცა მოსამართლემ არ გაიზიარა ეს მტკიცებულებები და თავად დაადგინა, რომ რაკი არხში მდინარე კაპარჭას წყალი ჩაედინებოდა, წლების განმავლობაში არხი „გამდინარდა“ და შესაბამისად, არხს მდინარე დაარქვა. საბოლოო ჯამში, ბიზნესმენი 1000 ლარით დაჯარიმდა, რითაც, ალანიას ვარაუდით, ლემონჯავას „სასამართლოთი დამუქრება" დადასტურდა.

 

რის საფუძველზე აიძულებდა ფოთის მერი ალანიას საკუთრების დემონტაჟს, ლემონჯავა კომენტარს არ აკეთებს. მოგვიანებით, ალანიას საკუთრების მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს, მერის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, მრავალწლიანი ხეები გაჩეხეს.

 

 

როგორც TSpress-მა გაარკვია, მრავალწლიანი ხეები კონკრეტულ ობიექტამდე გზის გაყვანის მიზნით გაჩეხეს.

 

TSpress-თან საუბრისას საკრებულოს წევრი, თენგიზ სარიშვილი, ბიზნესმენ ვახტანგ ალანიაზე რაიმე სახის ზეწოლას უარყოფს, თუმცა  ადასტურებს, რომ პარტნიორ კომპანიებთან ერთად, ხელისუფლებასთან შეთანხმებით რესტორნის მშენებლობას მართლაც გეგმავდა. ერთ–ერთ პრესკონფერენციაზე ისიც კი აღნიშნა, რომ რესტორნის შენობა ესპანელ არქიტექტორთა ჯგუფს უნდა დაეპროექტებინა, რის გამოც ლემონჯავა და სარიშვილი ესპანეთშიც იმყოფებოდნენ.

 

თევზის რესტორნის მშენებლობისთვის მიწის უსასყიდლოდ, სიმბოლურ ფასში გადაცემა ეკონომიკის სამინისტრომ არჩევნებამდე ვერ მოასწრო და, შესაბამისად, პროექტი აღარ განხორციელდა. ვახტანგ ლემონჯავა პარლამენტარი გახდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ალანიას თავლის დანგრევას ამჟამად, აღარ სთხოვენ, თუმცა, კანონი მას სასამართლო დადგენილების აღსრულებას ავალდებულებს. ალანია კი თანხის გადახდას არ აპირებს და განცხადების პროკურატურაში შეტანას გეგმავს.


                          „ისტორიული კედლის“ ამოშენებით შევიწროვებული მეწარმე

 

ფოთში, აკაკის ქუჩის N110-ში მდებარე ავტოსამრეცხაო, მეწარმე მამუკა ახობაძეს კანონიერად ქონდა დარეგისტრირებული, რომელიც ახობაძის ოჯახისთვის შემოსავლის მთავარი წყარო იყო. 2011 წლის აგვისტოში, ფოთის მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ ახობაძეს საკუთრების დემონტაჟი მოთხოვა. მერმა ნგრევის საჭიროება მრავალსართულიანი კორპუსის ეზოში მინი საბავშვო ატრაქციონების განთავსებით ახსნა, რაც ქალაქის კეთილმოწყობას ისახავდა მიზნად.

 

ფოთის მერმა, არაოფიციალური მოლაპარაკებების გზით სცადა მესაკუთრე ავტოსამრეცხაოს დემონტაჟზე დაეთანხმებინა, რაც უკანონობა იყო.

 

თავდაპირველად, დემონტაჟის მოთხოვნის სანაცვლოდ, ლემონჯავამ ახობაძეს ალტერნატიული ადგილის გამოყოფა და სამრეცხაოს იქ გადატანა შესთავაზა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ბიზნესის პარალიზებით დაემუქრა. ახობაძე ამ წინადადებას "სიტყვიერად"არ დათანხმდა და, შეთავაზებული ალტერნატიულ ადგილის (მიწის ნაკვეთი) საჯარო რეესტრში დარეგისტრირება მოითხოვა. ასევე, მესაკუთრე ითხოვდა სამრეცხაოს დემონტაჟი და სხვა ადგილას მისი მონტაჟი, ოფიციალური ხელშეკრულების საფუძველზე, მერიას საკუთარი რესურსით უზრუნველეყო.

 

ახობაძის თქმით, მოგვიანებით, მერმა ის მოსალაპაარკებლად საკუთარ კაბინეტში დაიბარა. ახობაძე მერთან შეხვედრაზე იურისტთან ერთად მივიდა, რამაც ლემონჯავა იმდენად გააღიზიანა, რომ ის მესაკუთრეს პირადად აღარ შეხვედრია. ამის შემდეგ, ლემონჯავას დავალებით, ახობაძესთან მოლაპარაკებებს ფოთის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მიშა აკობია ახორციელებდა.

 


მამუკა ახობაძე

TSpress – მა ფარული აუდიო ჩანაწერი მოიპოვა, რომელშიც მიშა აკობია მამუკა ახობაძეს „თხოვს“ არაოფიციალურად მოხდეს ავტოსამრეცხაოს დემონტაჟი და მეწარმე ფოთის მერს "სიტყვაზე ენდოს". საუბარს ახობაძის ახლობლები ესწრებიან.

 

„ახლა არის 5 სექტემბერი. 5ოქტომბრამდე ამას დაგიშლი. მერი ახლა რასაც გეტყვის იმას შეგისრულებს....რად გინდა ეს ხელშეკრულება, პატარა ბიჭი ხომ არ ხარ?“ -აღნიშნავს აკობია ჩანაწერში.

 

ფარული აუდიოჩანაწერის არსებობის მუხედავად, ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, მიშა აკობიამ მესაკუთრისთვის წაყენებული უკანონო მოთხოვნები უარყო და TSpress-თან კომენტარი არ გააკეთა.

 

 

 

მას შემდეგ, რაც ოფიციალური გარანტიების გარეშე ახობაძემ ავტოსამრეცხაოს დემონტაჟზე უარი თქვა, მერის ერთპიროვნული ბრძანებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამრეცხაომდე მისასვლელი ერთადერთი საავტომობილო გზა ბეტონის ბლოკებით ამოაშენეს, საბავშვო ატრაქციონიც დადგეს, რითაც ახობაძის ბიზნესის ნაწილობრივ პარალიზება მოახდინეს. თუ ადრე ახობაძეს ავტოსამრეცხაოში ყოველდღიურად საშუალოდ 10-12 მომხმარებელი ყავდა, ახლა მათი რიცხვი განახევრდა.

 

ერთ–ერთ პრესკონფერენციაზე, ფოთის მერმა ლემონჯავამ აღნიშნა, რომ ახობაძეს საკუთრების დემონტაჟი მოთხოვა, თუმცა, ბიზნესმენის შევიწროვების ფაქტი უარყო. ლემონჯავას განმარტებით, წლების განმავლობაში, აღნიშნულ ადგილზე ღობე გადიოდა და მან სწორედ ეს “ისტორიული კედელი” აღადგინა.

 

TSpress - თან საუბრისას, ფოთში, აკაკის ქუჩის N110-ში „ისტორიული კედლის“ არსებობა, თითქმის ვერავინ გაიხსენა. უფრო ასაკოვნებმა გაიხსენეს, სამხედრო დასახლებას შემოვლებული მაღალი ღობე, სადაც კომუნისტური ნამგალი და ურო და სამჭოთა კავშირის გერბი ეხატა.

 

 

 

                შვილის უსაფრთხოების მიზნით დათმობილი საკუთრება

 

ფოთში მცხოვრებ ჟანა აფშილავას, ავტოფარეხის დემონტაჟი მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობისა და ტერიტორიული მართვის ორგანოს თანამშრომლებმა მეზობლების თანდასწრებით მოთხოვეს. დემონტაჟი ეზოს კეთილმოწყობის მიზეზით ახსნეს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ავტოფარეხი კერძო საკუთრება იყო, მერიის თანამშრომლებმა კომპენსაციის გაცემაზე უარი განაცხადეს.

 

ფოთში, მალთაყვის უბანში, გურიის N183-ში მდებარე ავტოფარეხი იძულებით 2010 წელს დაანგრიეს. ამ ფაქტზე თავად ჟანა აფშილავამ ისაუბრა, TSPress - ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელსაც საჯარო მოხელეები და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტები ესწრებოდნენ.

 

ამ შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ ფოთის მერიის თანამშრომლები ლექსო კუჭუხიძე და ჯუნა სიჭინავა, რომლებიც ჟანა აფშილავას მტკიცებით, ავტოფარხის იძულებით დემონტაჟს ხელმძღვანელობდნენ. TSpress-თან საუბრისას კუჭუხიძემ და სიჭინავამ იძულებით დემონტაჟში მონაწილეობა უარყვეს. აფშილავას თქმით კი, ყველაფრის დამტკიცებას მოახერხებდნენ, რომ არა პოლიციის მხრიდან ზეწოლა.

 

როგორც ირკვევა, ავტოფარეხის ნგრევა მისმა შვილმა მეზობლის ვიდეოაპარტით გადაიღო და, საკუთრების უფლებების დაცვის მიზნით, პოლიციაც გამოიძახა. შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრილო და კრიმინალურმა პოლიციის წარმომადგენლებმა კი დაცვის ნაცვლად, ჟანა აფშილავას შვილს კამერა წაართვეს, კადრები წაუშალეს, ხელახლა გადაღება აუკრძალეს და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, დაჭერითაც დაემუქრნენ. ამ ფაქტის შემდეგ, ჟანა აფშილავას, საკუთრების ხელყოფის ფაქტზე ოფიციალური განცხადებით სამართალდამცავებისთვის აღარ მიუმართავს.  

                                 ჯარიმა დასაშინებლად



ლექსო კვირკველია

ფოთში, 9 აპრილის ხეივანზე მცხორვებ ლექსო კვირკველიას, საკუთარი ავტოფარეხის დანგრევა მერიის წარმომადგენლებმა მოთხოვეს, თუმცა, მერიის ან საკრებულოს მიერ გამოცემული რამე ნორმატიული აქტი არ წარუდგენიათ.

 

 

ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, მიშა აკობიასთან მოსალაპარკებლად დაბარებული კვირკველია მეზობლებთან და იურისტებთან ერთად მივიდა, რამაც აკობია გააღიზიანა. TSpress - სთან პირისპირ საუბრისას კი აკობიამ მესაკუთრის დაბარების ფაქტი საერთოდ უარყო და საკუთარი კაბინეტი დატოვა.

 

 

 

კვირკველიას განცხადებით, მოგვიანებით, აკობიამ მისი ნათესავი დაიბარა, ავტოფარეხის დანგრევა შეუთვალა და უარის შემთხვევაში, კვირკველიას საკუთრებაში არსებული მაღაზიაში ფინანსური პრობლემების შექმნით დაემუქრა.

 

კომპენსაციის გარეშე საკუთრების დემონტაჟზე საბოლოოდ უარის თქმის შემდეგ, კვირკველია ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურმა ავტოფარეხის შეუღებავობის გამო, 50 ლარით დააჯარიმა. სამსახურის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში დაჯარიმების საფუძვლად ქალაქის იერსახის დამახინჯებაა მითითებული. მესაკუთრე მიიჩნევს, რომ ჯარიმა მის ფსიქოლოგიურ დაშინებას და ავტოფარეხის ნგრევაზე თანხმობის იძულებით მიცემას ემსახურებოდა.

 

ჯარიმა კვირკველიამ ფოთის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. პროცესს, ამჯერადაც, სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია ხელმძღვანელობდა. მოსამართლე არ დაინტერესდა 2010 წელს მოქმედი კანონი ითვალისწინებდა თუ არა ჯარიმას მე-20 საუკუნის 80-იან წლებში აშენებულ შენობაზე, ან რა სახით ამახინჯებდა შეუღებავი ავტოფარეხი ქალაქის იერსახეს, ან რატომ ვრცელდებოდა კანონი შერჩევით მხოლოდ კვირკველიაზე და რატომ არ მოსთხოვეს მას ამ წლების განმავლობაში მისი შეღებვა და მოსარჩელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კვირკველიას საკუთრება დემონტაჟს გადაურჩა.

შანტაჟი პოლიციის ძალით

 

9 აპრილის ხეივანზე მოსახლეობასთან გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე მერმა N 29-31 კორპუსების მაცხოვრებლებს ავტოფარეხების ნგრევა თავად მოთხოვა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი, მესაკუთრეებზე ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდი გამოიყენა.

 

მესაკუთრის, მანანა გოგავას თქმით, მერის, ვახტანგ ლემონჯავასა და მისი სამსახურების წარმომადგენლების მხრიდან მუდმივ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდნენ, მათთან დღეში რამდენჯერმე მიდიოდნენ და ხშირად სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ. გოგავას განცხადებით, მერმა ავტოფარეხების ასაღებად მის თანამშრომლებს 10 დღიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კი სამსახურიდან გაშვებით დაემუქრა.

 

მერის სიტყვიერი ბრძანების არ შესრულების შემდეგ, ლემონჯავამ მესაკუთრეებს პოლიციაში უჩივლა და ავტოფარეხის დადგმის უფლების მოსაპოვებლად, ამხანაგობის ხელმოწერების გაყალბება და არასათანადო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვება დააბრალა. მერის დავალებით, / პოლიციაში ყველა მესაკუთრე დაიბარეს და მოწმის სტატუსით დაკითხეს. დაჭერის შიშით ავტოფარეხი მეზობლებმა თავადვე დაანგრიეს.

                 

                                   

         საჯარო მოხელეების ხელმძღვანელობით იძულებით დანგრეული საკუთრება

ხვიჩა ახალაია

 

იძულებით დემონტაჟზე საუბრობს 9 აპრილის ხეივანზე მცხოვრები ხვიჩა ახალაია. მისი თქმით, მის საკუთრებაში არსებული ავტოფარეხის დემონტაჟი მერიამ მხოლოდ იმის გამო ვერ მოახრეხა, რომ მეზობლებისგან განსხვავებით, მისი დაშინება ვერ მოახერხეს. მესაკუთრე რამდენიმე შემთხვევას იხსენებს, თუ როგორ დაუნგრიეს მის მეზობელს საკუთრება - სახლში არყოფნის დროს.

 

კახა ფარღალავა და ჯუმბერ ქურდაძე

კახა ფარღალავა და ჯუმბერ ქურდაძე

9 აპრილის ხეივანზე მცხოვრებ  ჯუმბერ ქურდაძეს, მერიის სამსახურმა ავტოფარეხი  იძულებით დაუნგრია. ის აღნიშნავდა, რომ საკუთრების ნგრევაზე მერიას მისგან თანხმობა არ ქონდა, თუმცა საჯაროდ წინააღმდეგობასაც ვერ უწევდა. მეზობლების განცხადებით, ქურდაძეს ოჯახის წევრების სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. მისი მეუღლე ექიმია, ხოლო შვილი ფოთის საზღვაო ნავსადგურში მუშაობს.



კორპუსის ეზოში, ავტოფარეხის ნგრევის პროცეს, კუნძულის უბნის ტერიტორიული მართვის ორგანოს (მუნიციპალიტეტი) ხელმძღვანელი, კახა ფარღალავა ხელმძღვანელობდა. მან ნგრევის იურიდულ საფუძველი ვერ წარმოადგინა. ქურდაძეს საკუთრება დაუნგრიეს, თუმცა, სხვა შემთხვევების მსგავსად, კომპენსაცია მისთვის არ მიუციათ.

 

       

უკანონო ნგრევა „კეთილმოწყობის“ სახელით

 

კერძო საკუთრების ნგრევა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეები საკუთრების უკანონო ნგრევის ფაქტებზე პოლიციას უკავშირდებოდნენ, პოლიციაში შესულ შეტყობინებებს სამართალდამაცვები ოფიციალურად არ ატარებდნენ.

 

TSpress-ის ჟურნალისტურ მოკვლევაში ჩამოთვლილ ფაქტებში დაირღვა კანონი, რადგან არცერთ შემთხვევაში, საზოგადოებრივი საჭიროება არ განსაზღვრულა, არ გამოცემულა ნორმატიული აქტი ან სხვა სახის იურიდიული დოკუმენტაცია. იურიდიული საფუძვლის გარეშე დანგრეულ საკუთრებებზე  კომპენსაციის გაცემის საკითხი არ დამდგარა.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტის, ეკა ბოკუჩავას განცხადებით ფოთში მოსახლეობის საკუთრებაში არსებული ავტოფარეხების დემონტაჟი კანონის დარღვევით მიმდინარეობდა და ზემოაღნიშნულ შემთხვევებში იკვეთება მერის  მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები.

 

„ფოთის მერიისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელთა ქმედება შეიცავს, როგორც ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესების უხეშ დარღვევას, ისე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ფოთის მერიას დაგეგმილი ჰქონდა მრავალბიანიან სახლებში სპორტულ გამაჯანსაღებელი მოედნების მოწყობა, უნდა ეზრუნა იმაზეც, რომ შესაბამისი ანაზრაურებით დაეკმაყოფილებინა მშენებლობისათვის საჭირო ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხების მფლობელები და დაეცვა კანონით დადგენილი პროცედურები და მოთხოვნები. წარმოდგენილი მასალები კიდევ ერთხელ ამყარებს საფუძვლიან ეჭვს იმისა, რომ მესაკუთრეების მიერ  ავტოფარეხების თვითნებური დემონტაჟი არ ახასავდა მათ რეალურ ნებას და იგი ფოთის მერიისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგი იყო. იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, 150-ე მუხლით - იძულება და 151-ე მუხლით ჩადენილი დანაშაულის ნიშნები“– განმარტავს იურისტი.

 

მისი თქმით, ვინაიდან ფოთის ყოფილი მერი ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრია კონსტიტუციის 52-ე მუხლის თანახმად ის სარგებლობს დეპუტატის იმუნინეტით, რომლის თანახმად, მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება, დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით.

 

 

ამავე თემაზე:

 

ფოთის მერის სამმაგი კომბინაციური სვლა

 

მესაკუთრე ფოთის მერიას კომპენსაციას თხოვს [Video]

 

კეთილმოწყობა კერძო საკუთრების ხელყოფის ხარჯზე

 

ფოთის მერი კერძო საკუთრებებს უკანონოდ ხელყოფს

 

ფოთის მერია ისევ ანგრევს

 

ფოთის მერმა კიდევ ერთი საკუთრება უკანონოდ დაანგრევინა [video]

 

ფოთის მერია მოქალაქეს საკუთრების დემონტაჟს აიძულებს [Video]

 

 

 

 

 

 

 




 

გამოძიება
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED