ფოთის მერის სამმაგი კომბინაციური სვლა

2012.02.20 ავტორი: იზა სალაყაია

ჟურნალისტური გამოძიება

 

ფოთის მერის, ვახტანგ ლემონჯავას სახელს ფოთში ბევრი ჩამორთმეული საკუთრება უკავშირდება. საკუთრებათა  ჩამორთმევა, ხშირ შემთხვევაში, კანონმდებლობის უხეში დარღვევით მოხდა. მერმა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით,  ერთ მესაკუთრეს ქონება ჩამოართვა, ხოლო მეორეს, ის სხვის ფართში გაუცვალა.

საკუთრების დემონტაჟის პროცესი

საკუთრების დემონტაჟის პროცესი

ფოთის მერმა, გასული წლის ივნისში, კუნძულის უბნის ხიდის ქვეშ განთავსებული ორი მაღაზიის დემონტაჟი, მეპატრონეებს იურიდიული საფუძვლის გარეშე მოსთხოვა და ეს, სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის აუცილებლობით ახსნა. კეთილმოწყობის გეგმა ან რაიმე პროექტი, მერიამ tspress.ge-ს ვერ წარუდგინა.

 

ორი მაღაზიიდან ერთ-ერთი ანჟელა ფხაკაძეს, მეორე კი, კერძო სამართლის იურიდიულ პირს – „მონადირეთა და მეთევზეთა საზოგადოებას“ეკუთვნოდა.

 

მერი პროცესს თავად ხელმძღვანელობდა. მესაკუთრეთა განცხადებით, ის მათ დაჭერითაც ემუქრებოდა.

 

მონადირეთა და მეთევზეთა მაღაზია, მესაკუთრეს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის შეთავაზების გარეშე დაუნგრიეს.

 

მეორე მაღაზიის მესაკუთრემ, ანჟელა ფხაკაძემ კი, საკუთარი უფლებების დაცვა გადაწყვიტა და კანონით განსაზღვრული კომპენსაცია, ან ალტერნატიული ფართი მოითხოვა.



მუქარიდან დათმობამდე 

 

ანჟელა ფხაკაძე საკუთარ მაღაზიასთან

ანჟელა ფხაკაძე საკუთარ მაღაზიასთან

ქალაქის მერმა ფხაკაძეს დემონტაჟისთვის ერთი დღე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეუღლის დაჭერით, ობიექტისთვის კი „ტრაქტორის გადავლით“ დაემუქრა.

 

-„ხვალ დანგრეული იყოს, თორემ ტრაქტორი მოვა და გადაუვლისო. მისმა თანმხლებმა პირებმა გვითხრა, ვერაფრის გამოტანას ვერ მოასწრებთო,“- ამბობს ფხაკაძე, რომელსაც კერძო საკუთრების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი გააჩნდა, რომელიც მან მერს პირადად წარუდგინა.

საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი

საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი

 

-„ მერმა მითხრა, დაგიჭერ და პოლიციაში ჩაგსვამო", – განაცხადა მესაკუთრის მეუღლემ. 

 

 

 

 

 

ფხაკაძემ, კანონით გათვალიწინებულ კომპენსაციაზე უარის მიღების შემდეგ, შენობის დანგრევის სამართლებრივი საფუძველი მოითხოვა, რაც მერმა ვერ წარუდგინა.


მერის პოზიცია


-„რიონის სანაპიროზე არ უნდა იყოს მეორადი ტანსაცმლის მაღაზია. ეს არის ამ ქალაქის კუთვნილება, საზოგადოებრივი დასვენების ადგილია, ვიღაცებმა თავის დროზე სანაპირო კაპიკებში რომ გაყიდეს, ეს არ იყო სწორი,“ - განაცხადა დემონტაჟის პროცესის დროს, ადგილზე მყოფმა ქალაქის  მერმა.

 

მისი თქმით, კომპენსაცია არ გაიცემა, რადგან მესაკუთრეებმა ის უკანონო გარიგების საფუძველზე  შეიძინეს.

 

–„სახლში, რომ წაეღო 100 დოლარი, ნებისმიერ რაღაცაზე აქვს ხელი მოწერილი სევერიან შენგელიას (მშენებლობისა და არქიტექტურის ყოფილი უფროსი-ავტ),“–  აცხადებს ლემონჯავა, მაგრამ "გამსხვისებლის" პასუხისმგებლობას, მისივე თქმით, "მტკიცებულებების არქონის გამო" არ ითხოვს, თუმცა, საქმის გამოძიებისათვის არც სამართალდამცავებს მიმართავს.

მტკიცებულებების არქონის მიუხედავად, ის სასამართლოსა და პროკურატურის ფუნქციას თავად ითავსებს და ასკვნის, რომ უკომპენსაციოდ დემონტაჟის ძირითადი საფუძველი „ქონების ქრთამით შეძენაა“.                                        

 

 

 

მერი დემონტაჟის მოთხოვნის საფუძვლებზე საუბრობს by TS PRESS

 

ფხაკაძემ პოლიციას მერის მიერ განხორციელებული მუქარისგან დასაცავად  განცხადებით მიმართა, რის შემდეგაც მერმა მესაკუთრე დაიბარა და პოლიციიდან საჩივრის გატანის სანაცვლოდ, გარიგება შესთავაზა.

 

–„ მერმა  მითხრა, რომ მას სასამართლოში მოუწევდა სიარული, რაც მისთვის, როგორც ქალაქის ხელმძღვანელისთვის, უსიამოვნო მომენტი იყო, ამიტომ განცხადების გამოტანა მთხოვა,“- აცხადებს ფხაკაძე.

 

მისი თქმით, თავდაპირველად, მერი ფართს მშენებარე  კერძო ობიექტში სთავაზობდა, მაგრამ რისკების გათვალისწინებით არ დათანხმდა. მერის მორიგი წინადადება - ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე(ლაგრანჟეს ქუჩა) მდებარე მაღაზია - ფხაკაძისთვის მისაღები აღმოჩნდა. მან იმავე დღეს, მერისგან ნოტარიულად დამოწმებული გაცვლის  ხელშეკრულება და საკუთრების დამადასტურებული  დოკუმენტი მიიღო, რის შემდეგაც, ფხაკაძემ პოლიციიდან საჩივარი გაიტანა.


ვისი ქონება „გააჩუქა“ მერმა.

 

მერი, ანჟელა ფხაკაძის ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების პროცესში მონაწილოებას საერთოდ უარყოფდა.

 

„მაღაზიის მიმართ თვითმმართველობას ვალდებულება არ გააჩნია,“ – აღნიშნულია მერის მიერ გამოგზავნილ წერილში.

 

 ალტერნატიული ფართი

ალტერნატიული ფართი

Tspress.ge-მ მოიკვლია, რომ ობიექტი, რომელიც ლემონჯავამ  ფხაკაძეს ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლოდ „დაუთმო“, ფოთის ექს-მერის, საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარის, ივანე საღინაძის მეუღლეს, მანანა ფხაკაძეს ეკუთვნოდა.

 

ანჟელა და მანანა ფხაკაძეებს ნათესაური კავშირი არა ქვთ, ისინი ერთმანეთს არც იცნობდნენ, თუმცა, მათ შორის, ფართების გაცვლაზე ხელშკრულება გაფორმდა.

მესაკუთრეებს შორის დადებული გაცვლის ხელშეკრულება

მესაკუთრეებს შორის დადებული გაცვლის ხელშეკრულება

 

 

საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლეს, მანანა ფხაკაძეს, მისთვის აქამდე უცნობი პიროვნებისთვის, ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე, საკუთარი მოქმედი მაღაზია დაათმობინეს. აღნიშნული გარიგების შემდეგ, მანანა ფხაკაძის საკუთრებაში გადასული მაღაზია მერიამ დაანგრია და ტერიტორიის კეთილმოწყობა დაიწყო.

 

რატომ გაცვალა საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლემ, დასანგრევ ფართში საკუთარი მაღაზია, როგორ დაითანხმა, ან აიძულა მერმა ის ამ გარიგებაზე, ან რის სანაცვლოდ გააკეთა მსგავსი წამგებიანი გარიგება?- ამის შესახებ თავად მანანა ფხაკაძე არ საუბრობს.

 

-„ეს ჩემი პირადი საქმეა და თქვენ არ გაქვთ უფლება ამაში ჩაერიოთ,“– განაცხადა მან.

 

დანგრეული ფართის ადგილი

დანგრეული ფართის ადგილი

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით კი, მისმა მეუღლემ გაცვლის შემდეგ მიღებული საკუთრება, ქალაქის გალამაზების მიზნით დაანგრია.

 

-„საერთოდ არ მსურს ამ თემაზე საუბარი,“- მოკლედ დაასრულა კომენტარი საღინაძემ. მან მოგვიანებით, საკუთრების ხელყოფის შემთხვევაში, მოქალაქეებს მხარდაჭერას დაპირდა, რაც მოგვიანებით უარყო. 

 

საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახი ამჟამინდელი ფართით ვერ სარგებლობს, თუმცა, მიწა მათ  კანონიერ საკუთრებაში რჩება და მისი დაბრუნება ნებისმიერ დროს, სურვილის შესაბამისად შეუძლიათ. თუმცა, ამ ეტაპზე, მათ ამის სურვილი აშკარად არ აქვთ.


რა ბედი ეწია ანჟელა ფხაკაძისთვის გადაცემულ ალტერნატიულ ფართს?

 

იმ დროს, როცა ანჟელა ფხაკაძეს ალტერნატიული ფართი მისცეს, ის მერიის მიერ ასევე დასანგრევი ობიექტების ნუსხაში უკვე  შესული იყო, რაზეც სხვა მაღაზიების მეპატრონეებსთან ერთად, ფხაკაძემაც მხოლოდ სიტყვიერი გააფრთხილება მიიღო. 12-ვე მაღაზია მესაკუთრეებს კანონიერ მფლობელობაში ჰქონდათ.

ალტერნატიული ფართის ნგრევა

ალტერნატიული ფართის ნგრევა

 

მესაკუთრეთა თანხმობის არარსებობის  მიუხედავად, მაღაზიების ნაწილის ნგრევა მერიამ მაინც განახორციელა, რაზეც საკრებულოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება არ არსებობდა. მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურმა, აქაც მხოლოდ მერის სიტყვიერი მითითება შეასრულა.

 

დემონტაჟის დაწყებას, მესაკუთრეთა მხრიდან, სერიოზული წინააღმდეგობა მოჰყვა, რის შემდეგაც მერიამ ნგრევის პროცესი დროებით შეაჩერა.

 

- „კედელი გამონგრეული იყო და პირდაპირ ქუჩაში გამოდიოდა. მე აღვადგინე",- აცხადებს ფხაკაძე. ასევე მოიქცნენ სხვებიც. ფხაკაძე ამჟამინდელი საკუთრების ნგრევის შემთხვევაში, კვლავ პოლიციისთვის მიმართვას აპირებს.

 

დანგრეული მონადირეთა და მეთევზეთა მაღაზია

 

ფხაკაძესთან ერთად, კუნძულის უბნის ხიდის ქვეშ განთავსებული მაღაზიის დემონტაჟი „მონადირეთა და მეთევზეთა საზოგადოებასაც“ მოთხოვეს.

მონადირეთა და მეთევზეთა მაღაზია/მზადება ნგრევისთვის

მონადირეთა და მეთევზეთა მაღაზია/მზადება ნგრევისთვის

 

„მონადირეთა და მეთევზეთა საზოგადოებამ“ შენობა 2007 წელს, სახელმწიფოსგან 17 ათას ლარად შეიძინა. ნგრევის მომენტში, მისი პრეზიდენტი, დავით ბოკუჩავა თბილისში იმყოფებოდა:

 

 -„ტელეფონით დამიკავშირდა მერიის წარმომადგენელი, ლექსო კუჭუხიძე და მითხრა, რომ ჩემს საკუთრებაში მყოფი შენობა უსახურია და ქალაქის კეთილმოწყობის მიზნით უნდა დაანგრიონ,“- აცხადებს ის.

 

ბოკუჩავას განცხადებით, მას კუჭუხიძე საუბრისას დაპირდა, რომ მიწა მის საკუთრებაში დარჩებოდა და შესაბამისი პროექტის წარდგენის შემთხვევეში, იქ ახალი შენობის აშენების უფლებას მისცემდნენ.

 

>

თუ მერია დაპირებულ დოკუმენტს ვერ წარუდგენდა და მშენებლობის ნებას არ მისცემდა, მესაკუთრე სასამართლოსთვის მიმართვასა და კუთვნილი კომპენსაციის მოთხოვნას აპირებდა, თუმცა, მას სასამართლოსთვის მას ამ დრომდე არ მიუმართავს და საჭირო ფართი, ფოთში, რუსთაველის რკალზე ქირით აიღო.


კანონის რა მუხლები დაირღვა საკუთრებების ჩამორთმევისას

 

მერმა, მის მიერვე, „ქრთამით ნაყიდად“ შეფასებული ფართის გაცვლა ორ მესაკუთრეს შორის, სავარაუდოდ, გარკვეული ზემოქმედებით განახორციელა. ერთ შემთხვევაში, ნათელია, რომ მერი საკუთარი უსაფრთხოებისა და რეპუტაციის გადარჩენის სანაცვლოდ, მესაკუთრესთან გარიგებაზე წავიდა. ამ უკანასკნელისთვისაც წინადადება უკეთესი აღმოჩნდა და ის მერს დათანხმდა, თუმცა, რა პირობებითა თუ ზემოქმედებით დაითანხმა მან მეორე მესაკუთრე, რომელმაც ფაქტობრივად, დაკარგა საკუთრება, უცნობია, რადგან მას ამ თემაზე საუბარი არ სურს. თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ თვითმმართველობა ფოთში ცენტრალიზებულია, ხოლო მერი ცენტრის „რჩეულია“, საკრებულოსა და მისი თავმჯდომარის დამოუკიდებლობის ხარისხის განსაზღვრა, არც ისე ძნელია.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“იურისტის, ეკა ბოკუჩავას განცხადებით, ნებისმიერი სახის ზეწოლა და განსაკუთრებით, მუქარის ფაქტები ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.

 

–„ქალაქის თვითმმართველობის პოზიცია, ქალაქის იერსახის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, გასაგებია. რა თქმა უნდა, მისასალმებელია უსახური შენობების რეკონსტრუქციაც, თუმცა, კატეგორიულად  მიუღებელია მათი დემონტაჟის მოთხოვნა  მუქარითა და ზეწოლით. აღნიშნული პროცესი უნდა ხორციელდებოდეს კანონით დადგენილი მოთხოვნის ფარგლებში, შესაბამისი სანაცვლო ანაზღაურების/კომპენსაციის გაცემით  და არავითარ შემთხვევაში, ძალისმიერი მეთოდებით,“– აცხადებს ბოკუჩავა.

 

მისი თქმით, ქალაქ ფოთის მერია ცდილობს კანონით დადგენილი მოთხოვნების გვერდის ავლით დაითანხმოს მესაკუთრეები თავად განახორციელონ შენობების დემონტაჟი, უკანონობას წარმოადგენს. მას მიაჩნია, რომ ამ პროცესის შესაჩერებლად დაზარალებულების აქტივობაა საჭირო, მაგრამ ხშირ შემთხვევებში, გარკვეული მიზეზების გამო, ისინი იძულებულნი არიან უარი თქვან საკუთარი უფლებების აქტიურად დაცვაზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის თანახმად, კერძო საკუთრება ხელშეუხებელია. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით.

 

მიუხედავად იმისა, რომ ფოთის მერს კანონიერი საკუთრების ხელყოფაში, ზეწოლაში, მუქარასა და შანტაჟში არა ერთი მოქალაქე ადანაშაულებს, რაზეც საჩივარიც არსებობდა, სამართალდამცავები აღნიშნული ფაქტებით არ დაინტერესებულან.

 

 

 

 


დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის მიერ

 Funded through Democracy Commission Small Grants Program, the U.S. Embassy in Georgia

 

 

 

 

ამავე თემაზე:

ფოთის მერმა “შენების სახელით” ნგრევა განაახლა


ფოთის მერს მოქალაქე პოლიციაში უჩივის


ფოთის მერმა მოქალაქეს პოლიციიდან განცხადება გაატანინა


ფოთის მერმა მოქალაქეს ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლო ფართი გამოუყო


ფოთის მერი კერძო საკუთრებებს კვლავ უკანონოდ ხელყოფს


კეთილმოწყობა კერძო საკუთრების ხელყოფის ხარჯზე


ფოთის მერის ქონება






გამოძიება
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED