პოლიციის კიდევ ერთი მსხვერპლი?! [video]

2012.04.13 ავტორი: პაატა ლაგვილავა სოფო ხუბულავა

24 წლის ბადრი ტაბიძის მკვლელობაში ოჯახი პოლიციას ადანაშაულებს.

ცემისგან მიყენებული ტრავმებით ბადრი ტაბიძეს ზუგდიდის საავადმყოფოში 3 თვის განმავლობაში მკურნალობდნენ.

გარდაცვალების დღეს, ავადმყოფი დამ ცოტა ხნით პალატაში დატოვა, უკან მობრუნებულს კი ექიმებმა მას ძმის გარდაცვალება აცნობეს.

ტაბიძეები მიიჩნევენ, რომ ბადრის გამოჯანმრთელების და ალაპარაკების შიშით, პოლიციამ ის გაგუდა.

დეიდის სახლიდან - საავადმყოფომდე


2012 წლის 1 იანვარს, 19 საათისთვის, ბადრი ტაბიძე დეიდის სახლიდან (სოფელი ოდიში) ნასვამი გავიდა და 23:30-სთვის საავადმყოფოს საოპერაციო განყოფილებაში ნაცემი აღმოჩნდა.

 

ახალი წლის მოსალოცად დეიდასთან მისულმა ბადრი ტაბიძემ, ოჯახში რამდენიმე ჭიქა ღვინო დალია. ნასვამ მდგომარეობაში მყოფს, დეიდამ - ნუნუ გადელიამ დარჩენა სთხოვა. უარის მიღების შემდეგ, დეიდამ ის დაახლოებით ნახევარი კილომეტრი ფეხით გააცილა, რის შემდეგაც ტაბიძე სახლისკენ მარტო გაემართა.

 

ტაბიძე ახლობლებმა მხოლოდ მეორე დღეს საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში აღმოაჩინეს.

 

გარდაცვლილის დედა, ქეთო გადელია ამტკიცებს, რომ მისი შვილი პოლიციამ გზაში აიყვანა, სამმართველოში სცემა და  ცოცხალმკვდარი იმავე გზაზე მიაგდო.

 

- „საიდანაც ბადრი სასწრაფომ წაიყვანა, სისხლის არანაირი კვალი არ იყო. ის ჯერ სხვაგან სცემეს, შემდეგ კი, იმ ადგილას დააგდეს“,-ამბობს გარდაცვლილის დეიდა.

 

ტაბიძის დიაგნოზი სტაციონარში მოთავსების დროს

ტაბიძის დიაგნოზი სტაციონარში მოთავსების დროს

ტაბიძის ოჯახის ეჭვებს პოლიციასთან მიმართებაში ის ფაქტიც აღრმავებს, რომ ბადრი ტაბიძე საავადმყოფოში „უცნობ მამაკაცადაა“გატარებული, როცა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები მას თან ჰქონდა. მისი საბუთები, პირად ნივთებთან ერთად, პოლიციამ მეორე დღეს მიუტანა ოჯახს, რომელიც ეჭვობს, რომ ბადრი ტაბიძე სამმართველოში ყავდათ მიყვანილი:

 

-„თუ სასწრაფომ წაიყვანა ჩემი შვილი, საიდან აღმოჩნდა პოლიციაში მისი საბუთები? და თუ მას საბუთები თან ჰქონდა, რატომ გაატარა საავადმყოფომ ის „უცნობ მამაკაცად?!“ -აცხადებს გარდაცვლილის დედა.

 

გამოჯანმრთელებული ავადმყოფის ბურუსით მოცული სიკვდილი

 

ბადრი ტაბიძე ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის სამედიცინო ცენტრში სამი თვე იწვა, აქედან ერთი თვე რეანიმაციულ განყოფილებაში, ორი თვე - პალატაში. მკურნალი ექიმები ოჯახს მის გამოჯანმრთელებას ულოცავდნენ. პაციენტი თვალებისა და კიდურების მოძრაობას ახერხებდა. ექიმები მის გაწერას მალე გეგმავდნენ, თუმცა, ტაბიძე მოულოდნელად, იმ დროს გარდაიცვალა, როცა და 20 წუთით პალატიდან გავიდა.

 

ვიდეო [ბადრი ტაბიძე რეანიმაციაში და პალატაში]


 

დედა ეჭვობს, რომ პოლიციამ ან ვინმე მოისყიდა, ან თვითონ შევიდა და მისი შვილს სწორედ სასუნთქი მილი გადაუკეტა და გაგუდა. (პაციენტს ტრაქეოსკოპული მილი ედგა).

 

ბადრი ტაბიძე

ბადრი ტაბიძე

-„ბადრი უკვე კარგად იყო, როცა ვეკითხებოდით: შენს ტოლებთან იუზრდელე და მაგიტომ გცემა ვინმემო? რეაქცია არ ჰქონდა. პოლიციამ გაგიკეთა რამეო, რომ ვკითხავდი, იძაბებოდა, ხელებს კუმშავდა და მაგრძნობინებდა რაღაცას... ის მალე უნდა გაეწერათ, ამიტომაც მოკლეს. ჩემი გოგო რომ გავიდა, ვიღაცამ სასუნთქ მილს რაღაც დააფარა და გაგუდა.“

 

გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი, ბოლო დღეებში, ბევრად უკეთესად იყო და ანალიზებიც კარგი ქონდა.

 



ვიდეო [ქეთო გადელია (ტაბიძის დედა) და  ნუნუ გადელია (დეიდა)]



საავადმყოფოს დუმილი

 

ტაბიძის ოჯახის ცნობით, რეანიმაციაში მისი მკურნალი ექიმი სულხან ორჟონია იყო. tspress.ge-მ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოახერხა მასთან დაკავშირება. ის თავდაპირველად ინტერვიუზე დაგვთანხმდა, თუმცა, რამდნიმე წუთში თავად დაგვიკავშირდა და განგვიცხადა, რომ ინტერვიუს მიცემის უფლება არ აქვს და პრესსამსახურთან დაკავშირება გვირჩია.

 

სამედიცინო ცენტრის მფლობელი კომპანია „ალდაგი ბისიაის“ პრესამსახურის უფროსი, მაია ივიჩკო, ტაბიძის თემაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

 

ბადრი ტაბიძის პალატის მკურნალი ექიმი, მაია მალანია სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ პაციენტის მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდიოდა და მის უეცარ გარდაცვალებას ვერ ხსნის:

 

-„კომიდან გამოსული იყო... ეგრე რომ არ ყოფილიყო, პალატაში არ გადავიყვანდით. იყო სოკოროზულ (მდგომარეობა, როცა ტვინი გათიშულია და პაციენტი კონტაქტური არაა) მდგომარეობაში, მაგრამ მერე რა მოხდა არ ვიცი... ჩვენ, რომ მოვედით ავადმყოფი გარდაცვლილი იყო, ჩავუტარეთ რეანიმაცია, მაგრამ ვერ გადავარჩინეთ“,- ამბობს ის.

 

ექიმის ვარაუდით, სიკვდილის მიზეზის დადგენა მხოლოდ ექსპერტიზას შეუძლია.

 

ვიდეო [ექიმის კომენტარი]


 

გარდაცვლილს ექსპერტიზა ქუთაისში ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩაუტარდა. ოჯახი პასუხს ოჯახი უახლოეს დღეებში ელოდება. ოჯახი დასკვნას არ ენდობა, მაგრამ მას დამოუკიდებელი ექსპერტიზისთვის თანხები არ გაააჩნია, რადგან  აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს მკურნალობის ხარჯები - 30 ათას ლარზე მეტი - საავადმყოფოსთვის დასაფარი აქვს.

 

ოჯახის პროტესტი და პოლიციის მუქარა

 

ბადრი ტაბიძის ახლობლებს, პროტესტის ნიშნად, მიცვალებულის დაკრძალვის დღეს, 4 აპრილს, ცხედრის ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობასთან დასვენება სურდა, თუმცა, როგორც გარდაცვლილის დედა ამბობს, დილიდან პოლიციელები მივიდნენ და „უარესის გაკეთებით“ დაუმუქრნენ:

 

-„ჩვენებისთვის უთქვამთ, უარესს გიზამთო... ბიჭებს დავიჭერთ და მძღოლებს დავაჯარიმებთო. მთელი დღე იქ იყვნენ მობილიზებული...“

დედის და დეიდის თქმით, დაკრძალვის დღეს, ბადრი ტაბიძის ცხედარს გადაცმული პოლიციელები ტაქსებითაც კი მიყვებოდნენ და სიტუაციას აკონტროლებდნენ.

 

-„ჩემი შვილი დაღუპეს და იმის შიშით, რომ სხვის შვილებს არაფერი დამარნთოდა, იმ დღეს, პოლიციასთან ცხედარი ვერ დავასვენეთ“, - ამბობს გარდაცვლილის დედა.

 

-„თუ პოლიცია დამნაშავე არ არის და არ ეშინია, ასე რატომ იქცევა?“  - სვამს კითხვას ტაბიძის დედა.

 

პოლიციის კომენტარი


ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, ლევან ქირიამმ Tspress.ge-ს კითხვები, სამმართველოს სხვა თანამშრომლების მსგავსად, უპასუხოდ დატოვა.

 

Tspress.ge ტაბიძის საქმესთან დაკავშირებით, შსს–ს ანალიტიკური სამსახურის უფროსს, შოთა უტიაშვილს დაუკავშირდა, თუმცა, მან სხავ საქმის მომიზეზებით, პრესსამსახურთან გადაგვამისამართა: „არ მცალია, სხვა საქმე მაქვს და პრესსამსახურს მიმართეთ“, -განაცხადა მან.

 

Tspress.ge  შსს-ს პრესცენტრის უფროსთან, ზურაბ გვენეტაძესთან იმის გარკვევას  შეეცადა, თუ საიდან აღმოჩნდა ტაბიძის პირადობის მოწმობა და პირადი ნივთები პოლიციაში სასწრაფომდე ადრე:

 

ზ.გ.-საბუთები იმიტომ აღმოჩნდა პოლიციაში, რომ გამოძახებული იყო პოლიციაც და სასწრაფო დახმარებაც, პოლიციამ ხომ უნდა დაიწყოს მოკვლევა, ამიტომაც ამოიღეს.

 

-მაგრამ ის საავადმყოფოში გატარებული იყო, როგორც „უცნობი მამაკაცი“.

 

ზ.გ.-სწორედ ამიტომ, იყო საბუთები და ტელეფონი ამოღებული (ტაბიძის ოჯახის თქმით, მას მობილური ტელეფონი არ ჰქონდა, დავალიერების ოქმის მიხედვით, ტაბიძეს 6 ლარი და 20 თეთრი, პირადობის მოწმობა, საქართველოს პასპორტი აღმოაჩნდა-ავტ).

 

-ბატონო ზურაბ, ამ ოჯახს უნდოდა, რომ მიცვალებული პროტესტის ნიშნად პოლიციასთან დაესვენებინა, შემდეგ მათთან მოვიდა სამმართველოს უფროსი ლევან ქირია და ოჯახი დააშინეს.

-......

აღნიშნული კითხვის მოსმენისთანავე, გვენეტაძემ ტელეფონი გათიშა და ამის შემდეგ ზარებს აღარ უპასუხა.

 

 

ვიდეო [პოლიციის კომენტარი]



დადუმებული მოწმე და საქმის ბუნდოვანი დეტალები 


ტაბიძის საქმეში ერთადერთი მოწმე  - ზამირა როგავა ფიგურირებს. უცნობი მამაკაცი 1 იანვრის ღამეს გზაზე მიგდებული სწორედ მან ნახა და სასწრაფოს დაურეკა. მოწმე სხვა დეტალებს ოჯახს არ უმხელს და ეუბნება, რომ მასთან ამ თემაზე საუბარი აღარ გაბედონ.

 

როგავა სკოლის მანდატურია და სოფელ გრიგოლიშში ცხოვრობს. ტაბიძეების ოჯახი მიიჩნევს, რომ როგავას მათთან საუბარი საქმის გამომძიებელმა აუკრძალა.

 

მობილური ტელეფონი კი, რითაც ტაბიძეები მას ადრე უკავშირდებოდნენ, გამორთულია.

 

ბადრი ტაბიძის მამიდაშვილი პაატა ბულისკირია, მოწმე როგავასთან დაკავშირებით, ერთ ფაქტს იხსენებს:

 

-„იმ დილას, როცა ბადრი გარდაიცვალა, ქალაქში ვიყავი გასასვლელი, გრიგოლიშის „მარშუტკაში“ ავედი. ვიღაც (ზამირა როგავა-ავტ) საუბრობდა, ის ბიჭი, მე რომ ვნახე, წუხელ გარდაცვლილაო. პროზექტურაში ჰყოლიათ ქუთაისში გადასვენებულიო. სად ყავდათ მიცვალებული, ჩვენ არ ვიცოდით და ამ გოგომ საიდან გაიგო-თქო და ვკითხე, ვინ უთხრა. გამომძიებელმა, ანზორ როგავამო. იმავე ღამით რატომ ჩაუკაკლა გამომძიებელმა მოწმეს ეს ამბავი?“- სვამს კითხვას ბულისკირია.

 

როგორც ის ამბობს, ამ კითხვით, იქვე ზამირა როგავასაც მიმართა, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა: „ამ საკითხზე არაფერი მკითხოთო.“

 

ბადრი ტაბიძის ოჯახმა საქმის ობიექტური გამოძიების თხოვნით, შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართა. უწყებამ საპასუხო წერილი და საქმის ობიექტურად გამოძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელ როლანდ ახალაიასა და შს სამინისტროს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროს ლევან ქირიას დაავალა.

 

საქმეს 2012 წლის 2 იანვრიდან ზუგდიდის პოლიციის ნარაზენის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი ანზორ როგავა იძიებს. „გამომძიებელი ზეწოლის ქვეშაა“, -  ამბობს გარდაცვლილის დედა და საქმის ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვს.

 

-„გამომძიებელმა მითხრა, შენი საქმე ჩემთვის ისეთივეა, როგორც ცული კისერთანო“,- ამბობს გარდაცვლილის დედა.

 

ოჯახის ამჟამინდელი მდგომარეობა


ბადრი ტაბიძეს მეუღლე და 5 წლის ქალიშვილი დარჩა. ოჯახს შვილის მკურნალობის ვალი ჯერ ჯიდევ გადასახდელი აქვს. გალის რაიონ სოფელ აჩიგვარადან დევნილმა ტაბიძეების ოჯახმა გაყიდეს ყველაფერი, რაც იყიდებოდა. თბილისში, დევნილთა საერთო საცხოვრებელში მათ ფართს, უკვე სამი თვეა, უშედეგოდ აწერია: „იყიდება“. თანხის უქონლობის გამო, ოჯახი იძულებული გახდა მიცვალებული ზუგდიდში, დეიდის სახლიდან დაეკრძალა.

 

-„ობლები ძლივს გამოვზარდე, რაღაცას მივაღწიეთ და ახლა ისევ ობოლი მყავს გასაზრდელი. აი, რა დღეში ჩამაგდო პოლიციამ“, - ამბობს ბადრი ტაბიძის დედა.

 

 

P.S. გარდაცვლილის ფოტო და ვიდეომასალა ქვეყნდება ოჯახის ნებართვით. tspress.ge-აღნიშნულ თემაზე მუშაობას აგრძელებს და საქმის გარშემო ახალ დეტალებს, დაუყოვნებლივ მოგაწვდით.

 

 

 

 



გამოძიება
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED