14 და 10 წელი არჩადენილი დანაშაულისთვის?

2012.10.16 ავტორი: ელისო ჯანაშია

19 წლის რამაზ სალაყაია და 20 წლის გიორგი ზიმბლიცკი, ფოთის საქალაქო სასამართლომ, ორი წლის წინ, ავტომანქანის გვერდითა ხედვის სარკისა და ჭოგრიტის ქურდობის ბრალდებით გაასამართლა და 14 და 10-წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. ზარალის ოდენობიდან გამომდინარე არაადექვატურად დიდ სასჯელთან ერთად, საქმის დეტალების მიხედვით, აღნიშნული პირების უდანაშაულობა იკვეთება.

პატიმრობაში მყოფები მეზობლები და მეგობრები არიან. ისინი დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებენ. დაკავებულის ოჯახებმა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართეს.

            

პოლიციის ვერსია

 

პოლიციელების - მანუჩარ  მალანიასა და გიორგი ხაჭვანის მტკიცებით, აღნიშნული პიროვნებები, 2010 წლის 25 ნოემბერს, ფოთში, აღმაშენებლის #8–ში, ქურდობის ფაქტზე დააკავეს. შემთხვევის ადგილზე მისვლის საფუძვლად, ისინი  მოქალაქე პეტრე გლუშკოვის მეუღლის სატელეფონო შეტყობინებას ასახელებენ. მათი მტკიცებით, აღნიშნული ორი პიროვნება პოლიციამ მოქალაქე ოლეგ ბოხუას "ოპელის" მარკის მანქანის ძარცვის ფაქტზე დააკავა.

 

პოლიცია ამტკიცებს, რომ მანამდე მათ დაზარალებულ გლუშკოვის "მიცუბიშის" მარკის ავტომანქანიდან ჭოგრიტი მოიპარეს. 

 

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მოპარული ნივთები მათ ჩხრეკისას აღმოუჩინეს, ხოლო დაკავების დროდ 25 ნოემბრის ღამის 04:40-ია მითითებული.

 

პოლიციელების მტკიცებით, მათ დაინახეს, თუ როგორ ცდილობდა დაუდგენელი ორი პიროვნება კორპუსის ეზოში მდგარი ავტომანქანიდან ნივთების გატაცებას.

 

- "ერთ–ერთს მოგლეჯილი ჰქონდა მარჯვენა გვერდითა ხედვის სარკე, ხოლო მეორე პიროვნება ცდილობდა გვერდითა მეორე სარკის მოგლეჯას. ჩვენს დანახვაზე მათ დააპირეს გაქცევა, გაირბინეს რამდენიმე მეტრი, რა დროსაც დავაკავეთ,"– წერს პოლიციელი მალანია. იმავეს იმეორებს ხაჭვანი, რომელიც მისი მტკიცებით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

 

მოგვიანებით, პოლიციის დეტექტივ-გამომძიებელ რომეო კვანტალიანის მიერ შედგენილ საქმეში კიდევ ორი პოლიციელის: კეიდიასა და ძაგანიას ჩვენება გაჩნდა.

 

სასამართლოზე მათ განაცხადეს, რომ შემთხვევას პერიმეტრის შემოვლისას შეესწრნენ, თუმცა, არც დაკავების, დაკითხვის ან ჩხრეკის ოქმებში ისინი არ ფიგურირებენ.

 

ხუთი მოწმის ჩვენება, რომლითაც დაკავების დრო და ადგილი პოლიციელთა ვერსიას არ ემთხვევა

 

დაკავებული სალაყაიას მამის, ზურაბ სალაყაიას გარდა, რომელიც ამტკიცებს, რომ პოლიციელების მიერ მითითებული დროისათვის, მათ სახლში ეძინათ, კიდევ ხუთი მოწმე ადასტურებს, რომ პოლიციის მიერ მითითებულ დროსა და დგილას აღნიშნულ პირთა დაკავება არ მომხდარა. ზურაბ სალაყაიას მტკიცებით, მისი შვილი და შვილის მეგობარი, დილის 6 საათისთვის თავად გააცილა სახლიდან და მათ ავტოსადგურში ზიმბლიცკის ბიძა ელოდა მიკროავტობუსით, რომელსაც ისინი თბილისში სამუშაოდ უნდა წაეყვანა.  

 

"ბიჭების გაცილებიდან, სადღაც ერთ საათში, მოვიდა ვიღაც უცნობი და მითხრა, რომ ჩემი შვილი დაკავებული ყავდათ. მეც ვყავდით და გამომიშვესო. გიორგი  მიგინეიშვილად გამეცნო. სასწრაფოდ გავიქეცი პოლიციაში. მისაღებში მითხრეს, აქ არავინ მოუყვანიათო და მალოდინეს, ჟურნალში გატარებული არც ყავდათ"- აცხადებს ზურაბ სალაყაია.

 

საქმეში არსებული ხუთი მოწმისა და პოლიციის ჩვენებებში, არ ემთხვევა  დაკავების ადგილი, ხოლო დაკავების დროში დაახლოებით 1,5-2-საათიანი ცდომილებაა.

 

ერთ-ერთი მოწმე, დაკავების თვითმხილველი, გიორგი მიგინეიშვილი ამბობს, რომ სალაყაია და ზიმბლიცკი აღმაშენებლის #24-ში მდებარე მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით დილის 6 საათის მერე დააკავეს.

ფოთი, აღმაშენებლის 24, დაკავების ადგილი

 

"დაახლოებით 5-6 საათი იქნებოდა მაღაზიაში გადავედი. იქ  ბიჭები შემოვიდნენ, რომლებსაც ვიცნობდი და მივესალმე. მითხრეს, რომ თბილისში სამუშაოდ მიდიოდნენ. იყიდეს მინერალური, დავემშვიდობე და გავიდნენ. რამდენიმე წუთს  მაღაზიის წინ პალმის ხესთან შეყოვნდნენ და "ნაბეღლავს" სვამდნენ. ამ დროს მათ წინ გაჩერდა ორი მანქანა. მოეთრიეთო აქ,- უთხრეს მათ და მანქანაში ჩაჯდომა უბრძანეს. იგივე მითხრეს მეც... რა უნდა მექნა, ჩავჯექი. მიგვიყვანეს პოლიციის სამმართველოში..."

 

მისი თქმით, ჩხრეკა მის თვალწინ მოხდა, თუმცა, ჩხრეკისას, არც ჭოგრიტი ამოუღიათ და არც სარკე.

 

"ჩხრეკისას რომ ვერაფერი აღმოუჩინეს, უთხრეს: მაგნიტოფონს გააყოლებდით ახლა თქვენ ხელსო. არა, რა მაგნიტოფონიო და ერთმა ტირილი დაიწყო, რის შემდეგაც დაუწყეს ცემა და მათგან ითხოვდნენ აღიარებით ჩვენებას,"- აცხადებს მიგინეიშვილი.

  

 

დაკავების დროისა და ადგილის შესახებ იმავეს ამბობს მაღაზიის გამყიდველი ნატაშა სარიშვილი. მის მიერ ადვოკატისათვის მიცემული ჩვენებით, მაღაზიიდან, დაახლოებით 6 საათისთვის გასული სამი პიროვნება, მათ შორის, გიორგი მიგინეიშვილი პოლიციამ ჩაისვა მანქანაში და წაიყვანა.

 

დაკავებულების მეზობელი აკაკი ცინცაძე ამყარებს აღნიშნული ორი მოწმის ჩვენებას, რომელიც პოლიციის ვერსიას დამნაშავეთა ფაქტზე დაკავების შესახებ, ასევე იმთავითვე გამორიცხავს. სწორედ მეზობელმა დაინახა, როგორ გავიდნენ სალაყაია და ზიმბლიცკი დილის 6 საათისთვის სახლის სადარბაზოდან. მის მიერ ადვოკატისთვის მიცემული ჩვენებით, ის ამ დროს მორჩა ჩვეულებისამებრ ლოცვების კითხვას და აივანზე ნაგვის ასაღებად გავიდა.

 

"ნაგვის ჩატანას ვაპირებდი და აივანზე გავედი. იქ ყოფნისას შევნიშნე ჩემი მეზობლები: რამაზ სალაყაია და გიორგი ზიმბლიცკი, რომლებიც მიდიოდნენ "ლიბერთი ბანკის" მიმართულებით (აღნიშნული ბანკი მდებარეობს პოლიციელების მიერ დასახელებული დაკავების ადგილის საპირისპირო მხარეს, დაახლოებით 500 მეტრში-ავტ.), აღმაშენებლის ქუჩის მხარეს. მე მათი ნახვა არ გამკვირვებია, რადგან ვიცოდი, რომ ისინი თბილისში სამუშაოდ წასვლას აპირებდნენ. ამის შესახებ წინა დღით მამამისისგან შევიტყე,"- წერს ცინცაძე ჩვენებაში.

 

სახლიდან გასულ ახლგაზრდებს ავტოსადგურში ელოდა, ზიმბლიცკის ბიძა, თენგიზ ბართია. მისი ჩვენებით, დაახლოებით, 6 საათვისთვის მას დაურეკა გიორგი ზიმბლიცკიმ და უთხრა, რომ რამდენიმე წუთში, ის და რამაზი სახლიდან გამოვიდოდნენ. დაახლოებით ნახევარ საათში, დაგვიანების მიზეზის გასაგებად, ბართიამ დაურეკა მის დისშვილს, თუმცა, ტელეფონი გათიშული იყო.

 

ამის მერე მან დისშვილს სახლში მიაკითხა, სადაც უთხრეს, რომ ის რამაზ სალაყაისათან იყო, რის შემდეგაც სალაყაიასთანაც აკაკუნეს და არავინ გამოხედათ. ამ დროს ოჯახი უკვე პოლიციაში იყო.

 

ავტოსადგურში ლოდინსა და ზიმბლიცკისგან შემოსულ ზარებს ადასტურებს მგზავრი, ირაკლი ჩემინავა, რომლის თქმითაც, დაგვიანების მერე, მათ სახლში მიაკითხეს, მაგრამ ვერ იპოვეს. ოჯახმა და ახლობლებმა, ამ დროს მათი დაკავების შესახებ არაფერი იცოდნენ.

 

დაზარალებულების ჩვენება

 

დაზარალებული პეტრე გლუშკოვი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ დაახლოებით 4:20 წუთზე გაიგო მინის ჩამსხვრევის ხმა და აივნიდან გადახედვისას დაინახა, რომ მის მანქანასთან ვიღაცები იდგნენ.

 

"ჩემს შეძახილზე აღნიშნული პირები გაიქცნენ ჩემი ბინის უკან მდებარე 9-სართულიანი ბინისკენ, მე მათი სახეები არ დამინახავს. ცოლს ვუთხარი პოლიციაში დაერეკა, ხოლო თავად დაბლა ჩავედი. დაახლოებით 5 წუთში.

 

პოლიციის მუშაკებმა აღნიშნული პირები სად დააკავეს, მე არ მინახავს, მაგრამ ვნახე, რომ აღნიშნული პირები, რომლებიც იყვნენ ჩემს მანქანსთან გაიქცნენ ჩემი ბინის უკან მდგარი ბინისკენ. მე მათ დავედევნე, რა დროსაც გავიგე შუშის ჩამსხვრევის ხმა. შემდეგ აღნიშნულ ადგილზე ვნახე პოლიციელები, რომლებიც დაედევნენ ბოროტმოქმედებს, მე კი წამოვედი ჩემი მანქანისკენ. ვნახე, რომ უკანა კარის სამკუთხედი ფორმის ფანჯარა ჩამტვრეული იყო. მისი ღირებულებაა 100 ლარი. როდესაც მანქანა დავათვალიერე მოპარულია მანქანიდან "ტასკოს" ფირმის ჭოგრიტი. მისი ღირებულებაა 120 ლარი,"- წერს გლუშკოვი ჩვენებაში.

 

არავითარი მსხვრევის ხმა რომ არ გაუგია და არც პოლიციელების მიერ ვინმეს დაკავება უნახავს, ამას გლუშკოვი რამაზ სალაყაიას მამასთან პირად საუბარში ადასტურებს, რომელიც სალაყაიამ ფარულად ჩაწერა. გლუშკოვი ამბობს, რომ მას პოლიცია აიძულებდა დაეწერა, რომ ბიჭები ძარცვისას დაინახა და ამოიცნო, მაგრამ მან ეს არ გააკეთა, რის შემდეგაც მას დააწერინეს, რომ თითქოს შორიდან დაინახა, თუ როგორ დააკავეს გაქცეულები პოლიციელებმა.  

 

გლუშკოვის თქმით, ღამით არაფერი მომხდარა და მას სინამდვილეში, არავინ დაუნახავს, ხოლო დაკავებულები სამმართველოში პირველად ნახა. "არც ერთ მანქანასთან არავინ არ დაუჭერიათ...მე რომ მიმიყვანეს პოლიციელებმა ჩემს  მანქანასთან, უკვე დილა იყო და ამას მთელი ბინა ხედავდა. მანამდე მე არაფერი გამიგია. მანქანას მოტეხილი გვერდითა ხედვის სარკე დაზიანებული იყო... მხოლოდ ჩარჩო იყო, მას სარკე არ ქონდა"-აცხადებს გლუშკოვი ჩანაწერში. ის პოლიციაში დარეკვის ფაქტსაც უარყოფს.

 

მეორე დაზარალებულის, ოლეგ ბოხუას მიერ წინასწარი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში წერია, რომ სამსახურიდან ღამის სამ საათზე დაბრუნდა.

 

"დაახლოებით 3-4 საათში, როცა ეზოში ჩავიდა ნახა, რომ მანქანიდან დაკარგული იყო მარჯვენა გვერდითი ხედვის სარკე, მარცხენა სარკე ჩამოტეხილი იყო, ჩამტვრეული იყო უკანა კარის პატარა სამკუთხა  ფანჯარა".

 

მან იქვე მყოფი პოლიციის თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ მისი მანქანის გაქურდვისა და ფაქტზე ვინმე სალაყაიასა და ზიმბლიცკის დაკავების შესახებ.

 

–„დამხვდა მხოლოდ პოლიცია, არც დაკავებულები, არც ექსპერტ–კრიმინალისტი მათთან ერთად არ ყოფილან. დაკავებულები მე თვალად არ მინახავს. პოლიციამ მხოლოდ მათი გვარები მითხრა. მათაც ვუთხარი და ახლაც ვიმეორებ, არავითარი პრეტენეზია ამ ადამიანების მიმართ არც მქონია და არც მაქვს,“–აცხადებს ბოხუა. მან დაკითხვაზე განაცხადა, რომ ლარიც არ უღირდა ეს ყველაფერი, თუმცა, პოლიციამ დაკარგული და დაზიანებული ნივთები, ჯამში, 100 ლარად შეაფასებინა.

 

რატომ არ მიიღო სასამართლომ მოწმეთა ჩვენებები და რა დაარღვია სასამართლომ

 

ფოთის სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ, განაჩენთა შეკრებითობის პრინციპით, გიორგი ზიმბლიცკის 9 წელი და 6 თვე, ხოლო რამაზ სალაყაიას 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სალაყაიას განაჩენს 4-წლიანი პირობითი სასჯელი დაემატა, ჯამში - 14 წელი.

რევაზ ნადარაია

 

"...საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული შესაძლოა ჩადენილი ჰქონდეს ბრალდებულებს.... სასამართლო თვლის, რომ პროკურორის მიერ დასაბუთებულია პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა..."- წერია სასამართლოს განჩინებაში.

 

დაკავებულთა ოჯახის წევრები სასამართლოზე იმ მოწმეთა წარდგენას ამაოდ ცდილობდნენ.

 

სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუადგომლობა და ხუთივე მოწმე გააუქმა იმ მოტივით, რომ წინასასამართლო სხდომის გამართვამდე 5 დღით ადრე სასამართლოში, მხარის მიერ იმ მასალების მტკიცებულებად წარდგენა არ მომხდარა. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, მიხეილ შარაშიძე სტრასბურგისთვის გაგზავნილ საჩივარში განმარტავს, სასამართლომ მოწმეები კანონგარეშე და უსამართლოდ გააუქმა.

 

"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმა მართლაც ითვალისწინებს მტკიცებულებათა 5 დღით ადრე სასამართლოსთვის მიწოდების ვალდებულებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამავე ნორმაში (83-ე მუხლის, მე-6 ნაწილი) საუბარი არ არის ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის თაობაზე.

 

სს საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლი, მხოლოდ ერთ შემთხვევაში, მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იმ მომენტისათვის არსებული მასალის მხარისათვის სრული მოცულობით გადაუცემლობა ითვალისწინებს გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას. დაცვის მხარის მიერ, აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნა იქნა დაცული, შესაბამისად, ბრალდების მხარეს გადაეცა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რასაც პროკურორი ადასტურებს" - აცხადებს ადვოკატი. მისი მტკიცებით, თუკი საქმის წარდგენა დარღვევით მოხდა, უნდა დამდგარიყო ადვოკატის დაჯარიმების საკითხი და არა მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობა. 

 

დაკავებულის მამას, ზურაბ სალაყაიას ეჭვი აქვს რომ, მათი ოჯახის ადვოკატმა, ნიკოლოზ ათუნაშვილმა, სს კოდექსი შეგნებულად დაარღვია, რასაც სასამართლოს მხრიდან დაცვის მხარის მოწმეთა გაუქმება მოჰყვა, რის გამოც, ის ადვოკატს ეთიკის კომისიაში უჩივის და საქმისადმი არაპროფესიონალურად მიდგომასა და სასამართლოზე არასათანადოდ დაცვას ედავება.

 

სასამართლომ მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები და პროკურორ სერგო წულაიას შუამდგომლობა მიიჩნია უტყუარ მტკიცებულებად და

ფოთი, აღმაშენებლის #8; პოლიციის მიერ მითითებული დაკავების ადგილი.

გადაწყევტილებაც მათზე დაყრდნობით მიიღო.

 

სასამართლოს არ მოუთხოვია მობილური ოპერატორებისაგან სატელეფონო ჩანაწერების ამოღება, რომელიც იმ დილით 6-დან 7 საათამდე შუალედში ზიმბლიცკისა და ბართიას შორის შედგა. არც ლიბერთისა და საქართველოს ბანკების გარეხედვის ვიდეოკამერის ჩანაწერები მოუკითხავს, რასაც ქუჩაში მიმავალი ადამიანები უნდა აღებეჭდა. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ დაკავებულები სწორედ აღნიშნულ პერიმეტრზე მოძრაობდნენ. არც ხელის ანაბეჭდების არარსებობით დაინტერესებულა (საქმის მასალების მიხედვით, დაკავებულთა დაქტილოსკოპიური ანაბეჭდები, არც ერთ ნივთზე არ ფიქსირდება) და არც ექსპერტის მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალით დაინტერესებულა, რომელიც საქმეშიც არ მოხვდა.

 

"ეს ადასტურებს იმას, თუ როგორ დაირღვა ამ პიროვნებების მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება", - აცხადებს დაკავებულის მამა.

  

სალაყაიას პირველი მსჯავრიც ანალოგიურად დაუსაბუთებელია

 

სალაყაიას მამა აცხადებს, რომ პირველი გასამართლებისას მისი შვილი არასრულწლოვანი იყო.

 

"ძველი "კგბ"-ს შენობაში თურმე ძველი შიფრები ეწყო. ბიჭები ამ შენობაში მოსაწევად შესულან და ამ დროს დააკავა პოლიციამ თითქოს ისინი ამ შიფრის მოპარვას ცდილობდნენ. პროკურორი მაშინაც სერგო წულაია, ხოლო გამომძიებელი რომეო კვანტალიანი იყო. საპროცესო გარიგება შემოგვთავაზეს მაშინ, წინააღმდეგ შემთხვევაში, 7-წლიანი პატიმრობით გვემუქრებოდნენ.

 

ჩემი შვილი ტირილით მეხვეწებოდა, უდანაშაულო ვარ და არ გადაიხადოო. მაშინ ჩემს შვილს არ დავუჯერე, მეგონა უდანაშაულოდ არავის იჭერდენენ და 2 ათასი ლარი გადავიხადე და 4 წელიც პირობითი მისცეს. პოლიციამ იფიქრა, ფული მაშინ რომ გადავიხადე, ახლაც იმავეს გავაკეთებდი. უნდა დამეჯერებინა ჩემი შვილისთვის და ბოლომდე მებრძოლა მაშინაც"-აცხადებს ის.

 

ზურაბ სალაყაიას თქმით, მსჯავრდებულებს ბრალის არაღიარების გამო, პოლიციელები საქმის დამძიმებითა და მთელი ცხოვრება ციხეში ყოფნით დაემუქრნენ. სალაყაიასა და ზიმბლიცკის ოჯახები 2 წელია სამართალს დაეძებენ. მათ არაერთი წერილი გაუგზავნეს პრეზიდენტს, ქვეყნის მთავარი პროკურორს, სამხარეო პროკურორს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შს მინისტრს, სახალხო დამცველსა და ყველა ადამიანის უფლებათა დამცველ, სამართალდამცველ თუ მათ მაკონტროლებელ ინსტანციებს. ბოლოს, გამოძიებას დაზარალებულ გლუშკოვის ფარული ჩანაწერებიც წარუდგინეს, როგორც საქმეში აღმოჩენილი დამატებითი გარემოება, თუმცა, მათ მხოლოდ ის უპასუხეს, რომ ჩანაწერის გაკეთების უფლება არ ქონდათ.

 

ამჟამად, ოჯახი სტრასბურგის სასამართლოს მოლოდინშია. მანამდე კი, მსჯავრდებულები ქუთაისის #2 ნახევრადდახურული ტიპის საპყრობილეში იხდიან სასჯელს. ექს-მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ, "დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე", მსჯავრდებულების ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანაზე ოჯახებს უარი უთხრა.

 

 

 

 

დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის მიერ

 

 

 

გამოძიება
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED