საწვავი კოდური სახელწოდებით - „სიკვდილი!“

2012.06.29 ავტორი: ნინო ხაჩიძე

საქართველოში ევროსტანდარტებთან შეუსაბამო საწვავი ევროპულად საღდება და ევროპულ ფასადაც იყიდება.  საწვავის ამჟამად მოქმედ ხარისხს ქვეყანაში საქართველოს მთავრობის დადგენილება განსაზღვრავს. როგორც tspress.ge-მ გამოიკვლია, საქართველოში ევროპულად გასაღებულ საწვავში გარკვეული ოდენობით ტყვია აღმოჩნდა, რასაც საწვავის იმპორტიორები საგულდაგულოდ მალავენ, რადგან ევროპული ხარისხი ტყვიის შემცველობას გამორიცხავს.

2009 წლის 30 დეკემბრის, საქართველოს მთავრობის #259 დადგენილებით: „საქართველოში გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ქვეყანაში ევროპული ნორმების დანერგვის პროცესში აუცილებელია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვისაგან ატმოსფეროს დაცვისა და საწვავის ხარისხის საკითხების რეგულირება.“

 

თუმცა, მთავრობის მიერ იმპორტირებული საწვავისთვის დაწესებულ ნორმებს ევროპულ ნორმებთან საერთო არ აქვს, რადგან საქართველოში საწვავში დაშვებული ტყვიის შემცველობა, დიდი ხანია აკრძალულია ევროპაში.

 

ახალი ნორმების ამოქმედებას მთავრობა არ ჩქარობს და, შესაბამისად, ხარისხის სტანდარტი არ უმჯობესდება.

 

იმ ფონზე, როცა სახელმწიფო არ ზრუნავს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე და ამასთან საწვავის ბიზნესს უწესებს მაღალ გადასახადებს, ბუნებრივია, ფასი მუდმივად მაღალი იქნება, ხოლო ხარისხი შეუსაბამო.  ნავთობიმპორტიორები კი  საქართველოს ბაზარზე უფრო მაღალი სტანდარტისა და ხარისხის საწვავის შემოტანით თავს არ შეიწუხებენ.

 

საწვავის ხარისხი მომწოდებელ ქვეყნებში

 

ევროპაში საწვავის „ევრო 2“ სტანდარტი 1999 წელს აიკრძალა,  როდესაც ის „ევრო 3-მა“ ჩაანაცვლა. „ევრო 4“ სტანდარტი 2005 წელს დამკვიდრდა, ხოლო „ევრო 5“ 2009 წლიდან ამოქმედდა. 2000 წლიდან კი ევროკავშირში ტყვიის შემცველი საწვავის გაყიდვა კატეგორიულადაა აკრძალული, რადგან ტყვია გამონაბოლქვში შეუქცევადად ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას და აბინძურებს გარემოს.

 

მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან, აზერბაიჯანი საწვავის ევრო 3“ სტანდარტზე გადადის, ჯერჯერობით კი „ევრო 2“ სტანდარტით მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დიდი წილი ამ სტანდარტის საწვავი იყიდება.

  

საქართველოში მოქმედი ნავთობიმპორტიორების ნაწილი ირწმუნება, რომ მათ ქსელში ევროპიდან იმპორტირებული და ევროპული ხარისხის (EURO5) საწვავი იყიდება, რაც არ შეესაბამება სიმართლეს: საქართველოში იმპორტირებული არც ერთი სახეობის საწვავი არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტს და ამის უფლებას ნავთობიმპორტიორებს ოფიციალურად აძლევს სახელმწიფო. შესაძლოა, მიზეზი ის იყოს, რომ, მაგალითად, გასულ წელს ბიუჯეტმა, გადასახადების სახით, საწვავის სექტორიდან ნახევარ მილიარდამდე ლარი მიიღო (რაც მეტია ფასნამატი და კომპანიის მოგება, მით მეტია ბიუჯეტში შესული გადასახადების ოდენობაც).

 

ოფიციალური ვერსიით, საწვავის ხარისხის გამკაცრება საწვავს გააძვირებს, რაც საბიუჯეტო შემოსავლებს შეამცირებს. შესაძლოა, სწორედ ამის თავიდან აცილების მიზნით რთავს სახელმწიფო ნავთობიმპორტიორებს ნებას, რომ მავნე ნივთიერებების შემცველი საწვავი შედარებით დაბალ ფასად შემოიტანონ. თუმცა, რეალურად, ქართველ მომხმარებელს არაევროპული ხარისხის საწვავში ევროპული ფასის გადახდა უწევს.

 

წავავის ხარისხი საქართველოში

რატომ ემთხვევა „სოკარის“ „რეგულარისა“ და „ვისოლის“ „ევრორეგულარის“ პარამეტრები

 

როგორც ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა „ვისოლის“ „ევრორეგულარი“ და „სოკარის“ „რეგულარი“ თითქმის თანაბარი რაოდენობით ტყვიას შეიცავს. ტყვიის შემცველობა აღმოჩნდა „რომპეტროლისა“ და „ლუკოილის“ „ევრორეგულარშიც“, რაც ცალსახად  ნიშნავს, რომ საქართველოს ნავთობბაზარზე წარმოდგენილი „ევრორეგულარები“ ევროპულ სტანდარტს არ შეესაბამება, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში ტყვიის შემცველობა 2000 წლიდან კანონითაა აკრძალული.

 

„სოკარის" საწვავის გარდა, რომელსაც ორგანიზაცია "მონიტორინგი" ამოწმებს („სოკარისვე“ თანხმობით და სურვილით), არც ერთი კომპანია საწვავის შემადგენლობის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. ხოლო, ნავთობიმპორტიორების ოფიციალური ვებგვერდების მიხედვით, მათ ქსელებში არსებული საწვავი ევროპიდან იმპორტირებული და ევროპული ხარისხის - ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისია.

 

ამასთანავე, ყველა ნავთობიმპორტიორი კომპანიის საცალო ქსელში არსებული თითქმის იდენტური ფასები, რომელთაგან ზოგს მეზობელი აზერბაიჯანიდან შემოაქვს საწვავი, უმეტესობის მტკიცებით კი,  ევროპიდან, ბადებს ეჭვს, რომ ერთი და იმავე ხარისხის საწვავს ქართველი მომხმარებელი სხვადასხვა ფასად და ძვირად ყიდულობს.

 

„ვისოლის“"ლუკოილ ჯორჯიასა", და "რომპეტროლის" ოფიციალურ ვებ-გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია თითქმის იდენტურია, ისინი მომხმარებელს ევროკავშირის ქვეყნებიდან(იტალია, ბულგარეთი, რუმინეთი) იმპორტირებულ მაღალი ხარისხის ევროპულ საწვავს სთავაზობენ ხელმისაწვდომ ფასად.

 


პროდუქტის მახასიათებლები მხოლოდ „ვისოლის“ საიტზეა მითითებული, თუმცა იქ არაფერია ნათქვამი „ვისოლის“ „ევრორეგულარში“ ტყვიის შემცველობაზე, რაც საწვავის ევროპულობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია (და არც საიტზე მითითებული გოგირდის შემცველობა ემთხვევა ევროპაში გოგირდის შემცველობაზე დაწესებულ ნორმას).

 


„ვისოლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა, არა ერთი მიმართვის მიუხედავად, საწვავის ევროპულ ხარისხთან შესაბამისობის დამადასტურებელი ოფიციალური საბუთი არ გასცა.

 


„ლუკოილ ჯორჯიამ“  საკუთარ საიტზევე მითითებულ მწირ ინფორმაციაზე მიგვითითა, რომლის თანახმადაც, ტყვიის შემცველობა, არათუ მათ მიერ იმპორტირებულ „ევრორეგულარში“,  „სუპერსა“ და „პრემიუმშიც“ კი არის. „რომპეტროლის“ „ევრორეგულარში“ ტყვიის არსებობა, ამ კომპანიის ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელს არ უარყვია.

 

ნავთობპროდუქტების  ლაბორატორიის შედეგები– ვისოლი

ნავთობპროდუქტების ლაბორატორიის შედეგები– ვისოლი

tspress.ge-მ, "ვისოლის", "რომპეტროლისა" და "ლუკოილის" „ევრორეგულარის“ ტიპის საწვავში ტყვიის ზუსტი რაოდენობის დადგენის მიზნით, ლაბორატორიას  თავად მიმართა.

 

ლუკოილი

ლუკოილი

შპს „ავიასაწვავსერვისის“ – ნავთობპროდუქტების ლაბორატორიის დასკვნის მიხედვით, „ვისოლის“ „ევრორეგულარის“ სინჯში ტყვიის შემცველობა – 0, 00075- ერთეულია, „ლუკოილის“ ევრორეგულარში 0, 00041, „რომპეტროლის“ ერთ-ერთი ბენზინგასამართიდან აღებულ სინჯში კი – 0,00037 ერთეული.

 

რომპეტროლი

რომპეტროლი

საქართველოში დაწესებული ნორმით, ბენზინში ტყვიის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 0,005 ერთეულს, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში 2000 წლიდანაა აკრძალული ტყვიის შემცველი საწვავის გაყიდვა, ევროპიდან იმპორტირებულ საწვავში ტყვიის შემცველობა ნულის ტოლი უნდა იყოს.

 

საიდან ხვდება ტყვია ევროპიდან იმპორტირებულ საწვავში?


თბილისის ტენიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მზია ანდღულაძე განმარტავს, რომ ბენზინის ფრაქციაში ტყვია არ არის. ის ბენზინში გადამუშავების შემდეგ ხვდება და ამის მიზანი ოქტანური რიცხვის გაზრდაა: ოქტანობა ბენზინის თანაბრად წვისა და მანქანის უხმაუროდ მუშაობისთვისაა აუცილებელი, ამიტომაც საწვავს ტეტრაეთილტყვიას უმატებენ, რომელსაც ძალიან მაღალი ოქტანური რიცხვი გააჩნია და ამასთან ეკონომიურია. ევროკავშირის ქვეყნები ოქტანობის გასაზრდელად სიცოცხლისთვის უსაფრთხო ნივთიერებებით მეორად გადამუშავებას ამჯობინებენ, რაც გაცილებით ძვირი ღირს, მაგრამ ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში არაა.

 

კომპანია „სოკარის“ საწვავის ხარისხობრივი შემოწმების შედეგები სასერტიფიკაციო ორგანომ „მონიტორინგმა“ 2012 წლის მაისის დასაწყისში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ტყვიის შემცველობა „სოკარის“ „რეგულარში“- 0,0008-0,0010 ერთეულია, რაც იმას ნიშნავს, რომ „სოკარის“ "რეგულარსა" და „ვისოლის“ „ევრორეგულარში“ ტყვიის შემცველობა, დაახლოებით, ერთნაირია („სოკარის“ „რეგულარში“ – 0,0008 ერთეული, „ვისოლის“ „ევრორეგულარში“ – 0,00075 ერთეული), რაც აღრმავებს ეჭვს, იმის შესახებ, რომ „ვისოლის“ ქსელში "სოკარის" საწვავი იყიდება (და ეს ორი ტიპის საწვავი ერთმანეთისგან მხოლოდ ფასით განსხვავდება) ან ის, შესაძლოა, იყოს ევროპიდან იმპორტირებული, ოღონდ – არა ევროპული ხარისხის.

 

„რომპეტროლში“ მათ ქსელში არსებულ „ევრორეგულარში“ ტყვიის შემცველობა შემდეგნაირად ახსნეს: „საქართველოში არ არის კატეგორიული მოთხოვნები ხარისხთან დაკავშირებით, ამიტომაც, როდესაც საქართველოში შემოსატანი ბენზინი შედის წარმოებაში, მისი გადამუშავებისას არ ხდება ისეთი მკაცრი პირობების დაცვა, როგორიც ხდება იმ ბენზინის დამუშავებისას, რომლებიც სხვა ქვეყნებში შეგვაქვს.“

 

მართალია, სხვა კომპანიების „ევრორეგულარებთან“ შედარებით, „რომპეტროლის“ „ევრორეგულარში“ ტყვია ყველაზე ნაკლები რაოდენობითაა, მაგრამ ვერც ის აკმაყოფილებს ევროპულ ხარისხს (ევროკავშირისა და ევროპის საზღვრები ერთმანეთს თითქმის ემთხვევა და, რაც მთავარია, ქართველ ნავთობიმპორტიორებს საწვავი სწორედ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შემოაქვთ). ამდენად, საქართველოში შემოტანილი საწვავი უბრალოდ ნამყოფია ევროპაში, თორემ ევროპულ ხარისხთან მას სხვა არაფერი აკავშირებს.

 

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, „რეგულარის“ ტიპის ბენზინის მოხმარებას საქართველოს ბაზრის 80-პროცენტი უჭირავს. აქედან გამომდინარე, თუ რა მძიმე ეკოლოგიური ვითარება იქნება ქვეყანაში, განსაკუთრებით თბილისში, ნათელია.

 

ბენზინის ფასები დსთ-ისა და ევროკავშირის ქვეყნებში


არადამაკმაყოფილებელი ხარისხის მიუხედავად, საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ბენზინის სიძვირით ერთპიროვნული ლიდერია, რადგან ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 1,5 $-მდეა, შემდეგ ადგილზეა მოლდოვა, მესამეზე – უკრაინა 1,26 $-იანი ფასით. მეზობელ სომხეთში ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 90 ცენტიდან 1,04 $-მდე მერყეობს, აზერბაიჯანში კი – 0,48$-ია.

 

ევროკავშირის ქვეყნებში ბენზინი პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე უფრო ძვირი ღირს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროკავშირის საწვავი მეორადად გადამუშავებული და ხარისხიანია, ამასთან, იქ ცხოვრების დონეც მაღალია და უმუშევრობაც – დაბალი.

 

ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბენზინზე (EURO95, ანუ ტყვიის გარეშე ბენზინზე) ყველაზე მაღალი ფასი ნიდერლანდებშია(http://www.energy.eu/), სადაც ერთი ლიტრი ბენზინი 1,79 ევრო ღირს (გასული წლის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე იქ 50 355 აშშ დოლარ იყოა). ყველაზე იაფი ბენზინი კი ესტონეთშია – ერთი ლიტრი 1,285 ევრო (შარშანდელი მონაცემებით, ესტონეთში მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტი 16 583 აშშ დოლარი იყო).

 

ლუქსემბურგში, სადაც ნავთობპროდუქტები, საქართველოს მსგავსად, თითქმის მთლიანად (97 %)  იმპორტირებულია, ერთი ლიტრი ბენზინი 1, 374 ევრო ღირს, (ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე 113  533 აშშ დოლარია).

 

საქართველოში, გასული წლის განმავლობაში საქართველოში ტყვიის შემცველი EURO95-ის ბენზინის საშუალო ფასი 2,21 ლარი (დაახლოებით, 1 ევრო) იყო, ხოლო იმავე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობა მოსახლეობის ერთ სულზე 3 200 აშშ  დოლარს შეადგენდა,  რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონე ლუქსემბურგელებისას 35-ჯერ ჩამორჩება, ხოლო ბენზინის ფასით – მხოლოდ უმნიშვნელოდ. თან ლუქსემბურგში ევროკავშირის ხარისხის, „ევრო 5“ სტანდარტის ბენზინი იყიდება, საქართველო გაურკვეველი წარმომავლობის„ევრო 2“ სტანდარტის შესაფერის ბენზინს მოიხმარს. 

 

მაღალი ფასების მიზეზები


ზოგადად, საერთაშორისო ექსპერტები სხვადასხვა ქვეყანაში საწვავის ფასის განსხვავებულობას იმ ქვეყნებში არსებულ საგადასახადო რეჟიმებსა და იმპორტის მოცულობას უკავშირებენ.

 

ექსპერტი ლადო პაპავა საქართველოში საწვავის მაღალ ფასს კარტელურ გარიგებებს უკავშირებს და მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი ნათლად ჩანს იმ საფასო პოლიტიკით, რომელსაც სხვადასხვა ფირმები ერთსა და იმავე სექტორში ატარებენ. „ეკონომისტები ოლიგოპოლიას უწოდებენ, როდესაც ერთდროულად რამდენიმე ფირმა მოღვაწეობს მოცემულ ბაზარზე და, მათ შორის, არის შეთანხმებული ქმედება. საქართველოში რამდენიმე ბაზარი ამ პრინციპითაა ჩამოყალიბებული და ეს განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ნავთობპროდუქტების ბაზარზე.“

 

"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი ლევან იზორია განმარტავს, რომ საწვავის ბიზნესში არის 5 კომპანია, რომლებიც ერთიან ფასებს აწესებენ და ინარჩუნებენ.   მისი თქმით, სუბიექტებს შორის ერთიანი საბაზრო ფასის დაწესება სს კოდექსის 195-ე მუხლითაა აკრძალული, ხოლო არაერთგზის და ჯგუფურად განხორციელების შემთხვევაში კი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4-წლამდე.

 

„სოკარის“ კომერციული დირექტორის, ვარშან მამედოვის, განმარტებით,  საქართველოს ყველა ნავთობიმპორტიორი კომპანიის ბენზინგასამართ სადგურზე ერთსა და იმავე ფასს განაპირობებს ის ფაქტი, რომ ყველა ნავთობიმპორტიორი საწვავს საერთაშორისო ფასით ყიდულობს და იხდის ერთნაირ გადასახადებს.

 

ოღონდ გაურკვეველია, რატომ ღირს „სოკარის“ მიერ რკინიგზით ერთ დღე-ღამეში შემოტანილი საწვავი, თან „ევრო 2“ სტანდარტის, იგივე ფასი, რაც სხვა ნავთობიმპორტიორების მიერ გაცილებით ძვირად ღირებული გზით ტრანსპორტირებული თითქოს „ევრო 5“ სტანდარტის საწვავი?!

 

საწვავის ბაზარზე კარტელური გარიგებების არსებობას ნავთობიმპორტიორი კომპანიებიც უარყოფენ და ნავთობიმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარეც. მათი ლოგიკით, ყველა კომპანიის ბენზინგასამართ სადგურზე ერთი და იგივე ფასი კონკურენციისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპებით მოქმედების შედეგია.

 

ბიუჯეტის შემოსავალი საწვავის ბიზნესიდან


„საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მიხედვით, ნავთობიმპორტიორი კომპანიები იხდიან: საშემოსავლოს, მოგების,  დამატებითი ღირებულების, საბაჟოსა და აქციზის გადასახადებს. ამის პარალელურად, რადგან საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანიები საწვავზე საერთაშორისო, ეგრეთ წოდებული პლაცის ფასით მუშაობენ.

 

„საქსტატის“ მონაცემებით, 2011 წელს საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფად კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები რჩება,  რომლის იმპორტმა 894 მილიონი აშშ დოლარი და მთელი იმპორტის  13 პროცენტი შეადგინა. კონკრეტულად, აზერბაიჯანიდან გასულ წელს 341 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 356 082 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა. იმავე წელს „სოკარმა“, რომელიც  ქართული ბაზრის 40 %-ს ამარაგებს საწვავით, საქართველოს ბიუჯეტში გადასახადების სახით დაახლოებით, 198 მილიონამდე ლარი შეიტანა

 

თუკი „სოკარის“ საბიუჯეტო შენატანი ამდენია, ბაზრის დანარჩენ 60%-იან სეგმენტში მოქმედი ნავთობიმპორტიორების მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხა, პროპორციულად, 297 მილიონი ლარი უნდა იყოს. საერთო ჯამში კი, ნავთობიმპორტიორებს საქართველოს ბიუჯეტში გასულ წელს 495 მილიონი ლარი უნდა შეეტანათ.

 

თავდაპირველ და გასაყიდ ფასს შორის სხვაობა


გასულ წელს, აზერბაიჯანიდან საქართველოში 341 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 356 082 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა. ესე იგი, ერთი ტონა საწვავის ფასი, საშუალოდ, 958 აშშ დოლარი იყო, ერთი ლიტრი ბენზინის ფასი  კი, შესაბამისად, 0,74 აშშ დოლარი.

 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, შარშან ლარის საშუალო კურსი დოლართან მიმართებაში, 1,7 ლარი იყო. ანუ ერთი ლიტრი „სოკარის“ „რეგულარის“ საშუალო თავდაპირველი ფასი, როდესაც მან საქართველოს საზღვარი გადმოლახა, 1,25 ლარს შეადგენდა.

 

„საქსტატის“ მიერ საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტისთვის მიწოდებული ინფორმაციით (სამწუხაროდ, „საქსტატის“ ოფიციალურ საიტზე ეს ინფორმაცია საჯარო არ არის), გასულ წელს „რეგულარის“ ტიპის საწვავის საშუალო ფასი 2,0823 ლარს შეადგენდა (ანუ თავდაპირველ და გასაყიდ ფასებს შორის სხვაობა 0,83-ლარი იყო).

 

საქართველოზე გაცილებით იაფი ღირს საწვავი სომხეთში, რასაც ნავთობიმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე შემდეგნაირად ხსნის: „სომხეთში საწვავის მოქმედებს მხოლოდ 12 %-იანი საბაჟო გადასახადი, აქციზის ღირებულება საქართველოში 250 ლარია, სომხეთში – კი   ამის ნახევარი.“ 

 

ლადო პაპავა დარწმუნებულია, რომ საქართველოში საწვავზე ფასების შემცირების რესურსი არსებობს, მაგრამ მთავარ წინაღობად სახელმწიფოს დაუინტერესებლობა მიაჩნია. „სახელმწიფოს არ არის დაინტერესებული საწვაზე ფასების შემცირებით, იმიტომ რომ ნავთობიმპორტიორი კომპანიები აფინანსებენ სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა ღონისძიებას.“

 

თავისუფალი კონკურენცია თავისთავად გამოიწვევდა საწვავის ფასების შემცირებას, რაც, ექსპერტთა თქმით, მხოლოდ მსხვილ ნავთობიმპორტიორებს  შეუმცირებდა შემოსავალს (ოღონდ გააჩენდა ახლებს) და გაზრდიდა საწვავის მოხმარებას, ანუ ბიუჯეტი შემოსავალს არ დაჰკარგავდა. საწვავის ხარისხის გაუმჯობესების ერთადერთი გზა კი სახელმწიფოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაა: სანამ საწვავის სტანდარტი დაბალია, არც ერთი ნავთობიმპორტიორი არ შეიწუხებს თავს საკუთარი ინიციატივით ხარისხიანი და ევროსტანდარტების საწვავის შემოტანაზე.

 

ჯერჯერობით კი, ნავთობიმპორტიორი კომპანიების მუშაობით ყველაზე მეტად სახელმწიფო რჩება მოგებული. ერთადერთი წაგებული მხარე მომხმარებელია, რომელსაც, ჯერ ერთი, არაგონივრული ფასის გადახდა უწევს საწვავში, რაც მას პარალელურად უძვირებს პირველადი მოხმარების პროდუქტებს; მეორე – მას ატყუებენ, რადგან არაევროპული სტანდარტის საწვავს ევროპულის ფასად აწვდიან და, რაც მთავარია, მოსახლეობას შეუქცევადად უზიანდება ჯანმრთელობა, რადგან საქართველოში საწვავის ხარისხთან შეუსაბამოა.

 

 







Funded through Democracy Commission Small Grants Program, the U.S. Embassy in Georgia


 

 

გამოძიება
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED